რა „ცოდვები“ აქვს ვაჟა მანიას და როდის გახდება სალომე გოგიაშვილი იტალიელი მაფიოზის ცოლი
წამყვანი სალომე გოგიაშვილი და მომღერალი ვაჟა მანია – ეს ის ინტერვიუა, როცა ვაჟასთან საუბრის დროს სალომემ თავისი იუმორის ყველაზე ნაკლები დოზა გამოიყენა. თუმცა, ვაჟას კითხვებზე პასუხისას, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი იხუმრა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სალომე გოგიაშვილი
– დილა მშვიდობის, ვაჟა. შენი გრაფიკი მაინტერესებს, რომელ საათზე იწყებ დილას?
– თუ გავითვალისწინებთ, რომ არ ვსწავლობ, დავამთავრე და ყველაფერი მოვითავე, ანუ სწავლასთან დაკავშირებით, რაც შეიძლებოდა აქ ამეღო, ყველაფერი ავიღე. დღესდღეობით საკუთარ თავზე ვმუშაობ, აქტიურად ვმეცადინეობ და ვცდილობ, ყოველთვის, ყოველდღე გავაუმჯობესო საკუთარი ნამღერი. პროგრესირება საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე არ გამოდის. მით უმეტეს, თბილისი ამ კუთხით, ცოტა ზარმაცი ქალაქია. სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ასეა. მეც რაღაცნაირად ვზარმაცდები და ამიტომ, არ ვაძლევ თავს უფლებას, მოვდუნდე და მთელი დღე უსაქმოდ გავატარო.
– რომელზე დგები?
– სადღაც ათ-თერთმეტ საათზე.
– ვიცი, რომ, ვინც ფორტეპიანოს განხრით სწავლობს, დღეში ათი-თორმეტი საათი მეცადინეობს. შენ რამდენ დროს უთმობ საკუთარ თავზე მუშაობას?
– ხუთი-ექვსი საათი აქტიურად ვმეცადინეობ. მაგრამ მერეც, იმ ექვსი საათის შემდეგ, ისევ რაღაცას ვუსმენ, რაღაცას ვაკეთებ. სულ ამ საქმეში ვარ.
– როგორ მუშაობ საკუთარ თავზე? ვთქვათ, რაღაცას არასწორად აკეთებ, ვინ შეგისწორებს?
– მუსიკალურ კოლეჯში სწავლის დროს, ერთი არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა – ირინა ებრალიძე, რომელიც უმაგრესი ადამიანი და პედაგოგია. მასწავლა ყველაფერი, რისი სწავლაც შეიძლებოდა და თან, მანახა გზა, თუ როგორ უნდა იმეცადინოს ადამიანმა. თუ გინდა, მუსიკაში რამე გამოგივიდეს, სულ საკუთარი თავის მასწავლებელი უნდა იყო. სხვაზე მეტად შენ იცი შენი მინუსები, სად რა გაქვს გამოსასწორებელი...
– ანუ, საკუთარი თავით კმაყოფილი ხარ?
– არა, არასდროს. უბრალოდ ვიცი, რა მჭირდება, რამდენი ვაკეთო და როგორ. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ საჭიროა, მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, ყველაფერია – ამ საქმისგან ვიღებ ყველაზე დიდ სიამოვნებას და ამით ვარსებობ. ვმეცადინეობ იმიტომ, რომ გამომადგება. რაც უფრო ღრმად შედიხარ მუსიკის მდინარეში, მით შორს გითრევს და უფრო მეტის გაგება გინდა.
– გვერდს ვერ ავუვლი „ჯეოსტარს”. რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება? აქ რამდენიმე ვერსიაა – გინდა პოპულარული გახდე, გინდა იყო გამარჯვებული ან უბრალოდ, ეს არის ერთი რიგითი პროექტი, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენა გინდოდა?
– მეოთხე (იცინიან). „ჯეოსტარამდე” უცხოეთში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ არ მოხერხდა და გამოჩნდა თავისუფალი დრო. მივხვდი, რომ ეს პროექტი ძალიან დამეხმარებოდა, ძალიან საჭირო იყო ამ ნაბიჯის გადადგმა იმ ეტაპზე. მით უმეტეს, თუ საქართველოში გინდა დარჩენა და კარიერის გაგრძელება, ეს პროექტი უდიდეს შესაძლებლობებს გაძლევს.
– ამ პროექტში მარინა ბერიძის შენიშვნები ყველაზე კრიტიკულია, ზოგისთვის ერთი და იგივე შენიშვნა შეიძლება, ძალიან მწარე იყოს და ზოგს გაეცინოს კიდეც. შიდა სამზარეულოში ვიცი, რომ სულ სხვა, ბევრად თბილი სიტუაციაა. თუმცა, ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვა, იმას, ერთ-ერთმა კონკურსანტმა რომ თქვა, თურმე ჩაგრავდნენ, შიშები ჰქონდა... თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?
– გარედან ჩანდა, რომ მარინას ძალიან ვუყვარდი, მაგრამ პირიქით, კულისებში, რეპეტიციებზე გაცილებით კრიტიკული იყო, მაგრამ – ობიექტური. ყველაფერი სიმართლე იყო, რასაც მეუბნებოდა და ეს აგრესიას კი არ იწვევდა, პირიქით, შენიშვნებს სულ ვითვალისწინებდი. კრიტიკის მიმართ, ზოგადად ასეთი ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს. მართალია, ქება არ მაზარმაცებს, მაგრამ ფაქტია, რომ კრიტიკიდან ყოველთვის მეტს სწავლობ, ვიდრე ქებიდან.
– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამის შემდეგ, გარდა იმისა, რომ პოპულარული გახდი?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ჯეოსტარმა” მართლა ყველაფერი შეცვალა – ამოაყირავა ჩემი ცხოვრება. ის კი არა, ცხოვრებაში ჩემი მიმართულება, სულ რამდენიმე სიმღერამ გადაწყვიტა, მთელ პროექტს რომ თავი დავანებოთ. ხალხის სიყვარულს ყოველდღე ვგრძნობ. დავრწმუნდი, რომ რაღაც უფრო მეტი შემიძლია და მეტი მოთხოვნა წავუყენე საკუთარ თავს. თან, გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც გვერდით დამიდგნენ და ის ოცნებები, ბავშვობიდან რომ მქონდა და ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი თუ ამიხდებოდა, დღესდღეობით ეს ყველაფერი ძალიან რეალურია. „ჯეოსტარის” საჩუქრით ჩემი ლონდონში წასვლა მცირეხნიანი იყო, მაგრამ ერთი ადამიანი, პირდაპირ ვიტყვი, კობა ნაყოფია, დამიდგა გვერდში. და იქ ჩემი სწავლისა და ცხოვრების სახსრები მან მომცა. მეგონა, ასეთი რაღაცეები მხოლოდ სიზმრებში ხდებოდა.
– აი, მეგრელი მეგრელს დაუდგა გვერდში (იცინიან)...
– დამეთანხმე, რომ ტყუილად არავინ დაგეხმარება.
– რა თქმა უნდა. მოკლედ, ვეძებ სპონსორ გოგიაშვილს. შენ კიდევ აპირებ წასვლას არა?
– კი. ახლაც, თუ, რა თქმა უნდა, ვიზას ჩამირტყამენ, მივდივარ ამერიკაში. კერძოდ, ბოსტონში, ბერკლიში გამოცდები უნდა ჩავაბარო. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სკოლა და იქ მოხვედრა ჩემი ოცნებაა. საერთოდ, მითხრეს, თუ რაღაც გინდა, შენს მუსიკაში გაიგო, ანუ იმ სტილში, რასაც ვმღერი, ამერიკაში უნდა იყო, სხვანაირად არ გამოვაო და ამას მეც ვგრძნობ. თუ გამოცდებს წარმატებით ჩავაბარებ, აგვისტოდან უკვე ოთხი წლით წასვლა მომიწევს.
– ეს მთელი გამოცდები და გასაუბრებები ინგლისურად მიდის. შესაბამისად, ენაც კარგად იცი.
– კარგად არა, ნორმალურად.
– მოკლედ, ვაჟა გადასარევი სასიძო ბიჭია. (იცინიან). ამ ინტერვიუს ბევრი შენი თაყვანისმცემელი წაიკითხავს და მინდა, მათაც გავაგებინო, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არაფერი განსაკუთრებული. ცოდვებზე ნუ მალაპარაკებთ...
– აჰა, ინტრიგა. ესე იგი, ბიჭს ცოდვები აქვს.
– არა, არაფერს ვმალავ.
– ანუ, განსაკუთრებული არაფერი ხდება, შენი გული თავისუფალია და მის დასაპყრობად ბრძოლა ყველას შეუძლია. თავისუფალი გულით მიდიხარ სასწავლებლად.
– თავისუფალი არასდროს ვარ – ისიც არის, ესეც არის. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვმალავ. არა, არავის ვმალავ. მაგრამ, ასეა, თან თავისუფალი ვარ, თან არა.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვაჟა მანია
– როგორ აირჩიე პროფესია?
– თავიდან მინდოდა, თეატრალურში ჩაბარება, მსახიობი ვყოფილიყავი, მაგრამ მამამ სასტიკი უარი განმიცხადა. რაც ხელოვნებასთანაა დაკავშირებული, ამ სფეროს მოშორდი, გამორიცხულიაო. თვითონ მომღერალი იყო და არ უნდოდა, ის სირთულეები გამომევლო, რაც მან გამოიარა. მით უმეტეს, იმ დროს. არ უნდოდა, რომ პურის ფული გაჭირვებით მეშოვა, თეატრებში ღამეები მეთენებინა. თან, ტრადიციული ოჯახი გვაქვს და მოკლედ, არ უნდოდათ.
– შენც თავიდანვე ის იფიქრე, რომ ფულის გამო არ გავხდები მსახიობიო?
– არა, იმ ეტაპზე და იმ ასაკში ფულზე კი არა, საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი. სამაგიეროდ დღეს მივხვდი ამას გადასარევად. მხოლოდ იმიტომ არ ჩავაბარე, რომ მშობლებს არ უნდოდათ. ვიტრიალე, ვიტრიალე, ვიფიქრე, რა შეიძლება, ამ სფეროსთან ახლოს იყოს-მეთქი და მივხვდი, ჟურნალისტიკაა ეს პროფესია – სხვის ნიჭიერებაზე მაინც ილაპარაკებ. დავამთავრე ჟურნალისტიკა, მაგრამ სწავლის პერიოდშივე ძალიან მინდოდა, შოუ-ბიზნესში ყოფნა, აქტიური ცხოვრება. უცებ გრანდიოზული კონცერტების წამყვანი აღმოვჩნდი. რაც კი კონცერტი მიმდინარეობს ჩვენს დედაქალაქში, ძირითადად ყოველთვის იქ ვარ. პირველი ჩემი პრაქტიკა სცენაზე იყო და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.
– რა იყო შენს პროფესიაში ყველაზე დიდი დაბრკოლება?
– დაბრკოლება იყო, რომ მუდმივად მინდოდა, მემუშავა და ვერასდროს ვაღწევდი მიზანს. ცხოვრებაში რამდენი ქასთინგი მაქვს გავლილი იცი? თითქმის ყველა, რა გადაცემაზეც კი ქასთინგი გამოცხადებულა. თუმცა, ძალიან ხშირად მქონია იმედგაცრუება. თავს არასდროს ვიქებ და საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ როდესაც ქასთინგზე გადიხარ და ხედავ, რომ მეორე ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, შენი კონკურენტია კი არა, საერთოდ არ უნდა იყოს მასზე ლაპარაკი და იგებ, რომ ის აიყვანეს და არა შენ, ეს გულდასაწყვეტია. ის ხვდება იმიტომ, რომ... მრავალწერტილი. ბევრჯერ ყოფილა, რომ შემიკავებია ტირილი, მიფიქრია, მორჩა, აღარ მივალ არც ერთ ქასთინგზე, რამდენჯერ შეიძლება, ერთი და იგივე განმეორდეს-მეთქი, მაგრამ მაინც ჯიუტად ვცდილობდი ჩემსას.
– ანუ, მებრძოლი ხარ.
– ვარ, მაგრამ არასდროს არ ჩავძირავ სხვას და ამის ხარჯზე არ გავიკეთებ საქმეს. თუმცა, წლებთან ერთად მებრძოლი ხასიათი აღმომაჩნდა და გამოვიდა ისე, რომ დღეს ტელევიზიაში ვმუშაობ.
– დილით ადგომა არ გიჭირს?
– გეტყვი, როგორი გრაფიკი მაქვს. კვირა დღეს კლუბ „ქალაქურში” კარაოკეა და წამყვანი ვარ. იცი, როგორი სიტუაციაა? ჩვეულებრივი, დატვირთული კონცერტი მაქვს. კარაოკე იწყება ღამის თორმეტ საათზე და მთავრდება ოთხზე-ხუთზე. ოთხი საათიდან, სანამ სახლში მივალ, მოვემზადები, უკვე ექვსი საათი ხდება, როცა უკვე ტელევიზიაში უნდა ვიყო. ანუ, არ მძინავს. თუ დაემთხვა, რომ ორშაბათ დღეს რადიოეთერი მაქვს, მივდივარ „აფხაზეთის ხმაზე”. აი, მეორე დღეს რომ მკითხო, რა მქვია, უბრალოდ, ვერ გიპასუხებ. აბსოლუტურად, გათიშული ვარ. ამიტომ, ვეღარ ვხვდები, მიჭირს, თუ არ მიჭირს დილით გაღვიძება. ვერ გავიგე, სულ მღვიძავს. რაღაც მომენტებში ვახერხებ, რომ წავუძინო, მაგრამ, ძირითადად, სულ ფეხზე ვარ, რა დროსაც გინდათ დამირეკეთ. ჩემი შვილი გაგიჟებულია, ღამე რამდენჯერმე ეღვიძება და რა დროსაც არ უნდა გაიღვიძოს, დედიკო სულ ფეხზეა და წასასვლელად ემზადება. გათენდა? – მეკითხება და არა, დედიკო, დაიძინე-მეთქი, ვეუბნები. ბავშვი გაგიჟებულია – სად ვმუშაობ, ვერ გაიგო. ყოველღამე, სიბნელეში დედა სადღაც მიდის. ხომ კარგია?!
– ანუ, გავიგეთ, რომ არ გიჭირს დილით ადგომა. რადიოში რა ხდება?
– ტელევიზია, კონცერტები, სცენა – ამის გამოცდილება მქონდა, მაგრამ რადიოში არ მიმუშავია და არც კი ვუსმენდი არასდროს. მანქანაშიც კი არ ვრთავ. მივედი რადიოში როგორც წამყვანი. ვიფიქრე, მივალ, რაღაცეებს გამოვაცხადებ-მეთქი და თურმე, სად ხარ... აღმოჩნდა, რომ მთელი აპარატურა ჩემზეა დამოკიდებული – უნდა ვაკონტროლო ყველაფერი, ვიპოვო და მოვიყვანო სტუმრები და ვილაპარაკო გამართული ქართულით. ნიკას ვუთხარი ხაჩიძეს, რომ ამას ვერ შევძლებ-მეთქი. მაგრამ, მან ძალიან კატეგორიულად მითხრა, ეს უნდა გააკეთოო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლექტივს, რომელიც ძალიან დამეხმარა. ეთერი მქონდა დილის რვა საათზე და ნია, ჩემი კოლეგა, ყოველ დილით ჩემ გამო დგებოდა, მოდიოდა და ამ ყველაფერს მასწავლიდა. დღესდღეობით ამორჩევაზე რომ იყოს, რადიოს არაფრით არ დავტოვებ, ძალიან შემიყვარდა. თუ, რა თქმა უნდა, მალე არ გამაგდებენ, ისეთ საოცრებებს ვახდენ ეთერში (იცინიან).
– პირად ცხოვრებაზე მინდა, მეც გკითხო...
– პირად ცხოვრებაზე მოგიყვეთ?! მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარუმატებელი პირადი ცხოვრება აღმომაჩნდა მყავს ორი შვილი და ასე ღიად ვაცხადებ, რომ ორჯერ განათხოვარი ვარ, მყავდა ორი ქმარი, მაინც ვცდილობ, ჩემი ცხოვრების ეს მხარე დალაგებული იყოს. თბილისია და ამ ყველაფერზე მაინც ლაპარაკობენ. არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ ყურში მხვდება.
– მაგრამ, ამის კომპლექსი არ გაქვს.
– კომპლექსი ნული! არ მიმაჩნია, რომ შვილები ჩემი კომპლექსია. თუ მინდა, რამე გავაკეთო, რაღაცას მივაღწიო, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კარგი მომავალი ჰქონდეთ. ჩემთან, რომ წვანან მთელი ღამის განმავლობაში – ხან ერთს ეღვიძება და მიყვარხარო მეუბნება, ხან – მეორეს. დედა გამიგებს, ეს რამხელა სიხარული, რა ღრმა შეგრძნებაა. იმ ორი ადამიანის ჩემს ცხოვრებაში შემოსვლა, მხოლოდ იმიტომ იყო კარგი, რომ ახლა ასეთი შვილები მყავს. თუ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შევუყვარდები, მას ჩემი შვილებიც შეუყვარდება და ვიქნებით ბედნიერად. იცი, ალბათ, კომპლექსიც ამის გამო არ მაქვს. არ მყოლია თაყვანისმცემელი, რომელიც მაგრძნობინებდა, რომ ჩემთან ვერ იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ორი შვილის დედა ვარ – პირიქით. ამას წინათ, ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ძალიანაც ნუ დაიფასებ თავს, ორი შვილი გყავსო. აჭრილი ვარ, ბავშვობაში გადავვარდი, მგონია, რომ ჯერ კიდევ გასათხოვარი ვარ და თავს ვიფასებ. მეგობრებმა ეგრევე გონზე მომიყვანეს, ცოტა დაეშვი, ორი შვილი გყავს, ორი ქმარი გყავდა და მოეშვი ამ ზემოთ ყურებასო (იცინიან). იმდენად კარგი თაყვანისმცემელი მყავს, რომ ეს კომპლექსი არ გამჩენია.
– თაყვანისმცემელი მხოლობითში. ანუ ერთს გამოარჩევ?
– კი, იმ ერთ კონკრეტულს გამოვარჩევ. ძალიან ყურადღებიანია. კიდევ თუ გავთხოვდი, კიდევ გავაჩენ შვილებს, პირობას გაძლევთ.
– მასაც უნდა ჰყავდეს შვილები და დიდი მხიარულება გექნებათ.
– ძალიან. მთელი ცხოვრება მინდოდა, ვყოფილიყავი იტალიელი მაფიოზის ცოლი, მაგალითად, დონ ვიტოსი და მქონოდა ძალიან დიდი ოჯახი. ყოველდღე სადილზე დიდ მაგიდას რომ შლიან და სიბერეში ყველა ერთადაა. ეს ყველაფერი ისე მინდოდა, რომ, მგონი, ავიჭერი. ბავშვებს ვაჩენ ისტერიულად და ქმარი არ მყავს. ახლა დავღვინდი, უფრო დავჭკვიანდი და ვნახოთ...
– ემოციურად ანუ გრძნობით აღარ უდგები ადამიანებს?
– მაინც ემოციურ დონეზე ვწყვეტ ყველაფერს. რაც მეორე ქმარს დავემშვიდობე, სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. საჭიროდ არ მიმაჩნდა. ადამიანთან ურთიერთობა მეგობრობიდან უფრო სერიოზულში გადაიზარდა, ისეთივე ნდობით, როგორც ადრე ვიყავი, ალბათ, აღარ ვარ, მაგრამ არც ისე, რომ ვთქვა, არასდროს აღარ გავთხოვდები-მეთქი. ქალს ყოველთვის სჭირდება გვერდით მამაკაცი, რომელსაც სხვა თუ არაფერი, ცოტათი დაეყრდნობი, თავს მაინც დაადებ მხარზე. თუ გამოჩნდა ასეთი, ვიძლევი პირობას, იმ ოცნებას, ბევრი ბავშვები რომ მინდოდა, აუცილებლად ავისრულებ.