კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უპრეცედენტო ფაქტი დაუშვა „მეტროპოლიტენ ოპერამ“ ანიტა რაჭველიშვილისთვის და რას უწოდებს ის „მისტიკურ მოვლენას“

დაახლოებით ერთი წლის წინ, ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა, „ლა სკალას“ თეატრის სეზონი მთავარი პარტიით გახსნა. ვინაიდან მან „ლა სკალას“ სცენაზე უფრო ახალგაზრდა ასაკში იმღერა, ვიდრე მარია კალასმა, ერთ-ერთმა პროფესიონალმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი გარღვევა იყოო... თუ როგორ წარიმართა მოვლენები ამ ერთი წლის განმავლობაში ანიტა რაჭველიშვილის ცხოვრებაში, ამის გასარკვევად თავად მომღერალს დავუკავშირდით. ანიტა არ დაგვზარდა და ექსკლუზიური ფოტოები და ინფორმაციები მოგვაწოდა.

– ანიტა, ერთი წელი გავიდა იმ უმნიშვნელოვანესი თარიღიდან, როდესაც „ლა სკალას“ თეატრის სეზონი „კარმენის“ მთავარი პარტიით გახსენით. რა შეიცვალა ამის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?

– „ლა სკალას“ თეატრში დებიუტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე ლამაზ მოგონებად დარჩება. „ლა სკალაში“ „კარმენის“ დებიუტის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. 2010 წლის დასაწყისში შედგა ჩემი დებიუტი კიდევ ერთ ულამაზეს როლში – ფენენას როლი ვერდის ოპერა „ნაბუქოში“ იტალიაში, პალერმოს ცნობილ ოპერის თეატრში. 2010 წლის თებერვალში კანადაში გავემგზავრე, სადაც ტორონტოს თეატრში „კარმენი“ ვიმღერე... ტორონტოს თეატრის დებიუტის შემდეგ ჩემმა მენეჯერმა დამირეკა და უსაზღვროდ გამახარა; მან მაცნობა, რომ ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ჩემი „კარმენის“ დებიუტი შედგებოდა. თანაც 2012 წლის სექტემბერში და 2014 წლის სექტემბერშიც პრემიერებს იმღერებო. ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან ეს კიდევ ერთი დიდი მიღწევა იყო ჩემს ცხოვრებაში... ტორონტოს დებიუტის შემდეგ საქართველოშიც დავბრუნდი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩემი პედაგოგის – მანანა ეგარის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ვიმღერე. ძალიან მწყდება გული, ჩემი პედაგოგი რომ ნაადრევად წავიდა ამქვეყნიდან და დღეს ჩემ გვერდით აღარ არის. იგი ძალიან ხშირად მესიზმრება ახლაც, განსაკუთრებით, როცა რაიმე დიდი განსაცდელი მაქვს. მაისში შედგა ჩემი დებიუტი გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საოპერო თეატრში – ბერლინის საოპერო თეატრში „კარმენი“ ვიმღერე. სპექტაკლმა ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. ამავე პერიოდში ბერლინის ოპერაში მღეროდა ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და არაჩვეულებრივი მომღერალი, ნინო მაჩაიძე. მისმა გამოსვლებმა ფურორი მოახდინა. შემდგომი და ჩემი უმნიშვნელოვანესი დებიუტი შედგა იტალიაში, ვერონას „არენის“ თეატრში. მოგეხსენებათ, ეს უძველესი თეატრია, რომელიც ღია ცის ქვეშაა და 2 000 მაყურებელს იტევს. ეს გამოსვლა ჩემი ვოკალური შესაძლებლობების უდიდესი გამოცდა იყო. პრემიერას არაჩვეულებრივი კრიტიკა მოჰყვა. ყველა აღფრთოვანებული იყო ჩემი კარმენის ხმის სიძლიერითა და სცენურობით. ამბობდნენ, რომ ჩემი ხმა არა მხოლოდ მთელ „არენას“ ავსებდა, არამედ მოედანზეც ისმოდა. ძალიან ბევრი შემძინა „არენაზე“ გამოსვლამ. არაჩვეულებრივი თეატრია და მე ისევ დავბრუნდები იქ სამღერად.

– ვიცით, რომ პირად ცხოვრებაშიც ცვლილებები გქონდათ.

– აგვისტოში მე და ჩემი მეუღლე საქართველოში ჩამოვედით. ჩემი მეუღლე პირველად იყო საქართველოში და ყველაფრით აღფრთოვანებული დარჩა. იგი გააოცა ჩვენი ქვეყნის სილამაზემ, სამზარეულომ და, განსაკუთრებით – სტუმართმოყვარეობამ. ამბობდა, მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს და მსგავსი სტუმართმოყვარეობა არსად მინახავსო. ისიც თქვა, იმდენად სტუმართმოყვარეები ხართ, ადამიანი უხერხულად იგრძნობს თავს, მაგრამ, არ შეიცვალოთ, საოცარი ერი ხართო. ასეთი იყო მისი პირველი შთაბეჭდილება. დავათვალიერებინეთ კახეთი, კახეთის ყველა ტაძარში ვიყავით. წარმოუდგენელმა სილამაზემ აღფრთოვანებული დატოვა ჩემი კათოლიკე, იტალიელი მეუღლე. იგი გააოგნა ჩვენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ჩვენმა რიტუალებმა და მრავალხმიანმა გალობამ. განსაკუთრებით თბილისის სილამაზემ მოხიბლა. მეც ძალიან მეამაყება, თბილისი ასე რომ დამშვენდა. თბილისსა და კახეთში ეკლესია-ტაძრების სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. შემიძლია, სიამაყით დავპატიჟო ჩემი უცხოელი მეგობრები და იტალიელი ნათესავები. შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემა ისევ მოსაგვარებელია, მაგრამ ბევრი რამ უკეთესობისკენაა შეცვლილი.

– თბილისის შემდეგ სად გაემგზავრეთ?

– თბილისში ყოფნის დროს ისევ დამირეკა ჩემმა მენეჯერმა და არაჩვეულებრივი ამბავი შემატყობინა: 2011 წლის იანვარში ძალიან ცნობილ მეცო-სოპრანოს, ქეით ენდრიხს, „კარმენი“ უნდა ემღერა ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“, მაგრამ ორსულობის გამო მან გააუქმა თავისი სპექტაკლები. „მეტროპოლიტენ ოპერის“ დირექციას უთქვამს, აუცილებლად ანიტა რაჭველიშვილი მოვიწვიოთო. ასე რომ, ჩემი დებიუტი „მეტროპოლიტენ ოპერაში“ დათქმულზე ადრე შედგა – 2012 წელს უნდა მემღერა პირველად და, ქეით ენდრიხის წყალობით, 2011 წლის 5 იანვარს უკვე ამ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი თეატრის სცენაზე ვმღეროდი „კარმენს“. თანაც, მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილ საოპერო ვარსკვლავებთან ერთად.

– მანამდე, თუ არ ვცდები, თქვენ და თქვენმა მეუღლემაც იმღერეთ ერთად.

– იტალიაში დაბრუნების შემდეგ ისევ „ლა სკალაში“ დავბრუნდი „კარმენის“ სამღერად. სხვა მომღერლების შემადგენლობით იყო სპექტაკლი, მაგრამ, მაინც ძალიან დიდი სიამოვნებით გავიმეორეთ 2009 წლის დადგმა და ჩვენმა გამოსვლამ ისევ დიდი წარმატებით ჩაიარა. იმავე პერიოდში დაემთხვა ნინო მაჩაიძის გამოსვლა „ლა სკალაში“. ბოლოს ნინოს სიმღერა კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მოვისმინე და შესანიშნავი შთაბეჭდილებაც მქონდა მასზე შექმნილი. მისი სპექტაკლის სანახავად საგანგებოდ წავედი „ლა სკალაში“. ზღაპრულად იმღერა, იშვიათი მომღერალი და მსახიობია. უკვე მეორედ დაემთხვა, რომ მე და ნინო ერთსა და იმავე თეატრში ერთსა და იმავე პერიოდში ვმღეროდით... „ლა სკალას“ შემდეგ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თეატრში შედგა ჩემი დებიუტი – სალერნოს „ვერდის თეატრში“ „კარმენი“ ვიმღერე, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დირიჟორის ხელმძღვანელობით. ეს დირიჟორი გახლავთ არაჩვეულებრივი მუსიკოსი – დანიელ ორენი. 2010 წლის დეკემბერში ჩემი და ჩემი მეუღლის დებიუტი შედგა ვერდის „რექვიემში“, ფინეთში, ჰელსინკიში. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ერთად სიმღერის საშუალება რომ მოგვეცა. ჩემი მეუღლე ტენორია, მაგრამ განსხვავებულ რეპერტუარს მღერის. ჩემთვის ჯერ ადრეა ამ რეპერტუარის შესრულება და ერთად სიმღერას იშვიათად ვახერხებთ.

– „მეტროპოლიტენ ოპერაში“ გამოსვლა საოპერო მომღერლისთვის მწვერვალად ითვლება.

– „მეტროპოლიტენ ოპერაში“ რომ ვმღეროდი „კარმენს“, იმავე პერიოდში ამ თეატრში ვერდის „რიგოლეტოში“ ნინო მაჩაიძე ჯილდას პარტიას მღეროდა. აქაც არ დავაყოვნე და მისი სპექტაკლის სანახავად წავედი. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ნინოს საოცარმა შესრულებამ, ბოლოს, სცენაზე რომ გამოვიდა, მაყურებელი საოცარი ემოციებით შეხვდა. უკვე მესამედ ხდებოდა, მე და ნინო რომ შევხვდით ერთმანეთს. ჩვენ ამას რაღაც „მისტიკურ მოვლენას“ ვეძახით. საოცარი ის არის, რომ ჩვენი მეუღლეებიც ხშირად ერთსა და იმავე პერიოდში, ერთსა და იმავე თეატრში მღერიან – მართლაც, არის რაღაც მისტიკური ამ ყველაფერში. რაც შეეხება ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ჩემს დებიუტს, ეს ყველაზე დაუვიწყარი მოგონებაა. არაჩვეულებრივი თეატრია და საოცარი მაყურებელი ჰყავს. ხანგრძლივი ოვაციებით დამაჯილდოვეს ჩემი სამივე სპექტაკლის შემდეგ. ძალიან მიყვარს ეს თეატრი და დიდი ბედნიერებაა, რომ იქ სამღერად კიდევ ბევრჯერ დავბრუნდები. 2012 წლის სექტემბერში ისევ უნდა ვიმღერო „მეტროპოლიტენში“ „კარმენი“ და ასე შემდეგ...

როგორც ვიცით, „მეტროპოლიტენ ოპერამ“ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაც მიიღო – 2013 წელს რუსულ ოპერა „ბორის გოდუნოვში“ სამღერად მიმიწვიეს, მარინას როლი უნდა ვიმღერო – მეცო-სოპრანოს უმნიშვნელოვანესი როლია ამ ოპერაში. 2014 წლის სექტემბერში ისევ „კარმენს“ ვიმღერებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემთვის საგანგებოდ, „მეტროპოლიტენ ოპერამ“ 2013-2014 წლის სეზონში ერთი ოპერა ჩაამატა. ეს არის როსინის „იტალიელი ქალი ალჟირში“. ეს ოპერა საგანგებოდ ჩემთვის არის ჩამატებული. რადგან მანამდე არ იყო დაგეგმილი. ასე რომ, 2013-2014 წლების სეზონში „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ორი ოპერა უნდა ვიმღერო. უბედნიერესი ვარ მოვლენების ასეთი განვითარების გამო. 2015 წელს კვლავ დავბრუნდები „მეტროპოლიტენ ოპერაში“, კვლავ რუსულ ოპერა „კნიაზ იგორში“ სამღერად – მეცო-სოპრანოს მნიშვნელოვანი როლი, კონჩაკოვნას პარტია უნდა ვიმღერო.

– სად ხართ ამჟამად?

– ამჟამად მიუნჰენში ვიმყოფები. გერმანიის უმნიშვნელოვანეს თეატრში „კარმენი“ უნდა ვიმღერო, კვლავ უნიჭიერესი და ზღაპრული ტენორის გვერდით. 2009 წელს „ლა სკალას“ თეატრის სეზონი ერთად გავხსენით. აქაურ პრემიერასაც სულმოუთქმელად ველოდები. მაისში ჩემი დებიუტი შედგება ამსტერდამში, სადაც, ჩემი უსაყვარლესი პარტია უნდა ვიმღერო – დალილას პარტია სენ-სანსის ოპერა „სამსონი და დალილადან“. ივნისში გავემგზავრები ნორვეგიაში, სადაც კვლავ ვერდის „რექვიემს“ ვიმღერებ. ივლისში „ლა სკალაში“ ვბრუნდები. ამჯერად როსინის „იტალიელი ქალი ალჟირში“ უნდა ვიმღერო. უსაზღვროდ მახარებს ჩემს უსაყვარლეს თეატრში დაბრუნება... აგვისტოში დასვენების დრო მექნება და, იმედია, სახლში ჩამოსვლას მოვახერხებ ჩემს მეუღლესთან ერთად ან ჩემს ოჯახს ჩამოვიყვან იტალიაში, იტალიელი ნათესაობის გასაცნობად... უბედნიერესი ვარ, ღმერთის წყალობა რომ არ მაკლია და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. იმედია, მომავალი უკეთესადაც წარიმართება, რადგან მინდა, ჩემს ოჯახს არაფერი მოვაკლო და მათ გვერდით ვიყო. მსურს, ჩემი მადლიერება გამოვხატო მათდამი იმ თანადგომისთვის, რომელიც არასდროს დამაკლეს და, კიდევ, იმ დიდი სიყვარულისთვის, რომლითაც ყოველთვის მანებივრებდნენ...

პარალელურად, განვაგრძობ ჩემი რეპერტუარის დამუშავებას ჩემს ინგლისელ ებრაელ მაესტრო დევიდ ჰოლსთან. ის არაჩვეულებრივი პედაგოგი და მუსიკოსია...


скачать dle 11.3