რა გავლენა იქონია იაპონელმა წინაპარმა ლაშა მდინარაძის ნახევრად შიშველ კოლექციაზე
მოდის სახლი „მატერია” – ადგილი, სადაც რამდენიმე დიზაინერი ერთად ქმნის თბილისში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ქალურ, ჰაეროვან სამოსს. მათ შორისაა ლაშა მდინარაძე, რომელიც ინტენსიურად მუშაობს კინოშიც. ის რამდენიმე ქართული ფილმის კოსტიუმების მხატვარია.
ლაშა მდინარაძე: თბილისში დავიბადე, გავიზარდე და სტაბილურად აქ ვარ, ცოტ-ცოტა ხნით თუ გავდივარ ხოლმე. სკოლის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი ნიკოლაძეში, მერე – აკადემიაში. რამის სწავლა თუ შეიძლებოდა საქართველოში ამ მიმართულებით, ყველაფერი ვისწავლე. თავიდანვე მომწონდა დამოუკიდებლად მაღაზიებში სიარული, ტანსაცმლის ამორჩევა. რასაც ვყიდულობდი, მერე რაც არ მომწონდა, ვიწყებდი გადაკეთებას. ოჯახი შეწუხებული მყავდა ამით. ან სიგანე არ მომწონდა ან – ფორმა, ან – რაღაც დეტალები. ნიკოლაძეში ფერწერაზე ვაბარებდი და მერე უცებ მივხვდი, რომ არ მინდა ფერწერა და მინდა ტანსაცმლის დიზაინი. მაგრამ, ეს იყო შედარებით ზედაპირული სურვილი. ისე, რაც თავი მახსოვს, მინდოდა, თეატრის მხატვარი ვყოფილიყავი. ყველაფერი ვისწავლე და უკვე ბოლოს დავამთავრე თეატრის მხატვრობა. ჩემთვის ეს პირველი კოლექციაა. ეს, ტანსაცმლის ყველაზე გიჟური ინტერპრეტაციების საშუალებას გაძლევს – შეგიძლია, ზღაპრები გააცოცხლო.
– კინოში უკვე მუშაობ?
– დიახ. აკადემიაში ორი წელი ვსწავლობდი კინოს კოსტიუმების მხატვრობას და მერე შევეშვი. ძალიან საინტერესოა კინოში მუშაობა. ხშირად რეჟისორი სხვანაირად ფიქრობს, მე – სხვანაირად, მაგრამ, ბოლოს მაინც რეჟისორს ვთანხმდები, რადგან ის ხედავს ასე. მაგრამ, საბოლოო ჯამში, არჩევნის გაკეთება რომ მომიწიოს, თეატრის მხატვრობაში დავრჩები.
– თეატრამდე კი ქმნი სამოსს „მატერიისთვის”...
– არ არის დიდი ხანი, რაც „მატერიაში” ვარ. ჯერჯერობით ძალიან მომწონს აქ ყოფნა, თავისუფალი ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ წავიდე რომელიმე ქვეყანაში და თეატრის მხატვრობის შესწავლა დავასრულო.
– შენი იმიჯით ყოველთვის თვალში ხვდები ხალხს. ეს – პროვოკაციაა, ხელოვნური იმიჯი თუ?
– არანაირ პროვოკაციასთან არ მაქვს კონტაქტიც კი. ტანსაცმლით არ ვიქმნი იმიჯს, ეს, უბრალოდ, არის ის, რაც მინდა, რომ მეცვას. უფრო სწორად, ჯერ კიდევ არ არის ის, რაც, რეალურად მინდა რომ ჩავიცვა – ამის საშუალებას თბილისი არ მაძლევს, მაგრამ, ჩემს გარდერობში ინახება. მაგალითად, „შოტლანკა”, რომლის ტარებაზეც ვოცნებობ, მაგრამ თბილისში ვერ ჩაიცვამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მამაკაცური სამოსია. თბილისი, გინდა-არ გინდა, რაღაც ჩარჩოში გაქცევს. რომ გითხრა, ეს ძალიან მზღუდავს-მეთქი, მოგატყუებ, უბრალოდ, თვითონ ჩარჩოს არსებობა გიშლის ნერვებს.
– შენს წინაპრებზეც მინდა, მიამბო, რომელთა შორის, როგორც ვიცი, იაპონელიც იყო.
– ეს უკვე მივიწყებული ამბავია. დედაჩემის წინაპარი იყო იაპონელი ქალი. სხვათა შორის, ეს გარეგნობაში ძალიან ეტყობა დედაჩემს – აზიური გენი საკმაოდ ძლიერია. დაზუსტებით რა და როგორ იყო, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, როგორც ვიცი, ბაბუაჩემი რუსეთ-იაპონიის ომის დროს იქ იბრძოდა, მგონი, ტყვედაც ჩავარდა და შეუყვარდა იაპონელი ქალბატონი. ჰოდა, მტერი შემოგვიყვანა ოჯახში (იცინის). ის ქალი საკმაოდ მალე გარდაცვლილა. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ქართულ, ტრადიციების მიმდევარ ოჯახს გაუჭირდა მისი მიღება და ბევრი პრობლემაც იყო ამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ალბათ, ამის გამო, მისი ისტორია დაიკარგა. ვგიჟდები იაპონურ კულტურაზე, ვეთაყვანები. სულ რომ არ ერიოს ჩემს სისხლში ეს კულტურა, მაინც მოხიბლული ვარ მათი სულიერებითა და სილამაზის აღქმის უნარით. ჯერ მარტო კიმონო აქვთ ისეთი, როგორ შეიძლება, ის არ გიყვარდეს. თანამედროვე დიზაინშიც მათ მიჰყავთ „პარადი”.
– შენი ქალი როგორია ამ სეზონზე?
– კოლექციაზე გავლენა იქონია გასული საუკუნის ოციანმა წლებმა. უბრალოდ, ყველაფერი იყო გამჭვირვალე. ფაქტურიდან, ფორმიდან გამომდინარე ყველაფერი საოცრად ქალური იყო. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ლამაზია თხელი შიფონის მიღმა შიშველი სხეული. იმ ეპოქის მაკიაჟიც ძალიან მომწონს, რაც ქალს ოდნავ მოწყენილ იერს აძლევს – შავი, გამუქებული, გრძელი წარბები, პატარა ტუჩები, ოდნავ ქვემოთ დაწეული თვალები... თუ რამეს გავაკეთებ, ჩემი ინსპირაცია ყოველთვის ოციანი წლები იქნება.