რით არის კმაყოფილი ია კიწმარიშვილი და რატომ გადაწყვიტა მან ეროსი კიწმარიშვილზე გათხოვება
„იმიჯ-ცენტრი“, რომელიც არსებობის 11 წელს ითვლის, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამოდელო სააგენტოა. ამჟამად სააგენტოს რამდენიმე გოგონა წარმატებით საქმიანობს ევროპისა და აზიის სამოდელო სააგენტოებში. ისინი მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობენ. ისევე, როგორც გასულ წელს, 2011 წელსაც სააგენტო რამდენიმე წარმატებული პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაზეც თავად „იმიჯ-ცენტრის“ ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი გვესაუბრება.
– წელს სამი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. პირველი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, „ნიუ ფეის მოდელ სერჩი“ იქნება, ოღონდ, წელს ეს კონკურსი ჩატარდება ერთდროულად გოგონებისთვისაც და ვაჟებისთვისაც. თებერვალში უკვე დაიწყო პროექტი და გაგრძელდება აპრილამდე. იმედი მაქვს, ახალ სახეებს ვიპოვით. ასევე, ჩავატარებთ „ელიტ მოდელ ლუქს“ და „მის საქართველოს“.
– გასული წლით კმაყოფილი ხართ?
– საკმაოდ რთული წელი იყო, ბევრი ვიშრომეთ და წარმატებებსაც მივაღწიეთ. ჩავატარეთ „ნიუ ფეის მოდელ სერჩი“ მამაკაცებისთვის, ასევე, საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა „ელიტ მოდელ ლუქმა“ და „მის საქართველომ“. ამ თვალსაზრისით, ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე, განვაგრძობთ გოგონების უცხოეთში გაგზავნის პროცესს. თამთა შედანია დეკემბერში წავიდა კორეაში, იქიდან – ჩინეთში, ახლა კი ჰონკონგშია, სადაც 6 თვის განმავლობაში დარჩება. მისთვის ეს ბაზარი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. იანვრის დასაწყისში გავგზავნეთ ანა კოვაჩი, რომელიც ბერლინის „ფეშენ ვიქზე“ მონაწილეობდა, შემდეგ გაემგზავრა პარიზში, სადაც მას თეონა თევდორაშვილი დახვდა. ანას აქვს ძალიან საინტერესო გარეგნობა, მაგრამ ცოტა პრობლემატური – კბილები. სააგენტომ ჩვენთან შეთანხმებით აიღო მასზე მზრუნველობა, ამ პრობლემას გამოუსწორებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზე დიდ აქცენტს აკეთებს და ის სხვადასხვა ქვეყნის „ელიტთან“ იმუშავებს, იმოგზაურებს და კიდევ უფრო მეტად იქნება დასაქმებული. ახლახან ჩვენთან, სააგენტოში მოვიდა ნატუკა გაგუნაშვილი, რომელსაც 2 კვირაში მოუვიდა სინგაპურიდან მიწვევა. ის და შარშანდელი „ელიტის“ გამარჯვებული სოფო შერგელაშვილი გაემგზავრებიან სინგაპურში. ამ თვალსაზრისით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა ვამზადებ ბიჭებს უცხოეთში გასამგზავრებლად. ვინ იქნება პირველი, ამას მალე გავარკვევთ. შედარებით რთულია მამაკაცებისთვის სამუშაოს მოძებნა, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. მაგრამ, შევეცდები, რომ ეს პრეცედენტი მოხდეს.
– რთულია მამაკაცებთან მუშაობა?
– კონკურსის დროს ყველაფერმა ჰარმონიულად ჩაიარა. საერთოდ, არ გვქონია პრობლემა. პირიქით, უფრო მობილიზებულები, მოწესრიგებულები იყვნენ ბიჭები, ვიდრე გოგონები. მაგრამ, მათი უცხოეთში დასაქმება უფრო რთულია. თუმცა, ამ მიმართულებითაც ვცდილობთ, ვიმუშაოთ. გოგონებისთვის ქასთინგის გავლა ადვილია, ბიჭების მოწესრიგებულად მოსვლა კი უფრო ძნელია. უფრო მძიმეები არიან. რომ დაურეკო და უთხრა, დღეს საღამოს უნდა მოხვიდეო, გოგონები თუ ხუთ წუთში გაჩნდებიან, ბიჭებთან უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაემგზავრება უცხოეთში – ზოგს არ ირჩევენ, ზოგი, პირიქით, მოსწონთ. მაგრამ ზოგი არც მიდის. მაგალითად, ანი ჩარელაშვილს აქვს მილანიდან მიწვევა. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, შეყვარებულის გამო არ მიემგზავრება. რა თქმა უნდა, ჩემს აღშფოთებას არ აქვს საზღვარი. 2-3-თვიან პერიოდზეა საუბარი, რაც გოგონასთან ურთიერთობისთვის კარგი გამოცდაა და მისთვის სამოდელო სფეროში გამოცდილების მისაღებადაც საუკეთესო ვარიანტია.
– მშობლების დათანხმებაც გიწევთ?
– მე თვითონ დედა ვარ და როდესაც გამგზავრებაზეა საუბარი, ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება. ამიტომ, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ ჩემთან დაკავშირებით ნდობის ფაქტორი არსებობს. 9 წლის განმავლობაში უცხოეთში ვაგზავნით გოგონებს. რეალურად არსებობს გამგზავრებული და წარმატებით დაბრუნებული გოგონების მაგალითი. ყველაზე დიდი პრობლემა თავად გოგონას მენტალიტეტია, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გოგონას შეუძლია, მშობელი დაითანხმოს, მით უმეტეს ამ ასაკში, როდესაც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. ყოველ შემთხვევაში, ეს ის ასაკია, როდესაც ამისთვის უნდა იბრძოდე.
– კონტრაქტში რომ ჩაწეროთ – შეყვარებული არ უნდა ჰყავდეთო?
– ჩვენ გოგონებს არც შეყვარებულის ყოლას ვუკრძალავთ და არც გათხოვებას. ერთადერთი, აკრძალვა გათხოვებაზე „მის საქართველოს“ იმ პერიოდში აქვს, როცა ამ ტიტულის მფლობელია, სხვა შემთხვევაში, ამას თუ გვაბრალებენ, მხოლოდ ჭორია. პირიქით, როდესაც გოგონას შეყვარებული ჰყავს ან გათხოვილია, ის ბევრად უფრო თავისუფალია – უფრო კარგად გრძნობს თავს და ბევრად თავდაჯერებულია. თუმცა, ვფიქრობ, 25 წლამდე გოგონამ მეტი დრო სწავლას, მოგზაურობას უნდა დაუთმოს, რაც მას საკუთარით თავის უკეთ შეცნობასა და ბევრი რამის სწავლაში დაეხმარება.
– ალბათ, შვილებსაც ესაუბრებით ასეთ საკითხებზე, ისინი სწორედ ამ ასაკში არიან.
– კი. შეყვარებულობანას ასაკში არიან. საინტერესოა, ეს პერიოდი და ყოველთვის ვეკითხები – რა ხდება? სახლში შესული არ ვარ, რომ თავიანთ სიახლეებზე მიყვებიან. უპირველეს ყოვლისა, მშობელსა და შვილს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს. შვილი უნდა გენდობოდეს, ყველაფერს გიყვებოდეს. ეს არის ურთიერთობის იდეალური ფორმა. თუმცა, მშობლის მიერ შვილის მიმართ ზედმეტად დაზღვევის ფაქტორის გამოყენების შედეგად, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა იძაბება. შვილს ყოველთვის ჰგონია, რომ მან უფრო მეტი იცის, ვიდრე მის მშობელს ესმის. მაგრამ, როდესაც თავად ხდებიან მშობლები, მერე ხვდებიან, რაზე ვესაუბრებოდით.
– მაგ ასაკში თქვენც ასე ფიქრობდით და ანალოგიურად იქცეოდით?
– ყოველთვის მეგონა, მე უფრო მესმის ის, რასაც ვაკეთებ, ვიდრე ჩემს მშობლებს-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები, ისინი რატომ მაზღვევდნენ, რას გრძნობდნენ, რა მიზნით აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მაგრამ, როცა ახალგაზრდა ხარ, გინდა, ყველაფერი გამოსცადო. ამ დროს, ბუნებრივია, თავს იჩენს აზრთა სხვადასხვაობა და დამოკიდებულებები.
– მგონი, არ გაუცრუეთ მშობლებს იმედი?
– მეც ასე მგონია, თუმცა ადრე გავთხოვდი – 19 წლის. 24 წლისას, სამი შვილი მყავდა.
– მაგ ასაკში, ალბათ, უფრო ადვილია გათხოვების გადაწყვეტილების მიღება.
– რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, მით უფრო ადვილად იღებ გადაწყვეტილებას, რაც გგონია, რომ ყველაზე რთული გადასაწყვეტი იყო, აღმოჩნდება, რომ ის გადაწყვეტილება ყველაზე ადვილად მიიღე. თუმცა, საქართველოში, მგონი, გათხოვების გადაწყვეტილებას ყველა ასაკში უფრო ადვილად იღებენ.
– როდესაც ეროსის ცოლად მიჰყვებოდით, რამე გაითვალისწინეთ, თუ უბრალოდ, გიყვარდათ და გაჰყევით?
– მიყვარდა და იმიტომ გავყევი. გულახდილად რომ გითხრა, არ მახსოვს, რა გავითვალისწინე. მიმაჩნია, რომ კარგი, სწორი არჩევანი გავაკეთე და გამიმართლა. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
– მშობლები ბოლომდე იყვნენ საქმის კურსში?
– მე და ეროსის ყველაფერი, მთელი ურთიერთობა ტრადიციების სრული დაცვით გვქონდა – ნიშნობიდან დაწყებული, ტრადიციული ქორწინებით დამთავრებული. სიურპრიზები არ მომიწყვია ოჯახისთვის. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ მკაცრი მშობლები მყავდა და მივიჩნევდი, რომ არ იყვნენ იმის ღირსები, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ისე მიმეღო, ისინი საქმის კურსში არ ჩამეყენებინა.
– საკმაოდ კარგი და სტაბილური წყვილი ხართ...
– კი, და შემოდგომაზე ცოლქმრობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. პომპეზური ოჯახური „ივენთების“ მოყვარული არ ვარ. მირჩევნია, მეტი დრო საქმიან „ივენთებს“ დავუთმო. მოვიფიქრებთ რამეს, შემოდგომამდე დიდი დროა.