როგორ ტოვებდა სტეფან კოჰენი თბილისიდან წასვლის შემდეგ ქართველ ბიჭებს, ვისთანაც სექსუალური კავშირი ჰქონდა და რა აღიარა მან ირაკლი ქუთათელაძესთან მკვლელობამდე ერთი დღით ადრე
26 იანვარს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” მომხდარი მკვლელობა კვლავ რეზონანსულია. თვის ბოლოს თბილისში მოკლული ფრანგი ინჟინრის სტეფან კოჰენის დედა და ფრანგი კრიმინალისტები ჩამოვლენ. მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მკვლელობა ძარცვის მიზნით ჩაიდინა. ამ ვერსიას არ იზიარებს გარდაცვლილის მეგობარი, ირაკლი ქუთათელაძე, რომელმაც ფრანგი ინჟინერი სასტუმროს იმ ნომერში ნახა, სადაც ის მეორე დღეს მოკლეს.
საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიების მიხედვით, მკვლელობა სექსუალურ ძალადობას უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა, ოფიციალური უწყებები ამ თემაზე არ საუბრობენ. გარდაცვლილი ფრანგის მეგობრები მის სექსუალურ ორიენტაციას არ მალავენ. ამის შესახებ ირაკლი ქუთათელაძე ჩვენთან საუბარში ამბობს: სტეფს მოსწონდა ქართველი ბიჭები. ამბობდა, თბილები, სექსუალურები არიანო. როგორც ჩანს, სტეფს თბილისში ამ მხრივ აქტიური ცხოვრება ჰქონდა.
სტეფან კოჰენის ქართველი მეგობრის ვარაუდით, მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვნის გარდა, მკვლელობაში სხვა ადამიანიც არის გარეული. ის მიიჩნევს, რომ მისი მეგობრის მკვლელობა ჰომოფობთა დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზებულია. ირაკლი ბევრ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს: სტეფანის მკვლელობის შემდეგ, სტეფის პროფილით სოციალურ ქსელში ვიღაც სარგებლობდა. ბოლო ვიზიტი 29 იანვარს დაფიქსირდა, სკაიპი კი 31 იანვრამდე ონლაინ რეჟიმში იყო ჩართული. ირაკლის მცდელობას, გაერკვია, ვინ სარგებლობდა მისი მეგობრის პროფილით, გამოეხმაურა ვინმე სალომე, რომელმაც განუცხადა, რომ სტეფის ახლო მეგობარი გახლდათ და მისი პროფილის ყველა პაროლი იცოდა. ირაკლი ვარაუდობს, რომ მკვლელის უკან დგას ადამიანი, რომელიც სტეფის პროფილს აკონტროლებდა.
ირაკლი ქუთათელაძე: მე და სტეფიმ ერთმანეთი ამ ზაფხულს გავიცანით სოციალური ქსელის მეშვეობით. ის მამაკაცების გაცნობის საიტზე საკუთარი სახელითა და გვარით გახლდათ დარეგისტრირებული. სტეფი ფრანგი იყო და საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების პრობლემა არ ჰქონდა. ჩვენი ურთიერთობა კარგად აეწყო, მალე გაცნობის საიტიდან სკაიპზე გადავედით. მაშინ საკუთარი კომპიუტერი არ მქონდა, რაც კომუნიკაციის პრობლემას გვიქმნიდა. თუმცა, როგორც კი კომპიუტერთან მოვხვდებოდი, მაშინვე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. სტეფიმ მითხრა, რომ ფრანგული კომპანია „სისტრას” წარმომადგენელი იყო და შემოდგომაზე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას. ის მართლაც ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ მე მაშინ მას ვერ შევხვდი – ბათუმში ვიყავი და სტეფი ისე წავიდა, შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც მას ვუსაყვედურე და უხეში წერილიც მივწერე. სტეფი შემპირდა, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე აუცილებლად მნახავდა და კვლავ გავაგრძელეთ ურთიერთობა სკაიპით.
– თქვენ ფიზიკურად არ შეხვედრიხართ ერთმანეთს და როგორ გაგიჩნდათ მის მიმართ ასეთი მძაფრი გრძნობა, სოციალური ქსელის მეშვეობით?
– ეს არის ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი – სვირინგი, რომელიც კისერზე მაქვს გამოსახული ერთ-ერთი ასეთი ვირტუალური კონტაქტის ძლიერი გავლენაა. ის მამაკაცი პრაღიდან იყო, საქართველოში სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა. ამით დასრულდა ჩვენი ისტორია. ასეთი მძაფრი გრძნობა მქონდა სტეფის მიმართაც. უცხოელებში ბედი მაქვს – წელიწადში ორი-სამი მამაკაციდან, ორი უცხოელი უნდა იყოს. კონტაქტს ვახერხებთ ვიდეოთვალის მეშვეობით. ასე ვიყავით მე და სტეფიც. ის ძალიან საინტერესო ადამიანი გახლდათ, ჩვენს შორის გრძნობა გაცნობიდან ერთ თვეში გაჩნდა. თუმცა, სტეფი არ იყო მარტო. მას ჰყავდა ფრანგი საყვარელი მამაკაცი, თუმცა როგორც მითხრა, ქალებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ჩვენ ვსაუბრობდით ყველა თემაზე, არ არსებობდა ტაბუდადებული სფერო. ჩვენ ძალიან ვიზიდავდით ერთმანეთს. რადგან ვიცოდი, რომ სტეფი არ იყო თავისუფალი და მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, ვფიქრობდი, ის სხვასთან ურთიერთობას არ დაიწყებდა. უცხოეთში ისე არ ხდება, როგორც ჩვენთან – აქ მამაკაცები პარტნიორებს ერთ კვირაში იცვლიან.
– მამაკაცებს?
– კი, მამაკაცებს შორისაც საკმაოდ მძაფრი სასიყვარულო ურთიერთობები არსებობს. მე პირადად, არავისზე გავგიჟებულვარ, მაგრამ ბევრი ვიცი, ვინც მამაკაცის გამო ჭკუას კარგავს. ეჭვიანობს, ვენებს იჭრის. ზოგი მკვლელობით ემუქრება პარტნიორს.
– არ მალავ შენს სექსუალურ ორიენტაციას – ბისექსუალი ხარ, როგორც ვიცი ცოლიც გყავს და შვილიც.
– მყავს, ისინი თბილისში ცხოვრობენ, თუმცა ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვაქვს. ის გოგო ჩემი ცოლი არც ყოფილა, უბრალოდ, მასთან ვცხოვრობდი და შვილი გაგვიჩნდა. ბავშვი ახლა სამი წლისაა. თავისუფალი ადამიანი ვარ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ.
– სტეფისაც ასეთი ლტოლვა ჰქონდა შენ მიმართ?
– მახსოვს, ერთხელ მე და სტეფიმ ვიკამათეთ, ერთკვირიანი გაურკვევლობის პერიოდი გვქონდა. მერე შევრიგდით. საკმაოდ ბევრი ვინერვიულე მაშინ, მწარედაც ვიტირე. ძალიან მაკლდა სტეფი და მასაც ვაკლდი. მერე ყველაფერი ისევ აგვეწყო, როცა სტეფი თბილისში ჩამოვიდა, ჩვენ ერთმანეთი მაშინვე ვნახეთ.
– სტეფთან სექსუალური კავშირი გქონდათ?
– არა, სექსუალური კავშირი არ გვქონია. ეს არც ერთმა არ მივიჩნიეთ საჭიროდ. სტეფი ისეთი არ გახლდათ, მამაკაცთან დაწოლილიყო, პირველად რომ დაინახავდა. ის იმდენად სხვანაირი იყო, მასთან არ მინდოდა უხეში ფიზიკური კავშირი მქონოდა; ჩემთვისაც და მისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი სულიერი ურთიერთობა იყო. ის სამი საათი, რომელიც ერთად გავატარეთ, არასდროს დამავიწყდება. ჩვენ ერთმანეთს მოვეფერეთ სახეზე, თვალებზე, მაგრამ სექსუალური კავშირი არ გვქონია. სტეფი იდგა კომპიუტერის მაგიდასთან თავჩაღუნული და ისე მესაუბრებოდა. მან მომაწოდა ქართულ-ინგლისური სასუბრო და მითხრა: ქართულის სწავლა მინდაო. მე დავპირდი, რომ ქართულ ენას ვასწავლიდი. გადავუღე სურათები. პრინციპში, სექსუალური კონტაქტი არც დაგვცალდა, სტეფი რომ არ მოეკლათ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს შორის უფრო გაღრმავდებოდა ურთიერთობა. სტეფის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. სტეფიც, ალბათ, ახლა ცოცხალი იქნებოდა, იმ დღეს მე საავადმყოფოში რომ არ მოვხვედრილიყავი. რაღაცნაირად ჩემს თავს ვადანაშაულებ – 26 იანვარს, საავადმყოფოში რომ არ ვყოფილიყავი მიერთებული აპარატზე, სასტუმროში სტეფის გვერდით ვიქნებოდი და სიკვდილს გადაურჩებოდა.
– შენი აზრით, რა ურთიერთობა ჰქონდა სტეფან კოჰენს მკვლელობაში ბრალდებულ ბიჭთან?
– მე ვიცი, რომ სტეფიმ ის ბიჭი გაიცნო საიტით, რომელიც მაშინ ჰქონდა ჩართული, როცა მის ნომერში შევედი, ეს ძალიან გავაპროტესტე. სტეფიმ კი მითხრა, რომ გაიცნო პატარა ბიჭი, რომელიც შეეცოდა და მისცა 50 ევრო. მე, ალბათ, ვიეჭვიანე, სტეფი, რომ იმ საიტზე შედიოდა. ვიცოდი, რომ თბილისში ყოფნის დროს რამდენიმე ბიჭთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა. ერთ-ერთ მათგანს მეც ვიცნობ. სტეფი ამბობდა: ქართველი ბიჭები თბილები და სექსუალურები არიანო. უკვირდა: რატომ ტირიან, როცა მე თბილისიდან მივდივარო. მე ვუთხარი: შენ რომ წახვალ, მე არ ვიტირებ-მეთქი. ეჭვი მეპარებაო – ასე მითხრა.
– სტეფი იმ ქართველ ბიჭებს ფულს უხდიდა სექსუალურ კავშირებში?
– არა, ეს აბსურდია. სტეფს არ ჰქონდა იმის გაჭირვება, რომ მამაკაცებში ფული გადაეხადა. მე ამაში დარწმუნებული ვარ. სტეფი ვიზუალურადაც კარგი ბიჭი იყო, ხასიათითაც.
– თუ ასე ეძებდა აქ პარტნიორებს, რატომ უნდა ეთქვა უარი იმ პატარა ბიჭთან სექსუალურ კავშირზე?
– სტეფი არ ხვდებოდა არასრულწლოვნებს, პედოფილი არ იყო. მე ვიცი, როგორი ბიჭი შეეფერებოდა სტეფის გემოვნებას – არავითარ შემთხვევაში არ მოეწონებოდა შავგვრემანი და არასექსუალური იმიჯის ბიჭი.
– აცხადებ, რომ შენი მეგობრის მკვლელი მარტო არ მოქმედებდა და ეს მკვლელობა სხვისი მითითებითა და ორგანიზებით ჩაიდინა. რა გაძლევს ამის საფუძველს?
– სტეფის მკვლელობიდან სამი-ოთხი დღე სრულ შოკში ვიყავი. მერე რამდენჯერმე ვნახე ის ვიდეომასალები, რაც საინფორმაციო საშუალებებით გავიდა და დავიწყე იმ დეტალების გამოძიება, რაც ვიცოდი. მივედი გარკვეულ დასკვნამდე. საკმაოდ საეჭვოდ მიმაჩნია ბარათის დაკარგვის ფაქტი. დღემდე ვერ მოვდივარ აზრზე, რატომ უნდა ჰქონოდა სტეფს სასტუმროს ნომრის ორი ბარათი, როდესაც ადამიანი სასტუმროში შედის, მას მხოლოდ ერთ პერსონალურ ბარათს აძლევენ. რატომ უნდა ჰქონოდა სტეფს ორი ბარათი?
მკვლელობაში ბრალდებული ბიჭი დაინტერესებული იყო, რომ სტეფს მისთვის თანხა გადაეხადა. ის ბიჭი დარეგისტრირებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ჰომოფობთა დანაშაულებრივი ჯგუფი, „ნატურალი“. პატარა ბიჭი წავიდა საერთაშორისო სასტუმროში, შეიარაღებული იყო დანით. მას ვიღაცამ ჩააწოდა ეს იდეა, მარტო ამას ვერ დაგეგმავდა. საერთაშორისო სასტუმროში უცხოელის გაძარცვა იოლი არაა. როგორც ჩანს, ფული იმიტომ აღარ წაიღო, რომ ბოლომდე ვერ „მოტვინა.” ჩხუბი, რომელიც ნომერში ატყდა, ჩემი აზრით, მოჰყვა კამათს ფულზე, რომლის გადახდაზეც სტეფმა მას უარი უთხრა. ეს ფული იმ ბიჭმა, ალბათ, სექსუალურ კავშირში მოითხოვა. სტეფი სასტიკად მოკლეს – სხეულზე 27 ჭრილობა ჰქონდა და, მთლიანად გამოფატრული იყო.
– სამართალდამცველებმა უკვე დაგკითხეს?
– კი, მათ ამოიღეს მიმოწერა, რომელიც მე და სტეფს გვქონდა საიტისა და სკაიპის მეშვეობით. ჩემი სურვილია, ვითანამშრომლო სამართალდამცველებთან. მინდა, ნათელი მოეფინოს ამ მკვლელობას. თვის ბოლოს გამომძიებლებთან და ჟურნალისტებთან ერთად თბილისში ჩამოვა სტეფის დედაც. ალბათ, ბოლოს და ბოლოს დამტკიცდება, რომ ამ მკვლელობის მოტივი, სექსუალური ძალადობა არ ყოფილა.