კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უყვარს სოსო მოლოდინაშვილს ქეიფი და „დროსტარება“ და როდის არის ყველაზე ადვილი მისი წონასწორობიდან გამოყვანა

სოსო მოლოდინაშვილი საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან”. ის ცხოვრებაშიც ისეთივე მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა, როგორიც მისი გმირი სერიალში. როგორია სოსო მოლოდინაშვილის ცხოვრების სტილი და ბავშვობის რა ოცნებაზე თქვა მან უარი მსახიობობის გამო, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.

სოსო მოლოდინაშვილი: ამ ეტაპზე ძალიან დაკავებული ვარ. გარდა იმისა, რომ გადაღებები მაქვს, ვმუშაობ ასევე „ტელეიმედში“, ოღონდ სრულიად განსხვავებული პროფილით, ეს არ ეხება მსახიობობას. ორი დღე „იმედში“ ვარ, შემდეგი ორი დღე გადაღებაზე. მოკლედ, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს.

– მსახიობობა თქვენი პროფესიაა, თუ უბრალოდ გატაცება?

– პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ უკვე 15 წელია, თეატრში აღარ ვარ. ხანდახან თუ დავჭირდი ვინმეს, მეძახიან. თორემ ამ საქმით აქტიურად არ ვარ დაკავებული. შესაბამისად, არ ვიცი, რომელი ვუწოდო, ალბათ ორივეა, პროფესიაც და გატაცებაც. მე ეს საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– როგორ მოხვდით სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”?

– დაახლოებით, ორი წლის წინ ეპიზოდური როლი ვითამაშე სერიალ „შუა ქალაქის” ერთ-ერთ სერიაში. აქედან ვახსოვდი, ალბათ, პროდიუსერებს. ამ ორ სერიალს ხომ ერთი ჯგუფი იღებს. დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ ახალ სერიალშიც მეთამაშა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი. შემდეგ ჩავწერეთ საცდელი სერიები და როგორც ჩანს, მოეწონათ ჩემი თამაში, რადგან როლზე დამამტკიცეს.

– თქვენი გმირი ძალიან დადებითი, წყნარი და გაწონასწორებული პიროვნებაა. სინამდვილეშიც თუ ჰგავხართ მას?

– ზოგ რაღაცაში ვგავარ, ზოგში – არა. მთლად ისეთი მშვიდი და წყნარი არ ვარ (იცინის). ემოციები უფრო მეტადაა ჩემში, ვიდრე სიმშვიდე. ჩემი პერსონაჟი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ერთადერთი, რაც არ მომწონს, მისი პასიურობაა. სულ ზის და გაზეთებს კითხულობს. რეალურ ცხოვრებაში, მე ასე არ შემიძლია.

– თქვენ აქტიური ადამიანი ხართ?

– კი, ჩემს გმირთან შედარებით გაცილებით აქტიური – სულ მოძრაობაში ვარ. ხანდახან არის შემთხვევები, ცოტას წავიზარმაცებ ხოლმე, მაგრამ ბოლოს ვხვდები, რომ ჯობდა, მეტი მემუშავა. ჩვენი ცხოვრება ისე არ არის აწყობილი, რომ სულ იჯდე და გაზეთები იკითხო. ცოტა შენც თუ არ გაინძერი, ისე არაფერი გამოვა. ასე ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს, როცა სიზარმაცე მიტევს (იცინის).

– პირად ცხოვრებას რა ადგილს უთმობთ?

– დატვირთული დღის შემდეგ მთელ საღამოს ოჯახთან ვატარებ. მიყვარს, როცა სახლში ვარ. თუ რამეა გასაკეთებელი, ხელს შევავლებ ხოლმე. მყავს ქალიშვილი, შვილიშვილები და ყოველთვის ვცდილობ, დრო გამოვნახო და მივიდე მათთან. ძალიან მიყვარს წყნარ სიტუაციაში ოჯახთან ერთად ყოფნა.

– თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა ადვილია?

– არც ისე. (იცინის). ყველაზე მეტად უზრდელობას და უსამართლობას ვერ ვიტან. ამ დროს შეიძლება, ისე ავფეთქდე, რომ დიდი ხანი ვეღარ დავწყნარდე. საერთოდ, თუ რაღაცამ გამაღიზიანა, მალევე გამოვდივარ წყობიდან. დიდი მოთმინების უნარი არ მაქვს.

– ყოველთვის სერიოზული ხართ?

– სხვათა შორის, სერიოზული ნამდვილად არ ვარ. ჩემი პროფესიის ადამიანს აუცილებელია, იუმორის გრძნობა ჰქონდეს. ამის გარეშე, ალბათ, ვერც გავძლებდი. ხანდახან ჩემზე უმცროსები გაცილებით სერიოზულები არიან, ვიდრე მე (იცინის).

– იუმორის გრძნობა რაში გეხმარებათ?

– ძალიან ბევრ რამეში. თუნდაც, მაშინ, როდესაც რთულ სიტუაციაში ვარ, ძალიან ვნერვიულობ, ამ დროს რაღაცას გავიხუმრებ, იუმორით მივუდგები საქმეს და, საკუთარ თავს ვეუბნები, ცხოვრებაში უარესებიც ხდება-მეთქი და ცოტათი მშველის (იცინის).

– როცა საქმისგან ძალიან იღლებით, რა არის თქვენთვის ყველაზე კარგი დასვენება?

– ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა, ჰაერის გამოცვლა, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვახერხებ. მაშინ, როდესაც რამდენიმე საათი მაქვს თავისუფალი, ვცდილობ, გავეცნო ახალ პრესას, ან ტელევიზორში ფეხბურთს ვუყურო. ყველაზე დიდ სიამოვნებას საინტერესო მატჩის ყურება მანიჭებს. ჩემთვის ისიც დასვენებაა, ოჯახში რაიმეს თუ ვაკეთებ, თუნდაც ეს იყოს რაიმე საოჯახო ნივთის შეკეთება.

– ესე იგი, უფრო ოჯახურ, მშვიდ გარემოში ამჯობინებთ დასვენებას, ვიდრე ხმაურიან ადგილებში.

– კი, ნამდვილად. არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები და ეგრეთ წოდებული „ფეშენ წვეულებები” (იცინის). კლუბებზე და მსგავს ადგილებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მეგობრულ, ვიწრო წრეში უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე ათას კაცში, ერთმანეთს რომ არ იცნობენ. არც დალევა მიყვარს დიდად.

– როგორც ჩანს, დიდი მოქეიფე არ ბრძანდებით.

– არა, დალევა არ მიყვარს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არც მიწევს ხშირად. ვერ ვიცლი. თუმცა, ათასში ერთხელ ვსვამ კიდეც. სიმთვრალე მაქვს გადასარევი. ზოგიერთი რომ დალევს, დათვრება და აღარაფერი ახსოვს, ასე ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი მშვენივრად მახსოვს ხოლმე.

– ადამიანში ყველაზე მეტად რა თვისება გაღიზიანებთ?

– ძალიან მაღიზიანებს სნობიზმი. ხშირად ისეთი წარმოდგენა აქვთ ხოლმე საკუთარ თავზე, აშკარად სასაცილოა, მაგრამ ისინი ამას ვერ ხვდებიან. ზოგი ჭკვიან ადამიანს თამაშობს, ამ დროს კი ძალიან გაუნათლებელია. რა ვქნა, არ შემიძლია უსამართლობის ყურება.

– ადამიანის ამოცნობა ადვილად გამოგდით?

– სხვათა შორის კი, ადვილად ვცნობ, ვინ როგორია. ჰოროსკოპით „თევზები“ ვარ და აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. ადამიანს რომ გავიცნობ, მაშინვე ვხვდები, როგორია. ხშირად მსმენია, პირველ შეხვედრაზე სხვანაირი მეგონა და შევცდიო, მე ყოველთვის ზუსტად ვხვდები, როგორია ესა თუ ის ადამიანი. ინტუიცია კარგად მაქვს განვითარებული.

– თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება როგორც გინდათ, თუ შეცვლიდით რამეს?

– აბსოლუტურად შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას, ამის შანსი რომ მქონდეს. ბევრი ისეთი რაღაცა გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა. მაშინ ისეთი დრო იყო, რომ მსახიობს არანაირი დაფასება არ ჰქონდა. ქვეყანას არ ეცალა კინოსა და თეატრისთვის და მგონი, ახლაც არ სცალია.

– ხომ არ ნანობთ, ეს პროფესია რომ აირჩიეთ?

– არა, სინანულით მართლა არ ვნანობ. ძალიან დიდი ხანი ვითამაშე თეატრში და ამ პერიოდში უამრავი რამ ვისწავლე. დაახლოებით 20 წელი ვიდექი თეატრის სცენაზე და ეს წლები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგად გასახსენებელი პერიოდია.

– როდის ხართ ყველაზე ბედნიერი, რა სიტუაციაში?

– მაშინ, როცა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. ტელევიზორს მივუჯდები და არავინ მაწუხებს. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება (იცინის).

– ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ყოფილხართ. რომელ ნაკრებს და გუნდს გულშემატკივრობთ?

– „ბარსელონას“ ვგულშემატკივრობ და ასევე ძალიან მიყვარს ინგლისის ჩემპიონატი. ბავშვობაში მეც ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ მსახიობობის გამო თავი დავანებე. ძალიან ძნელი იყო ამ ორი პროფესიის ერთმანეთთან შეთავსება. უცბად შემოვაბრუნე მთელი ჩემი ცხოვრება და წავედი თეატრში.

– ცნობილი და პოპულარული სახე ხართ, ამით ხომ არ სარგებლობთ ხოლმე?

– არა, ნამდვილად არ ვსარგებლობ. დიდად პოპულარული არც ვარ. ხანდახან ქუჩაში თუ მცნობენ, მესალმებიან და მიღიმიან. თინეიჯერები ავტოგრაფებსაც მთხოვენ ხოლმე. თუ ადამიანს უყვარხარ, გაფასებს, გიღიმის და ტკბილ სიტყვებს გეუბნება, სასიამოვნო როგორ არ უნდა იყოს?!


скачать dle 11.3