ვისთან ერთად აპირებს კესარია ბერლინში გამგზავრებას „თაფლობის თვის” გასატარებლად და ვის აკრძალვებს ემორჩილება ის სიამოვნებით
კესარიას პირად ცხოვრებაში სიახლეა – ის ამჟამად სერიოზულადაა შეყვარებული. თუმცა ჯერჯერობით თავისი შეყვარებულის სახელს არ გვიმხელს. მან იმიჯიც შეიცვალა და ახლო მომავალში სილამაზის ცენტრის გახსნასაც გეგმავს, რომელიც მთლიანად ქალების გარეგნობაზე იზრუნებს.
კესარია: მიყვარს იმიჯის შეცვლა, ჩემს გარეგნობაში მრავალფეროვნების შეტანა. მაგრამ ახლა ამ ამბავში უნდა „დავატორმუზო”. ბევრი მომივიდა, რაღაც შებოჭილად ვგრძნობ თავს, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.
– აბა, ვისზეა დამოკიდებული, შეყვარებული ხომ არ ხარ?
– ახალი ურთიერთობა დავიწყე. ჩემს ცხოვრებაში იმდენი ადამიანი გამოჩნდა, რომ ომი ატყდა. ერთმანეთს ყოველდღე საქმეებს ურჩევენ – არა მე ვუყვარვარ, არა მეო. მე კი ამაზე კარგად ვხალისობ. ბოლო დროს ძალიან დაიძაბა სიტუაცია, გაურკვევლობაში აღმოვჩნდი, ყველა ცოლობას მთხოვდა. ფლირტის დონეზე ვეღარ გავაჩერე ურთიერთობები.
– ანუ, რამდენიმე კაცმა ერთად გთხოვა ცოლობა?
– აივსეს ხელები ტატუებით. ზოგმა ჩემი გაცნობის თარიღი დაიწერა, ზოგმა – ჩემი სახელი, ზოგი ჩინურად იწერს, ცოლი რომ არაფერს მიხვდესო. სხვათა შორის, ასეთი კატეგორია მეუბნება, გავშორდები ცოლს, თუ ჩემთან იქნებიო, მაგრამ ასეთი ადამიანების, არ მჯერა – ვინც საკუთარ ცოლს ვერ აფასებს, მე როგორ დამაფასებს?! შესაბამისად, ვნახე თავისუფალი ბიჭი და მასთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, გრძნობებში გადავეშვი. საერთოდ არ მინდოდა, ვინმე მყოლოდა, გეგმაშიც არ მქონდა, მაგრამ მოსვენება არ მომცა. შევეჩვიე, შემიყვარდა. ყველაფერი ისე უცებ, მოულოდნელად მოხდა, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასე უცებ ვინმე შემიყვარდებოდა. მეც გაოგნებული ვარ, ნამდვილი მამაკაცია. მოკლედ, ვაუმჯობესებ ხარისხს. ვინც კი მყოლია, მათ შორის ყველაზე უკეთესია.
– როგორ გთხოვდნენ ხელს, რომანტიკულად?
– რომანტიკულადაც, ტელეფონითაც, ყველანაირად. ამ ცოტა ხნის წინ სამმა ადამიანმა ერთად მთხოვა ხელი, ერთმანეთს ასწრებდნენ, მაგრამ სამივე გავუშვი. ბოლოს ერთ ადამიანზე შევაჩერე ყურადღება, თავისუფალი ბიჭია, ძალიან კარგი, საყვარელი. ჯერჯერობით სახელის თქმისგან თავს შევიკავებ.
– პირველი სერიოზული ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, იმედგაცრუებული იყავი?
– სულ ეჭვის თვალით ვუყურებდი მამაკაცებს, არ ვენდობოდი, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა. ეს ძალიან ჭკვიანია, ისე მომიდგა, ასე ჯერ არავინ მომდგომია. ენა ისეთი აქვს, კლდეს ტეხავს.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– დიდი ხანია, ვიცნობ, მაგრამ არასდროს მიმიქცევია ყურადღება. სულ მეუბნებოდნენ, მოსწონხარო, მაგრამ ამას ხუმრობის დონეზე ვიღებდი. თან, ჩემი ეშინოდა, ახლოს რომ მივდიოდი, გარბოდა. თურმე, ჩემს ყურებას ვერ უძლებდა. ნელ-ნელა ეს შიში გადალახა. ჯერჯერობით გათხოვებას არ ვაპირებ. რომ დათბება, ბერლინში მივდივართ ერთად, თან რაღაც შემოთავაზებები მაქვს და გავერთობით კიდეც. „თაფლობის თვე” გვექნება.
– ყოველთვის ითვალისწინებ საყვარელი მამაკაცის აზრს?
– ძალიან დამყოლი ვარ და ყოველთვის ვითვალისწინებ მამაკაცის აზრს. ამას ჩემს ბუნებრივ სილამაზეზე „სტროგად” აქვს „გაჭედილი”. „ჩოლკის” ოდნავ დამოკლებაზეც კი ერთი კვირა უნდა ველაპარაკო, ლამის ფრჩხილის მოჭრასაც ვეკითხები, არაფრის შეცვლა არ უნდა. ასეთი ბედი მაქვს, თავიდან ევროპული აზროვნების მამაკაცთან მაქვს ურთიერთობა და, რომ შევუყვარდები, მერე ისეთი ქართველი აზიატები ხდებიან ხოლმე. თავიდან ძალიან თავისუფლები არიან და რომ ვუყვარდები, მერე ცოლივით ვხდები. არ მინდა, ეს ცოლობა და გათხოვება. ძალიან მინდა, სიყვარულიც და ურთიერთობაც ევროპული მქონდეს, მაგრამ ეს სანატრელი გახდა. თუმცა, ამ ადამიანთან როგორი ურთიერთობაც მაქვს, ეს ძალიან მსიამოვნებს.
– თამამად ჩაცმა გიყვარს, ამ მხრივ გიწესებს აკრძალვებს?
– საღამოს სახლიდან რომ გავდივარ, ყველაფერი – საცვლიდან დაწყებული, კაბით დამთავრებული მისი შერჩეული მაცვია. დაახლოებით ათჯერ მაცვლევინებს სამოსს. პატარა „პაკაზს” ვუწყობ. ძალიან კარგი გემოვნება აქვს. იცის, რომ რომანტიკული საღამოები ძალიან მიყვარს. ლამაზი საცვლები მაქვს და საერთოდ, რომანტიკული საღამოების მოწყობა ჩემი სტილია. მაგრამ, ჯერჯერობით თავს ვიკავებ, პირველი რაღაც მოულოდნელად უნდა გავაკეთო. როცა შეყვარებული ვარ, ძალიან მემჩნევა და თან, სხვა კაცების მიმართ აგრესია მიჩნდება. ძალიან ერთგული ადამიანი ვარ – მეგობრობაში, სიყვარულში და სხვებისგანაც ამას ვაფასებ.
– რაც შეეხება საქმეს, ამ მხრივ რა გეგმები გაქვს?
– ახლახან რამდენიმე ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა, საკმაოდ თამამად ჩაცმული გამოვედი. დიზაინერი იყო ნინი მანია, რომელიც ჩემს გარდერობზე მთლიანად ზრუნავს. კიდევ ვაპირებ თბილისში სილამაზის ცენტრის გახსნას. ეს იქნება სამოდელო სააგენტო, თავისი სილამაზის სალონით. ანუ, სილამაზის პატარა ცენტრი თავისი ყველაფრით. იქ შევა ქალი და იქიდან აბსოლუტურად შეცვლილი იმიჯით გამოვა. ძალიან მსიამოვნებს მაკიაჟის კეთება, როდესაც ქალს სრულყოფილს ვხდი. ეს ხომ ჩემი პროფესიაა. ტანსაცმლის დიზაინერებიც გვეყოლება. მე არ ვკერავ, მაგრამ ხატვა ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან მოყოლებული, რაც ფანქარი ავიღე ხელში, სულ ვხატავდი. როცა მასწავლებელს ვხატავდი, ცუდად ხდებოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მერეც, ვინც დავხატე, ყველა ცუდად გახდა.
– შენი ყოფილი ქმარი ამბობდა, კესარიას ჩემსავით ვერავინ შეიყვარებსო.
– ადამიანი, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, უფრო მეტად სტაბილური და ძლიერია. არ არის მერყევი და საერთოდ, დამავიწყდა, ადრე თუ ვინმე მიყვარდა. მოკლედ, ცხოვრებას, ურთიერთობას თავიდან, ახალი ფურცლიდან ვიწყებ. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მის გვერდით თავს. ცდილობს, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალოს – ყველაფერს აკეთებს, რომ მე მასიამოვნოს.
– ეჭვიანი ხარ?
– არა, ცოტათი, გულის სიღრმეში. სიტყვების არ მჯერა, მთავარი საქმეა. ყოველთვის ვგრძნობ, რომ მამაკაცი ჩემთან არის. მე ხომ განსაკუთრებულად და განსხვავებულად ვაზროვნებ, ზუსტად ვიცი, მამაკაცი როდის არის ბოლომდე ჩემთან, არასდროს ვცდები. როცა ვიცი, როგორი განწყობითაც არის ჩემთან, მაშინ დეპრესია მემართება და პირდაპირ ვეუბნები, შენ არ ხარ ის, რაც იყავი. თუმცა, ცხოვრება ლამაზი და მშვენიერია, მე უფრო და უფრო ლამაზი და მშვენიერი ვხდები. ამიტომ თავს არ ვიკლავ. თან, საქართველოში ერთადერთი რომ ვარ, ჩემზე დიდი მოთხოვნილებაა, მამაკაცებისთვის ინტერესის სფერო ვარ. ზოგი ამას აგრესიით გამოხატავს, მაგრამ ისინი უფრო გიჟდებიან ჩემზე. რაღაც კომპლექსები აქვთ და ნელ-ნელა, მგონი, იშორებენ ამ კომპლექსებს. ჩემს ბიჭს ჩემში ყველაზე მეტად მოეწონა თმა და ტუჩები. არ სჯეროდა, ჩემი ტუჩები ბუნებრივი რომ იყო. მაგრამ, როცა დააგემოვნა, მიხვდა, სილიკონის რომ არ იყო. სხვათა შორის, ბიჭებს ერთი ხერხი აქვთ, მეკითხებიან – სილიკონის ტუჩები გაქვს? არას, რომ ვამბობ, მერე მეუბნებიან – ასე ვერ მივხვდები, მაკოცნინეო. ბოდიში, რომ ყველას ვერ დავაგემოვნებინებ.
– თავად არ „ჩალიჩობ” მამაკაცისთვის?
– არასდროს „ვჩალიჩობ” და „ვაბამ” თუმცა, ბიჭები „მარიაჟობენ”, ეს გოგო „მაბავდაო“, ჩემი „შებმული“კაცი არ არსებობს, არ მჭირდება. ჩემი ვიზუალური და შინაგანი სამყარო ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. სექსუალური იმიჯი კი მაქვს შექმნილი, მაგრამ შიგნით ძალიან უბრალო, ბავშვური, ჩვეულებრივი ვარ. ყველაფერს გონებას ვატან. მამაკაცებსაც, ალბათ, ამიტომ მოვწონვარ. ჯერ ჩემი ვიზუალური მხარე, სექსუალური იმიჯი უცებ აბნევთ და მერე ახლოს რომ გამიცნობენ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხვდებათ. ჩემმა ბიჭმა მითხრა, შენმა შინაგანმა სამყარომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბაო. დღემდე ვერ ამომიცნო, მე ხომ „იქსი” ვარ – ბოლომდე ამოუცნობი, ვერც ერთმა კაცმა ვერ ამომიცნო. თუმცა, ძალიან გახსნილი ვარ, მაგრამ ჩემი საფირმო ნიშანია – თვალები და ამოუცნობი ბუნება. ჩემი ბიჭიც პირველი მამაკაცია, ვინც ბოლომდე ვერ ამოვიცანი, მასაც ძალიან ამოუცნობი ბუნება აქვს.