კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ არგენტინელ საფეხბურთო ვუნდერკინდზე ნადირობენ ევროპული გრანდები და ვინ ითვლება პელეს ახალ მემკვიდრედ

მათ მიიჩნევენ ფეხბურთის მომავლ ვარსკვლავებად და ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშეებად. ბრიტანულმა „სანმა” 2011 წლის 20 წელზე უმცროსი 10 ყველაზე იმედის მომცემი ფეხბურთელისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ ფეხბურთელების უმეტესობა გრანდების რიგებში ირიცხება. ზოგიერთ მათგანზე კი ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. საინტერესოა, მომავალში ისინი როგორ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ. ჯერჯერობით მათ მაისურზე მხოლოდ „იმედის მომცემის” იარლიყი აკერია.

ალექს ჩემბერლენი – 17 წლის, „საუთჰემპტონი” – ნახევარმცველი

შესაძლოა, თავიდან ეჭვი შეგეპაროთ და იფიქროთ, რას აკეთებს ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის კლუბის წარმომადგენელი ყველაზე ნიჭიერთა და იმედის მომცემთა რეიტინგშიო, თუმცა, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ჩემბერლენიც იგივე საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, სადაც „არსენალელი” თეო უოლკოტი და ბოლო დროის ყველაზე ტირაჟირებული უელსელი – გარეთ ბეილი გაიზარდნენ, ყველა ეჭვი უმალ ქრება. ალექსს კარგი საგოლე ალღო და ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ მომავალში ინგლისის ნაკრების ლიდერად იქცეს. ჯერჯერობით კი, იგი ინგლისის 18 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით კმაყოფილდება.

გეორგი შენნიკოვი – 19 წლის, „ცსკა” – მცველი

გეორგი შენნიკოვი, რუსი და ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტების აზრით, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების უმთავრეს ვარსკვლავად უნდა იქცეს. ამჟამად კი გეორგი „ცსკას” დაცვის მარცხენა ფლანგს ამაგრებს და რომან აბრამოვიჩის „ჩელსის” ინტერესის თვალსაწიერშია. ვინ იცის, იქნებ 2012 წელს ეს ნიჭიერი მცველი „სტემფორდ ბრიჯზეც” კი ვიხილოთ.

მარიო გიოტცი – 18 წლის, „დორტმუნდი” – ნახევარმცველი

წლევანდელ სეზონში გერმანულ ბუნდესლიგაში დორტმუნდის „ბორუსია” ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს და სამართლიანად იმყოფება სატურნირო ცხრილის ოლიმპზე. გუნდის ამ წარმატებაში კი დიდი წვლილი, მის ნახევარმცველს, 18 წლის ბრილიანტს, მარიო გიოტცის შეაქვს. გიოტცი გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია. გიოტცის დებიუტი გერმანიის ნაკრებშიც ჰქონდა – 2010 წლის ნოემბერში შვედეთის წინააღმდეგ. ვარაუდობენ, რომ იგი ჩინებულად შეეწყობა ლიოვის ფორმაციის გუნდს, სადაც ხედირა, ოზილი და ძმანი მათნი ლიდერობენ. ამბობენ, რომ მისით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი, თუმცა ფეხბურთელი აცხადებს, რომ იგი მთლიანად „დორტმუნდზეა” კონცენტრირებული და არსად გადასვლას არ ფიქრობს.

ჯოშ მაკიჰრანი – 17 წლის, „ჩელსი” – ნახევარმცველი

ჯოში რვა წლის ასაკიდან „ჩელსის” ბავშვთა აკადემიაში ემზადებოდა და გასული წლის სექტემბერში, მისი დებიუტი სლოვაკური „ზილინას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. უპირველეს ყოვლისა, საფეხბურთო მიმომხილველები მასში ზუსტი პასების გადაცემის უნარს აღნიშნავენ და ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში იგი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებს, აბრამოვიჩის რომელიმე მრავალმილიონიან შენაძენს. ჯერჯერობით კი მაკიჰრანი „ჩელსის” სათადარიგო სკამზე ჯდომითა და ინგლისის 21 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით კმაყოფილდება.

ერიკ ლამელი – 18 წლის, „რივერ პლეიტი” – ნახევარმცველი

გსმენიათ ახალ არგენტინელ ვუნდერკინდზე, რომლის გადაბირებას „ბარსელონელი” სკაუტები 12 წლის ასაკში აპირებდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. საუბარია, არა ლიონელ მესიზე, არამედ ახალ სამხრეთ-ამერიკულ მარგალიტზე – ერიკ ლამელზე. ლამელი „რივერის” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და მის მიმართ ინტერესს „რეალ მადრიდი”, „ბარსელონა”, „ჩელსი”, „მილანი”, „იუვენტუსი” და „მანჩესტერ სიტი” გამოხატავენ. ყოველი მათგანი მზად არის „რივერ პლეიტს” 10 მილიონი გირვანქა-სტერლინგი გადაუხადოს, თუმცა არგენტინული კლუბის მესვეურები ჯერჯერობით სდუმან. სავარაუდოდ, ისინი ფასის მომატებას წლის ბოლოსთვის ელიან.

ტიაგო ალკანტარა – 19 წლის, „ბარსელონა” – ნახევარმცველი

ტიაგო იტალიაში დაბადებული ესპანეთის მოქალაქე და „ბარსელონის” მეორე გუნდის ვარსკვლავია. მამამისი წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი და 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი – მაზინიო დუ ნასიმენტოა. ექსპერტები უკვე ხედავენ ალკანტარაში ახალ ხავის. მისი სათამაშო მანერით მოხიბლულია კატალონიური გრანდის ამჟამინდელი მესაჭე ხოსე გუარდიოლა და, სავარაუდოდ, 2010-11 წლების სეზონის ბოლომდე იმედისმომცემი ფეხბურთელი „ბარსას” ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრებს ადგილს. იქედან კი ესპანეთის ნაკრებში მოხვედრა, უკვე აღარ მიეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს.

კონორ უიკჰემი – 17 წლის, – „იფსვიჩი” – ფორვარდი

„იფსვიჩ თაუნის” 191 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდი კონორ უიკჰემი, ინგლისის ნაკრების მომავალია და უეინ რუნის მეწყვილედ მიიჩნევა. გიგანტური აღნაგობის კონორი 17 წლის ასაკში უკვე ინგლისის 21 წლამდე ახალგაზრდული ნაკრების ლიდერად ითვლება. მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი უკვე 10 მილიონი გირვანქა-სტერლინგის ფარგლებში მერყეობს.

კოუტინიო – 18 წლის, „ინტერი” – ნახევარმცველი

მილანურმა „ინტერნაციონალემ” ნიჭიერი ბრაზილიელი კოუტინიო 2008 წელს შეიძინა. თუმცა, გასული წლის ივლისამდე მას უფლება არ ჰქონდა კლუბში ეთამაშა და მისი დებიუტი ესპანელი რაფაელ ბენიტესის ხელში შედგა, რომელიც ხშირად ანდობდა 18 წლის ნახევარმცველს „ინტერის” ძირითად შემადგენლობაში ეთამაშა. ბენიტესის წასვლის და მის ადგილას ლეონარდის მოსვლის შემდეგაც, სურათი არ შეცვლილა, კოუტინიო ისევ „ინტერის” წამყვან ფიგურად რჩება.

რომელუ ლუკაკუ – 17 წლის,

„ანდერლეხტი” – ფორვარდი

კონგოლეზური წარმოშობის ბელგიელი ფეხბურთელი – რომელუ ლუკაკუ 16 წლის ასაკში „ანდერლეხტის” უპირველესი თავდამსხმელი და ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე გახდა. იგი ჯერაც არ არის სრულწლოვანი, თუმცა მისით უკვე დაინტერესებულნი არიან ევროპული გრანდები „რეალ მადრიდის”, „არსენალისა” და „ჩელსის” თამადობით. ლუკაკუ ბელგიის ნაკრების რიგებშიც ირიცხება და თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით მან რუსეთის ნაკრებს, ვორონეჟში გაუტანა.

ნეიმარი – 18 წლის, „სანტოსი” – ფორვარდი

ბრაზილიაში „ახალ პელედ” წოდებული, ნეიმარით „რეალ მადრიდი”, „ჩელსი”, „მილანი” და „მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებულნი. თუმცა, იგი ჯერაც ბრაზილიის ჩემპიონატში, თავისი კერპის, პელეს მშობლიურ კლუბში „სანტოსში” თამაშობს და არ ჩქარობს გადაბარგებას ევროპის კონტინენტზე. ჯერაც უცნობია, თუ რამდენ მილიონს უდრის მისი სატრანსფერო თანხა, რადგან ნეიმარი დღესდღეობით, ყველაზე სანუკვარი ოცნებაა ევროპის ბობოლა კლუბებისთვის და წლის ბოლომდე დიდი ომი გაჩაღდება მის ხელში ჩასაგდებად.


скачать dle 11.3