დაუმორჩილებელნი 2
ფარული მბრძანებელი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30-40(458)
პეტიკომ და ჰამომ ოთახები დაიარეს და სამ მათგანში თორმეტი ცალი მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე იყო კედელში ჩარჭობილი. მათ არც ერთს არ ახლეს ხელი და, კაბინეტში რომ დაბრუნდნენ, ჰამომ პეტიკოს უთხრა:
– ნახე, ამ ნაბოზრებს ჟუკებით არ აუვსიათ სახლი?!
– აუვსიათ და აავსონ, – გაიცინა პეტიკომ, – ძალიანაც კარგი. ახლა ჩემს კაბინეტში დაყენების საშუალებაც მივცეთ და ერთხანს ტრუხაზე ვარბენინოთ „ძაღლები“, მერე კი სიტუაცია გვანახვებს. ქეთი და სოფი უნდა გავაფრთხილოთ, რომ მოზომილად ილაპარაკონ და მერე „ძაღლებმა“ ძირში მოგვჭამონ. ამიერიდან ყველა საიდუმლო საუბარი ან სახლს გარეთ, ან შემოწმებულ მანქანაში უნდა გავმართოთ, „ძაღლებს“ კი ეგონოთ, რომ გვაკონტროლებენ. ახლა კი, ამ ნაბოზრებს ჩემს კაბინეტშიც დავამონტაჟებინოთ ჟუკები და „ძაღლებთან“ ტრუხა თამაში დავიწყოთ.
– სწორია, – გაეცინა ჰამოს.
პეტიკომ ქეთის დაურეკა და უთხრა:
– ბოდიში, საყვარელო, მაგრამ მე და ჰამოს საქმე გვქონდა და იმიტომ დაგტოვეთ, ახლა კი შეგიძლია შენი მეგობრები ჩემს კაბინეტში ამოიყვანო და აქ ვისაუბროთ.
სახეგაბრწყინებულმა ქეთიმ სამიოდე წუთში მიიყვანა ლიკა და თეა პეტიკოს კაბინეტში, მაგრამ სტუმრები ქეთიზე მეტად იყვნენ გახარებულები და ამის მიზეზი მხოლოდ ჰამომ და პეტიკომ იცოდნენ. აგენტებს უკვე წინასწარ ჰქონდათ მომზადებული მოსასმენი მოწყობილობები, რომლებიც პეტიკოსთან საუბრისას სპეციალური მინი-პისტოლეტით სტყორცნეს და სხვადასხვა ადგილზე ექვსი ცალი შეარჭვეს. საუბარი რომ დაასრულეს, მამაკაცებს გამოემშვიდობნენ და ქეთის თანხლებით დატოვეს პეტიკოს კაბინეტი.
***
პოლიციასთან დეზინფორმაციული თამაშის ორი კვირის თავზე, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები სოფი, ქეთი, პეტიკო და ჰამო და ბრწყინვალედ ართმევდნენ თავს ამ როლს, სოფიმ თქვა:
– მოდი, რომანტიკული საღამო მოვაწყოთ – წავიდეთ და სადმე მყუდრო რესტორანში ვივახშმოთ.
– მშვენიერია, – დაეთანხმა სოფის ქეთი, რომელსაც ჰამოც აჰყვა და სამივემ პეტიკოს მიაპყრეს მზერა.
– წავიდეთ და წავიდეთ, რაზეა ბაზარი. მე ერთი მყუდრო რესტორანი ვიცი ვაკეში, კარგი მუსიკაა, გემრიელი კერძები და მშვენიერ დროს გავატარებთ.
– წავედით! – წამოიძახა სამივემ ერთდროულად და ერთი საათის მერე „ბეემვეს“ „ჯიპში“ ჩამსხდარი ოთხეული ვაკისკენ გაუდგა გზას.
საჭეს ჰამო უჯდა. მან მანქანა მოხდენილად შეასრიალა რესტორნის ეზოში, გააჩერა და გადასასვლელად მოემზადა, მაგრამ პეტიკომ თქვა:
– დინჯად იმოძრავეთ და ნურავის ზედმეტ ყურადღებას ნუ მიიქცევთ. არავის დაანახვოთ, რომ ნერვიულობთ.
– კი მაგრამ, რა ხდება, რატომ უნდა ვინერვიულოთ? – გაუკვირდა ჰამოს.
– ჩვენზე თავდასხმაა მოსალოდნელი.
– თავდასხმა? – გაიმეორა ჰამომ.
– ჰო, თავდასხმა. რესტორნის კუპეში გვიპირებენ დაბრედვას.
– რესტორნის კუპეში? – გაიმეორა ჰამომ, – კი მაგრამ, როგორ?
– ეს ჯერ არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, – ან გვესვრიან, ან აგვაფეთქებენ, მაგრამ, არ აღელდეთ, ყველაფერი რიგზეა. რესტორნიდან საიდუმლო გასასვლელით გავალთ და არაფერი გვემუქრება. ახლა კი მშვიდად შევედით რესტორანში.
ოთხეული მშვიდად შევიდა რესტორანში და შეკვეთილი კუპესკენ გაემართა, მაგრამ ორმა მამაკაცმა ისინი საიდუმლო გასასვლელიდან გაიყვანა, იქვე, სარდაფში ჩაუძღვა და ერთ-ერთმა მათგანმა პეტიკოს უთხრა:
– აი, ამ მანქანით გაგიყვანთ, ბატონო პეტრე.
– ჯერ მოვიცადოთ. რაც მთავარია, აქ არაფერი გვემუქრება, – თქვა პეტიკომ.
– რას ვუცადოთ, პეტიკო, წავედით! – თქვა ქეთიმ.
– რას და, ჩვენზე თავდასხმას...
ნახევარ საათში რესტორანში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. იქაურობა პანიკამ მოიცვა და ხალხის წივილ-კივილს ყურთასმენა მიჰქონდა. პეტიკო და კამპანია კვლავ სარდაფში იმყოფებოდნენ და ხმაური რომ ატყდა, ჰამომ ცოლისძმას ჰკითხა:
– არ წავიდეთ?
პეტიკომ მობილური გაშალა, დარეკა და თქვა:
– რა ხდება?
– ყველაფერი ისეა, როგორც ჩავიფიქრეთ. აქ გვყვანან.
– კარგი, მალე მოვალთ, – თქვა პეტიკომ და ტელეფონი დაკეცა. შემდეგ ერთ-ერთ მცველს მიუბრუნდა და უთხრა: ქალები სახლში წაიყვანე და ყოველი შემთხვევისთვის დაცვა გააძლიერეთ!
ძმის სიტყვებზე სოფიმ კოპები შეკრა:
– აღარ იტყვი, რა ხდება?
– სხვა დროს, სოფი, ახლა ამის დრო არაა. შენ და ქეთის სახლში მიგიყვანენ ბიჭები და მოგვიანებით მე და ჰამოც მოვალთ. მაგრამ, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ სახლში „ჟუკებია“.
გოგონები უხმოდ გაჰყვნენ ერთ-ერთ მცველს, მეორეს კი პეტიკომ უთხრა:
– პრეს-ხატაში წამიყვანე!
– აქეთ წამობრძანდით! მცველი წინ გაუძღვა პეტიკოს.
– აღარ იტყვი, რა ხდება? – ჰკითხა ჰამომ ცოლისძმას, რომელიც რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო.
– ახლა შენ „მაიორას“ გაიცნობ, იმ კაცს, ვინც ჩვენი მკვლელობა შეუკვეთა და ყველაფერს მიხვდები, – უთხრა პეტიკომ ჰამოს.
– ვინ მაიორას?
– ცოტაც მოიცა და ნახავ.
– მოვედით, ბატონო პეტრე, – უთხრა მცველმა პეტიკოს და უზარმაზარი სარდაფის ბოლოში მდებარე რკინის კარს მიადგა.
– შენ აქ დარჩი, – უთხრა პეტიკომ მცველს. შემდეგ კარი შეაღო და ჯერ ჰამო შეუშვა, მერე თავადაც უკან მიჰყვა და ღიმილით მიაჩერდა პირდაღებულ სიძეს, რომელიც თავქვე დაკიდებულ მამაკაცს გაკვირვებული უმზერდა.
ასი კვადრატული მეტრის სარდაფის დახორკლილი კედლები თეთრად იყო შეღებილი. ოთხმეტრიანი ჭერიდან ნახევარი მეტრით ქვემოთ მსხვილი ფოლადის მილი იყო გაყვანილი, რომელზეც შავი ფერის ფოლადის კაუჭები ეკიდა. ოთახში რამდენიმე სკამი, უზარმაზარი მუხის მაგიდა და ძალიან დიდი მაცივარი იდგა. მარცხენა კუთხეში მსხვილი ონკანი და ოთხკუთხედი აბაზანა იყო დამონტაჟებული. სარდაფი-მაცივარი რესტორნის ხორცეულის დასამუშავებელი და შესანახი სათავსო იყო, თუმცა მას საკმაოდ ხშირად საწამებელ ოთახადაც იყენებდნენ. ჩრდილოეთ კედელს სამართებელივით ალესილი დანები „ამშვენებდა“ – ასამდე სხვადასხვა ფორმის ეს ცივი იარაღი ზომის მიხედვით იყო ჩამოკიდებული. სარდაფის შუაში პატარა ჩაღრმავება იყო გაკეთებული, რომელშიც ტრაპი დაეტანებინათ, რომ საქონლის დაწრეტილი სისხლი და წყალი კანალიზაციაში ჩასულიყო.
ახალმოსულებს სარდაფში სამი ფეხზე მდგომი და ორი პირქვედაკიდებული მამაკაცი დახვდათ. ფეხზე მდგომებიდან ჰამო მხოლოდ ერთს – პეტიკოს დაცვის უფროსს, ბონდოს იცნობდა. მაგრამ მისი განსაკუთრებული ყურადღება ერთ-ერთმა თავქვედაკიდებულმა მიიქცია, რომელშიც ჰამომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალ-მაიორი და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახე შეიცნო.
– რაო, ჰამო, გაკვირვებული ხარ ამ ნაბოზრის აქ დანახვით? – ჰკითხა პეტიკომ სიძეს და გენერალ-მაიორისკენ გაიშვირა ხელი.
– ესაა მაიორა? – ჰკითხა ჰამომ პეტიკოს.
– ეს ნაბოზარი გახლავს და, შამილს რომ არ ეერთგულა ჩემთვის, ახლა ყველანი დაბრედილები ვიქნებოდით, – უთხრა პეტიკომ ჰამოს. შემდეგ ბონდოს გვერდით მდგომი მამაკაცი მიიხმო, მხარზე ხელი გადახვია და რუსულად განაგრძო: შამილი ჩვენი ჩეჩენი ძმაა და ეს ნაბოზარი სწორედ მან გამოააშკარავა. შამილმა დამირეკა წუხელ და, რომ შევხვდით, ეს ყველაფერი შემატყობინა. გაიცანი, ჰამო, ეს ვაჟკაცი და ერთგული კაცი.
ჰამომ და შამილმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, შემდეგ გადაეხვივნენ და ჰამომ მას უთხრა:
– მადლობელი ვარ, ძმაო. შენ რომ არა, არც მე ვიქნებოდი ცოცხალი და არც ჩემი უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანები. პატივისცემა ჩემზე იყოს და გადამეხადოს!
– ასეთ პატივისცემას სრულად ვერა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც გადავუხდით – შამილსა და მის ჯიგიტებს იარაღის მსხვილი პარტია ჩვენგან ფეშქაშად ჰქონდეთ, – თქვა პეტიკომ, – გისურვებთ, რაც შეიძლება მეტი მტერი გაგენადგურებინოთ და თქვენი მიზნისთვის მიგეღწიოთ. რას იტყვი, ჰამო, ხომ თანახმა ხარ?
მიუხედავად იმისა, რომ ჰამოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ხდებოდა და იარაღის ამბავიც პირველად გაიგო, არაფერი შეიმჩნია, შამილს გაუღიმა და პეტიკოს უთხრა:
– რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი!
შამილს სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა და თქვა:
– დიდი მადლობელი ვარ, ძმებო, მაგრამ თხუთმეტი მილიონი ევროს ღირებულების იარაღი ძალიან ძვირი საჩუქარია.
– რას ამბობ, შამილ, – გაეცინა პეტიკოს, – ჩვენი სიცოცხლე უფრო ძვირი ღირს, ჩვენი უახლოესი ადამიანებისა კი – შეუფასებელია. ასე რომ, ალალია თქვენზე და, შეგიძლია, ახლავე წაიღო. ყველაფერი მზადაა, ბიჭები გელოდებიან და ბონდო გამოგყვება.
შამილი ჰამოსა და პეტიკოს დაემშვიდობა და ბონდოსთან ერთად წავიდა, პეტიკომ კი სარდაფში დარჩენილ მცველს გარეთ მოცდა სთხოვა და სიძეს ჰკითხა:
– ხვდები, რაშია საქმე?
– ჯერჯერობით ვერა, – თავი გააქნია ჰამომ.
პეტიკომ, თავქვედაკიდებული გენერლისკენ გაიშვირა ხელი და ჰამოს უთხრა:
– ეს ნაბოზარი გენერალ-მაიორი, მეტსახელად მაიორა და მე, ჩეჩენ პარტიზანებზე რუსულ იარაღს ვყიდდით, რომლითაც ისინი რუსებსავე ავლებდნენ მუსრს. კანალი მე გავჩითე, ჩეჩნებს მე დავუკავშირდი და ამ ნაბოზარს წილს იმაში ვუხდიდი, რომ ჩერეზ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე კაცისგან უკრაინის ზაპასებში არსებული იარაღი შეესყიდა. სიმართლე გითხრა, ამას ამ ნაბოზრის გარეშეც მოვახერხებდი, მაგრამ უწილოდ არ დავტოვე, ამ ჩათლახმა კი, მარტო ჩემი მოტეხვა კი არა, ყველა ჩვენგანის ლიკვიდაცია არ მოინდომა?! თურმე, ეს ნაბოზარი შამილს დაკავშირებია ჩუმად, თბილისში ჩამოუყვანია და უთქვამს, რომ იარაღს ნახევარ ფასში მიჰყიდდა იმ შემთხვევაში, თუკი ჩემს ლიკვიდაციაში მიიღებდა მონაწილეობას. ამით ეს პრასტიტუტკა ორ კურდღელს და, შეიძლება, სამსაც, ერთად იჭერდა.
– ეგ როგორ?
– როგორ და, – განაგრძო პეტიკომ, – ჯერ ერთი, რომ პოლნი წილს აიღებდა და მეტი მაყუთი დარჩებოდა. მეორე ის, რომ შამილს ჩემს სისხლში გაასვრევინებდა ხელს და ამით მას დააშანტაჟებდა; ბოლო, გამორიცხული არც ისაა, რომ ფეესბეს შეკვროდა, მათგანაც აეღო მაყუთი და ჩეჩნები გაეყიდა. ახლა გაიგე?
– გავიგე, – თავი დააქნია ჰამომ, გენერალს მიაფურთხა და დააყოლა, – ფუი, შენი დედაც, შე ბოზანდარა!..
– შამილმა კი, – განაგრძო პეტიკომ, – როგორც ვაჟკაცმა და ჭკვიანმა კაცმა, ყველაფერი სწორად მოტვინა და მე დამიკავშირდა. შემდეგ მე, მან და ბონდომ კომბინაცია დავაწყვეთ, ამ ნაბოზარს პონტი ავუგდეთ და რესტორანში ჩვენი აფეთქების იდეა შევუგდეთ. შენ და გოგოებმა რომ დღეს რესტორანში წასვლა მთხოვეთ, სიცილი ძლივს შევიკავე. რადგან მე უნდა შემომეთავაზებინა და დამასწარით.
– უცნაური დამთხვევაა, – თავი გააქნია ჰამომ, – ეს მეორე ვინღაა?
– ამფეთქებელი. პულტს ამან დააჭირა ხელი.
– ვინ ოხერია?
– ვინ ოხერია და მაიორას გალავარეზების ბანდის წევრი. ეს ნაბოზრები აფხაზეთის ომში, მტერთან ბრძოლის მაგივრად მოსახლეობას ძარცვავდნენ და სირზე ეკიდათ ქართველებიც და აფხაზებიც. ამათი ბესპრეძელნიკი დედაც!..
– ამ ორმა იჩალიჩა ამდენი?
– რის ორმა, – გაეცინა პეტიკოს, – ჩვენ რომ უნდა ავეფეთქებინეთ, იმ კაბინეტში ჩვენმა ბიჭებმა ამათი ოთხი ბრატი მიაბა და ამ ნაბოზრებმა თავისიანები ააფეთქეს.
– თავისიანები?
– ჰო, ჰამო, – თავი დააქნია პეტიკომ, – ასე იყო საჭირო. გამოძიება რომ დაიწყება, ვერავინ ვერაფერს მიხვდება, კვალი აერევათ და ჩვენზე არავინ არაფერს იფიქრებს. თანაც, ეს ნაბოზრები გაუჩინარდებიან და ყველაფერი ამ ჩათლახებს შორის შიდა გარჩევაზე ჩამოიწერება.
ჰამოს გაეცინა და პეტიკოს უთხრა:
– გონებამახვილურადაა მოფიქრებული, თანაც სამართლიანია.
სიკვდილის შიშით შეძრწუნებულმა ჩამოკიდებულმა გენერალ-მაიორმა, რომელიც მანამდე ჩუმად უსმენდა პეტიკოს, კივილი მორთო, ქალივით ატირდა და პატიებას ითხოვდა:
– მაპატიე, ბატონო პეტრე, ეშმაკმა შემაცდინა! ოღონდ არ მომკლა და მთელი ცხოვრება ერთგული ძაღლივით, უფასოდ შევასრულებ ყველა შენს სურვილს!
– ღალატი სიკვდილს იმსახურებს! კმარა, გეყოფა! ახლა მაინც მოიქეცი ღირსეულად და ვაჟკაცურად შეხვდი სიკვდილს! – უთხრა პეტიკომ მაიორას. შემდეგ გარეთ მდგომ მცველებს უხმო და უთხრა, – ამ ნაბოზრებს მიხედეთ. მაგრამ, იცოდეთ, სუფთად. კვალი არ დარჩეს და ვერავინ მიაგნოს მათ სველ ადგილსაც კი!
– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო პეტრე, ყველაფერი რიგზე იქნება და უმაღლეს დონეზე შევასრულებთ თქვენს ბრძანებას! – თითქმის ერთდროულად მიუგეს პეტიკოს მცველებმა.
მაიორამ კი კივილს უმატა და ყურთასმენა მიჰქონდა. ამიტომ, სანამ პეტიკო და ჰამო წავიდოდნენ, თავდაყირა დაკიდებული გენერლის კივილით შეწუხებულმა ერთ-ერთმა მცველმა „გლოკი“ ამოაცურა, მაიორას თავში ესროლა და ტვინი გაასხმევინა, რომელიც კედელზე მიეშხეფა. პეტიკომ მცველს უსაყვედურა:
– ესაა სუფთად მუშაობა?
– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო პეტრე, სულ რაღაც ნახევარ საათში აქ იდეალური სისუფთავე იქნება, ამათგან კი სველი ადგილიც აღარ დარჩება!
– კარგი, კარგი, მაგრამ წასვლა გვაცადეთ, – უთხრა პეტიკომ.
– ბოდიში, ბატონო პეტრე, – წამოწითლდა მცველი, თავი ჩაღუნა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ნახევარი წუთის წინ კაცი კი არ მოკლა, არამედ, უბოროტო ცელქობისთვის დატუქსული, თავის ბავშვურ საქციელს ინანიებდა...
პეტიკოს ჩაეცინა, თავი გააქნია, სარდაფიდან ჰამოსთან ერთად გავიდა და სიძეს უთხრა:
– ჩემი თვალით რომ არ მენახა, როგორ გაასხმევინა ტვინი მაიორას, ვიფიქრებდი, უმანკო ბავშვია-მეთქი...
***
ჰამო და პეტიკო საიდუმლო გასასვლელით გავიდნენ რესტორნის სარდაფიდან და მყუდრო ადგილზე მდგარ „ბეემვეს“ „ჯიპში“ ჩასხდნენ, რომელიც პეტიკომ საგანგებოდ დააყენებინა დაცვას. საჭეს თავადვე მიუჯდა, ძრავა ჩართო და მანქანა ადგილიდან დაძრა.
– სად მივდივართ? – ჰკითხა ჰამომ პეტიკოს.
– წყნეთში.
– წყნეთში რა ხდება?
– კონსპირაციულ აგარაკზე იარაღის საწყობი უნდა განახო.
ჰამომ თავი გააქნია და ცოლისძმას უთხრა:
– გინდა, შენი მეტსახელი გითხრა?
– ბრძანე, – გაეცინა პეტიკოს.
– „აისბერგი“.
– აისბერგი? – გაიმეორა პეტიკომ, – რატომ, რა, ცივი და მიუდგომელი ვარ?
– არა, – გაეცინა ჰამოს, – რაც ზევით ჩანხარ, სამი იმდენი ქვევით ხარ.
– ეგ რა შუაშია? – გადაიხარხარა პეტიკომ.
– ერთი წელია, გიცნობ, ერთ საქმეში ვართ და მეგონა, ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. შენ კი, თურმე, რა საქმეებს ატრიალებ, ვინ იცის, კიდევ რას საქმიანობ და მე ბალზე ვზივარ და ტყემალსა ვჭამ. ნარკოტიკებითაც ხომ არ ვაჭრობ?
პეტიკომ უფრო გულიანად გადაიხარხარა, მანქანას სიჩქარე გამოუცვალა და უთხრა:
– ნუ ნერვიულობ, სიძე-ბატონო, და გულს ნუ გაიტეხ, არავინ არაფერს გიმალავს და ყველაფრის საქმის კურსში ხარ. ხოლო, რაც შეეხება იმ ერთ წელიწადს, რომელიც შენ ახსენე, ეს შენი გამოსაცდელი ვადა იყო და, უნდა გითხრა, რომ გამოცდა ღირსეულად ჩააბარე, – სერიოზული ტონით უთხრა პეტიკომ ჰამოს, – რა, მართალი არ ვარ? წარმოიდგინე, უცხო, გამოუცდელ და შეუმოწმებელ კაცს გაანდო ასეთი აწყობილი ბიზნესი და რა მოხდება. ჰოდა, მეც გაკვირდებოდი. ასე რომ, ნუ მიწყენ.
– რა წყენა, რა სისულელეა?! – მხრები აიჩეჩა ჰამომ, – ძმები ვართ.
– ძმები და კომპანიონები, – თქვა პეტიკომ, მერე დიდი სიჩქარით მიმავალ „მერსედესს“, რომელშიც ახალგაზრდა გოგონები ისხდნენ, გზა დაუთმო და განაგრძო, – ახლა, რაც შეეხება ნარკოტიკებს. ამ ტავარს ჩვენი ორგანიზაცია აზიიდან ევროპაში აცილებს. ასე ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიაზე ატარებს და ყურადღებას აქცევს, რომ ეს საწამლავი აქ არ დარჩეს და გაიყიდოს. ნაწილი რუსეთში მიდის, ნაწილი კი ევროპაში იქსაქსება. თუმცა, ეს უკვე ჩვენი პრობლემა არაა.
– აბა, აქ ამდენი წამალი საიდან ხვდება? – მხრები აიჩეჩა ჰამომ, – ზუსტად ვიცი, რომ ნარკომანების პროცენტული რაოდენობით მსოფლიოს ხუთეულში შევდივართ.
– სწორია, – თავი დააქნია პეტიკომ, – მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არაა.
– აბა, ვისი?
– „ძაღლების“.
– „ძაღლების“? – გაიმეორა ჰამომ, – ეგ როგორ?
– შენ რა, მართლა ჭურში ზიხარ?
– ჭურში რატომ?
– ბიჭო, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ნარკობიზნესი „ძაღლებისაა“, მას პირადად მინისტრი კურირებს და დიდ მაყუთს ღუნავს. ნუთუ არაფერი გსმენია ამის შესახებ? სხვათა შორის, უფრო ზუსტი ინფორმაციები მაქვს ნოდარისგან, რომელიც თვითმკვლელობამდე ორი თვით ადრე მთავაზობდა ამ საქმეში ჩართვას. რომ იცოდე, ის ამ საქმეში მინისტრის მარჯვენა ხელი იყო და მისმა სიკვდილმა ყველაზე მეტად სწორედ ამიტომ გადარია მინისტრი. მეტსაც გეტყვი: ჩემი აზრით, ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა იმიტომ დაიწყო, რომ ეჭვი აქვს, ნოდარმა ჩვენ გამო მოიკლა თავი.
– ვითომ, იცის, რა მოხდა?
– ცოდნით არა და სწორედ ამიტომ დაავალა ჩვენთან ბრძოლა ნაზი კუკავას. მაგრამ, სულელი ხომ არაა, ყველაფერს ხვდება.
– მაგას ნარკოტიკებისა და იარაღის ამბავიც ეცოდინება.
– არ იცის, – თავი დააქნია პეტიკომ.
– მინისტრმა არ იცის?
– არ იცის, რომ ამ საქმეში მე ვარ ჩართული. სწორედ ამიტომ მყავდა წილში მაიორა.
– ნარკოტიკები?
– ისე მაქვს საქმე დაყენებული, რომ მინისტრს ჰგონია, ნარკოტიკების ტრანზიტს ჩეჩნები ახორციელებენ. სინამდვილეში კი, ჩეჩნები მხოლოდ ბუტაფორიაა – შამილის რამდენიმე ბოევიკი თვალის ასახვევად გამოჩნდება ხოლმე. ჩეჩნებს კი მინისტრიც ერიდება, არ უნდა თავისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს და არაფერს ეუბნება. მით უმეტეს, რომ ნარკოტიკების ტრანზიტის ბიზნესი მის ნარკობიზნესს არანაირად არ უშლის ხელს. სულ სხვა საქმე იქნებოდა, რომ იცოდეს, სინამდვილეში ვინ დგას ამ ყოველივეს უკან.
– რომ იცოდეს, რას იზამდა?
– რას და, უეჭველად შეუკვეთავდა ჩვენს თავს, ანუ ქილერებს მოგვიგზავნიდა.
– შენ ასე ფიქრობ?
– თითქმის დარწმუნებული ვარ, კარგად ვიცნობ მის ხარბ ხასიათს და იმიტომ. ძველი ფორმაციის „ძაღლია“. ასეთებს კომუნისტების დროს კუსოჩნიკებს ეძახდნენ.
– აბა, მაგან რომ ის იცოდეს, მათესთან გაქვს საქმე და საერთაშორისო მაფიოზურ ქსელში ხარ ჩართული, უეჭველი ფეესბეს ჩაგაბარებდა.
– და არა მარტო ფეესბეს, – გაეცინა პეტიკოს, – ხედავ, რა ხათაბალაში ვართ გახვეულები?! სწორედ ამიტომ ვარ ასე კონსპირაციულად, როგორც შენ თქვი – აისბერგივით.
– მართალი ხარ, ძმაო, და მაგარი! – აღფრთოვანებით უთხრა ცოლისძმას ჰამომ და თავი გააქნია, – თუმცა, ხინჯად ის მაქვს გულში, რომ ნარკოტიკებთან გაქვს შეხება.
– სიმართლე გითხრა, ეს არც მე მეპიტნავება, მაგრამ, საქმე ისაა, რომ, მე თუ არა, ამ საქმეს სხვები აიღებენ ხელში და არ ჯობია, რომ სატრანზიტო ფული ისევ ჩვენ დაგვრჩეს? საქართველოში რომ ყოველთვის იქნება ნარკოტრასა, ამას წყალი არ გაუვა და ამას არავინ მოშლის. იმიტომ, რომ ჩვენ უმოკლესი დერეფანი ვართ. ჩვენზე გავლით ნარკოსინდიკატები მილიარდებს იგებენ და ამ გზას არავინ მოგაშლევინებს.
– ბაზარს?
– რა ბაზარს? – ვერ მიხვდა პეტიკო ჰამოს კითხვას.
– საქართველოში ნარკობაზრის მოშლა თუ შეიძლება?
– შეიძლება, – თავი დააქნია პეტიკომ, – საქართველო რუსეთი არაა, რომ აქაური ნარკობაზრისთვის ომი დაიწყონ. კეთილი ნებაა საჭირო.
– კეთილი ნება, – გაიმეორა ჰამომ, – ანუ, მინისტრი მართლა უნდა შეებრძოლოს ნარკობიზნესს და არა თავად იყოს ჩართული.
– სწორია, – თავი დააქნია პეტიკომ, – მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. ამ საქმეში იმდენი ხალხია ჩართული და ისეთი მაყუთი იღუნება, რომ მინისტრმა რომც მოინდომოს ამის აკრძალვა, თავისივე პაძელნიკები გააგორებენ. „ძაღლები“ მხოლოდ პასტარონნი ბარიგებს იჭერენ. იმათ, ვინც მარტო ჩალიჩობს და მათთან არაა შეკრული.
– ერთი იდეა მაქვს.
– რა იდეა?
– რა და, ეს ყველაფერი ხალხს გავაგებინოთ, ეს ნაბოზრები სააშკარაოზე გამოვიყვანოთ და ბოლომდე თუ ვერ მოვახერხებთ, ნაწილობრივ მაინც მოვსპოთ საქართველოში ნარკობაზარი.
– ეს ისეთივე უტოპიაა, როგორც კომუნიზმის აშენება, – ხელი ჩაიქნია პეტიკომ.
– აბა, გავნადგურდეთ? – თავი გააქნია ჰამომ, – რად გვინდა ომი და გენოციდი, როცა ოც-ოცდაათ წელიწადში ნარკოტიკები გადაგვაგვარებს და მოგვსპობს?
– სწორია, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა?
– ამას, ჩემო ძმაო, ძლიერი ორგანიზაციის შექმნა უნდა, რასაც პოლიტიკა ეწოდება, – თქვა ჰამომ, – და თუ ასე არ მოხდა, ყველაფერი ოხრად დაგვრჩება – ქონებაც, ქვეყანაც და ისტორიაც.
– შენ რა, პოლიტიკაში ჩაბმას მთავაზობ და პარტიის შექმნა გინდა?
– პოლიტიკა არაა, რასაც შენ აკეთებ? რაც შეეხება პარტიას, მისი შექმნა სხვასაც შეგიძლია, დაავალო, ჩვენ კი დავაფინანსებთ. ძალა გვყავს და უფრო მოვიკრებთ; ფული გვაქვს და უფრო მეტს ვიშოვით. იდეურები ვართ და ხელისუფლებაში ჩვენი ხალხი რომ მოვა, ამ ყველაფერს განვახორციელებთ.
– შენ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ასე ადვილია?
– ადვილი არც პურის ჭამაა, მაგრამ თუ არ ჭამე, შიმშილით მოკვდები. ერის გადარჩენა კი პურის ჭამაზე ბევრად მნიშვნელოვანია და ღირს გარისკვა.
– აბსოლუტურად მართალი ხარ, მაგრამ, მოდი, ეს ბაზარი სხვა დროისთვის გადავდოთ, – უთხრა ჰამოს პეტიკომ, – ამ ყველაფერს კარგი მოფიქრება და დალაგება უნდა.
– მე იდეა გითხარი და შენი დამოკიდებულება მაინტერესებდა, თორემ, მეც კარგად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ასე ადვილი გასაკეთებელი არაა, – უთხრა ჰამომ პეტიკოს, – მთავარია, შენც ჩემს აზრზე ხარ და ყველაზე მეტად ეს მახარებს.
– აბა, სხვა რა აზრზე უნდა ვიყო, ჰამო? – თავი გააქნია პეტიკომ, მარცხნივ შეუხვია და ფიჭვნარში გაშენებული კარ-მიდამოს წინ შეჩერდა. შემდეგ პულტით გააღო კარი, ეზოში შევიდა, მანქანა გააჩერა და ჰამოს უთხრა, – გადავედით!
კონსპირაციული ვილა უახლესი ელექტროსიგნალიზაციით იყო აღჭურვილი და ეზოში ოთხი უზარმაზარი ნაგაზი დარბოდა, რომლებმაც პეტიკოს დანახვაზე კუდის ქიცინი დაიწყეს, პატრონს მიუახლოვდნენ და ერთდროულად ალოკეს.
– რა მაგარი ძაღლებია, – თქვა ჰამომ და მოფერება დააპირა, მაგრამ პეტიკომ შეაჩერა და უთხრა:
– არც გაიფიქრო, თორემ ხელს მოგაჭამენ და წამში დაგგლეჯენ. ესენი ასე არიან აღზრდილები და მხოლოდ იმიტომ არ გერჩიან, რომ ჩემ გვერდით ხარ. წამოდი, სახლში შევიდეთ.
– შევიდეთ, – თქვა ჰამომ და პეტიკოს გაჰყვა, თან ბუმბერაზ ძაღლებს არ აცილებდა თვალს, რომლებიც ეზოში განაწილდნენ, თავ-თავიანთი ადგილები დაიკავეს და გაყუჩდნენ.
პეტიკომ ჰამო პირდაპირ უზარმაზარ სარდაფში ჩაიყვანა, რომელიც საგულდაგულოდ იყო შენიღბული და ასევე, ელექტროპულტით იღებოდა. შუქი აანთო და ჰამოს თვალწინ ნამდვილი სამხედრო არსენალი გადაიშალა: აქ იყო სხვადასხვა ტიპის კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები, ყუმბარმტყორცნები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ყუმბარები, უამრავი ტყვია-წამალი და ოთხი ცალი მინი-საზენიტო გადასატანი კომპლექსი. ყველაფერი ეს ძალიან კოხტად იყო დალაგებული. ჰამომ აღფრთოვანება ვერ დამალა და პეტიკოს უთხრა:
– ასეთი რამ მხოლოდ კინოში თუ მინახავს. აქ იმდენი იარაღია, მთელ არმიას ეყოფა.
– არმიას არა, მაგრამ ასეულისთვის საკმარისია. სწორედ ამდენი ბოევიკი ჰყავს შამილს და ეს იარაღები მათთვისაა.
– ესე იგი, ჯერ არ წაუღიათ?
– არა, – გაეცინა პეტიკოს, – შამილს რომ იარაღი ვაჩუქეთ, ის მხოლოდ 15 მილიონი ევრო ღირს და უკვე გზაშია. აქ კი 300 მილიონის ტავარია და ამაში ფული უნდა გადაიხადონ.
– სამასი მილიონი დოლარის?
– არა, ევროსი, – უთხრა პეტიკომ, – ამ იარაღით ჩეჩნები რუსებს კარგა გვარიანად ასწავლიან ჭკუას და, როცა შემოაკლდებათ, ახალს გავუჩითავთ.
– კი მაგრამ, ამდენი იარაღი ასე შეუმჩნევლად როგორ ჩამოიტანეთ უკრაინიდან, ან აქ როგორ ამოიტანეთ და, მით უმეტეს, საზღვარზე როგორ გადაგაქვთ?
– მე რა გადამაქვს, ამას ჩეჩნები აკეთებენ.
– ჩეჩნებს როგორღა გადააქვთ?
– ჩეჩნებს კი არ გადააქვთ, ამას თავად რუსები აკეთებენ.
– რუსები?
– ჰო, რუსები, ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ერთი მესაზღვრე გენერალია, რომელსაც შამილი ერთ „ლიმონს“ უმაზავს, ის კი უპრობლემოდ აყომარებს ამ საქმეს.
ამ სიტყვების გაგონებაზე ჰამოს სიცილი აუტყდა. გული რომ იჯერა, პეტიკოს უთხრა:
– რუსებს რა უჭირთ, ისინი თავიანთი იარაღით თავისიანებს ხოცავენ, ამით მაყუთს აკეთებენ და იმდენნი არიან, რომ დანაკლისი არ ეტყობათ. ჩვენ კი ნარკოტიკები დაგვღუპავს.
– ხომ შევთანხმდით, ჰამო, რომ ამ ბაზარს სხვა დროს წამოვწევთ. მოდი, ახლა ზემოთ ავიდეთ, ცოტა წავივახშმოთ და სახლისკენ დავაწვეთ, თორემ გოგოები გაგვიგიჟდებიან.
– კარგი, კარგი, – თქვა ჰამომ და კიბისკენ გაემართა.
პეტიკომ სარდაფის შენიღბული კარი პულტით ჩაკეტა და აწკრიალებული მობილური გაშალა.
– გისმენ, ბონდო! – უპასუხა პეტიკომ თავისი დაცვის უფროსს, რომელიც შამილთან ერთად გაგზავნა.
– ცუდი ამბავია, პეტიკო, შამილი ააგდეს.
– ვინ?
– „ძაღლებმა“. საქონელი უკვე სამშვიდობოზე იყო გასული და მეც უკან ვბრუნდებოდი, როცა მას სპეცრაზმი გადმოუხტა და ააგდეს. თბილისში მოჰყავთ და რა ვქნათ?
– შენ ახლა სად ხარ?
– თელავში.
– „ძაღლებმა“ დაგწვეს?
– არა.
– მოდი, ასე ვქნათ: შენ მაინც ბოლომდე დახვოსტე და ზუსტად დაადგინე, სად მიიყვანენ. მერე ზემოთ ამოდი და დანარჩენზე აქ ვილაპარაკოთ, – უთხრა პეტიკომ ბონდოს, ტელეფონი დაკეცა და ჰამოს მიუბრუნდა, – შამილი აუგდიათ „ძაღლებს“.
– გავიგე, – თავი დააქნია ჰამომ, – ეს კარგი ამბავი არაა. ნეტავ რა მოხდა?
– თითქმის გამორიცხულია, რომ ეს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იყოს გაჩაღებული. ვფიქრობ, მინისტრი საქმის კურსშიც კი არაა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ისე გამოდის, რომ შამილს მე გავუჩალიჩე, რადგან მას ტავარი ჩემმა უახლოესმა კაცმა წააღებინა და მაშინ ააგდეს, ჩემი კაცი კი სვაბოდაზეა. აქ რაღაც სხვა ამბავია. მე ვფიქრობ, რომ უფრო შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე და, დამჭერმა, შეიძლება, არც იცოდა, ვის ჩაავლო. ყოველ შემთხვევაში, რაც ბონდომ მომიყვა, იქიდან გამომდინარე, ასეა.
– რუსების ზაკაზი ხომ არაა?
– რუსების ზაკაზი?
– ჰო, რუსების. ჩვენი „ძაღლები“ ფეესბეს თუ შეეკრნენ, იარაღი იარაღად დაითრიეს, შამილი კი დააპატიმრეს და, როგორც ძებნილს, ექსტრადიციით მიიღებენ.
– საეჭვოა. ეს ჩვენს მთავრობას არ აწყობს.
– რა იცი, ზემოთ რა ხდება? ჩვენ ხომ აზრზეც არ ვართ, რა ურთიერთობები აქვთ ბობოლა ნაბოზრებს ერთმანეთთან აქ და რუსეთში?
– მაგ ლოგიკით, მაშინ, ჩვენც გაშიფრულები უნდა ვიყოთ, – თქვა პეტიკომ და თავი გააქნია, – არა, არა, არა მგონია! მოკლედ, ბონდო მოვა და ყველაფერს იტყვის.
ბონდო ორსაათ-ნახევრის მერე მივიდა წყნეთის კონსპირაციულ აგარაკზე და პეტიკოს წინაშე რომ წარდგა, ღამის პირველი საათი სრულდებოდა. მან დაწვრილებით უამბო ყველაფერი პეტიკოს და ბოლოს თქვა:
– ამ ყველაფერს ისეთი სუნი უდიოდა, შამილი შიგნიდან გაყიდეს.
– როგორ, შიგნიდან, რას გულისხმობ? – ჰკითხა პეტიკომ.
– თავისიანმა, ჩეჩენმა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.
– მაინც, რატომ?
– იმიტომ, რომ იარაღზე „ძაღლებს“ წარმოდგენაც არ ჰქონდათ და საზღვარზე დაუბრკოლებლად გადავიდა. როგორც წესი, ამ დროს მე და შამილი თელავში ვიყავით და ოპერაციის დასრულებას ველოდებოდით. ქსივა მოვიდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და შამილიც იხმეს. ის გამომემშვიდობა და, როგორც ყოველთვის, თავისი „ნივით“ დააწვა. მე ვერც კი შევიტყობდი ამ ამბავს, ხუთი წუთის მერე ერთ-ერთი სოფლისკენ რომ არ წავსულიყავი, სადაც მაგარი ნაშა მყავს და მასთან ვაპირებდი ამაღამ დარჩენას. მოკლედ, ამ შემთხვევითობის გამო გავიგე შამილის ამბავი და როგორც დამავალე, უკან გამოვყევი.
– მერე, რა გაარკვიე?
– „მოდულში“ მიიყვანეს. მოკლედ, ჩემ გარდა შამილის აგდება ვერავინ გაიგო. ეტყობა, ეს ოპერაცია საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იარაღის ამბავი ძაღლებმა არ იცოდნენ და აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ვინც შამილი ჩაუშვა, მას იარაღის დაკარგვა არ უნდოდა. ესე იგი, შამილი თავისიანებმა ჩაუშვეს, ანუ იმ ხალხმა, ვინც მის ადგილს უმიზნებს.
– სწორია, – თავი დააქნია პეტიკომ, – მე მეტსაც გეტყვით: დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი ამის აზრზე არაა, თორემ შამილს არ დაიჭერდნენ. ამიტომ, რადგან ეს ამბავი გაბაზრებული არაა, მას გაუშვებენ.
– პრინციპში, მართალი ხარ, – დაეთანხმა პეტიკოს ჰამო, მაგრამ უცებ მწარედ ჩაეცინა და ტელევიზორს ხმა აუწია. სპეციალური საინფორმაციო გამოშვება შამილს უჩვენებდა, დიქტორის კომენტარით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა ამ ორიოდე საათის წინ ქალაქ თელავში დააკავა ჩეჩენი საველე მეთაური შამილი, რომელსაც რუსეთის ფედერალური სამსახური ეძებს და არაერთხელ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის მისი ექსტრადიციის თხოვნით“.
– კრეტინები! იდიოტები! ეს რა ქნეს? – აყვირდა პეტიკო, რომელიც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი არ კარგავდა საკუთარ თავზე კონტროლს. მაგრამ შამილის დაპატიმრებამ ის უკიდურესად გამოიყვანა წყობიდან, – ახლა ეს ამბავი გაბაზრებულია, რუსეთი მოითხოვს და ჩვენი მთავრობაც იძულებული იქნება, გადასცეს. ამით კი ჩვენი საქმეც ფუჭდება და ქვეყნისაც.
პეტიკო ათი წუთის განმავლობაში აფრქვევდა რისხვას, აგინებდა შამილის დამჭერს და ეს ამბავი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, მის ტელეფონს რომ არ დაერეკა. მან ტელეფონს დახედა და თქვა:
– აი, ხომ ვთქვი, შამილის მოადგილე რეკავს, მევლუდი. მარტო მან იცოდა, რომ შამილი ჩემთან იყო, – პეტიკომ ტელეფონი გაშალა:
– გისმენ, მევლუდ!
– სალამი, პეტრე. ახლახან შემატყობინეს, თითქოს შამილი დაიჭირეს ქართველმა სპეცრაზმელებმა. მართალია?
– სამწუხაროდ, მართალია.
– მის გასათავისუფლებლად ვერაფერს ვიღონებთ?
– ყველაფერს ვიღონებთ.
– ჩემი დახმარება გჭირდება?
– არა, ამ საქმეს მე მივხედავ. თვითონ დაგიკავშირდები, ნახვამდის, – უთხრა პეტიკომ მევლუდს, ტელეფონი დაკეცა და დანარჩენებს მიუბრუნდა:
– მევლუდმა მითხრა, შამილის გასათავისუფლებლად ყველაფერს ვიღონებთო. რასაც ნიშნავს ეს, რთული მისახვედრი არაა. როგორ გინდა, დაარწმუნო ჩეჩნები, რომ ის ჩვენ არ ჩავაგირავეთ?
ამასობაში ჰამომ ტელევიზორი რუსულ არხზე გადართო, სადაც დიქტორი შამილის დაპატიმრების ამბავს გადმოსცემდა. ბოლოს კი რუსეთის მთავრობის მოთხოვნა წაიკითხა მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ.
– რა ოპერატიულად მუშაობენ! – თავი გადააქნია ჰამომ.
პეტიკო უფრო მეტად გამწარდა, საფერფლე მიახეთქა კედელზე და იღრიალა:
– არავითარი ექსტრადიცია! შამილი უნდა გავათავისუფლოთ!
გაგრძელება შემდეგ ნომერში