ეშინიათ თუ არა ქმრებს ცოლების შურისძიების და რატომ ვერ ამბობენ ისინი უარს, სხვა ქალებთან ფლირტზე
„მამაკაცს არ შეუძლია ერთგულება!“ – ასე ფიქრობს ქალების დიდი უმრავლესობა და ბევრი ფსიქოლოგიც იმავეს დაგიდასტურებთ. აქედან მოდის ფრაზა: „ყველა კაცი ერთნაირია“... მაგრამ, იქნებ, პრობლემა მათ ფიზიოლოგიაშია? შეიძლება, მთლიანად თავადაც არ არიან დამნაშავენი იმაში, რომ თვალები ყოველ წუთს აქეთ-იქით გაურბით, მით უმეტეს, როცა თითზე საქორწინო ბეჭედი უკეთიათ. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, როცა ქმარი თან ერთგულებას ეფიცება, თან შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ სხვა ქალთან ფლირტი გააბას. ამ შემთხვევაში ქალების პოზიცია გასაგებია, ისინი მშვიდად და გულგრილად ვერ უყურებენ ამას და ღალატთან აიგივებენ. მამაკაცების უმრავლესობა კი, ფლირტს მხოლოდ მსუბუქ გართობად მიიჩნევს და არავითარ შემთხვევაში – ღალატად, თუმცა, სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ, როცა სუსტი სქესის წარმომადგენლები მათსავით იქცევიან.
რეზო (43 წლის): მიკვირს, საუბარზე რომ დამითანხმეთ, თანაც, ასეთ თემაზე. ჩემი ცოლი რამეს რომ მიხვდეს, ნამდვილად ვერ გადავურჩები. ისედაც „აკრეფილი“ აქვს ჩემზე. ქალბატონი რომ ხართ, ამიტომაც დავყარე ფარ-ხმალი. (იცინის).
– ვერ შეგატყვეთ, რომ საუბარი არ გინდოდათ. მგონი, საკმაოდ სერიოზულ პრობლემაზე უნდა ვილაპარაკოთ.
– იცით, რა არის? პრობლემებს ჩვენ ვასერიოზულებთ, ვამძიმებთ და მერე ვებრძვით გამწარებულები. ადამიანებს საერთოდ გვახასიათებს ყველაფრის გართულება, დამძიმება და ტრაგედიის რანგში აყვანა, მით უმეტეს, ქალებს – ბუზს სპილოდ გადააქცევენ და მერე იკლავენ თავს ტირილით.
– მამაკაცის ლოგიკა: ყველაფერში დამნაშავე არის ქალი!
– არა, მე მაგის დამტკიცებას არ ვაპირებ, მით უმეტეს, ქალთან. ყველაფერში დამნაშავეები ნამდვილად არ ხართ, თქვენი ბრალი არ არის ყველაფერი მეტისმეტად ახლოს მიგაქვთ გულთან და იმაზე იშლით ნერვებს, რაც რეალურად არ არის სანერვიულო. მამაკაცები ბევრ რამეს ვაშავებთ, მაგრამ, არ „ვიგრუზებით“. ბავშვებივით ვართ, უფრო მარტივად ვუყურებთ ცხოვრებას.
– თქვენ მარტივად უყურებთ ღალატს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა თვითონ ღალატობთ.
– ამაზე იმდენი მილაპარაკია და მიდავია, ჩხუბამდეც მივსულვარ და მაინც ვერავინ დავარწმუნე იმაში, რომ კაცი ყოველთვის მოღალატე არ არის, როცა რაღაც მომენტში შანსს გამოიყენებს და სადღაც „გაძვრება“. გულწრფელად ვამბობ ამას, გეფიცებით. რამდენჯერ შემბრალებიხართ ქალები და, მათ შორის, ჩემი მეუღლეც, რის გამო იშლის ხოლმე ნერვებს. მე მასზე ძვირფასი და ახლობელი არავინ მყავს. რა თქმა უნდა, მიყვარს და პატივსაც ვცემ; თუ დასჭირდება ჩემი თანადგომა, ყოველთვის შეუძლია, იმედი ჰქონდეს, რომ ყველაფერს გავაკეთებ მისი კარგად ყოფნისთვის, მაგრამ...
– მაგრამ მაინც სხვა ქალს დასდევთ.
– ვაიმე, საიდან მოიტანეთ, რომ დავდევ? არავისაც არ დავდევ. ეს დევნა არ არის. გეუბნებით, ქალებს გაქვთ ზღვარგადასული ფანტაზიები. ყველაფერს გამადიდებელი შუშით აკვირდებით და მერე იწყებთ ნერვიულობას იმაზე, რაც რეალურად არ არსებობს და თვითონ გამოიგონეთ. მგონი, ერთმანეთსაც აგიჟებთ. აბა, ვინ თქვა, ყველა კაცი ერთნაირიაო?! რა თქმა უნდა, თქვენ, ქალებმა. ჩვენც რომ ვამტკიცოთ, ყველა ქალი ერთნაირიაო, მოგეწონებათ?
– არ არის ყველა ქალი ერთნაირი?
– რა თქმა უნდა, არა. ისევე, როგორც ყველა მამაკაცი არ არის ერთნაირი. ქალები ჭკვიანებიც არიან, სულელებიც, „ისტერიჩკებიც“, აქტიურებიც... დიდი და ფართო სპექტრია... სილამაზე შეგნებულად არ ვთქვი, რადგან ეგ ცოტა ფარდობითი რამეა. ვისაც ვინ მოსწონს და უყვარს, იმისი ლამაზი და მშვენიერიც ის არის. მე მომწონს ყველა მშვენიერი ქალი, მაგრამ მიყვარს ჩემი ცოლი და მას არავისში გავცვლი. სამწუხარო ის არის, ვერაფრით რომ ვერ ხვდება ამას და ეჭვიანობს.
– მეც ვიეჭვიანებდი, ჩემი ქმარი ყველა ლამაზ ქალს რომ ეფლირტავებოდეს.
– არ მიკვირს. თქვენ რა, ქალი არ ხართ? თითქმის ყველა ცოლი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ჩემი მეუღლე. არადა, ქალებს გაქვთ იმის უნარი, ინტუიციით იგრძნოთ, ხართ თუ არა მამაკაცისთვის განსაკუთრებული და ერთადერთი. რატომ არ უსმენთ თქვენს ინტუიციას, ვერ ვხვდები. ეტყობა, მოგწონთ, რომ ნერვიულობთ, განიცდით და თავს იტკიებთ. არ გეწყინოთ და, ეს არასრულფასოვნების კომპლექსის მსგავსი რაღაც მგონია. როცა ქალმა იცის საკუთარი თავის ფასი, როცა ის ისეთ სიმაღლემდე დგას, რომ პატარა ინტრიგებზე მხოლოდ იცინის და ერთობა, ის ქმარს ეჭვიანობით ცხოვრებას არ უმწარებს. ფლირტი არაფერი არ არის, დამიჯერეთ. ეს არის ის „ჟანგბადი“, რომელიც მამაკაცებს აუცილებლად გვჭირდება, ოჯახში რომ სული არ შეგვეხუთოს. ძალიან მინდა, სწორად გამიგოთ. ამას აქვს მნიშვნელობა. თუ თქვენ გამიგებთ, მაშინ, მაქვს შანსი, რომ ჩემი მეუღლეც მიხვდება, რომ ტყუილუბრალოდ ნერვიულობს და მიწყობს სკანდალებს.
– ვეცდები, გაგიგოთ, მაგრამ ბუნებრივია, მიჩნდება შეკითხვა: ქალებს არ სჭირდებათ ასეთი „ჟანგბადი“, თუკი ოჯახი სულის შემხუთველია?
– ანუ, ჩემმა ცოლმაც რომ იფლირტავოს მამაკაცებთან?
– ფაქტია, რომ არ მოგეწონებათ.
– გეთანხმებით, ვერ უარვყოფ ამას. არ მომეწონება. იმიტომ, რომ ქალს მეტი თავდაჭერილობა მართებს. გათხოვილი ქალი რომ ცანცარებს და კაცებს უცინ-უკრიჭინებს, ძალიან მძიმე საყურებელია. მანდ უკვე იმას ფიქრობ, რომ ეს ქალი ან ძალიან ქარაფშუტაა, ან უზნეო და პირველ შემხვედრს ეკიდება, ან კიდევ, იმას გეუბნება ასეთი საქციელით, რომ ქმარი „ჩმორი“ ჰყავს და ფეხებზე ჰკიდია. ეს საშინელებაა. ასეთ ქალებს პატივს არ ვცემ და, სხვათა შორის, იმ კაცებზეც არ მაქვს კარგი წარმოდგენა, ვისაც ასეთი ცოლები ჰყავთ. მართლა უბედურები არიან. პირადად მე ასეთ ქალს ერთი დღე არ გავუჩერდებოდი.
– მაგრამ, ასეთ ქალთან სიამოვნებით ერთობით, ხომ მართალია?
– აბა, ჭკვიან, ქმრისა და ოჯახის მოყვარულ ქალთან როგორ გაერთობი? ასეთი ქალი უნდა გააღმერთო, სულერთია, შენი ცოლი იქნება თუ სხვისა. არ გეგონოთ, ამას ირონიით ვამბობდე, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. ისე მიყურებთ, აშკარად არ მოგწონთ, რასაც ვამბობ. მაგრამ, მოდი, ცოტა ხნით გამოდით ქალის პოზიციიდან და ამ ყველაფერს „გვერდიდან“, არასუბიექტური პოზიციიდან შეხედეთ. ძალიან გთხოვთ, თუ მალაპარაკებთ, რაღაცაში უნდა დამეთანხმოთ კიდეც, ასე არ გამოვა.
– დაგიჯეროთ, რომ ცოლს არ ღალატობთ?
– საქმე ისაა, რომ, რასაც მე ვაკეთებ, ეს ღალატი არ არის. მოღალატე მაშინ ვიქნები, საყვარელი რომ მყავდეს, ფულს ვხარჯავდე მის გარდერობზე, მე ვინახავდე და უცხოეთში ფეშენ-კურორტებზე დამყავდეს. მსგავსი ხომ არასდროს არაფერი ჩამიდენია! რა ვქნა, კაცი ვარ, ზოგჯერ „გავიშრიალებ“ და ესაა. ბრმაც არ ვარ, რომ სილამაზე ვერ დავინახო და არ დავაფასო. თან, ქალები ისე აქტიურობენ... კაცი ვარ, დავტოვო მათი აქტიურობა უყურადღებოდ? მერე, რას იფიქრებენ, არ იტყვიან, უჭირს ამას სადღაც რაღაცო? ერთი კაცი დამისახელეთ ისეთი, რომელიც არ „ცელქობს“ და ვიტყვი, რომ მე გარყვნილი ვარ და მაშინვე დაგნებდებით.
– გამოდის, მამაკაცებს ერთგულება არ შესძლებიათ.
– ისეთი ერთგულება, როგორიც თქვენ, ქალებს გინდათ და მოითხოვთ ქმრებისგან, რეალურად არ არსებობს. თქვენ ერთგულებას ეძახით კაცის სრულ მორჩილებას. ძაღლივით უკანა თათებზე უნდა დავდგეთ და სულ თვალებში გიყურებდეთ... წარმოიდგინეთ ასეთი სურათი და მიხვდებით, რომ ჭეშმარიტი მამრისთვის ეს დიდი შეურაცხყოფაა. წესით, ქალს არც უნდა მოსწონდეს ასეთი მამაკაცი.
– მე ძალიან ხშირად მიამბობენ მითს იმის შესახებ, რომ ქალის ღალატი სხვანაირია და კაცისა – სხვანაირი.
– ეს მითი არ არის, რეალობაა. ქალს არ შეუძლია, ემოციის, გრძნობის გარეშე იყოს მამაკაცთან. არ ვლაპარაკობ პროფესიონალ მეძავებზე, თუმცა, ზოგჯერ მათაც უჭირთ, კლიენტის მიმართ არაფერი იგრძნონ. კაცი სულ არ იფიქრებს, ისე გააკეთებს თავის საქმეს და მორჩება ამით ყველაფერი. შეიძლება, აღარც გაახსენდეს საერთოდ.
– რა მარტივად გადაწყვიტეთ?! აბა, ოჯახს რატომღა ანგრევენ?
– ჰო. ეგ ცოტა რთული საკითხია. გააჩნია, სადამდე შეტოპავ. თუ ოჯახის ფასი იცი, ძალიან შორს არ უნდა შეტოპო, რომ არ შეგითრიონ. ნორმალურ მამაკაცებს ეს არ ეშლებათ, მაგრამ, თუ ის „არანორმალურია“ და შენი ფასიც არ იცის, მაშინ, რად გინდა ასეთი ქმარი?
– თქვენ იცით თქვენი მეუღლისა და ოჯახის ფასი?
– რა თქმა უნდა! აბა, რატომ ვითმენ მის სკანდალებსა და ეჭვიანობის სცენებს? ძალიან კარგად ვიცი, რომ არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს და მისნაირად ჩემს ოჯახს ვერავინ გაუძღვება. არავითარი დარიგება და ჭკუის სწავლება არ მჭირდება, ამას რომ მივხვდე, მაგრამ, იცით, რა აკლია? – საკუთარი თავის რწმენა. ეს არის მისი მთავარი პრობლემა, თორემ, დახუჭავდა თვალებს ჩემს უწყინარ „ცელქობებზე“. მართლა არაფერს ვაშავებ...
– ეგ თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ცელქობთ და არაფერს აშავებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი მეუღლე ასე არ ფიქრობს.
– ჰო, არ ფიქრობს. უმნიშვნელო რაღაცაზეც ღიზიანდება და „ვარდება“. მეჩხუბება, განიცდის, ტირის... მერე ვეფერები, ვუმტკიცებ, რომ მის გარდა არავინ მჭირდება და ვარ ამ გაწამაწიაში. შეიძლება ასე? მე მშვიდი ხასიათი მაქვს და ჩემი ოჯახი ძალიან ძვირად მიღირს, თორემ აქამდე, შეიძლება, მართლა წავსულიყავი სახლიდან.
– ანუ, იქით გაქვთ პრეტენზია? ბრალდებებს უყენებთ მეუღლეს იმისთვის, რომ უყვარხართ და არ უნდა, სხვა ქალს გაუზიაროს თქვენი თავი?
– სხვა ქალებზე სერიოზულად არ ვფიქრობ და არც ვიფიქრებ. რა სისულელეა! მე მიყვარს ჩემი ოჯახი. არც პირველივე „იუბკას“ ვეკიდები, მართლა ასეც არ არის საქმე. ემოციურია ჩემი მეუღლე და ირევა, როცა ვინმეს გავუღიმებ ან კომპლიმენტს ვეტყვი, ან ქუჩაში მიმავალ ნაშას გავხედავ... გეკითხებით, ეს ნორმალურია?
– რა! რომ ირევა თუ თქვენი საქციელის ნორმალურობა გაინტერესებთ?
– თქვენ ახლა დამცინით, ეს ირონიაა. მე ვხვდები, რომ მაინც ჩემი ცოლის მხარეს ხართ, მიუხედავად იმისა, რომ მე მელაპარაკებით. ამას ველოდი. ვხვდები, რომ არანაირად არ გამამართლებთ. მაგრამ, ახლა რას ვფიქრობ, იცით? ჩემმა ცოლმა რაღაც სისულელე აიხირა და ძალიან ვნერვიულობ, მართლა არ გააკეთოს ეს. ვერაფრით ვუმტკიცებ, რომ მისი ღალატი არ მინდა.
– დიახ, ნამდვილად ძნელი დასამტკიცებელია, თუკი რაღაც ფაქტიც აქვს.
– რა ფაქტი, რას ამბობთ? უბრალოდ, არ ვთამაშობ და არ ვმალავ, რომ მამაკაცი ვარ. დიახ, მამაკაცი იმიტომ არის მამაკაცი, რომ ქალს შეხედოს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ხელოვნების ნიმუშით აღფრთოვანება ითვლება დანაშაულად? ამასაც ამ კუთხიდან უნდა შევხედოთ.
– კი მაგრამ, ფლირტი?
– ფლირტი გართობაა. თუ კარგად გესმით ფლირტის არსი, უნდა იცოდეთ, რომ ის ფიზიკურ სიახლოვეს არც გულისხმობს. უბრალოდ, თამაშია.
– სასიყვარულო თამაში...
– არა, არა... ახლა უკვე ძალიან გეშლებათ. სიყვარული თამაში არ არის. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, თამაში არასდროს ყოფილა. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის. ჩემი ცოლი მიყვარს, ეს სერიოზული გრძნობაა. იმ ქალების მიმართ, კი რომლებთანაც ფლირტი მაქვს, მსგავსს არაფერს ვგრძნობ. ისინი ყველანი ერთმანეთს ჰგვანან, სახელებიც მერევა ხოლმე, იმდენად არ ვარჩევ ერთმანეთისგან.
– ვერ ვხვდები, მაშინ, რისთვის გჭირდებათ მათთან ურთიერთობა?
– მე ამას ვერც დავარქმევ ურთიერთობას. როგორ აგიხსნათ... თქვენ არასოდეს მოგნდომებიათ, ქმრის გარდა სხვა მამაკაციც აღფრთოვანებულიყო თქვენით?! ხომ არის ეს სასიამოვნო და ხომ გჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი ქალურობა უფრო კარგად შეიგრძნოთ? უბრალოდ, მამაკაცებს დიდი დოზით გვჭირდება ამის შეგრძნება. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ თუ ქალს კარგი ქმარი ჰყავს და უყვარს, მას დამატებით ადრენალინი აღარ სჭირდება, რასაც მამაკაცის შემთხვევაში ვერ ვიტყვი.
– საშინელებაა ის, რასაც ამბობთ.
– ვაიმე, რატომ არის საშინელება? არ ვანგრევ ოჯახს და არ ვეფიცები სიყვარულს სხვა ქალს. არავისთან არ მინდა სერიოზული ურთიერთობა. რამდენიც უნდა ვიწანწალო და „ვიცელქო“, ბოლოს მაინც სახლში, ჩემს ოჯახში მივდივარ. იმიტომ, რომ ის არის ჩემი ნავსაყუდელი. ჭკვიანმა ქალმა ხომ უნდა დაინახოს ეს? საერთოდ, ჭკვიანმა ქალმა ყოველთვის იცის, რაზე დახუჭოს თვალი. ასე რომ არ იყოს, ყოველი მეორე ოჯახი დაინგრეოდა, უფრო მეტი თუ არა.
– ჭკვიანი ცოლი ხვდება, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კაცი თავისმა „ცელქობებმა“ და სწორედ ამისი ეშინია.
– არ უნდა ეშინოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ მიცნობს და საკუთარი თავის რწმენაც არ აქვს. სწორედ ამიტომ ვნერვიულობ. არ მინდა, ამან რამე სისულელე ჩაადენინოს. წეღან გითხარით, აიჩემა, სამაგიერო უნდა გადაგიხადო და შენზე შური ვიძიოო. დაიწყო გამომწვევად ჩაცმა, სპეციალურად ეკეკლუცება მამაკაცებს, მერე მიყვება, რა კომპლიმენტებს ეუბნებიან... თავიდან მეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე და ვერთობოდი, მაგრამ ახლა უკვე მეტისმეტი მოსდის.
– გეშინიათ მისი შურისძიების?
– რას ნიშნავს, მეშინია?! მე იმის მეშინია, ისეთი შეცდომა არ დაუშვას, რომლის გამოსწორებაც მერე უკვე ძალიან გვიან იქნება. ქალი მაინც ემოციებზე აგებული არსებაა და, თუ მას აჰყვება, შეიძლება, დიდი სისულელეც ჩაიდინოს. არც ერთი მამაკაცი არ არის ღირსი, რომ ცოლმა უერთგულოსო, ასე მითხრა. ყველა ცოლმა უნდა უღალატოს თავის ძვირფას მეორე ნახევარს და მერე ისწავლიან კაცები ჭკუასო. მითხარით, ეს რა ლოგიკაა?!
– სიტუაციას თქვენ ართულებთ. თქვით უარი „ცელქობებზე“ და პრობლემაც მოგვარდება.
– ვერ ვამბობ და რა ვქნა? ავტომატურ რეჟიმში მიჩნდება ფლირტის სურვილი. მით უმეტეს, როცა ინიციატივა ქალისგან მოდის. თქვენ ახლა იმასაც არ დამიჯერებთ, რომ თითქმის ყოველთვის ისინი იწყებენ. მეც ვერთობი, რა... ჩემს ცოლს არ ესმის, რომ იმათ ფონზე კიდევ უფრო დასაფასებელი ხდება ჩემთვის. მაგრამ ესეც თუ აცანცარდა, მაშინ რაღა აზრი ექნება, ვისთან ვიცხოვრებ?! საერთოდ, ყველა ქალს ვურჩევ, დაფიქრდნენ და კარგად შეაფასონ საკუთარი ქმრის ღირსებები. ყველა კაცს ეტყობა, რას წარმოადგენს მისთვის ოჯახი და რა არის მისი მთავარი ფასეულობა. თუ ცოლი ვერ დაინახავს, მაშინ, მათ ერთად ყოფნასაც არ ექნება აზრი.