მხოლოდ ფაქტები
* ბუდისტების აზრით, ადამიანი თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში ძირითადად ოთხ ტანჯვას გაივლის: დაბადებას, ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს.
* ნეგოციაცია – ასე ერქვა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს საერთაშორისო პრაქტიკაში მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში.
* ფორთოხალს სპარსეთში „პორტუგალიურს“ ეძახდნენ, გერმანელები – „ჩინურ ვაშლს:, საფრანგეთში კი თავად მოჰყავდათ ორანჟერეებში.
* ისევე, როგორც ზურაბ სოტკილავა, ხულიო იგლესიასიც წარსულში ფეხბურთელი იყო.
* ფერნანდო მეორე არაგონელი, ზედსახელით „კათოლიკე“, ამავე დროს, ფერნანდო მეხუთეც იყო, რადგან ის არა მარტო არაგონის, არამედ კასტილიის მმართველიც გახლდათ.
* „სევდიანი ბამბუკი“ – ასე ჰქვია ბამბუკის ერთ-ერთ სახეობას, რომელიც ქარის დროს მელოდიურ ხმებს გამოსცემს.
* მეფედ კურთხევის დროს ყველაზე მოკლე ფრაზა: „მე კარგი ვიქნები“ – წარმოთქვა ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ.
* ნეილონი 1939 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფირმა „დიუპონ დენემურმა“ შექმნა და თავდაპირველად სამხედრო საჭიროებებისთვის გამოიყენებოდა. პოპულარობა კი მან 1945 წლიდან მოიპოვა, როცა ქალბატონებისთვის ნეილონის წინდები დაამზადეს.
* ბრიუს ლი – მისი ჰოლივუდური სახელია. იგი ჩინეთში 1940 წელს დაიბადა და ბავშვობაში სიაო ლუნს ეძახდნენ, ოფიციალური სახელი კი – ჩჟენფანია.
* გერმანელი ზღაპრული ჯუფების სახელები ჰქვიათ ქიმიურ ელემენტებს – კობალტსა და ნიკელს.
* ურუგვაი, პარაგვაი, სურინამი, ზამბია, ნიგერია, ზაირი – ამ ქვეყნებს სახელები მდინარეების მიხედვით დაერქვა.
* „მწვანე მაგიდასთან მიწვევა“ – კარტის თამაშის შეთავაზებას ნიშნავს.
* თუ უკრაინელი საცოლე საქმროს საზამთროს მიართმევდა, ეს ცოლობაზე უარის თქმას ნიშნავდა.
* გვარი „კუნი“ იშვიათად შეგხვდებათ ჩინეთში, თუმცა, ეს ადამიანები ამაყობენ იმით, რომ კონფუცის შთამომავლები არიან.
* ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის ქალაქ ჰანიბალში, ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის ქანდაკებები დგას.