რა ურთიერთობა აქვს მიხო ბორაშვილს ორნელა მუტისთან და რა აღმოაჩინა მან ბალანჩინის დაარსებულ თეატრ „ნიუ-იორკ სითიში“
რა ურთიერთობა აქვს მიხო ბორაშვილს ორნელა მუტისთან და რა აღმოაჩინა მან ბალანჩინის დაარსებულ თეატრ „ნიუ-იორკ სითიში“ aროლანდ (მიხო) ბორაშვილს ზედმეტსახელი – მიხო ფილმ „მაგდანას ლურჯადან“ შემორჩა და მეც 2004 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც თეატრალური უნივერსიტეტის ტელერეჟისურის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გავხდი, თავხედურად ბატონო მიხოთი მივმართავ. თუმცა, 1955 წლის შემდეგ, რაც „მაგდანას ლურჯა“ ეკრანებზე გამოვიდა, სახელი როლანდი წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხო გიამ შეცვალა ფილმში „სხვისი შვილები“, რომელსაც მოჰყვა კიდევ სამი როლი ქართულ კინოში, წარმატებული სარეჟისორო და პედაგოგიური კარიერა, სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში, ღირსების ორდენი და მრავალი სხვა, ფართო საზოგადოება მას 8-11 წლის ასაკში შესრულებული კინოროლებით იცნობს.
– ბატონო მიხო, ხშირად არიდებთ თავს ჟურნალისტებთან ურთიერთობას, მაშინ, როცა თქვენი პროფესიის ადამიანებისთვის აუცილებელიც არის პრესაში გამოჩენა. რატომ გვარიდებთ თავს?
– სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის სკოლა ჯერჯერობით ვერ დგას სათანადო დონეზე და ამის გამო ხშირად მქონია უსიამოვნო მომენტები. გარდა ამისა, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მიყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა და ჩემი ფილმების წარმატებებზე საუბრით პრესის ფურცლების აჭრელება. ჩემთვის მთავარია, საქმე და არა რომელიმე ტელევიზიის ეთერში ჯდომა და იქიდან საუბარი. თუ დამიჯერებთ, გეტყვით, რომ ვიცი, რამდენიმე ჩემი კოლეგა, რაღაც ამბავს შეთხზავენ და მერე ტელევიზიიდან ტელევიზიაში დადიან, ჟურნალიდან – ჟურნალში და ისეთ სიცრუეს აფრქვევენ, რაც არასოდეს მომხდარა. ხშირად მიფიქრია, რომელიმე ჭკვიანი ჟურნალისტი რომ დაინტერესდეს და ინტერნეტში მოიძიოს მათი ფილმების შესახებ რეალური ინფორმაცია – რა კონკურსებზეა გატანილი და რა პრიზები აქვთ აღებული, მერე სად მიდიან-მეთქი? ჩემი შემოქმედების შესახებ, ვინც საჭიროა, იმან ისედაც იცის.
– ერთხელ თქვენ მითხარით, რომ დაიღალეთ „მაგდანას ლურჯაზე“ და „სხვის შვილებზე“ საუბრით. თუმცა, ეს ის ფილმებია, სადაც თქვენი როლები ყველასთვის საყვარელ გმირებად იქცნენ. რატომ არ გააგრძელეთ სამსახიობო კარიერა?
– არასდროს მდომებია მსახიობი გამოვსულიყავი. არიან ბავშვები, მხოლოდ ამაზე ოცნებობენ, მაგრამ არასოდეს გამჩენია ამის სურვილი. უკვე მოწიფულ ასაკში გადამიღეს „ღიმილის ბიჭებში“ და ამით დამთავრდა ჩემი სამსახიობო, გნებავთ, კარიერა დავარქვათ, გნებავთ – მოღვაწეობა. თანაც მიმაჩნია, რომ ბავშვი უნიჭო არ არსებობს, თუკი ის გონებრივად განუვითარებელი არ არის. ნიჭიერი რეჟისორი ნებისმიერ ბავშვს ყველაფერს გააკეთებინებს. კინოს უყვარს სიალალე, უბრალოება და გულწრფელობა. ამიტომ, ყველა ეს თვისება დევს ბავშვში და შეუძლებელია, მან უნიჭოდ შეასრულოს როლი. ეტყობა, არც მე „მაწყენინა“ უფალმა. გარდა ნიჭისა, მსახიობს ბევრი სხვა მონაცემები უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ კარგი მსახიობი იყოს.
– თქვენ რა მონაცემი არ აღმოგაჩნდათ?
– თუნდაც, პლასტიკა, ან ფიზიკური მონაცემები. კინოში შეიძლება, რაღაც ხარვეზები, რომელიც მსახიობს აქვს, არ გამოჩნდეს, მაგრამ სცენაზე მცირეოდენიც კი ნათლად ჩანს. მაგალითად, ჩემს ერთ-ერთ ფილმში თამაშობს მსახიობი, რომელიც წელს ზემოთ საინტერესოა და წელს ქვემოთ მისი გამოჩენა არ შეიძლება. როლზე ავიყვანე, რადგან ამ როლისთვის მასზე უკეთესი არც მეგულებოდა და ვერც ვნახე. ამიტომ, მთელ ფილმში მხოლოდ წელს ზემოთ მყავს გადაღებული. რაც შეეხება ჩემს საბავშვო როლებს, როგორც უკვე გითხარით, ამას დიდი ნიჭი არ სჭირდება. რა თქმა უნდა, რაღაც ნიჭი, ალბათ, გამაჩნდა, თორემ, თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე არ იყვნენ ის რეჟისორები, ბიძაშვილ-მამიდაშვილობით მიეცათ ვინმესთვის როლი, როგორც არცთუ იშვიათად ხდება დღეს.
– თუმცა, ქართული კინო, იგივე თეატრიც, რამდენიმე ეპოქად შეიძლება, დაიყოს. იყო პერიოდი, როცა მხოლოდ ნიჭს ექცეოდა ყურადღება. შემდეგ სილამაზეზე კეთდებოდა ძირითადი აქცენტი და ახლა ბიძაშვილ-მამიდაშვილობის ეპოქაა.
– გეთანხმებით, მაგრამ ნიჭს მაინც ყოველთვის ექცეოდა ყურადღება, რასაც ახლა, დღევანდელობაზე ვერ ვიტყოდი. მაგალითად, მერლინ მონრო საოცრად ლამაზი იყო იმ ეპოქისთვის და დღემდე ეთაყვანება მსოფლიო მის სილამაზეს, მაგრამ ანა მანიანისა და მერილ სტრიპის დონის მსახიობი ნამდვილად არ იყო. თუმცა, მერე, წავიკითხე მისი ბიოგრაფია და თურმე ნიუ-იორკში ლი სტრასბერგის სამსახიობო სკოლა ჰქონია გავლილი. ამ სკოლაში ეუფლებოდნენ ოსტატობას მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო, ნიკოლსონი და მრავალი ასეთი დიდი მსახიობი, ყველა იქიდან მოდის და გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მერლინ მონროსაც ეს სკოლა ჰქონდა დამთავრებული. ამით, იმის თქმა მინდა, რომ მონროც ნიჭიერი მსახიობი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სკოლაში სწავლის უფლებას ვერ მოიპოვებდა. რეჟისორებმა ვერ, თუ არ გამოიყენეს მისი სამსახიობო ოსტატობა და ყურადღება გადაიტანეს მის გარეგან ფორმებზე, მისი სექსუალურობა წამოსწიეს წინ. პროდიუსერებისთვის გაცილებით მომგებიანი იყო მონროს სექსუალური იმიჯი, ვიდრე მისი ნიჭი.
– თქვენ არაერთი კინოფესტივალის მონაწილე ბრძანდებით, მიღებული გაქვთ არაერთი ჯილდო. როგორ ფიქრობთ, ქართულ კინემატოგრაფიას, ან იგივე სტუდენტებს აქვთ პერსპექტივა იმისა, რომ განვითარდეს და თუნდაც მსოფლიო ბაზარზე გავიდეს?
– პერსპექტივა ნამდვილად აქვს და უფრო მეტიც, პირადად მე, მყავს რამდენიმე სტუდენტი, ნამდვილად რომ შეძლებენ წარმატების მიღწევას კინოასპარეზზე, თუ სერიოზულად და ღრმად გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა ქართველს მაინც სიზარმაცე ღუპავს. მებრძოლი უნდა იყო, შეუპოვარი, ფინანსები მოიზიდო. ვიღაც შეაწუხო, ეთიკის ნორმების დაცვით, რაღაც გააკეთო. მაგალითად, მე ეს არ შემიძლია. არ მაქვს უნარი, ფხა იმისა, რომ გავძვრე-გამოვძვრე და საქმე „გავჩარხო“.
– თქვენ რამდენიმე ხნის წინ იმოგზაურეთ ევროპასა და ამერიკაში ჯორჯ ბალანჩინის კვალდაკვალ და გადაიღეთ მასზე დოკუმენტური ფილმი, ანუ გაიარეთ ის გზა, სადაც ბალანჩინი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
– ფილმის გადაღება რამდენიმე თვე გრძელდებოდა და ვიყავი ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჯორჯ ბალანჩინი მოღვაწეობდა. გადავიღეთ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელიც 80 000 დოლარი დაჯდა. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა მხატვრულ ფილმში ამ თანხით რამდენიმე ეპიზოდსაც ვერ გადაიღებ. საუბარი მაქვს ღირებულ ფილმზე და არა როგორიცაა „ოცნების ქალაქი“ ან „გოგონა სლაიდიდან“. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე სერიოზულ კინონამუშევრად ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეები“ მიმაჩნია, სადაც თვალსაჩინო ოსტატობითა და ახლებური ხედვითაა გააზრებული ქუჩის უკვე მოყირჭებული პრობლემები.
– თქვენ ორნელა მუტისაც შეხვდით ერთ-ერთ კინოფესტივალზე. სად და როდის იყო ეს?
– ეს იყო მინსკში საერთაშორისო კინოფესტივალ „ლისტოპადზე“, სადაც ორნელა მუტი სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული. ფესტივალს ესტუმრა სახელგანთქმული ემირ კუსტურიცაც, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებისთვის მასტერკლასი ჩაატარა. რა თქმა უნდა, მათ შორის, მეც მქონდა პირადად გასაუბრების საშუალება და უშუალოდ ვისაუბრეთ კინოინდუსტრიის შესახებ.
– გარკვეული პერიოდი შტატებშიც იყავით და რას გაიხსენებთ ამ მოგზაურობიდან?
– ნიუ-იორკში სწორედ ბალანჩინის გადაღებებზე მომიწია ჩასვლა, რადგან იცით, რომ ბალანჩინი სწორედ იქ მოღვაწეობდა. მისი დაარსებულია ნიუ-იორკში შესანიშნავი საბალეტო თეატრი „ნიუ-იორკ სითი ბალე“, რისი გადაღებაც სცენარის მიხედვით გვქონდა დაგეგმილი. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს ყველაფერი.
– თქვენ საკმაოდ წარმატებული ადამიანი ბრძანდებით, საინტერესოა რამდენია დღეს საქართველოში თქვენი ჰონორარი, თუნდაც ერთ დოკუმენტური ფილმის სცენარისთვის ან რეჟისურისთვის?
– დავიწყებ იქიდან, რომ ქართულ ენაზე ვთარგმნე 2 სახელმძღვანელო. ესენია: „კინორეჟისურა“, და „დოკუმენტური კინოს რეჟისურა“. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე გამოცემული კინოსახელმძღვანელოები თითქმის არ არსებობს. ამჟამად მესამე წიგნზე ვმუშაობ, რომელიც აუცილებელია კინორეჟისურის სტუდენტებისთვის. რაც შეეხება ჰონორარს, სცენარის ავტორობისთვის მეკითხებით, მაგრამ ვერ გპასუხობთ რამდენი შეიძლება ავიღო. იმიტომ არა, რომ კომერციული საიდუმლოა, უბრალოდ, არ ვიცი, რამდენი შეიძლება მოვითხოვო. 4 000 ლარი გადამიხადეს „ჯორჯ ბალანჩინიზე“ – სცენარის ავტორიც მე ვიყავი და რეჟისორიც.
– ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ არ მჯერა, რადგან ვიცი, სცენარისტები, რომლებიც მინიმუმ 20 000-ს ითხოვენ.
– ვინ ითხოვს მაგდენს, ნუ გადამრიე?! საქართველოში ვიცნობ მხოლოდ 2-3 ღირებულ სცენარისტს, ვისაც შეუძლია, საინტერესოდ იმუშაოს კინოში. ერთ-ერთი მათგანია ბატონი კოტე ჯანდიერი, რომელიც, თუ არ ვცდები, 10 000 ლარად აფასებს სცენარს. საერთოდ, საარაკო ფასები მესმის – 3-4-წუთიან კლიპებში რამდენს უხდიან რეჟისორებს, 2003 წელს სახელმწიფო სტუდიაში გადავიღე „გზა მაცხოვრისა“ და „დედაო ღვთისა“. 900-900 ლარი ავიღე ორივე ფილმის სცენარში და უფრო ნაკლები – რეჟისურაში. დანარჩენი, თქვენ განსაზღვრეთ.