ქართველი ფოლკლორისტის ლექსით შეურაცხყოფილი ქალები, შუაღამით ცოლისთვის ნათქვამი „აღსარება“, საჩუქრად მიტანილი კარი და გაყინული მებორნის გადაუხდელი ვალი
თბილისში უამრავი ადამიანი ცხოვრობდა და ცხოვრობს დღესაც, რომლებსაც არც კაცური ღირსება შეუბღალავთ არასდროს, ვაჟკაცობითაც გამოირჩეოდნენ და იუმორის საოცარი გრძნობითაც. როგორც ბატონი გია მურღულია ამბობს, მის ნაცნობ მეგობართა წრე სავსეა ასეთი ადამიანებით. ბატონი გია გაგონილ საინტერესო, ქალაქურ ისტორიებს თავის ჩანაწერების წიგნაკში აგროვებს და ფიქრობს, მომავალში წიგნად გამოსცეს, რომ ამ ცოცხალი მაგალითებით, ჩვენს მომავალ თაობებს გააცნოს ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ ღირსებით აღსავსე თუ მხიარული ქალაქური ეპიზოდები ამ საოცარი ადამიანების ცხოვრებიდან.
ავთო ვარაზის საჩუქრად მიტანილი კარი და გაოცებული უცნობი კაცი
ავთო ვარაზი სახლისკენ მიდიოდა, მიჰქონდა ორი-სამი ბოთლი ღვინო და რამდენიმე კვერცხი – ერბოკვერცხის შესაწვავად. ვიღაც ტიპი დაინახა სადარბაზოსთან. იცით როგორი? აი, ისეთი, 80 პროცენტი ინტელიგენტი რომ არის და 20 პროცენტი – უკვე ლოთი. მოეწონა ეს კაცი ავთოს და სახლში შეიპატიჟა. რომ შევიდნენ, ის კაცი შეყოვნებულა შესასვლელ კართან, რომელიც ავთოს საკუთარი ხელით, საღებავებით ჰქონდა მოხატული. ეს მასპინძელს არ გამოჰპარვია, თუმცა არც შეუმჩნევია. მოკლედ, შევიდნენ, ავთომ ერბოკვერცხი შეწვა, ღვინო გახსნა, დაასხა და დაიწყეს სმა. ბოლოს დაიშალნენ. ავთომ სახლამდე მიაცილა შემთვრალი სტუმარი, დაემშვიდობა და უკან გამობრუნდა. დილით, გაიღვიძა თურმე იმ კაცმა და რას ხედავს – ავთოს მოხატული კარი მის კარებთან არ არის აყუდებული?! გადარეულა. თქვენ წარმოიდგინეთ, ავთო ვარაზი მიხვდა, რომ ის კაცი დაინტერესდა მისი ხელოვნებით, მოეწონა მოხატული კარი და ვერ გაუბედა თქმა. ჰოდა, უცნობს ასეთი ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა, თავად კი უკაროდ დარჩა. ეჭვი მაქვს, კარგა ხანს იქნებოდა თავად უკაროდ – მოფარღალალებული.
გადაუხდელი ვალი და კოტე ჩოლოყაშვილის გამო წყალში გადამხტარი მეტივე
ბატონი კოტე ჩოლოყაშვილი და მე საკრებულოს წევრები ვიყავით. უინტერესო სხდომა იყო, ისეთი საკითხი იხილებოდა, რომელსაც, პრაქტიკულად, განსჯა არ სჭირდებოდა. ამ დროს გავაბით მე და ბატონმა კოტემ საუბარი ადამიანის ღირსებაზე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მითხრა, მე მოგიყვები ერთ ამბავს, რომელიც ზუსტად ამ თემას ეხებაო და დაიწყო:
„ბავშვობაში, დაახლოებით 8 წლის რომ ვიყავი, მამამ ახალი ქუდი მიყიდა. ისე მომეწონა, ვიხურავდი და ვიხდიდი. ჩემთვის ის თან სათამაშო იყო, თან თავსაბურავი და თან ძვირფასი ნივთი. ერთ მშვენიერ დილას, მე, დედა და დიდედა გადმოვდივართ ბორნით მტკვარზე. ნოემბრის ცივი დღე იყო და სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ვათამაშებ ამ ქუდს ხელში და არ ჩამივარდა უცებ მტკვარში?! კინაღამ გადავყევი, ძლივს დამაკავეს. მებორნემ ჯერ მე შემომხედა, მერე დედაჩემს, ბორნის საჭე-ჯოხი სხვას მიაწოდა, ამ ყინულივით წყალში გადახტა და ქუდს დაედევნა. წყლიდან ამოსული ისე ძიგძიგებდა სიცივისგან, კბილს კბილზე არტყამდა. დედას ცრემლი მოადგა თვალზე და მებორნეს უთხრა, ბატონო, რით გადაგიხადოთ მადლობა არც კი ვიციო. მან კი აკანკალებული ხმით უპასუხა, რომ შეგხედეთ და მივხვდი, მადლობას ვერაფრით გადამიხდიდით, ამიტომ გადავხტი ამ ყინულივით წყალშიო. მაშინ მომიბრუნდა დიდედა და მითხრა: დაიმახსოვრე, შვილო კოტე, ამ მებორნის ვალი გექნება მთელი სიცოცხლეო“.
ეს ამბავი ძალიან მომეწონა. ერთ დღესაც, ჩემი ძმისშვილის ქორწილში, თამადად დამაყენეს. ერთ-ერთ სადღეგრძელოდ, სწორედ ეს ამბავი მოვყევი და დავამატე, მოდი, ხალხნო, იმ მებორნის სადღეგრძელო დავლიოთ-მეთქი. თან, მეშინოდა, რომ ახლანდელი ახალგაზრდები ამ ამბის აზრს ვერ გაიგებდნენ. წარმოიდგინეთ, ჩემდა გასაკვირად, 40-50 ახალგაზრდა კაცი ადგა ფეხზე, ასწიეს ჭიქები, იმ მებორნის ვალი ჩვენც გვაქვსო – თქვეს და ჭიქები ბოლომდე დაცალეს. საოცარი სანახაობა იყო. ამ ამბავს რომ ასეთი გაგრძელება მოჰყვა, ძალიან გამიხარდა.
ბორის პაიჭაძის რაინდული საქციელი და მოწინააღმდეგის მიმართ გამოჩენილი გმირობა
ერთხელ, თურმე თბილისის „დინამო“ ეთამაშებოდა ერთ-ერთ გუნდს. ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან სჭირდებოდათ გოლის გატანა, არადა, აგებდნენ, ანგარიშით 2:1. ბორის პაიჭაძეს გადაუგდეს ბურთი, ისიც გამოემართა მოწინააღმდეგის კარისკენ, მოატყუა ერთი, მოატყუა ორი, სამი, ოთხი და, კართან რომ მივიდა და მეკარის მოტყუება სცადა, ისე ცუდად დაეცა ის მეკარე, რომ კინაღამ კისერი მოიტეხა. მოკლედ, მოწინააღმდეგის კარი ცარიელი დარჩა, ბორის პაიჭაძეს კი ბურთი ფეხებთან აქვს და დარტყმაღა აკლია. არ იკადრა ბორისმა ცარიელ კარში ბურთის გატანა, საჯარიმოზე გაუშვა ბურთი, მივიდა და მეკარე წამოაყენა – აი, ეს არის ნამდვილი კაცობა და სამაგალითო საქციელი. ხანდახან ამბობენ, სად ფეხბურთი და სად რაინდობაო. აჰა, ბატონო, ამის მაგალითი! მე თუ მკითხავთ, რაინდობა ყველაფერს უხდება: ფეხბურთსაც, ღვინის სმასაც და ქალთან, მეგობართან და ოჯახის წევრთან ურთიერთობასაც კი.
სომეხი ტაქსის მძღოლის მიერ ნათამაშები ჟორა შავგულიძე და შოკირებული გიგა ლორთქიფანიძე
საწყალი ჟორა შავგულიძე რომ გარდაიცვალა ცნობილი ავარიის დროს, ფილმი იყო დასამთავრებელი, სადაც მთავარ როლს სწორედ ის ასრულებდა. საჭირო გახდა შემცვლელის პოვნა. რამდენიმე ეპიზოდიღა იყო დარჩენილი გადასაღები და დაიწყეს ისეთი ადამიანის ძებნა, რომელიც ჟორას ემგვანებოდა. ბევრი ეძებეს და მართლა მიაგნეს ერთ კაცს, რომელიც საოცრად ჰგავდა გარდაცვლილ მსახიობს. დაიწყეს მოლაპარაკება. იმ კაცმა რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, მთელი ფილმის ბიუჯეტის ლამის ერთი მესამედი თანხა მოითხოვა. დაფიქრდა თურმე გიგა ლორთქიფანიძე, მაგრამ ვერ გასწვდებოდა ამ თანხას. ერთ დღესაც, ერთი კაცი მისულა გიგასთან და უთქვამს, არ დაიჯერებ ახლა, ვის შემოგიყვან ოთახშიო. ბატონი გიგა ყვება, კინაღამ გული გამისკდა, ის კაცი რომ მანახვეს – გამოხოხებული ჟორა იდგა ჩემ წინო. რომ დაულაპარაკია, ისე ჰგავდა თურმე ხმის ტემბრითაც, რომ მეორე შოკი მაშინ დამართვია რეჟისორს. თურმე ეს კაცი ყოფილა სომეხი ტაქსის მძღოლი, ფიზიკურად კი გაცოცხლებული ქართველი ჟორა შავგულიძე იყო. გიგას შიშით უკითხავს, ფილმში რომ გადაგიღოთ ჟორას შემცვლელად რამდენიმე ეპიზოდში, რამდენს მოითხოვო. ის ტაქსისტი გადარეულა – რა ფული უნდა მოვითხოვო, ისეთ კაცს ვცვლი, რომ ფული აქეთ უნდა მოგცეთ, ჯიგრებოო. ფილმის დასრულებისას 12 ათასი მანეთი მაინც გამოუწერეს. იმ კაცს აუღია ეს ფული და მთელი თანხა ჟორა შავგულიძის ოჯახისთვის გადაუცია. წადი ახლა და თქვი, ვინ უფრო ქართველია და ძმა!
რამდენჯერმე დანგრეული ოჯახი და „ბუმერანგი“ ქალიშვილი
ერთი ცნობილი ქართველი მომღერალი რამდენჯერმე გათხოვდა. მოკლედ, გათხოვდებოდა, გავიდოდა რაღაც პერიოდი, გაშორდებოდა ქმარს და უკან ბრუნდებოდა სახლში. ცოტა ხანში ისევ გათხოვდებოდა, გავიდოდა რაღაც დრო და ისევ უკან მოდიოდა მშობლების ბინაში. ასე გაგრძელდა რამდენჯერმე. მოკლედ, ერთხელაც, რომ დაბრუნდა, მამამისს უკითხავს, რა დაგემართა, შვილო, რატომ მოხვედიო. მასაც უპასუხია, რა ვქნა მამი, ვერ შევეგუე და ისევ შინ დაგიბრუნდითო. მამამისი გადარეულა: რა იყო, შე კაი ადამიანო! გათხოვდი, დაბრუნდი, გათხოვდი – დაბრუნდი, შვილი ხარ თუ ბუმერანგი, გამაგებინე ერთიო. ამ დღის შემდეგ, თურმე, იმ მომღერალს „ბუმერანგი“ შეარქვეს.
შუაღამით გაღვიძებული ცოლი და დახეთქებული ტყუილი
ერთმა ცნობილმა თბილისელმა კაცმა, რომლის შვილიც ცნობილი რეჟისორია, შუაღამით გააღვიძა თავისი ცოლი. ეს კაცი გამოირჩეოდა თავისი სოლიდურობით, იუმორის გრძნობით, ვაჟკაცობითა და ინტელიგენტურობით. მოკლედ, ღამის 2 საათია. ამ დროს რომ ქმარი მძინარ ცოლს გაგაღვიძებს, ესე იგი, რაღაც მიზეზი აქვს. ცოლს უკითხავს, ხომ კარგად ხარ, რა გჭირსო. იმ კაცს სერიოზული ხმით უთქვამს, რაღაც საიდუმლო უნდა გითხრა, ამდენი წელია გიმალავ ამ ამბავს, სინდისი მქენჯნის და უნდა გამოგიტყდეო. დაცქვიტა თურმე ცოლმა ყურები, იფიქრა, ნეტავ რა უნდა მითხრას, ეტყობა, მართლა სერიოზულია, თორემ ხომ არ გამაღვიძებდა შუაღამითო. წამომჯდარა საწოლში და უკითხავს შეშინებულს ქმრისთვის, რაშია საქმეო. იმასაც, სერიოზულად, ეჭვიანი კილოთი დაუწყია: მაპატიე ძვირფასო, დათუნა შენგან არ მყავსო.
ცნობილი ფოლკლორისტი, „ქვედა ზნის“ ქალები და ზედაზენზე ლექსად ამოხეთქილი ბოღმა
ერთ მშვენიერ დღეს, ორი ცნობილი ქართველი ფილოლოგი, მათ შორის ერთი პოეტიც, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან, ორ მანდილოსანთან ერთად ქეიფობდნენ. რომ შექეიფიანდნენ, მოუნდათ ამ ქალებთან ერთად ზედაზენზე წასვლა. ჩასხდნენ მანქანაში და გამოუარეს ჩვენს ერთ ცნობილ ფოლკლორისტს, რომელიც სულ ლექსებით გამოხატავდა გრძნობებს. მოსაღამოვებულია თურმე და უთხრეს, ზედაზენზე გადავწყვიტეთ წასვლა და უშენოდ როგორ წავიდეთო. გასძალიანებია ფოლკლორისტი, მაგრამ, ისე უხვეწნიათ, ბოლოს იძულებული გამხდარა, დასთანხმებოდა – ჩაუცვამს და ჩამჯდარა მანქანაში. არადა, ეს კაცი არაფერ შუაში არ იყო იმ წუთას არც სიტუაციასთან და არც ზედაზენთან. თურმე, ზედაზენზე რომ მივიდნენ ნაწვიმარი ყოფილა და ისეთი ტალახი დახვდათ, რომ იტყვიან ყელამდე. რამდენჯერმე ფეხი დაუცდა და ტალახში გაგორდა ფოლკლორისტი. კარგად რომ ამოიგუნგლა ჩურჩხელასავით ტალახში, ვეღარ მოითმინა, გაბრაზებული მოუბრუნდა ძმაკაცებს, არც იმ ქალბატონებს მოერიდა, გაშალა ხელები და ხმამაღლა, ლექსად უთხრა: „ვაი შენ, ჩემო ღირსებავ, ამოგანგლულო მტვერშია, მივყავარ ქვედა ზნის ქალებს, ზედაზნის მონასტერშია.“