ჩვენ – მათ, თუ მათ – ჩვენ?!
დავეწიოთ და გავასწროთ „ბუტირკას“!
მართალია, ჩვენ საკუთარი ციხეების კეთილმოწყობის ამბით ვართ გახარებულები და მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ქ-ნი კალმახელიძის სიტყვები ახდება და ქართული საპატიმროები არა მხოლოდ პატიმართა რაოდენობით მოხსნის რეკორდს, არამედ იქ გამეფებული კეთილდღეობითაც. ამ კონკრეტულ ეტაპზე იმის მოლოდინშიც ვართ, თუ როდის დაამტკიცებს პარლამენტი შესაბამის ცვლილებებს შესაბამისავე კანონში, რათა ფასიანი პაემნების პრაქტიკა ამოქმედდეს 3-ვარსკვლავიანი დონის შეხვედრის ადგილებში (თუ ცვლილებებია, ცვლილებები იყოს და იქნებ, პირდაპირ 5-ვარსკვლავიანი აგვემოქმედებინა?!). ამასობაში, კი, არც მტერს სძინავს. მეტიც, ისე ფხიზლად არის, რომ, რუსული მედიის ცნობით, რფ-ს ცნობილი ციხე „ბუტირკა“ ლამის სანატორიუმად იქცა.
კერძოდ, მომავალი თვიდან იქაურ იზოლატორში სოლარიუმი იხსნება. ციხის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ გარუჯვის შესაძლებლობა არა მხოლოდ საპატიმროს პერსონალს ექნება, არამედ – პატიმრებსაც. არც ფასი იქნება უსაშველო – წუთი, სულ რაღაც, ათიოდ კაპიკი (რაც ჩვენს ფულზე 3 თეთრია). უფრო მეტიც, „ბუტირკაში“ სხვა ფასიანი მომსახურებების დანერგვაც იგეგმება. ამ „სხვა ფასიან მომსახურებებში“ კი, საუნაც და ულტრაბგერითი სონოგრაფიის კაბინეტიც იგულისხმება. სხვათა შორის, სულ მალე რფ-ელ პატიმრებს თავიანთი ოჯახის წევრებთან სკაიპით დაკავშირების საშუალებაც მიეცემათ. ეს მომსახურებაც, რა თქმა უნდა, ფასიანი იქნება და ხარჯებს, ბუნებრივია, პატიმრები გაიღებენ თავიანთი პირადი ანგარიშებიდან. ამ პირადი ანგარიშების შევსება კი ოჯახის წევრებს სპეციალური ტერმინალებიდან შეეძლებათ. მთელი ეს ორომტრიალი, თურმე, „ბუტირკის“ 240 წლის იუბილეს ეძღვნება. მანამდე კი იქ უკვე ფუნქციონირებს სპორტდარბაზი და ინტერნეტ-მაღაზია.
მართალია, ჩვენ არ ვიცით, არიან თუ არა ჩართული „სოცშეჯიბრში“ ქართული და რუსული ციხეები, თუმცა, ზემოთქმული ცხადყოფს, რომ, ჯერ ერთი, ჩვენმა პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა დაამტკიცოს ზემონახსენები ცვლილებები და, რაც მთავარია, სასწრაფოდ უნდა მოიგონოს რაღაც ისეთებიც, რომ დავეწიოთ და გავუსწროთ „ბუტირკას“ (თორემ, ევროპულ საპატიმროებს ვინღა ჩივის)!