სიბრძნე მინიატურებში
რა ვღირვართ
ერთხელ ორი მეზღვაური სამოგზაუროდ წავიდა, რათა თავიანთი ბედი ეპოვათ. ერთ კუნძულთან მიცურეს, რომლის ტომის ბელადსაც ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი მზეთუნახავი იყო, ხოლო უმცროსზე ამას ვერავინ იტყოდა.
ერთმა მეზღვაურმა მეორეს უთხრა:
– მორჩა, ვიპოვე ჩემი ბედნიერება. აქ ვრჩები და ბელადის ქალიშვილზე ვქორწინდები!
– ჰო, მართალი ხარ, ბელადის უფროსი ქალიშვილი მზეთუნახავია და თან ჭკვიანი. სწორი არჩევანია! დაქორწინდი!
– ვერ გამიგე, მეგობარო! ბელადის უმცროსი ქალიშვილი მომყავს ცოლად!
– შენ რა, გაგიჟდი? ის ხომ ისეთი... არც ისეთი ლამაზია!
– ასე გადავწყვიტე და ამას გავაკეთებ!
მეგობარმა თავის ბედის საძებნელად გზა განაგრძო. სასიძო კი ქალის დასანიშნად გაემართა. უნდა აღინიშნოს, რომ ტომს ასეთი წესი ჰქონდა: სასიძოს საპატარძლოს გამოსასყიდად ძროხები უნდა მოერეკა. კარგი საპატარძლოსთვის ათი ძროხა იყო დაწესებული. მორეკა მეზღვაურმა ათი ძროხა და ეახლა ბელადს.
– ბელადო, მე მინდა შენი ქალიშვილის ხელი გთხოვო და აი, ათი ძროხა მოგგვარე!
– კარგი არჩევანია! ჩემი უფროსი ქალიშვილი მზეთუნახავია, თან ჭკვიანი. ის ათი ძროხა ღირს. თანახმა ვარ, წაიყვანე!
– არა, ბელადო, ვერ გამიგე! მე შენს უმცროს ქალიშვილზე მსურს დაქორწინება!
– შენ რა, ხუმრობ?! ვერ ხედავ, ის ისეთი... არც ისეთი ლამაზია!
– სწორედ მისი შერთვა მინდა!
– კარგი, მაგრამ, ჩემი პატიოსნება მავალდებულებს გითხრა, რომ ათ ძროხას ვერ მივიღებ, უმცროსი ქალიშვილი ამდენი არ ღირს. მხოლოდ სამ ძროხას დავიტოვებ, მეტს არა.
– არა. მე მასში სწორედაც რომ ათი ძროხის გადახდა მინდა.
ისინი დაქორწინდნენ.
რამდენიმე წელი გავიდა და მოხეტიალე მეგობარმა, რომელსაც უკვე საკუთარი გემი ჰყავდა, გადაწყვიტა ძმაკაცს სწვეოდა და გაეგო, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება. მიცურა კუნძულთან. გაუყვა სანაპიროს და დაინახა, რომ მისკენ მზეთუნახავი მოდის.
მეზღვაურმა ქალს ჰკითხა, როგორ ეპოვა თავისი მეგობარი. მზეთუნახავმა მიასწავლა. მეზღვაური წავიდა და ხედავს: ზის მისი მეგობარი და გარშემო ბავშვები დარბიან.
– როგორ მიდის ცხოვრება?
– ბედნიერი ვარ.
ამ დროს ის მზეთუნახავი შემოვიდა.
– აი, გაიცანი, ეს ჩემი ცოლია.
– როგორ? მეორედ დაქორწინდი?
– არა. ეს ისევ ის, ჩემი არჩეული ცოლია.
– კი მაგრამ, ასე როგორ შეიცვალა?
– ადექი და თვითონ მას ჰკითხე!
მეზღვაური ქალს მიუახლოვდა და ჰკითხა:
– მაპატიე, მაგრამ მახსოვს, როგორი იყავი... არცთუ... ისეთი... რა მოხდა, რომ ახლა ასეთ მზეთუნახავად ქცეულხარ?
– უბრალოდ, ერთხელ მივხვდი, რომ ათი ძროხა ვღირვარ.