ვინ ეალერსებოდა ფეხებზე შეშინებულ ფაქოს ჭინკების უბანში და როგორ დახოცა მან ერთი გასროლით მთელი არმია ჩიტები
„ქლაბ შოუს“ და „კომედი შოუს“ მსახიობი ფაქო იგივე ლევან გოგორელიანი, ძალიან ენაწყლიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ის თავს გამოუვალ სიტუაციებში ხშირად იგდებს, რომ შემდეგ იქიდან ორიგინალური და სასაცილო გამოსავალი ნახოს. სად აღმოაჩნდა მას სნაიპერის ნიჭი, ვის გამო გადაიხადა დაბადების დღე სახურავზე და რა ეხმარება უცხოეთში ჩასულს გოგონების ადვილად „აყრაში“, ამაზე თავად ფაქო გვესაუბრება.
ფაქო: ძალიან მიყვარს გამოუვალ, კურიოზულ თუ სასაცილო სიტუაციებში ჩავარდნა. იქიდან თავს ყოველთვის ხალისით ვიძვრენ. მე ვძვრები და მერე სხვები ვარდებან მსგავს სიტუაციებში.
– ბავშვობაში, შეყვარებული გოგონას გამო ბიჭებთან ხშირად ჩხუბობდი?
– დიდი მოჩხუბარი არ ვყოფილვარ. ერთხელ კი, ისეთი ვიჩხუბე შეყვარებული გოგონას გამო მეხუთე კლასელმა... კლასში სულ ცხრა ბავშვი ვსწავლობდით. აქედან 8 გოგო იყო და მე, ერთი ბიჭი. მოკლედ, ერთი ჩემი კლასელი გოგონა, გვანცა შემიყვარდა და მის გამო მაგარი ჩხუბიც მომივიდა თანატოლ ბიჭებთან. ეს გოგო ჩემი კლასელის ძმასაც მოსწონდა. თავიდან, დავგეგმეთ ბიჭებმა ჩხუბი. ანუ, იმ ბიჭმა, რომელსაც უყვარდა ჩემი კლასელი გოგო, შემომთავაზა დაგითმობ გვანცას და უფრო მაგრად რომ შეაყვარო თავი და ყურადღება მოგაქციოს, ჩხუბის სცენა დავდგათო. მაგრამ, მერე ისეთი ჩხუბი მოგვივიდა, ერთმანეთს ცხვირ-პირი დავამტვრიეთ (იცინის). ისე, შეყვარებული გოგონას გამო ორიგინალური საქციელი ხშირად ჩამიდენია. 16 წლის რომ გავხდი, ოჯახში პურმარილი გაშალეს. ბევრი სტუმარი მოვიდა მოსალოცად. ჩემი შეყვარებულიც უნდა მოსულიყო. ვიფიქრე, ამ რია-რიაში ყოფნას მირჩევნია მის გვერდით წყნარად ყოფნა-მეთქი. ავდექი და სახლის სახურავზე მოვუწყვე მაგარი სიურპრიზი. რომ მოვიდა სახლთან, თვალები დავახუჭინე და სახურავისკენ გავაქანე.
– არ მითხრა ახლა სუფრა სახურავზე გავუშალეო. ასე მოიქეცი?
– (იცინის). არა ასე არ მოვიქეცი, უკეთესი რამ მოვიფიქრე: თვალდახუჭული ავიყვანე სახურავზე. თვალი რომ გაახილა გაგიჟდა. ხალიჩა იყო გაშლილი, ორი თეფში და ორი ჭიქა იდო. თან იქვე „სონი ერიქსონის“ ფირმის, დიდი, ანტენიანი, გასაშლელი ტელეფონი დავდე. ეს იცით მაშინ რა იყო? დავსხედით. უცებ ტაში შემოვცხე, „გაიჩითა“ ჩემი ერთი ძმაკაცი, მკლავზე ხელსახოცგადაფარებული და ხელში შამპანურის ბოთლით. მოგვიახლოვდა, გახსნა შამპანური და ჩამოგვისხა ჭიქებში. ცოტა ხანში ისევ შემოვცხე ტაში. ახლა მეორე ძმაკაცი „გაიჩითა“ ხელში ხილის თეფშით. მერე ისევ ტაში და მესამე ძმაკაცი ტკბილეულით და... სულ გადაირია ის გოგო (იცინის). ასეთი რამეები მეხერხება. მირჩევნია იაფფასიანი საჩუქარი ისე გადავცე შეყვარებულს, რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეს ის დღე, ვიდრე ძვირად ღირებული და ხელში მივაჩეჩო.
– უცხოეთში ჩასულს გშველის ეს შენი ორიგინალური მეთოდები გოგონების „ასაყრელად“?
– უცხოეთში რად უნდათ გოგონებს აყრა? ბევრი „ჩალიჩის“ გარეშე, თვითონაც კარგად „იყრებიან“. კიევში ყოფნის დროს, ბარში თვითონ მოდიოდნენ და მთხოვდნენ ვიცეკვოთო. კი ბატონო, ვიცეკვოთ. ცეკვა-თამაშს ხომ მოჰყვება საუბარი, საუბარს ხომ უნდა გავრცობა, გავრცობას კიდევ რა მოჰყვება, ახლა ამას ნუღარ მომაყოლებთ (იცინის). გამოგიტყდებით და ძმაკაცის შეყვარებული გოგოსთვის ერთ ღამეში რეპი დამიწერია. მერე დაშორდნენ და აღარ უმღერა. არადა, რამდენი ვიშრომე, მთელი ღამე თეთრად გავათენე.
– ცნობილი სახე ხარ. ქუჩაში ხშირად გაჩერებენ?
– სწორედ ახლახან შემემთხვა მაგარი ისტორია. ამას წინათ, მეგობარი გავაცილე, ქუჩაში ვდგავარ ყურსასმენებით და მუსიკას ვუსმენ. დღის ხუთი საათია. ყრუდ მესმის მანქანის საყვირის ხმა. კარგა ხანს რომ გაგრძელდა, ყურადღება მივაქციე. ვხედავ, სამარშრუტო ტაქსი დგას და „მისიგნალებს“. ვეკითხები, მე მეძახით-მეთქი? მძღოლმა ხელის ქნევით მანიშნა მანქანიდან, ჰო, შენ გეძახი, ჩაჯექი მანქანაშიო. დავიბენი და ბატივით ავედი „მარშუტკაში“. მოკლედ, სიყვარული ამიხსნა, ძალიან მიყვარხარ, მთელი ჩემი ოჯახი გიყურებთ, ვგიჟდებით შენზე, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმეო. მერე ლუდი იყიდა, დავლიეთ, ვისაუბრეთ. ვერ უარვყოფ, მესიამოვნა ასეთი ყურადღება. ვუთხარი, ჩემი წასვლის დროა-მეთქი. გამიჩერა ტაქსი, ფული გადამიხადა. კარი რომ მომიხურა, მომაძახა, აბა, შენ იცი, მაგრად მიყვარხარ და იცოდე, მეც ინწკირველი ვარ გვარადო (იცინის). ზაქრო ინწკირველში ავერიე. რაღას ვეტყოდი, თავი დავუქნიე, ძალიან სასიამოვნოა-მეთქი. ბევრი კი ნერვებს მიშლის. ერთხელ ვდგავარ. იქვე დგას დედა-შვილი. გამომხედა იმ ბავშვმა და დაიწყო: ოე, ტაში, ფაქო, ტაშიო. ხომ აღარ გაჩერდა. ცოტა დამაკლდა არ მივვარდი და არ გავგლიჯე. ისეთი თვალით ვუყურებდი დედამისს, წესით უნდა გაეგო უთქმელად, რას ვეუბნებოდი. ერთი დედამისი არ ყოფილიყო იქ, ის ბავშვი ნახავდა „ოე, ფაქოს“.
– სოფელი რაჭაში გაქვს. იქ ხშირად დადიხარ?
– ძალიან ხშირად. ზღვაზე უფრო მთა მიყვარს. ვგიჟდები რაჭაზე. იქ ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. სხვათა შორის, ჩემი მოსახელე ძროხა და ძაღლი ჰყავთ. ძროხა რომ იყიდეს, ბევრი არ უფიქრიათ სახელზე, ჩემს საპატივცემულოდ ფაქიზო დაარქვეს და რომ მოვენატრები, მასზე გადააქვთ სიყვარული. ძაღლს კი ფაქო ჰქვია. როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს რაჭისკენ გავრბივარ. მოსახელე ოთხფეხა ცხოველები და ბებია-ბაბუა მელოდება და აბა, მათ ხომ არ გავაწბილებ? (იცინის). სოფელში სულ მიდევს მარილი ჯიბეში. მივდივარ, დავინახავ ბოსტანში კარგ, წითელ პომიდორს, გადავძვრები, მოვიპარავ, მოვაყრი მარილს და გეახლებით გემრიელად. მამაჩემი მიყვებოდა, რა მაგრად იპარავდა ბავშვობაში კიტრს. დაწვებოდა თურმე ბოსტანში, გადაგორდებოდა და თუ სიმაგრე მოხვდებოდა, ესე იგი კიტრი იყო, მოგლეჯდა და ასე წამოგორებული ჭამდა. მაგარი მოპარვის მეთოდია. ერთხელ, პატარები რომ ვიყავით მე და ჩემი ძმა, მამაჩემმა ნადირობა უნდა გასწავლოთო, თოფი დაგვაჭერინა და ეზოში ჩავუსაფრდით ფრინველს. გავიხედეთ, მოფრინდა ჩხიკვი, ესროლა მამაჩემმა, ჩამოაგდო. მოფრინდა ჩხართვი, ესროლა, ჩამოაგდო. მოფრინდა გვრიტი, ესროლა, ჩამოაგდო. მოკლედ, რომელ ჩიტსაც ესროლა, იქვე ჩამოაგდო. მე და ჩემი ძმა გაოგნებულები ვუყურებდით და ვამბობდით, ვა, სნაიპერი მამა გვყოლიაო. მერე მეც მასროლინა და არ ჩამოვაგდე ჩიტი? უფრო სწორად, ჩიტების მთელი არმია. არადა, არ დამიმიზნებია. თვალდახუჭულმა ვესროლე. თურმე ისეთი საფანტი იდო თოფში, რომ გაისროდი ორი მეტრის რადიუსზე ხვდებოდა მსხვერპლს. (იცინის). მერე კი „გამისწორდა“, მეც მაგარი სნაიპერი ვყოფილვარ-მეთქი. მამაჩემს სიბნელის შიში აქვს. რაჭაში საქონელმა დაიგვიანა და ჩემს ძმასთან ერთად მათ მოსაძებნად ტყეში წავიდა. თურმე, ეკითხება ჩემს ძმას, ხომ არ გეშინიაო. ის პასუხობს, არაო. მამაჩემი ეუბნება, მაინც დავიზღვიოთ თავიო და გაისვრის თურმე თოფს. გავა ორი წუთი, ისევ ეკითხება, გეშინიაო. ჩემი ძმა პასუხობს, არაო. მამაჩემი მაინც „კონტროლკას“ ისვრის. ასე სროლა-სროლით უვლია მთელი გზა. სახლში რომ დაბრუნდნენ, საქონელი ვერ მოიყვანეს, სამაგიეროდ თოფის ლულა ისეთი წითელი და გავარვარებული იყო, ხელს ვერ მოკიდებდა კაცი. ერთხელ კი მე დამიღამდა. თანაც ისეთ ადგილას, ასაკში შესული ადამიანები რომ ყვებოდნენ, ამ ადგილას ჭინკები ბუდობენო. მივდივარ და თან მაგრად მეშინია. უცებ უკნიდან მესმის ხმა: თქ, თქ, თქ... მაგრად დამცხა. მოვუმატე ნაბიჯს, ხმაც მიახლოვდება. ძაან რომ მომიახლოვდა, თვალები დავხუჭე შიშით, რაც არის, არის მეთქი, და... ფეხზე რაღაც თბილი მედება. დავჭყიტე თვალები და რას ვხედავ, ძაღლი არ მელაქუცება ფეხებზე? ეტყობა სულიერი დამინახა იმ უბედურმა, გაუხარდა და გამომეკიდა. მე კი მაგარი შიში მაჭამა და... გონზე ძლივს მოვედი. კი ვიფიქრე, რადგან ჭინკებს გადავურჩი, მეფეროს ეს ძაღლი, ჯანდაბა ამას-მეთქი (იცინის).
– ერთი ისიც მომიყევი, როგორ იფრინე მოტოციკლიდან შორ მანძილზე. მაშინ ჩაგიარა განვლილმა წლებმა თვალწინ?
– ო, ეს ისტორია არასდროს დამავიწყდება. ოთხი მოტოციკლით მივდიოდით. „კასკა“ არ მეხურა. ასფალტი სველი იყო. გავიარე და მოსახვევში დასველებულმა საბურავებმა მიმტყუნეს. მოვუხვიე თუ არა, მომიცურდა მოტოციკლი, „რული“ ჩამეკეტა და გადავფრინდი. ერთი ის მახსოვს, როგორ შემომემტვრა თვალებზე სათვალე და მერე, როგორ ავდექი. მანამდე ჰაერში რა ხდებოდა, ვერ გეტყვით. ცხოვრების კადრებსაც რომ ჩაერბინა, ისეთი სისწრაფით მივქროდი, რას მოვკრავდი თვალს? (იცინის).
ნონა დათეშიძე