რატომ ამყოფებს ხელისუფლება მუდმივ სტრესში მცირე მეწარმეებს და რატომ გახდება მებაჟის გადასაწყვეტი საჩუქრად და გასაყიდად ჩამოტანილი შარვლის გარჩევა
ის, რომ საქართველოს მეწარმეებს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო გაქანების მქონეთ, არ ულხინთ, ამაზე საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში მალიმალ შეტანილი ცვლილებებიც მოწმობს (შესაძლოა, მოქმედი კანონმდებლობით ბიზნესი ქაღალდზე საათივით აიწყოთ, მაგრამ დათვლილ დღეებში ის კანონმდებლობა ისე შეიცვალოს, რომ თქვენი ბიზნესიდან ბუნდღაც აღარ დარჩეს). პირველი თებერვლიდან საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები ამოქმედდა, რამაც მცირე ბიზნესით დაკავებელები გაღიმებული დატოვა. რატომ გამკაცრდა საბაჟო კანონმდებლობა ფასების ტოტალურად გაძვირების ფონზე და რა ახალი საფრთხე შეექმნათ წვრილ შემომტანებს, – ამ საკითხებს ექსპერტი ნოდარ ხადური განგვიმარტავს.
– რა არის ამ ცვლილების არსი და რით ხსნის მათ ხელისუფლება?
– ამ ცვლილების არსი ის არის, რომ, რადგან დღეს გართულებულია ავტობუსებით ტვირთის შემოტანის კონტროლი, თუკი აიკრძალება ავტობუსებით ტვირთის გადმოტანა, შემცირდება კონტრაბანდის რაოდენობა. შესაბამისად, ბიზნესსაქმიანობისთვის, ანუ რეალიზაციისთვის ტვირთის შემოტანა დასაშვები გახდა მხოლოდ სატვირთო ავტომანქანებით.
– თვითმფრინავით?
– გასაყიდად ტვირთს ვერც სამგზავრო თვითმფრინავით შემოიტანთ. ცხადია, ტვირთის შემოტანა შეიძლება გემითაც და სატვირთო თვითმფრინავითაც. მთავარი ის არის, რომ შესაძლოა, შეიქნას ორი ჩანთის შემოტანის პრობლემა. მაგალითად, შესაძლოა, სრულიად შემთხვევით ჩავიდე თურქეთში და აზერბაიჯანში, იაფად ვნახო რაღაც პროდუქცია, ვთქვათ, 1 000-დოლარიანი შარვლები 5 ლარად. შევიძინე 50 ცალი, წამოვიღე და მინდა, განვაბაჟო. ორი ჩანთის გამო ტრაილერს ხომ არ ვიქირავებ?! ანუ იქ უნდა ველოდო, ვიღაცეები ვეძებო, რომ ერთი კონტეინერი გავავსო ჩვენი საქონლით. ჩემი აზრით, ეს ხელოვნური პრობლემების შექმნას შეუწყობს ხელს.
– იმ ორი ჩანთით შემოტანილი ტვირთი ხომ ამ ცვლილებებამდეც ბაჟდებოდა?
– რა თქმა უნდა. 1997 წლის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით, 300 ლარამდე ღირებულების ტვირთი განბაჟებას არ ექვემდებარებოდა. ეს მიიჩნეოდა საკუთარი მოხმარებისთვის შემოტანილ ტვირთად. შემდეგ ეს განისაზღვრა 20 კილოგრამამდე ტვირთით, მოგვიანებით, შემცირდა 5-კილოგრამამდე და საბოლოდ მივედით იქამდე, რომ ხელით ან საკუთარი ავტომანქანით ტვირთის შემოტანა აიკრძალა. არადა წვრილ-წვრილი მოვაჭრეები, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობენ, ამით ირჩენდნენ თავს. სხვათა შორის, მათზე პრეზიდენტმა გასულ ზაფხულს ისაუბრა და ითქვა, რომ მათი მდგომარეობა უნდა შემსუბუქდეს.
– მეც მახსოვს მისი ეს გამოსვლა ფინანსთა სამინისტროში შეხვედრისას, როდესაც საბაჟოზე წესრიგის დამყარება მოითხოვა მოსახლეობის სასარგებლოდ და ასეთი მაგალითიც დაასახელა: ერთი ბინოკლის განბაჟება რა უბედურებააო?
– დიახ, მაგრამ, მეორე მხრივ, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ამ ცვლილებების შემოტანის მოტივაცია. მას შემდეგ რაც საბაჟომ სტრუქტურული ცვლილებები განიცადა და იმდენად კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვთ, რომ, ფაქტობრივად, ჩიტი ვერ შემოფრინდება საქართველოს საზღვარზე. ასეთ დროს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ადამიანს ცხოვრებას უძვირებს, გაუმართლებლად მიმაჩნია. მით უმეტეს, როდესაც უმუშევრობის დონე ასეთი მაღალია, ეს გადაწყვეტილება სოციალურ ფონს დაძაბავს და მეტი არანაირი შედეგი არ ექნება.
– რა სახეობის საქონელი მოხვდება ამ საბაჟო რეპრესიებში უმეტესად: საკვები პროდუქტები თუ ტანსაცმელი?
– მაგალითს გეტყვით: ადამიანები თავიანთი მსუბუქი ავტომანქანებით გადადიოდნენ აზერბაიჯანსა თუ სომხეთში, შემოჰქონდათ სურსათი, ხილი, ბოსტნეული, ახლა ამას ვეღარ გააკეთებენ. გაითვალისწინეთ, მე არ ვამბობ, რომ ეს საქონელი არ უნდა განბაჟდეს. რა თქმა უნდა, შემოტანილი ნებისმიერი საქონელი საბაჟო სივრცეში უნდა მოექცეს. მაგრამ, ვთქვათ, ვიღაცას „ვოლგით“ შემოჰქონდა ბადრიჯანი აზერბაიჯანიდან, ახლა რა ქნას? სატვირთო ავტომანქანას ელოდოს?! ჩერნომირდინის სიტყვები გამახსენდა: გვინდოდა, უკეთესად და გამოგვივიდა, როგორც ყოველთვისო. ჩემი აზრით, რაღაც კარგის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ რეალურად, ეს ძალიან ბევრ პრობლემას გამოიწვევს. მეტიც, ადამიანები 31 იანვარს წავიდნენ თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, იქ რაღაც შეიძინეს და საქართველოს საზღვარს რომ მოადგებიან, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ. ამოქმედების წინა დღეს კანონების მიღება და კანონში ცვლილებების გამოცხადება, რთულ სიტუაციას ქმნის ქვეყანაში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით. ორი კვირით ადრე მაინც ხომ უნდა გამოაცხადო, რომ ცვლილებები შეგაქვს კანონში?!
– უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ახსენეთ. ეს პირველ თებერვალს ამოქმედებული ცვლილებები ხომ მოსპობს თვითდასაქმებულთა სამუშაო ადგილებს?
– რა თქმა უნდა. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდო თურქეთში სტამბულის ბაზრის ასაშენებლად. ავტობუსები დადიოდა თბილისიდან და ბათუმიდან. თან, უფასო ავტობუსები და ტელევიზიით გადიოდა ამის რეკლამა. ცვლილებები ხომ ამ ბიზნესსაც ურტყამს?! რადგან ის ბაზრობა სწორედ იმ გათვლით გაკეთდა, რომ ჩავიდოდნენ ჩვენი მოვაჭრეები, იაფად შეიძენდნენ პროდუქციას, შემოიტანდნენ და დისტრიბუციას მოახდენდნენ მთელ საქართველოში. ამ გადაწყვეტილებით, ბუნებრივია, წვრილ შემომტანებს ხარჯი გაეზრდებათ, რაც შეამცირებს შემოტანილი საქონლის ოდენობას. შეუძლებელია, იმდენი ტვირთი მოაგროვონ ამ ადამიანებმა, რომ დიდი ტრაილერის გავსება შეძლონ. უბრალო მოვაჭრეს თავისი პროდუქციით სატვირთო ავტომანქანის ავსებაც არ შეუძლია.
– როგორც პრაქტიკა მოწმობს, ასეთი გაუგებრობების დროს მოგებული რჩებიან მსხვილი იმპორტიორები, რაც, თუ საკითხს რომაული პრინციპით მივუდგებით, მათ სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებად შეიძლება, მივიჩნიოთ. ვინ იხეირა კონკრეტულად ამ ცვლილებებით? ჩვეულებისამებრ, მსხვილმა იმპორტიორებმა?
– რა თქმა უნდა, მათ ისედაც არ შემოჰქონდათ ტვირთი ავტობუსებით. ამ ცვლილებების სასარგებლოდ ითქვა ასეთი რამ: ამით ხელი შეეწყობა ბრენდმაღაზიების მუშაობასო. მაგრამ, იცით, რა არის მთავარი პრობლემა?! საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე იმდენად დაბალია, ძალიანაც რომ უნდოდეს ადამიანს, ბრენდებს ვერ მოიხმარს. გემოვნება ყველას შესანიშნავი აქვს და ყველამ იცის, რომ პროდუქციის მაღაზიაში შეძენა ჯობია, მაგრამ იმის გამო, რომ შესაძლებლობა არ აქვთ, ურჩევნიათ, იმავე მარკის პროდუქცია იყიდონ ბაზრობაზე, რომ შიშვლებმა არ იარონ. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბრენდმაღაზიების მუშაობას, არ არის აუცილებელი, სხვას ტანსაცმლის შემოტანა ავუკრძალოთ. ამისთვის აუცილებელია, ადამიანების ცხოვრების დონე იყოს ისე მაღალი, რომ ყველას მშვენიერ ბუტიკებში შეეძლოს ტანსაცმლის შეძენა.
– კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მებაჟემ უნდა განსაზღვროს, ტვირთიდან, რა არის საკუთარი მოხმარებისთვის და რა გასაყიდად? ეს როგორ?
– ესეც პრობლემური საკითხია: თუ თქვენ ორი შარვალი მოგაქვთ თქვენი მოხმარებისთვის, შესაძლოა, მებაჟემ მიიჩნიოს, რომ გასაყიდად მიგაქვთ და განბაჟება მოგთხოვოთ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც საგადასახადო კანონმდებლობას აქვს, არის ის, რომ ჩანაწერები არ არის ცალსახა. მოგეხსენებათ, დღეს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა გაერთიანებულია და მას ერთი სამსახური უწევს ადმინისტრირებას. ამდენად, მთავარი ამოცანაა, რომ კანონში არსებული ჩანაწერები ყველამ – მებაჟემ, შემომტანმა, პროკურორმა თუ მოსამართლემ, ერთნაირად წაიკითხოს. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ კანონი სწორედ ასე უნდა იყოს დაწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყოველთვის გამოიწვევს ან კორუფციას, ან საბოტაჟს. ეს უკმაყოფილება დაგროვდება და სხვა მიმართულებას მიიღებს.
– საკვებ პროდუქტებზე ფასები იმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ამის დასაბალანსებლად სხვა ხარჯი უნდა შეამციროს, მათ შორის, ტანსაცმლისაც. ამ მიმართულებითაც, საკანონმდებლო ცვლილებების წყალობით, გაძვირების დამატებითი წყარო გაჩნდა. ჩვენთან ოფიციალური სტატისტიკით, 850 000 პენსიონერზე საშუალოდ 610 000 დასაქმებული მოდის, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. რით ხსნით საქართველოში პროდუქტების ფასების ზრდას?
– თავისთავად ცხადია, რომ გაძვირებას აქვს ორი საფუძველი: საგარეო, რომელზეც ყველა ლაპარაკობს და საშინაო. საგარეო ფაქტორია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის, ხორბლისა თუ შაქრის გაძვირება. რაც შეეხება საშინაო ფაქტორებს: გადავხედოთ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას. დავიწყოთ ბიუჯეტით: ბიუჯეტი დეფიციტურია, დეფიციტური ბიუჯეტი კი ყოველთვის ინფლაციურია; მეორე, შეგიძლიათ, შეხვიდეთ ეროვნული ბანკის საიტზე და ნახოთ, რომ შარშან ერთი ამერიკული დოლარი ღირდა 1,65 ლარი, დღეს – 1, 77 ლარია, მაგრამ ორიოდე კვირის წინათ – 1, 80 ლარი იყო, ანუ ერთი დოლარი 15 თეთრით გაძვირდა. შესაბამისად, ყველა ის საქონელი, რომელიც შემოაქვთ, 1 დოლარზე 15 თეთრით უნდა გაძვირებულიყო; მესამე: ეროვნული ბანკის საიტზე, ასევე, ნახავთ, რომ ფულის მასა გაზრდილია 15-დან 35 პროცენტამდე. მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა კი ზრდის ინფლაციას და ფასებს. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ინსტიტუციური პრობლემაა: საქართველოში მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული მონოპოლიების, ანუ საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების პრობლემა. მათ შეუძლიათ, რომ ყველა ეს ხარჯი, რაზეც ვილაპარაკე, პირდაპირ გადმოიტანონ მომხმარებელზე და ასახონ ფასში.
– ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობის შემთხვევაში ამას ვერ გააკეთებენ?
– ანტიმონოპოლიური სამსახური იარაღით არ დადის და მონოპოლისტებს ადგილზე არ ხოცავს. უბრალოდ, ის არ აძლევს არავის საშუალებას, საბაზრო ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს. საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან ადვილია, მაგრამ ბიზნესსაქმიანობაა ძალიან რთული, რადგან არის სფეროები, სადაც უბრალოდ ვერ შეხვალთ. ეს პრობლემაა და ამასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტორი არსებობს, რომლებიც გასათვალისწინებელია.
– რა გამოდის? ინფლაციის გამო ფასებმა მოიმატა, ბიუჯეტი დეფიციტურია, მოსახლეობას ხარჯები დაუმძიმდა და ამით ხეირობენ მსხვილი იმპორტიორები?
– მაგალითად, არ გაძვირებულა ტელევიზორები და ძვირად ღირებული ავტომანქანები. მაგრამ გაძვირდა პირველადი მოთხოვნილების საგნები. ანუ ვის კალათაშიც პირველად მოხმარების საგნებს დიდი წილი უჭირავს, ის გრძნობს ინფლაციის სიმძიმეს, თორემ მეორემ შესაძლოა, სულ ვერ გაიგოს, რომ ინფლაციაა. სამწუხაროდ, ასეთთა რაოდენობა ქვეყანაში ცოტაა. ინფლაცია, ძირითადად, ურტყამს პენსიონერს; მათ, ვისაც ფიქსირებული ხელფასი აქვს, თუნდაც, მაღალი.
– თქვით, რომ ფასების გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი შიდა ინსტიტუციური მოწყობის პრობლემაა: მეზობელ სომხეთში უფრო მოწესრიგებულია ეს საკითხი? შაქარი იქ ლარსა და ოთხმოცს არ ასცდენიაო.
– მეზობელ სომხეთში მდგომარეობა არ არის ჩვენგან განსხვავებული და მნიშვნელოვნად კარგი.
– რა ვიცი, აბა, გაზსადენი რომ აფეთქდა სამიოდ წლის წინათ, ჩვენ ვიყინებოდით, მათ კი, გაზსაცავის წყალობით, საერთოდ არც კი ჰქონიათ შეფერხება. ჩვენთან შაქარი საგრძნობლად გაძვირდა, იქ კი მარაგი ჰქონიათ და ისევ იმ ფასად იყიდება?
– შაქრის არა მხოლოდ მარაგზეა იქ საუბარი. მათ შაქრის ქარხანაც აქვთ. მართალია, ქარხანა ჩვენც გვაქვს, მაგრამ ის შემოტანილ ნედლეულზე მუშაობს, რაც, ასევე, მსოფლიო ბაზარზე დამოკიდებულს ხდის მას და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ჩვენთან ორი კომპანიაა შაქრის ძირითადი შემომტანი და ეს იწვევს ფასების ზრდას. ძალიან შესაშური მდგომარეობა იქ არ არის, მაგრამ ერთი ის არის, რომ სომხეთში ცხოვრების დონე ოდნავ, მაგრამ მაინც საქართველოზე უკეთესია. აზერბაიჯანს რომ ჩამოვრჩებით, ეს ისედაც გასაგებია.
– პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, გვითხრა, რომ ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება და ჩვენ ვერაფერს გავხდებითო. როგორ, არაფრის გაკეთება არ არის შესაძლებელი?
– არ მგონია, ხელისუფლებას ჯადოსნური ჯოხი ჰქონდეს და სასწაულის მოხდენა შეეძლოს, მაგრამ, რაც შეხება ეკონომიკურ მეთოდებს: ექსპერტები მაშინვე ვამბობდით, რომ იყო პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდებოდა. აგვისტოშივე ჩანდა ნათლად, რომ მაღალი ინფლაცია იქნებოდა. აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, თუნდაც, ნოემბერში რომ რაღაც ღონისძიებები გატარებულიყო, შესაძლოა, ასეთი დიდი ინფლაცია არც გვქონოდა. ზაფხულის შემდეგ ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა თადარიგი დაეჭირა, თუნდაც, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე პროდუქცია ძვირდებოდა. თუ ხორბალი სექტემბერში ძვირდება, ხომ გასაგებია, რომ დეკემბერში ის კიდევ უფრო გაძვირდება და საერთოდაც, გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდება ახალი მოსავლის მიღებამდე?! ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ მეწარმეებს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, მარაგები შეექმნათ და დივერსიფიკაცია გაეკეთებინათ. მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ომის შემდეგ ჩვენი ხორბლის მთავარი მომწოდებელი რუსეთი იქნებოდა. უკრაინა რაღაცას შეგვპირდა, მაგრამ ეს ხორბალი ჯერ არ ჩანს. მაშინ რომ რაღაც ნაბიჯები გადაგვედგა, ინფლაცია, რა თქმა უნდა, იქნებოდა, მაგრამ არ ვიქნებოდით რეკორდსმენები პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც ჩანს, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, ლარის კურსი გააჩეროს. შესაბამისად, თუ მიმოქცევაში ფულის რაოდენობა არ გაიზრდება, ეს საშუალებას მოგვცემს, ინფლაცია არ იყოს ძალიან მაღალი. ამასთან, როგორც ჩანს, ჩაერთვება ადმინისტრაციული აპარატი, რომ მონოპოლისტებმა ზემაღალი მოგება არ მიიღონ. ანტიმონოპოლიური სამსახური არ გვაქვს, მაგრამ მის ფუნქციას სხვა შეასრულებს: თხოვნით თუ მოთხოვნით. როდესაც მარილი გაძვირდა, გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა მარილის შემოტანა და ფასის რეგულირება.