პოლიტიკური კალეიდოსკოპი
„ვიკილიქსმა” მუბარაქის ადგილზე ისრაელის კანდიდატი დაასახელა
ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემთხვევაში, მის ადგილს იერუსალიმისთვის მისაღები პოლიტიკოსი, ეგვიპტის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ომარ სულეიმანი დაიკავებს. ამის შესახებ ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი” იუწყება სკანდალური „ვიკილიქსის” დოკუმენტებზე დაყრდნობით. ამერიკელი დიპლომატების მიმოწერიდან, რომელიც „ვიკილიქსის” ხელში ჩავარდა, ცნობილი ხდება, რომ, ჯერ კიდევ 2008 წელს, ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნები მუბარაქის შემცვლელად სულეიმანს განიხილავდნენ, რომელსაც მაშინ არ ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. აღსანიშნავია, რომ ებრაელები მუბარაქის 2008 წელს პოსტიდან წასვლის სავარაუდო მიზეზად, მის გარდაცვალებას ან ჯანმრთელობის გაუარესებას განიხილავდნენ.
ობამამ სიგარეტი გადააგდო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საბოლოოდ დაანება თავი თამბაქოს მოწევას, – ამის შესახებ ამერიკის პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ განაცხადა. მიშელის თქმით, ბარაკი, თითქმის ერთი წელია, აღარ ეწევა. ამით იგი ცდილობს, კარგი მაგალითი მისცეს თავის ქალიშვილებს და აჩვენოს, რომ აღარ ეტანება მავნე ჩვევას. სიგარეტის გადაგდების პირობა ობამამ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დადო 2008 წელს, თუმცა, მოგვიანებით მან აღიარა, რომ ხანდახან მაინც ეწეოდა, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო იყო და არა ოჯახის წევრების თანდასწრებით. მიშელ ობამამ ასევე დაამატა, რომ იგი არასდროს აიძულებდა მეუღლეს, რომ სიგარეტის მოწევისთვის დაენებებინა თავი.
მედვედევის ინოვაციური პროექტი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმად, 2011 წლის შემოდგომიდან, რუსეთის ფედერაციაში საათის ისარი აღარ გადაიწევა და ზამთრისა და ზაფხულის დროზე გადასვლის პრაქტიკა საბოლოოდ გახდება ისტორიის საკუთრება. პირველად ეს იდეა მედვედევმა 2009 წელს წამოაყენა, ამჟამად კი კანონპროექტი ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა მიუტანეს პრეზიდენტს განსახილველად და მან მოიწონა. როგორც ჩანს, 27 მარტს რუსეთი უკანასკნელად გადაწევს საათის ისრებს ერთი საათით წინ.
ნაზარბაევის „კონკურენტები”
2011 წლის 3 აპრილს ყაზახეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა და ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს, უკვე გამოუჩნდნენ კონკურენტები, რომლებიც შეეცდებიან მის მრავალწლიან მმართველობას წერტილი დაუსვან. ესენი არიან დამოუკიდებელი კანდიდატები ოტენ სალიმ საგინდიკული და ვალიჰან ქაისაროვი. ექსპერტების აზრით, მათი შანსები მიზერულია და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ნურსულთან ნაზარბაევი რიგით მეოთხე საპრეზიდენტო არჩევნებშიც 90 და მეტ პროცენტულ მხარდაჭერას მიიღებს ყაზახი ხალხისგან.
მედვედევის „უპატიებელი
შეურაცხყოფა”
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა „უპატიებელი შეურაცხყოფა” უწოდა რუსეთის პრეზიდენტის – დიმიტრი მედვედევისა და თავდაცვის მინისტრი – ანატოლი სერდიუკოვის ვიზიტს კურილიის კუნძულებზე. შეგახსენებთ, რომ კურილიის კუნძულებს საკუთრებად მიიჩნევენ როგორც რუსები, ასევე იაპონელები. იაპონელები ნეგატიურად შეხვდნენ მედვედევისა და სერდიუკოვის სტუმრობას კურილიებზე და რამდენიმე მასობრივი მიტინგი გამართეს რუსეთის საელჩოსთან. საპასუხოდ რუსები შეჰპირდნენ იაპონელებს, რომ პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები მომავალშიც განაგრძობენ ვიზიტებს კურილიის კუნძულებზე.
დევიდ კემერონით უკმაყოფილოთა რაოდენობა იზრდება
დიდი ბრიტანეთის ანტიფაშისტურმა ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ და, ასევე, მუსლიმანთა სათვისტომომ, პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ულტრამემარჯვენე ძალების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. კერძოდ, საუბარია, კემერონის გამოსვლაზე მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მან განაცხადა, რომ ბრიტანეთში კრახი განიცადა მულტიკულტურულმა პოლიტიკამ და გაიზარდა ექსტრემიზმი მუსლიმან ახალგაზრდებს შორის, რაც დაუშვებელია და ამაში მან, უპირველეს ყოვლისა, მუსლიმანური სათვისტომოების ხელმძღვანელები დაადანაშაულა. კემერონის გამოსვლას მოჰყვა „ინგლისის თავდაცვის ლიგის” მსვლელობა ლუტონში, სადაც ასობით ბრიტანელი სკანდირებდა ანტიმუსლიმანურ ლოზუნგებს. კემერონის გამოსვლით უკმაყოფილოთა უმეტესობა პრემიერს სწორედ ამ ძალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.