კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹28-40(458)



კაცი ნაზად უსვამდა ხელს წამოზრდილ მუცელზე ცოლს და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ქალს უკმაყოფილო სახე ჰქონდა და ჭირვეულობდა.

– შენ უკეთესს იმსახურებ-მეთქი, – ისევ გაიმეორა პრეტენზიული ხმით, – შენც და ჩვენი შვილიც. ვერ ავიტან, რამე მოაკლდეს.

– არაფერი მოაკლდება. ნუ გეშინია, ამას მე თვითონაც არ დავუშვებ.

– რანაირად, როცა ასეთი შანსი გაუშვი ხელიდან? რომ წარმოვიდგენ, ნერვები მეშლება და, ლამის არის, ავფეთქდე. რატომ, გეკითხები, რატომ?!

– საყვარელო, ძალიან აზვიადებ. მისი დაწინაურება ჩემს დაჩაგვრას არ ნიშნავს. რა მოხდა, რატომ განიცდი ასე?

– რას ნიშნავს, რატომ განვიცდი? ის შენი ხელქვეითი იყო... ხელ-ქვე-ი-თი! ჯერ კიდევ გუშინ, შენს მითითებებს ასრულებდა. დღეს მინისტრია და მის კაბინეტში შესასვლელად ნებართვა დაგჭირდება. ახლა მაინც ხვდები, რა მაცოფებს?

კაცმა გაიღიმა, ცოლს მუცელზე აკოცა და ენა მოუჩლიქა:

– კარგი იქნება, თუ ჩვენი პატარაც დედასავით პატივმოყვარე არ გვეყოლება.

– პირიქით, თუ შენ დაგემსგავსა, საშინელება იქნება. ყველა დაჩაგრავს და ცხოვრებაც ისე გადაქელავს, უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებს.

– მე რისთვის ვყავარ? მე გავუკვლევ გზას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისთვის ცხოვრება ადვილი და ბუმბულივით მსუბუქი იყოს.

– ამას შენ ამბობ? – ირონიულად გაიღიმა ქალმა, – შენ, რომელსაც საკუთარი მოადგილე ისე გადაგახტა თავზე, წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ გაგჩენია?

– ელენე, საყვარელო, ისე არ არის, როგორც შენ ფიქრობ.

– არა, ზუსტად ისეა, როგორც მე ვფიქრობ და ძალიან ვარ გაბრაზებული!

– სულ ტყუილად. ჩემთვის ეს ამბავი არაფერს ნიშნავს. მით უმეტეს, რომ ჩემს უფროსად არ დაუნიშნავთ.

– სამაგიეროდ, გაგითანაბრეს და, თუ იმ სფეროს მნიშვნელობას გაითვალისწინებ, რომელსაც ის განკარგავს, მიხვდები, რომ ძალიან ჩამოგიტოვა უკან.

სერგი შეიჭმუხნა, ცოლს მოსცილდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.

– არ მეგონა, ასე თუ გაინტერესებდა ჩემი სოციალური სტატუსი.

– რა თქმა უნდა, მაინტერესებს. ეჭვი რატომ გეპარებოდა ამაში? შენ გაცილებით მეტს იმსახურებ. შენს ყოფილ მოადგილეზე კი, რბილად რომ ვთქვათ, დიდი წარმოდგენის არ ვარ. ვგიჟდები, როცა წარმოვიდგენ, რომ ამიერიდან მისმა ცოლმა თანასწორივით უნდა მიყუროს!

სერგიმ გაკვირვებით შეხედა ცოლს და ხმამაღლა გაიცინა.

– იცინე, იცინე! სულაც არ გაქვს საქმე სასაცილოდ და სამხიარულოდ. მალე მიხვდები ამას, მაგრამ გვიან იქნება!

– იცი, მე მაინც მგონია, რომ შენი ჭირვეულობა ორსულობის ბრალია.

ელენე გაცხარდა:

– რომელი ჭირვეულობა? შენ გგონია, ამას ისე ვამბობ? რომ ეს მხოლოდ ჩემი ახირებაა? კარგი, მაგასაც ნახავ!

კაცმა შუბლზე მოისვა ხელი.

– რატომ გძულს ასე ძალიან ზურაბი? ვერც მის ცოლს იტან. რა დაგიშავა ან ერთმა, ან მეორემ, ადრეც ხომ არ იცნობდი რომელიმეს?

ელენე შეკრთა, მაგრამ თავი აიძულა, არაფერი შეემჩნია და მოჩვენებითი გულგრილობით აიჩეჩა მხრები:

– რა სისულელეა?! ჩემს ნაცნობებს შორის ასეთი ტიპები არასდროს ყოფილან.

– „ასეთი“ რას ნიშნავს? – ისევ გაეღიმა კაცს.

– პლებეები არიან და რაც უნდა ბევრი ფული იშოვონ, მაინც პლებეებად დარჩებიან. შენ სხვანაირი ხარ. ხვდები, რასაც ვგულისხმობ? მაგათი ადგილი ჩვენ გვერდით არ არის.

– ასე მსჯელობა არ შეიძლება, საყვარელო.

– რა ვქნა, ეს არის რეალობა. ვინ მოვატყუო, საკუთარი თავი? თუმცა, მის დაწინაურებას ერთი პლუსი მაინც აქვს: ჩვენი შეხვედრების აუცილებლობა აღარ იარსებებს.

– ზურაბი არც ისეთი ცუდი ადამიანია, როგორი შთაბეჭდილებაც შენ შეიქმენი მასზე, – ყოფილი მოადგილის გამართლება სცადა სერგიმ.

– მე ადამიანებს კარგად ვიცნობ და, ჩვეულებრივ, არ ვცდები ხოლმე მათ შეფასებებში. ასე რომ, გაითვალისწინე, რაც გითხარი.

– რა საყვარელი ხარ, როცა ბრძნულად მარიგებ ჭკუას, – სერგი ცოლთან მივიდა, მისი სახე ხელისგულებში მოიქცია და შუბლზე ფრთხილად შეახო ტუჩები. ქალი გაუძალიანდა.

– ჩერჩეტი და ქარაფშუტა გგონივარ, არა?! სულ ტყუილად, ნახავ, თუ არ ინანებ, რომ არ დამიჯერე!

***

... კარზე დააკაკუნეს. თიკა დაიძაბა და მაშინვე ქმარს შეხედა!

– ოფიციანტია, ჩემი შეკვეთა მოიტანა. გეუბნები, სამკურნალო ხარ-მეთქი, – ხელი ჩაიქნია ლევანმა და კარის გასაღებად გაემართა. ნომერში მართლაც ოფიციანტმა შემოაგორა მაგიდა. ყველაფერი ლამაზად დაალაგა, კუთვნილი გასამრჯელო მიიღო და წავიდა.

– შენ მართლა არავინ გყავს? – დამნაშავის ღიმილით ჩაილაპარაკა თიკამ და სუფრას ინტერესით დახედა:

– ჩემი საყვარელი სალათა?! კიდევ „კრუასანი“. გმადლობ, რომ გახსოვს.

– შენ რომ ნერვებს არ მიშლიდე, კიდევ ბევრი რამე მემახსოვრება. რა ჯანდაბა დაგემართა, რატომ გამომეკიდე უკან? იცი, რომ მუშაობაში ხელს მიშლი? რატომ მარცხვენ, რატომ ცდილობ ჩემი იმიჯის შელახვას? პატარა არა ხარ, რომ ვერ ხვდებოდე ამ ვიზიტის მნიშვნელობას. მე გარეთ ჩემი ქვეყნის სახე ვარ. რას იტყვიან, როცა ნახავენ, რომ ცოლი ერთ ნაბიჯზეც არ მენდობა? მე ახლა დავრეკავ, ბილეთს შევუკვეთავ და თბილისში გაგისტუმრებ. დანარჩენზე სახლში დავილაპარაკებთ.

– არ წავალ! – ჯიუტად გადააქნია თავი ქალმა.

– ახლა ნუ მაგიჟებ. ისევ თავიდან იწყებ? – ლევანმა ცოლს თვალები დაუბრიალა, – იცოდე, ვინმემ რომ გაიგოს ამ შენი იდიოტური ექსპრომტის შესახებ, მით უმეტეს – პრესამ, ვერ გადამირჩები!

თიკა შეყოყმანდა:

– შეიძლება, მართლა ვიჩქარე დასკვნების გამოტანა, მაგრამ ძალიან ვინერვიულე. ასე რომ, გამართლება მეც მაქვს.

– შენ ტყუილად ნერვიულობას დაეჩვიე. არაფრის გამო მიმართავ ისტერიკებს. რა გინდა, მეც აგყვე და ორივემ ერთად გავაფრინოთ? მითხარი, ეს გინდა?

– არა.

– ჰოდა, თუ არა, ხმისამოუღებლად გაემგზავრები და ნუ მიყურებ დამნაშავე ლეკვის თვალებით.

– ლევან, დავრჩები, რა! გეფიცები, არ შეგაწუხებ. ჩემთვის ვივლი საყიდლებზე.

კაცმა ამოიოხრა და ხელები გაშალა:

– თიკა! სულელი არ ხარ და თავს რატომ ისულელებ? მითხარი, ასეთი ძნელი გასაგებია, რასაც გელაპარაკები?! არ მინდა, ჩემი ცოლი ჟურნალისტების კამერის ობიექტივში მოხვდეს, მით უფრო – ნავაჭრით დატვირთული და მით უფრო მაშინ, როცა მე აქ სამთავრობო შეხვედრებს ვმართავ. არ იცი, ამას ჩემი ოპონენტები როგორ გააფიარებენ? რაღა პარიზში მოგინდა საყიდლებზე სიარული და, თანაც, მაინცდამაინც ახლა, როცა ყველა ტელევიზია უკან დაგვდევს? რომელი ერთი გავაკონტროლო? აქ საქმე მაქვს საკეთებელი და ხელს შემიშლი.

თიკა დუმდა. ლევანს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ქალი საერთოდ არ უსმენდა. გააღიზიანა მისმა არაფრისმთქმელმა გამოხედვამ.

– მითხარი, რაზე ფიქრობ? თუ, ისევ უარს ამბობ წასვლაზე?..

– არა, წავალ, რადგან ეს შენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ რატომ მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რაღაცას მიმალავ?

– რას გიმალავ, ეს რაღა მოიგონე?

– ბუნებრივია, სახელმწიფო საიდუმლოებას არ ვგულისხმობ. მინდა, ვიცოდე, რით ხარ ასე აფორიაქებული.

ლევანმა ცოლს შეხედა და პირველად იფიქრა, რომ თიკას უნდა სცოდნოდა მამამისის მაქინაციების შესახებ. „ნეტავი, რას ვუმალავ? იცოდეს, მამამისის შავბნელი წარსულის ამბავი. რატომაც არა! მერე იქნებ ნაკლებადაც გააღმერთოს, ყოვლისშემძლე რომ ჰგონია. გაიგოს, როგორ შესწირა მილიონები თავის აღვირახსნილობას.“

– კარგი, გეტყვი, რადგან ასე გინდა. მეც ვფიქრობ, რომ უნდა იცოდე, რა ხდება. მით უმეტეს, რომ საქმე მამაშენს ეხება.

– მამაჩემს? – თიკამ წამწამები დაახამხამა, – მამაჩემი რა შუაშია?

– ჰმ, შუაში კი არა, თავშია. მაგის გამოა, ჩემს საქმეებზე რომ ვეღარ ვფიქრობ. თავის დაკარგულ მილიონებს ვერ ივიწყებს და მთხოვს, რომ მათ დაბრუნებაში დავეხმარო.

– მოიცა, რა მილიონები, დამცინი? – გაეღიმა ქალს. ლევანმა სერიოზულად გააქნია თავი. თიკას სახეზე ღიმილი გაოცებამ შეცვალა.

– ნორმალურად ამიხსენი, გამაგებინე, რას გულისხმობ!

– ცოტა გრძელი ისტორიაა. ასე სწრაფად ყველაფრის მოყოლას ვერ მოვასწრებ. თანაც ძალიან მოულოდნელი იქნება შენთვის, თითქმის დაუჯერებელი.

– ლევან, ჩემს მოთმინებას ცდი თუ სამაგიეროს მიხდი, ასე მოულოდნელად რომ გამოგეცხადე? არ გამოგივა, ცოტა უკეთესი რამე მოიგონე!

– არაფერს არ ვიგონებ. გაინტერესებს? – მომისმინე. დრო ცოტა მაქვს – უნდა დავიძინო, დილით ძალიან ადრე ვარ ასადგომი.

– რომ არ შეგხვედროდი, ახლაც პარიზის ქუჩებში ისეირნებდი, – საყვედურით ჩაილაპარაკა თიკამ და ხელი სიგარეტის კოლოფისკენ გაიწოდა.

– რამდენს ეწევი, რა უბედურებაა! – ხელიდან გამოგლიჯა სიგარეტი ლევანმა, გადატეხა და საფერფლეში ჩააგდო, – მოკლედ, ასე: მამაშენს საყვარელი ჰყავდა. ჰო, რას მიყურებ, ვერ წარმოგიდგენია, მამაშენს საყვარელი რომ ჰყოლოდა?! ანგელოზი თუ გგონია, ძალიან ცდები. მამაშენი დიდი ნაძირალაა.

– ლევან! – თიკამ ხმას აუწია და ქმარს კიდევ ერთხელ შემოუძახა, – ლევან!

– მაპატიე, კინაღამ დამავიწყდა, რომ მამაშენზე ვლაპარაკობ. დიახ, საყვარელო, მამაშენსაც აქვს ცოდვები. მერედა, როგორი ცოდვები, შენ რომ ვერ წარმოიდგენ, ისეთი. შეიძლება, დედაშენიც რომ ვერ წარმოიდგენს.

– დედაჩემს მაინც დაანებე თავი!

– კარგი, კარგი. დედაშენი ღირსეული ქალია და მე მასთან საქმე არ მაქვს. ზოგჯერ მეცოდება კიდეც და მიკვირს, როგორ ცხოვრობს მამაშენთან ამდენი წლის განმავლობაში.

– მგონი, მართლა უნდა გავემგზავრო, თანაც, რაც შეიძლება, მალე. შენი ხასიათი რომ ვიცი, გულს გამიხეთქავ, ისე მომშხამავ.

– ვერაფერი გავიგე, ხომ გინდოდა, გცოდნოდა, რას გიმალავ? გეუბნები, შენ კი არ მაცლი. ამიხსენი, რა გავაკეთო, რომ შენ კმაყოფილი დარჩე?

– სიმართლე მითხარი!

– სიმართლეს გეუბნები. მამაშენმა თავის საყვარელს ორმილიონიანი სურათი აჩუქა. ახლა ნანობს და მე მთხოვს, როგორმე უკან დავუბრუნო.

თიკამ ეჭვით შეხედა ქმარს:

– ვითომ შენ რატომ გთხოვს, რა გესაქმება მის საყვარელთან?

– საქმეც მაგაშია, რომ მესაქმება.

– ნუ იცინი, მე სერიოზულად გეკითხები!

– მეც სერიოზულად გპასუხობ: ვიცნობ იმ ქალს, თანაც, ძალიან კარგად ვიცნობ.

– შენი საყვარელიც ხომ არ იყო? – ვეღარ მოითმინა ქალმა. ლევანმა შეუბღვირა:

– შენზეა ნათქვამი, მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო. სხვათა შორის, შენც იცნობ.

– ვის?

– ვის და იმ ქალს, მამაშენის ყოფილ საყვარელს. არ გინახავს, მაგრამ გსმენია მის შესახებ, შვილს კი ძალიან ხშირად შეხვედრიხარ.

– ნუ მაწვალებ, მითხარი!

– ჯერ დამპირდი, რომ გაემგზავრები თბილისში.

ქალი შეყოყმანდა.

– თიკა, არ გამაგიჟო!

– ჰო, კარგი, წავალ, წავალ!..

– ნიკუშას დედაზე ვლაპარაკობ.

– ნიკუშა? ვინ ნიკუშა?..

– თიკა, რა დაგემართა, არ იცი, ვინ არის ნიკუშა?

– ღმერთო, ახლა გადავირევი, ნამდვილად გადავირევი, – რამდენიმეწუთიანი გაოგნების შემდეგ აღმოხდა ქალს. ლევანმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.

– აჰა! გაგინათდა გონება?! ახლა ხვდები, რა საპატიო მისია დამაკისრა მამაშენმა? თავის „ბინძურ თეთრეულში“ მარევინებს ხელებს. როგორ ფიქრობ, თავს როგორ უნდა ვგრძნობდე ამ ყველაფრის შემდეგ?

– ღმერთო... ღმერთო... ესე იგი, მამაჩემი და ნიკუშას დედა... არა, არა, შეუძლებელია, წარმოუდგენელი!..

– შეუძლებელი და წარმოუდგენელი მხოლოდ ის არის, რომ მეც ვარ ამ სულელურ ქსელში გახლართული. მე, რომელსაც გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს თავზე საყრელად.

– ლევან, შენ გინდა დამარწმუნო, რომ მამაჩემს მილიონად შეფასებული რაღაც სურათი ჰქონდა, ეს იცოდა და თავის საყვარელს აჩუქა?

– ჯერ ერთი, ეს რაღაც სურათი არ არის, სერიოზული შედევრია. მერე, მეორე – ერთი კი არა, სულ ცოტა, ორი მილიონი ღირს, და, მთავარი: მამაშენს არ იცნობ? არ იცოდა, რას სჩუქნიდა, თორემ მაგის ჩიტია, მილიონები გაეჩუქებინა?!

– და... დედაჩემს წარმოდგენა არა აქვს არაფერზე? – ამოიოხრა თიკამ.

– დედაშენი ძალიან ჭკვიანი ქალია. არაფერს ამბობს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე იცის. თუმცა ახლა დედაშენის პრობლემები ნაკლებად მაინტერესებს, საკუთარი გასაჭირი მაქვს და ის უფრო მადარდებს, რა უნდა ველაპარაკო იმ ქალს, არ ვიცი.

– ვინ ქალს? – გაფაციცდა თიკა.

– შენ რომ ფიქრობ და გგონია, ისე არ არის საქმე. ნიკუშას დედასთან უნდა მივიდე, მაგრამ, როდის ან როგორ, ჯერ არ ვიცი. დრო ხომ უნდა გამოვნახო? თანაც, მართლა არ ვიცი, რას ვეტყვი.

თიკამ ქმრის მიმართ სიბრალული იგრძნო:

– ჩემი საწყალი... მით უმეტეს გჭირდები, ერთად რაღაცას მოვიფიქრებთ.

– ტყუილად მაბამ. შენ უნდა გაემგზავრო.

– კარგი. რადგან ასე ჯიუტობ... – ქალი შეიჭმუხნა.

არა, შენ არ გესმის. მე კი არ ვჯიუტობ, ასეა საჭირო.

თიკამ სიგარეტის კოლოფზე ანიშნა ქმარსდა ყელი ორი თითით გამოიწია.

– ერთ ღერს მოვწევ, რა... ძალიან ავნერვიულდი.

– ჯანდაბა, მოსწიე! ესე იგი, შევთანხმდით, ვუკვეთავ ბილეთს.

თიკამ მორჩილად დაუქნია თავი ქმარს.

– მაგრამ, ლევან...

– აჰა! ისევ? არავითარი „მაგრამ“... თავიდან არ დაიწყო!

– არა, არა, არაფერს ვიწყებ. უბრალოდ, ვკვდები ინტერესით, თან ვფიქრობ, მე რა უნდა ვქნა ახლა.

– რა უნდა ქნა?! რა უნდა ქნა და ისე მოიქცევი, თითქოს არაფერი იცი, აბსოლუტურად არაფერი.

– რატომ? – გააპროტესტა თიკამ, – საქმე ჩემს ოჯახს ეხება. რატომ არ უნდა ვუთხრა მამაჩემს, რომ ყველაფერი ვიცი? მე მაქვს ამის უფლება.

– რა უფლებებზე ლაპარაკობ, ხომ არ გაგიჟდი? ხმა არ ამოიღო, იცოდე! ყოველ შემთხვევაში, სანამ მე არ დავბრუნდები. მერე ვნახოთ.

– აუუ, ნიკუშას რა ტუზი დასცემია?! – წაუსტვინა თიკამ, – დედამისს, მგონი, ისედაც არ აკლდა მილიონები.

– რა გამოვიდა, მერე?! ვირივით ჯიუტია და არაფრით არ უნდა, ამ ქალს დაურეკოს მაინც.

– მერე, რას აპირებ?

– არ ვიცი, მართლა არ ვიცი... კი არ ვხუმრობ, მართლა არ მაქვს წარმოდგენა, როგორ უნდა დაბრუნდეს ის ნახატი ჯერ თბილისში, მერე – მამაშენთან.

თიკამ ტუჩი მოიწიწკნა.

– მამაჩემს რა გეგმა აქვს?

– მაგას მე ვინ მეტყვის? მამაშენს უნდა, რომ ნახატი ნიკუშასთან აღმოჩნდეს, მერე რას გააკეთებს, არ ვიცი. ალბათ, მოაპარინებს ვინმეს.

– რა-ა?!

– ჰო, რა გაიოცე? მაგისთანები არ უჭირს მამაშენს.

– მამაჩემი, შეიძლება, სახელმწიფოს ჰპარავდა რაღაცას, მაგრამ ქურდი არ არის, – მაინც ეწყინა თიკას მამის აუგად ხსენება.

– აბა რა! სახელმწიფოს გაქურდვა არ ითვლება, – დასცინა ლევანმა, – იმიტომაც ცხოვრობდი და ცხოვრობ ფუფუნებაში.

– მერე, რა არის ამაში ცუდი?

– არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს ფუფუნება სხვების ხარჯზე მიიღწევა. მამაშენი მაგ ფულს ხალხს ჰპარავდა.

თიკა შეიჭმუხნა და ტუჩი აიბზუა.

– არ გინდა ლოზუნგები! ეგ ლექციები მორალის ზოგად საკითხებზე შენს თანამშრომლებს წაუკითხე. ვითომ შენ არ მოგწონს ფუფუნება და კარგი ცხოვრება!

– მე ვშრომობ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მქონდეს, თანაც, მუხლჩაუხრელად ვშრომობ. სხვისი არაფერი მჭირდება.

თიკამ ჯერ სერიოზული სახით შეხედა ქმარს, მერე სიცილი აუტყდა.

– რა გაცინებს?

– შენი შემართება და პათოსი. აფსუს, რატომ არ არიან ახლა აქ ჟურნალისტები?!

– პათოსი რა შუაშია! შენ ამას ვერ გაიგებ. მამაშენის მენტალიტეტით ხარ გაზრდილი.

– ამ მენტალიტეტში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მე და შენ არაფრით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, გარდა ერთისა – შენ ცდილობ, თავი იმაზე უკეთ მოგვაჩვენო, ვიდრე სინამდვილეში ხარ.

– თიკა, ტყუილად ცდილობ, დამიმტკიცო, მამაშენთან ჩემი მსგავსება. ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ.

– მაგრამ ამან ხელი არ შეგიშალა, მასთან შეკრულიყავი. რატომ დასთანხმდი, სურათის დასაბრუნებლად ერთად გებრძოლათ?

– იმიტომ, რომ საქმე ჩემს მეგობარს ეხება.

– არ მითხრა, რომ ნიკუშას მილიონებზე შეგტკივა გული, არ გამაცინო!

– რატომაც არა! ჩვენ მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. შენ კიდევ არ იცი, როგორი ურთიერთობა გვქონდა.

– ჰო, გქონდათ, ეს ძალიან სწორად თქვი. მერე კი რაღაც-რაღაცეები მოხდა.

– ცდები. მე ნიკუშა ისევ ისე მიყვარს. ვერც იმას დავივიწყებ, რაც მამამისმა ჩემთვის გააკეთა.

– არ ვიცი, არ ვიცი... – მხრები აიჩეჩა თიკამ და თავი დაეჭვებულმა გადააქნია.

– არ გჯერა ჩემი?

– იცი? მინდა, რომ მჯეროდეს, მაგრამ...

– მაგრამ არ გჯერა. არ მიკვირს. შენ მე არ მენდობი. ფიქრობ, მამაშენს იმიტომ შევეკარი, ფული მინდა ვიშოვო...

თიკა დაეჭვდა.

– შენთან კამათს არ ვაპირებ, ვხვდები, რომ აზრი არ აქვს. მე ჩამოვალ თბილისში და იქ კიდევ ბევრი რამე გაირკვევა. მანამდე კი ქალბატონ ელენეს მოვინახულებ. ნეტავი, ისევ ისეთი ლამაზია?..

– ანუ, ლამაზი იყო...

– ძალიან, ძალიან... ბიჭებს ყოველთვის სილამაზის ეტალონად გვყავდა. ეგეთი ქალი მართლა აღარ მინახავს, მიკვირს, როგორ დათმო მამაშენმა.

თიკამ ავად გახედა ქმარს. ლევანი მიხვდა:

– ტყუილად ეჭვიანობ. სიმამრის ყოფილ საყვარელს „სხვა“ თვალით არასოდეს შევხედავ. მით უმეტეს, როცა ის ჩემი მეგობრის დედაა. სულ რომ ვნება მკლავდეს და მაჟრჟოლებდეს, ანუ დორბლიც რომ ჩამომდიოდეს, მაინც იმით დავკმაყოფილდები, რაც ხელის გაწვდენაზე მაქვს.

– დებილო! – გაბრაზდა თიკა.

– ეჰ, საყვარელო, ასეთია ცხოვრება! ელენე კი, მართლა ძალიან ლამაზი იყო, – ოცნებით ჩაილაპარაკა კაცმა.

– დამშვიდდი, კარგი ცხოვრება ქალს არ აფუჭებს. ისევ მოგეწონება... თუ უკვეთავ ბილეთს, შეუკვეთე. აეროპორტამდე კი ჩემს სასტუმროში უნდა გამატარო. იქ მაქვს ბარგი.

– მე ვერ გამოგყვები, ტაქსის გამოვიძახებ. ოღონდ, პირობა უნდა მომცე, რომ ბუმერანგივით უკან არ მობრუნდები.

– შეიძლება, არ შეგინიშნავს, მაგრამ მე არასდროს მომიტყუებიხარ.

– ჰოო?! ამას ვინ ამბობს! ჩუმად რომ გამომყევი უკან, ეს რა იყო?

– შენ არ გიკითხავს ჩემთვის, მოვდიოდი თუ ვრჩებოდი, – ეშმაკურად ჩაიცინა ქალმა, – თანაც, ხომ მაპატიე?!

– კარგი, კარგი, გაპატიე. წამოდი, სასტუმროს ბარში ჩავიდეთ და რამე დავლიოთ. ჯანდაბას, დილის რეისით გაგიშვებ.

გახარებულმა თიკამ ხელი ხელს შემოჰკრა. ქმარს კისერზე ჩამოეკიდა და ლოყები დაუკოცნა.

***

... ნიკუშას ნატას შიშველ მუცელზე ედო თავი და თვალებდახუჭული იაზე ფიქრობდა. ვახოს სიტყვები გულში ჩარჩა – მართალი იყო, როცა ამბობდა, მარტო შენი კი არა, იმ გოგოს ცხოვრებაც დაამახინჯეო. ნიკუშა აწრიალდა და თვალები გაახილა.

– რა მოხდა? – ძილ-ღვიძილში უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნატამ, – უკვე გათენდა?

– გათენდა? მალე დაღამდება, მაგრამ შენ დაიძინე, დაიძინე... თუკი, რა თქმა უნდა, არსად გეჩქარება.

– შენთან ვაპირებ დარჩენას, თუ წინააღმდეგი არ იქნები, ოღონდ, რამე უნდა მაჭამო, რამე ძალიან გემრიელი.

– პური მაქვს. მაცივარში ყველიც უნდა იყოს... – ნიკუშა ლოგინში წამოჯდა.

ნატა საბოლოოდ გამოფხიზლდა.

– პური და ყველი? შენ, მგონი, დამცინი. პურს საერთოდ არ ვჭამ. მით უმეტეს, მჟავე დროჟით მოზელილს, უმარილოს და უგემურს.

– ჰო, ჰო, ვიცი, რომ კარგი გემოვნება გაქვს. მაშინ, დავრეკავ და პიცას შევუკვეთავ.

– ფული გაქვს? – გაუხარდა ნატას.

– არა, მაგრამ არ არის პრობლემა, ვახოს კაფეში დავრეკავ. ბოლოს და ბოლოს, მაგათი თანამშრომელი ვარ. არაფერი დაუშავდებათ, თუ ჩემს კვებაზე იზრუნებენ.

– კარგი აზრია, მომწონს. ნელ-ნელა აზრზე მოდიხარ. მაშინ, პიცა არ მინდა, ის საფირმო კერძი შეუკვეთე, შენმა ძმაკაცმა რომ მოიგონა, სასაცილო სახელი რომ ჰქვია. ვგიჟდები, ისე მომწონს.

– ჩემზე, ჩემზე არ გიჟდები? – გაიცინა ნიკუშამ.

– როგორ არა. აბა, შენს ლოგინში რა მინდა?! წარმოუდგენელი სიგიჟეა უფულო და უპერსპექტივო კაცთან კოტრიალი, მით უმეტეს, სექსი, თუ მასზე არ გიჟდები – ნატამ მხარზე უკბინა კაცს და ველური კატასავით გაიზმორა. ნიკუშამ სიამოვნებისგან გაიცინა, შიშველ სხეულზე ზეწარი შემოიხვია, ადგა და ტელეფონს დაუწყო ძებნა.

– სად არის აპარატი, იატაკზე არ იდო?

ნატამ მხრები აიჩეჩა და შიშველი მკერდი გამომწვევად გაბზიკა. ნიკუშამ მზერა მოარიდა – ეს გოგო ჰიპნოზივით მოქმედებდა მასზე და თავისი ველური ვნებიანობით თავგზას უბნევდა... – ზარმა სასტუმრო ოთახთან მოუსწრო. წაუყრუა.

– ვიღაც მოვიდა! – საძინებლიდან გამოსძახა ნატამ.

– მე არავის ველოდები, – ჩაიბურტყუნა ნიკუშამ.

ზარი განმეორდა.

– არ გესმის? ვიღაც მოვიდა-მეთქი!

– ეს გოგიჩაა, შემომაკვდება ნამდვილად! – დაიქადნა ნიკუშამ და წელზევით შიშველი, თეძოებზე ზეწარშემოხვეული, შემოსასვლელში გავიდა. დარწმუნებულმა იმაში, რომ ზღურბლზე ნამდვილად გოგიჩა დახვდებოდა, კარი ერთბაშად გამოაღო საჩხუბრად შემართულმა და გაშრა... მოულოდნელობამ გააშეშა. სხეული ერთბაშად დაუმძიმდა, თითქოს ძარღვებში სისხლის ნაცვლად გამდნარი ტყვია ჩაუსხეს...

– გამარჯობა, – ქალმა უხერხულად გაიცინა და გაწითლდა, – მგონი, ცუდ დროს მოვედი...

– შენ?! აქ?!.. არ გელოდებოდი... მართლა... – ნიკუშამ უმწეოდ მიმოიხედა.

– რა სულელი ვარ. ალბათ, ჯერ უნდა დამერეკა. გაგაღვიძე. გეტყობა, ლოგინიდან წამოგაგდო ჩემმა ზარმა...

– მე... ისა... ჰო. მართალია... არავის ველოდი, საქმეც არ მქონდა და ვიფიქრე, დავწვები-მეთქი... შენ... ისა, აქეთ იყავი?

– ჰო. რაღაც მაგდაგვარია... შეიძლება, შემოვიდე? მარტო ხარ?

ნიკუშამ სისუსტე იგრძნო. შუბლი ოფლის წვეთებით დაეფარა.

– შემოხვიდე?.. ჩემთან?.. რა თქმა უნდა, შეიძლება. ჰო... შეიძლება, აბა, რა... მარტო? ჰო, მარტო ვარ... მაგრამ, ხომ ხვდები... ცოტა მერიდება... ჩემთან უწესრიგობაა...

– ვხვდები... ნიკუშ... რა პრობლემაა. არეული ბინით უნდა გამაკვირვო?.. – იას გაეღიმა... – შენ სულ არ შეცვლილხარ.

– ჰოო?.. არც შენ... თუმცა, რას ვბოდავ... ძალიან გალამაზებულხარ. ვახომ კი მითხრა, ძალიან მაგარ ფორმაშიაო, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... იცი, რა ვქნათ?.. შენ აქ დამელოდე, მე შევალ, ჩავიცვამ და სადმე წავიდეთ.

– შემოვიდოდი... სულ ცოტა ხნით... – იამ ფეხის წვერებზე წამოიწია, მაგრამ ნიკუშამ ფეხის წინ წადგმის საშუალება არ მისცა.

– ახლავე... ახლავე ჩავიცვამ, – ზეწრის კალთა მაგრად ჩაბღუჯა და შებრუნდა.

ნატა პირველად იამ დაინახა. გოგოს მხოლოდ ბიკინი ეცვა და კართან მოლაპარაკე წყვილს დაუფარავი ინტერესით უყურებდა. ნიკუშას არასოდეს უგრძვნია მსგავსი რამ: სირცხვილი, ბრაზი, შეძრწუნება და ტკივილი ერთმანეთში აირია. ლაპარაკის უნარი წაერთვა, პირი გაუშრა და საცოდავად აბლუკუნდა:

– მე... მე... ია... იცი...

– ოღონდ, არ მითხრა, რომ ეს ის არაა, რაც მე ვიფიქრე. შენი ბრალი არ არის, ეს მე ვარ სულელი, ნამდვილი იდიოტი... უნდა მცოდნოდა... მაგრამ, ეტყობა, ისევ ბავშვობაში ჩავრჩი... კარგად იყავი... ბოდიში, რომ ხელი შეგიშალეთ... – იამ ცრემლით სველი ღაწვები ხელისგულით მოიწმინდა და თავდახრილმა ჩაირბინა კიბე.

ნიკუშას ძალიან უნდოდა გამოჰკიდებოდა, გულში ჩაეკრა და ეთქვა, რომ ისევ ძველებურად უყვარდა, მაგრამ დროზე მიხვდა ამის უაზრობას, ნატასკენ შებრუნდა და კბილების ღრჭიალით გამოსცრა:

– რა ჯანდაბად გამოხვედი ოთახიდან? საწოლში ვერ დაეტიე? ტანზე მაინც ჩაგეცვა, შიშველ-ტიტველი რომ წამომადექი თავზე!

– ვინ იყო? – ნატამ არაფრად ჩააგდო ნიკუშას გაბრაზება და სიცილით აიჩეჩა მრგვალი, ლამაზი მხრები.

– შენი საქმე არ არის! წარმოდგენა არ გაქვს, რა გააკეთე! ის აქ აღარ მოვა, არასდროს აღარ მოვა! ის კი არა, მე ვარ იდიოტი, – ნიკუშა კართან მივიდა და ჩაკეტა, – სახლში წადი, რა... მარტო მინდა, დავრჩე.

– თუ გინდა, გავეკიდები და მოვაბრუნებ. ვიტყვი, გაუგებრობა მოხდა, შენს შეყვარებულთან საერთო არაფერი მაქვს-მეთქი.

– და შიშველი იმიტომ ვიყავი, რომ მცხელოდაო? გაჩუმდი, რა... შენ არაფერი იცი! ერთი ჩერჩეტი გოგო ხარ, თანაც უზნეო...

– ჰო. უზნეო ვარ, ჩერჩეტიც, მაგრამ ზოგიერთივით ღრუბლებში არ დავფრინავ. შიშველი მნახა? – მერე, რა მოხდა, დღეს ეს ვის უკვირს? ახლა არ მითხრა, რომ ქალიშვილია...

– გაჩუმდი, რა! – იფეთქა ნიკუშამ, – ისიც საკმარისია, რომ ყველაფერი გააფუჭე, მაგრამ, ჩემი ბრალია, შენ რა შუაში ხარ. ვახო მართალია, ბრიყვი ვარ, ნამდვილი კრეტინი!..

– არ გინდა! მორჩი საკუთარი თავის ლანძღვას! – ნატა ნიკუშას მიუახლოვდა და მკერდზე შიშველი მკერდით მიეკრა. ნიკას წინააღმდეგობა არ გაუწევია. არც მისი მოცილება უცდია. თვალწინ იას ცრემლიანი თვალები ედგა და თავბედს იწყევლიდა...

ია კი გარბოდა... ანგარიშმიუცემლად, თვითონაც არ იცოდა, საით და თან ტიროდა. ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა და პერანგის საყელოს უსველებდა... ქალისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. ყველა ოცნება, მითი ერთ წამში დაიმსხვრა და რეალობამ ცხვირის წვერი აუწვა. „არა, რას ველოდი... რომ ჩემს სურათზე მიშტერებული დაჯდებოდა და კალამმომარჯვებული ლექსებს დამიწერდა? ყველა ერთნაირია, ყველა კაცი... არ ვყვარებივარ. არასოდეს ვყვარებივარ. ადრე უნდა მივმხვდარიყავი ამას. რატომ გამოვდექი ასეთი სულელი და რატომ მივეცი უფლება, ჩემი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გაეთელა? არასდროს არავის დავუმცირებივარ ასე. კი არ უნდა გამოვქცეულიყავი, თვალები უნდა ამომეკაწრა იმ კახპასთვის. მაგრამ, იმას რას ვერჩი, ის რა შუაშია... ჩემგან განსხვავებით, იცის, რა სჭირდება კაცისგან და მოქმედებს კიდეც... ნიკუშა... ერთგული და სხვანაირი... ნიკუშა, რომელიც არავის ჰგავდა და ყველა კაცზე უარესად მოიქცა დამამცირა და გამანადგურა... რატომ მივედი, რატომ?.. რომ ვყვარებოდი, ჩემი ნახვა რომ ნდომოდა, ერთხელ მაინც დამირეკავდა. ვახომ გამაბრიყვა, მოვკლავ... მაგაზე მაინც ვიყრი ჯავრს...“ – იამ პირველივე ტაქსი გააჩერა. მძღოლმა განცვიფრებით შეხედა აწითლებულ ქალს, სახე კოსმეტიკით რომ ჰქონდა მოთხუპნული, მაგრამ არაფერი უკითხავს. მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და მანქანა ნელა დაძრა ადგილიდან...

***

ლევანმა ცოლის ხელჩანთები საკუთარი ხელით ჩააწყო ტაქსის საბარგულში და თიკას კიდევ ერთხელ შეახსენა თავისი პირობა:

– იცოდე, ჩაფრინდები თუ არა, დამირეკავ. მამაშენს არაფერს ეტყვი და, საერთოდ, გაცილებით აჯობებს, თუ ჩემს ჩამოსვლამდე საერთოდ არ მიხვალ მასთან.

– კარგი. მოიფიქრე რამე? რას ეტყვი იმ... იმ ქალს? – თიკამ შეგნებულად არ წარმოთქვა მისი სახელი.

– ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ ნახატი არ გაუყიდია. მერე მოვიფიქრებ, რას მოვიმოქმედებ. არც ნიკუშასთან დარეკო. მპირდები?

– გპირდები... – თიკა შეყოყმანდა.

– რა მოხდა კიდევ? – აფორიაქდა ლევანი.

– არაფერი. კარგად იყავი! – ქალმა ლოყაზე აკოცა ქმარს და მანქანაში ჩაჯდა. ლევანს არ მოეწონა მისი ორაზროვანი გამოხედვა და ეჭვით გულდამძიმებულმა დაუქნია ხელი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3