კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საბედისწერო სამი შეცდომა დაუშვა ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკამ აღმოსავლეთში და რატომ დგას დასავლეთი გამუსლიმანების საფრთხის წინაშე

მუსლიმანურ სამყაროში ისეთი ორომტრიალი დაიწყო, რჩება შთაბეჭდილება, რომ იქაური მოსახლეობა დემოკრატიისთვის შემზადებულა. ტუნისში, იემენსა და ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს ზოგი ხავერდოვანი რევოლუციების ორგანულ გაგრძელებად მიიჩნევს, ზოგიც – ამერიკული აღმოსავლური პოლიტიკის კრახად (იმ მარტივი მიზეზით, რომ ხალხი სწორედაც პროამერიკულ მთავრობებს აუჯანყდა). ასე უცბად რატომ მოუნდათ დემოკრატია იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც დემოკრატია, როგორც ფასეულობა, რიგ მიზეზთა გამო, მაინცდამაინც, არ ფასობს? – ამ არცთუ მარტივ საკითხში პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად გადავწყვიტეთ გარკვევა.

– „წითელი ძახველისა“ არ იყოს, „ნაროდ დლია რაზვრატა სობრან“, მომწიფდა აღმოსავლეთში ხალხი დემოკრატისთვის?

– იმ მოვლენებს, რაც აღმოსავლეთის ქვეყნებში ხდება, მხოლოდ ფასების სიძვირითა და უმუშევრობით ვერ ავხსნით, რადგან იმ ქვეყნებში უმუშევრობა არ არის ეგზოტიკური სიახლე და ხალხი ამას შეგუებულია. ფასებიც მუდმივად მერყეობდა. მეორე მხრივ, ყველაზე მეტი მშიერი ხალხი, რაც მე მინახავს, ინდოეთშია, იქ კი მსგავსი არაფერი ხდება.

– რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ინდოეთში ნამდვილი დემოკრატიაა?

– ჯერ ერთი და მეორე, იმ ქვეყნებში ამ მოვლენების კატალიზატორად იქცნენ კორუმპირებული ლიდერები, რაზეც მორცხვად დუმს დასავლეთის პრესა და ჩვენი პრესაც, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ინდოეთში კორუფცია არ არის და ეს იმ ქვეყნის ტრადიციაა. ერთი სიტყვით, ამ მშიერი ბუნტის საფუძვლებია კორუფცია, ანტიამერიკანიზმი და მეტ-ნაკლებად, ისლამური ფაქტორი. რატომ მოხდა 1917 წლის თებერვლის რევოლუცია? ჩვენ არ გვასწავლიდნენ ამას სკოლაში და ახლა, მით უმეტეს, არ ასწავლიან. იმ ხანად პეტერბურგში იყო შიმშილი და საშინელი კორუფცია, ამიტომაც გამოვიდნენ ქალები ცარიელი ქვაბებით და ბრახუნით დაიძრნენ. ჯარმა ქალებს არ ესროლა და ის ბუნტი ცარიელი ქვაბების ბუნტად შევიდა ისტორიაში. ახლა შევადაროთ მოვლენები, რომლებიც ტუნისში, იემენსა და ეგვიპტეში ხდება. ტუნისში ამან შედარებით მშვიდად ჩაიარა: ბენ ალი, რომელიც 30 წელს მართავდა ქვეყანას, უმტკივნეულოდ გაიქცა; ტუნისში აღარ არის გამოსვლები, მაგრამ ხელისუფლებასა და ხალხს შორის კონსენსუსი მოიძებნა. იემენშიც, სადაც სალეხიც 30 წელს იჯდა, საშინელებები ხდებოდა, მაგრამ მან თქვა, კენჭს აღარ ვიყრიო და თითქმის დაწყნარდა სიტუაცია. ყველაზე მწვავედ მოვლენები ეგვიპტეში განვითარდა და იქ გადამწყვეტი მაინც ისლამური ფაქტორი და, უკაცრავად ამ შეფასებისთვის, დასავლეთის დეგენერატული პოლიტიკაა ამ ქვეყნის მიმართ. მუბარაქი 30 წელს მართავდა ქვეყანას, თუმცა უსამართლობა იქნება, მას დიქტატორი ვუწოდოთ.

– მაგრამ ფაქტია, რომ დემოკრატი მმართველი 30 წელს ვერ იქნებოდა ქვეყნის მმართველად?

– რა თქმა უნდა. მუბარაქს ჰუსეინს ვერ შევადარებთ, მაგრამ ვერც ჰაველს. თუმცა პირველი ათი წლის განმავლობაში ის ძალზე პოპულარული იყო, მასზე ლოცულობდნენ, ეროვნულ გმირად მიაჩნდათ. მან სამ ომში იბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ. მფრინავი იყო, კინაღამ ემსხვერპლა პირველსავე ტერაქტს. ექვსი თავდასხმა განხორციელდა მასზე, დაჭრეს კიდეც, მაგრამ მის მმართველობაში თანდათანობით გაჩნდა კორუფცია. ისლამის ფაქტორი ძლიერია არა მხოლოდ მშიერ მასებში, არამედ იქაც, სადაც დამშეულ ხალხს აქვს ძალიან ცუდი მაგალითი, როდესაც ხელისუფლებასა და მასებს შორის დისპროპორციაა და მშიერი ადამიანი ხედავს, როგორ ცხოვრობს თანამდებობის პირი. საერთოდ, ყველა ღარიბს შინაგანი ანტაგონიზმი აქვს მდიდრისადმი. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, მუბარაქს 70 მილიარდი აქვს. მე ოფიციალური დასტური არსად მინახავს, დაახლოებით, ვარაუდობენ, რომ 3 მილიარდ დოლარამდე თანხის პატრონია და ესეც არ არის მცირე. აი, ამ კორუფციის წინააღმდეგ იბრძვიან ეგვიპტელები და, რაც მთავარია, ბოლო ოთხი ათეული წელიწადია, ეგვიპტის ხელისუფლება ებრძვის ძმებ მუსლიმანებს, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ეგვიპტეში ერთადერთი ორგანიზებული პოლიტიკური ძალა სწორედ ძმები მუსლიმანები არიან. ესე იგი, მუშაობს ისლამური ფაქტორი. საერთოდ, ისლამურ ფაქტორზე საუბარს ყველა ერიდება. ამიტომაც არის, რომ ევროპელი ლიდერები, როგორც კი რამეს იტყვიან მუსლიმანებზე, იქვე დაუმატებენ, ვაჰაბიზმს ნუ აურევთ ნამდვილ ისლამშიო, ბინ ლადენს არ აქვს საერთო ნამდვილ ისლამთანო, მაგრამ, აბა, ერთი ბინ ლადენს ჰკითხეთ?! საქმე ის არის, რომ ისლამი ერთადერთი სახელმწიფოს წარმომქმნელი რელიგიაა, განსხვავებით ყველა სხვა რელიგიისგან. ამდენად, არც ერთი რელიგია არ არის ისე პოლიტიზებული, როგორც ისლამი.

– ისლამი ისლამად, თავის კორუფციიანად, მაგრამ ყველა იმ ქვეყნის ლიდერი, რომელზეც ვსაუბრობთ, განიხილებოდა ამერიკის მოკავშირედ. ეს რას ნიშნავს? ამერიკის აღმოსავლური პოლიტიკის კრახს?

– რომ იტყვიან, დიდება ქალბატონ მერკელს, რადგან გაბედა და თქვა ორი სიმართლე: პირველი ერთი წლის წინათ, როდესაც განაცხადა, რომ მულტიკულტურული საზოგადოების შენების იდეამ კრახი განიცადაო. ამით მან თქვა, რომ ვერ მოხერხდა ისლამის ინტეგრაცია ევროპასთან. ევროპაში მცხოვრები მუსლიმანები ვერ გაევროპელდნენ, თანაც ლაპარაკია მეორე და მესამე თაობაზე, რომლებმაც ენაც ისწავლეს, ოღონდ არა მოპასანისა და დიუმას საკითხავად, არამედ ყოველდღიური მოხმარებისთვის. მეტიც, პროცესები პირიქით ვითარდება. მაგალითად, ბელგიის პარლამენტის წევრია ორი მუსლიმანი ქალი: ერთი წარმოშობით, მეორე კი გამუსლიმანებული ქრისტიანია. ამერიკაში ხომ ამას მასობრივი ხასიათი აქვს. სწორედ ეს თქვა მერკელმა: ევროპაში მუსლიმანები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, ქრისტიანები – თავისი ცხოვრებით. როგორც კიპლინგი ამბობდა, აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი – დასავლეთი და ისინი ვერასდროს შეხვდებიან ერთმანეთს. მეორე სიმართლე, რაც ამ დღეებში თქვა ქალბატონმა მერკელმა, არის ის, რომ დასავლური ფასეულობების უცხო რეგიონებში ერთი-ერთზე გადატანა გაუმართლებელიაო და ამის პირველი შედეგი ჩვენც ვიწვნიეთ. რატომ დამთავრდა კრახით ლომაიას განათლების რეფორმა?! იმიტომ, რომ ერთი-ერთში გადმოიტანა თან ოსტაპ ბენდერის სტილში: დილით ფული, საღამოს სკამები. მეორე მხრივ, მართალია, მერკელმა ეს თქვა, მაგრამ, ვშიშობ, რომ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. საბოლოოდ, მოხდა ის, რომ მთელი აღმოსავლეთი ანტიამერიკანიზმმა მოიცვა.

– თუმცა ეგვიპტის ოპოზიციაში გამოჩნდა ლიდერი, მაგატეს ყოფილი ხელმძღვანელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ისიც პროამერიკული კადრია. მეორე ტალღა იწყება?

– ბარადეი… იმ ფაქტმა, რომ ეგვიპტეში, გარდა ძმები მუსლიმანებისა, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არსებობს, გამოიწვია, რომ შემთხვევითი ადამიანი პოლიტიკაში პოლიტიკური ლიდერი გახდა, ვინაიდან ელ ბარადეი არასდროს ყოფილა ძლიერი პოლიტიკოსი და პიროვნება. გარდა ამისა, ბარადეი ძალიან საეჭვოდაა შემჩნეული ისლამისტებისადმი სიმპათიებში. გარდა ამისა, ეგვიპტეში მოხდა ის, რაც დამახასიათებელია მესამე სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობისთვის: არმიამ შეასრულა გადამწყვეტი როლი. ეგვიპტის არმიამ, ფაქტობრივად, მუბარაქის მხარე დაიჭირა: ხალხს არ ესროლა, მაგრამ არც ხალხი მიუშვა თავის ნებაზე.

– ბრძნულად და ღირსეულად მოქცეულა.

– ეგვიპტეში არმიას თავისი შარმი აქვს, თუმცა არ ვიცი, რა შარმი უნდა ჰქონდეს არმიას, რომელიც ექვს დღეში აგებს ომს და ამ 80-მილიონიან ქვეყანას 3-მილიონიანთან 10 ომი აქვს წაგებული. მხოლოდ ერთი საეჭვო გამარჯვება აქვს აქტივში. მაგრამ არმიის ავტორიტეტი მაინც ძალზე დიდია. ასეა თუ ისე, მუბარაქი შემოდგომამდეც რომ დარჩენილიყო და რეფორმებიც გაეტარებინა, ამით ვერც უმუშევრობას მოსპობდა და ვერც ათეულ მილიონობით მშიერ ადამიანს დააპურებდა. მეორე მხრივ, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აღმოსავლეთი ისეთი, როგორიც იყო ორი თუ სამი თვის წინათ, აღარასდროს იქნება. ამ გამოსვლებმა იორდანიაში, ტუნისში, იემენში, ალჟირშიც იყო მცირე გამოსვლები და ეგვიპტის პიკმა თავისი დადებითი როლი უკვე შეასრულა. სავარაუდოდ, მუბარაქის შემდეგ ეგვიპტის ხელისუფლებაში მოვა ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი სულეიმანი. სხვათა შორის, სულეიმანი გაცილებით პროამერიკელია, ვიდრე მუბარაქი. თანაც მუბარაქს საბჭოთა კავშირში აქვს განათლება მიღებული, მშვენივრად იცის რუსული ენა, მაგრამ მაინც პროამერიკელი პოლიტიკოსია. სულეიმანი კი იყო უშიშროების უფროსი და ამერიკაში ის სპეცკურსები გაიარა, სადაც დღეს ჩვენი ბეჟუაშვილი სწავლობს. ასე რომ, ისიც პროამერიკელი იქნება, ამიტომ ჟურნალისტები უკვე აყვირდნენ: რუსეთში ნასწავლი მფრინავის ნაცვლად ახლა ამერიკის შპიონი გვეყოლებაო.

– სად დაუშვა შეცდომა დასავლეთმა, რამაც ასეთი რთული და გაურკვეველი შედეგი გამოიწვია?

– მცირე ისტორიული წიაღსვლა გავაკეთოთ: ყოფილ ფრანგულ კოლონიებში სამოქალაქო საზოგადოება გაცილებით განვითარებულია, ვიდრე ინგლისურ კოლონიებში, როგორებიცაა: უგანდა, კენია, ნიგერია, ეგვიპტე. მათ ვერც შევადარებ ტუნისსა და ალჟირს. ინგლისელებმა, როგორც ვაჭარმა და პრაგმატიკოსმა ერმა, უფრო იაფი გზა აირჩიეს. ისინი დაპყრობილ ქვეყნებში იქაურ ბელადებს აყენებდნენ თავიანთ სამსახურში, მათ უნიშნავდნენ ხელფასს და ამით ზოგავდნენ ფულს. ფრანგები კი სხვა გზით წავიდნენ: დაპყრობისთანავე ყველას თავებს აცლიდნენ და ნიშნავდნენ ფრანგებს. ამას მოჰყვა ის, რომ ფრანგმა გუბერნატორებმა დაიწყეს იქაურების გაფრანგება, რასაც მოჰყვა გაცივილიზებულობა. ვინც ყოფილა ტუნისსა და ალჟირში, იცის, რომ ეს ლამის საფრანგეთია. ამიტომაცაა, რომ ტუნისში 80 პროცენტს განათლება აქვს მიღებული, ეგვიპტეში კი დიდი მასა გაუნათლებელი და გაცილებით რელიგიურია. ალჟირში ისლამისტებმა რა არ სცადეს, მაგრამ ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ. გავიხსენოთ ირანის მაგალითი: საერთოდაც, ამერიკელებმა რამდენჯერ უნდა დააბიჯონ ფეხი ერთსა და იმავე ნაღმს?! ტრაგიკული შეცდომა დაუშვა კარტერმა, როდესაც ირანის შაჰი აიძულა, წასულიყო. ირანის შაჰი არ ყოფილა კლასიკური აღმოსავლელი დესპოტი: მას მშვენიერი წიგნები აქვს დაწერილი და ყოველწლიურად მხოლოდ თავისი ფულით 12 000 ახალგაზრდას გზავნიდა ევროპაში სასწავლებლად, სახელმწიფო ბაუჯეტიდან ხომ ათიათასობით ახალგაზრდა მიდიოდა დასავლეთში. შაჰის დროინდელი ირანი ევროპული ქვეყანა იყო, მაგრამ ხალხს ყელში ამოუვიდა იმდროინდელი პოლიცია „სავაკი“, რომელიც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ უხეშ ფორმებს იყენებდა. როდესაც „სავაკის“ გამო ირანში გამოსვლები დაიწყო, კარტერმა დაურეკა შაჰს და კატეგორიულად აუკრძალა იარაღის გამოყენება. შაჰს სხვა რა გზა ჰქონდა: დაჯდა თვითმფრინავში და მექსიკაში წავიდა. დატოვა პრემიერ-მინისტრი რომელმაც ერთ თვეში ხომეინი ჩამოიყვანა.

– ხომეინმა რაც ქნა, ყველამ ვიცით.

– დიახ, მან შექმნა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, რომლებიც გოგონებს ქუჩაში დასდევდნენ და, თუ ჯინსს დაუნახავდნენ, ადგილზე ქოლავდნენ. ლუდიც კი აიკრძალა. მოხდა ის, რომ მათ 500 კაცით გაჭედილ კინოდარბაზს ბოქლომი დაადეს, ნავთი მიასხეს და დაწვეს. ბოლოს კი მთელი ამერიკის საელჩო მძევლად აიყვანეს. ეს იყო კარტერის ტრაგიკული შეცდომა. ამერიკული პოლიტიკის მეორე შეცდომასაც მოგახსენებთ: თავი მოიკლა კონდოლიზა რაისმა, რასაკვირველია, ბუშის მითითებით, სანამ არ აიძულა მუშარაფი, გადამდგარიყო. მაგრამ რა მიიღო ამის შემდეგ? მუშარაფი ებრძოდა ისლამურ ფუნდამენტალისტებს, რა თქმა უნდა, არადემოკრატიული მეთოდებით, მაგრამ, სამაგიეროდ, მეტნაკლებად წესრიგი იყო პაკისტანში, თანაც იქ ყოველწლიურად მიდიოდა ორმილიარდიანი დახმარება. მუშარაფის ჩამოგდების შედეგად რა მიიღო ამერიკამ? არეულობა და არასტაბილურობა. რაც მთავარია, ამის დამსახურებაა, რომ დღეს ამერიკა ავღანეთის გამო დამოკიდებულია რუსეთის კეთილ ნებაზე და ეს არის კონდოლიზა რაისის დამსახურება. სააკაშვილმა რამდენჯერმე შესთავაზა მათ ჩვენი დერეფანი, მაგრამ, ეტყობა, ამერიკელებისთვის რუსეთზე გამავალი გზა უფრო მომგებიანია. ორი შეცდომა უკვე გითხარით, ახლა ჩვენ თვალწინ ვხედავთ მესამე შეცდომის შედეგს ეგვიპტის სახით, მაგრამ იმის შანსიც არ ჩანს, რომ ვაშინგტონმა რაღაც დასკვნები გამოიტანა. მადლობა ღმერთს, ობამამ თავისი ვერ გაიტანა.

– რას გულისხმობთ?

– მუბარაქს ეუბნებოდა, გადადექიო, მაგრამ მას მხარი არ დაუჭირეს გერმანიამ, ინგლისმა და საფრანგეთმა. მეორე მხრივ, მოხდა ისიც, რომ საპროტესტო ტალღა გადმოვიდა ევროპაში: ალბანეთში, სერბეთში. მანამდე, მართალია, იყო გამოსვლები საბერძნეთსა და საფრანგეთში, მაგრამ იმ გამოსვლებს თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა, ხოლო, როდესაც მიზეზი კონკრეტულია, დარეგულირებაც ადვილია. ბელგრადში 70 000 ადამიანი გამოიყვანა პროგრესულმა პარტიამ, რა არის ეს?! აშკარაა, ეს საერთო მოვლენაა და, ბუნებრივია, ჩვენი ოპოზიცია ასეთ შანსს არ გაუშვებდა ხელიდან. არც გაუშვა და თქვა, რაც ეგვიპტეში მოხდა, ჩვენთანაც მოხდებაო. თუმცა ამის იმედზე ყოფნა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სისულელე და შეცდომაა. თავისთავად არაფერი ხდება და უკვე ამ დღეებში დავიღალე ამ ერთი და იმავე ფრაზის გამეორებით, მაგრამ მაინც გავიმეორებ, იქნებ ვინმემ შეისმინოს: რევოლუციები იქ კი არ ხდება, სადაც ხალხი ცუდად ცხოვრობს, რევოლუციები ხდება იქ, სადაც ხალხს სჯერა, რომ რევოლუციების შემდეგ კარგად იცხოვრებს. ამის კი ჩვენს ხალხს არ სჯერა, იმიტომ რომ რევოლუციონერებმა ვერ დააჯერეს.

– მაშინ, როდესაც აღმოსავლეთში მძლავრობს ანტიამერიკანიზმი და ჩამოგდების საფრთხის წინაშე არიან პროამერიკული მთავრობები, რუსეთი ჩუმადაა, თუმცა აშკარაა, არც შესწევს ძალა, რომ მართოს პროცესები. რა გამოდის, ისლამი, როგორც დედამიწის ერთ-ერთი ცენტრი ძლიერდება?

– რასაკვირველია, ისლამური სამყარო დინამიკურად მზარდი პოლიტიკური ფენომენია. რომ იტყვიან, ყველა კარტი აქვთ ხელში: დემოგრაფიული ფაქტორი, მასობრივი სიღარიბე, უმუშევრობა. არც ერთ ისლამურ ქვეყანას, თუ რამდენიმე ოაზისს არ მივიღებთ მხედველობაში: კატარს, აბუდაბის, საუდის არაბეთს, არ ძალუძს, სრულად გამოკვებოს და დაასაქმოს თავისი მოსახლეობა. ეს გამორიცხულია.

– რა ვიცი, ჩვენ კი ვახერხებთ, რომ ეგვიპტიდან ნიორი შემოვიტანოთ?!

– ეს არ დაწეროთ, თორემ ახლა იტყვიან, ეგვიპტიდანაც ვეღარ შემოვიტანთ ნიორსო და ნივრის ფასი, რომელიც უკვე 14 ლარია, კიდევ უფრო გაიზრდება.

– თუკი აღმოსავლეთს არ აქვს თავისი მოსახლეობის საკუთარი რესურსით დასაქმებისა და დაპურების არანაირი შესაძლებლობა, უხეშად ვიტყვი, ერთადერთი გზა მათთვის ევროპას შესევაა?

– მეც უხეშად ვიტყვი: ევროპას უკვე შეესივნენ. ინტერნეტში ვნახე ცნობა, რომ ევროკავშირმა მიიწვია ამერიკელ პროფესორთა ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს ევროპული იდენტიფიკაცია, ანუ ხომ არ ელის ევროპას გამუსლიმანება. როდესაც ბრიუსელის ცენტრში, სადაც ერთი კვადრატული მიწა თავის დროზე მილიონი ფრანკი ღირდა, ჩუქნიან მიწას ისლამურ ორგანიზაციას მეჩეთის ასაშენებლად; როდესაც ინგლისში ყოველწლიურად ათეულობით იზრდება მეჩეთთა რაოდენობა, რთული სათქმელია, რა იქნება ასეთი ტოლერანტობის საბოლოო შედეგი. ისლამურ საფრთხეზე ლაპარაკი ცუდ ტონად მიიჩნევა დღეს ევროპაში. ამ მხრივ, ყველაზე დაცული იაპონიაა, ჯერ ერთი, კუნძულზეა და, მეორეც, აბა, გაიაპონელდი?! ჩინეთი კი ვის შეუშვებს. თავისი ხალხი სად წაიყვანოს, ის არ იცის. სამაგიეროდ, არის ევროპა, რომლის საზღვრებიც ყოველი მხრიდან ღიაა და ახლა რუსეთიც ეჭიდავება, უვიზო რეჟიმი შემოვიღოთო. მერე ნახეთ თქვენ ევროპის გაჭირვება.


скачать dle 11.3