რა სიხშირით მოვრწყათ ნეოდიფსისი ზამთარში და რა შემთხვევაში დასცვივდება ქოთნის აკაციას ფოთლები
ზოგიერთ მცენარეს ზამთარში მაღალი ტემპერატურა სჭირდება, ზოგი მორწყვის მიმართაა პრეტენზიული, ზამთრის სეზონზე კი ზოგს საერთოდ არ უყვარს მოვლა და დასვენების რეჟიმში გადადის. „ფლორა ინტერნაცნიონალის” წარმომადგენელი ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, როგორი მოვლა სჭირდება ზამთარში ნეოდიფსისსა და ქოთნის აკაციას.
– ბატონო ამირან, მოგვიყევით ნეოდიფსისის შესახებ...
– ეს მცენარე ძირითადად ტროპიკული ქვეყნიდანაა. მისი სამშობლო მალაიზია და კონგოა, სადაც სიცოცხლის უმეტეს ნაწილს წვიმებსა და სიცხეებში ატარებს. თავის სამშობლოში ძალიან მაღალი იზრდება, ხოლო საქართველოს პირობებში ორ მეტრ სიმაღლეს აღწევს. მისი ტანი დაფარულია ეკლებით და არის პალმის ერთ-ერთი სახეობა.
– რთულია თუ არა ნეოდიფსისის გამრავლება ჩვენს პირობებში და როგორ გავახაროთ ის?
– ეს მცენარე იოლად გასახარებელია, როგორც თესლით, ასევე ამონაყარით. მისი გამრავლება ძირითადად ხდება თესლით, რომელიც მიწაზე დავარდნით არ ამოდის – აუცილებელია მისი მიწაში ღრმად ჩარგვა. ამ მცენარის ნაყოფით იკვებება უამრავი ცხოველი, რომელთა კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას, თესლი არ ფუჭდება და ცხოველის გადამუშავებულ საჭმელთან ერთად ნიადაგზე მოხვედრისას აღმოცენებას იწყებს.
– რამდენი ხნის განმავლობაში არ კარგავს მისი თესლი აღმოცენების უნარს?
– ნეოდიფსისის თესლი აღმოცენების უნარს ინარჩუნებს ექვსი თვის განმავლობაში, შემდეგ ამ პროცესს ანელებს და ბოლოს საერთოდ კარგავს.
– როგორ ნიადაგში გვირჩევთ ამ მცენარის ჩარგვას?
– ნეოდიფსისი კარგად ეგუება ნებისმიერ ნიადაგს და პრეტენზიული არ არის ამ მხრივ. ის, შეგიძლიათ, ჩარგოთ შავ ნიადაგშიც.
– რა სიხშირით მოვრწყათ ნეოდიფსისი ახლა და როგორ მოვუაროთ ამ მცენარეს ზაფხულში?
– საერთოდ, ზამთარში და ყინვის დროს, მცენარე ხშირად არ უნდა მორწყათ – კვირაში ერთხელ წყლის დასხმა საკმარისი იქნება, თუმცა, გირჩევთ, ხშირად მოსინჯოთ ნიადაგი ხელით: თუ ძალიან გამოშრა, შეგიძლიათ, მორწყათ უფრო ხშირადაც. რაც შეეხება ზაფხულს, ამ სეზონზე წყალი ინტენსიურად უნდა დაასხათ. რაც უფრო მაღალი იქნება ტემპერატურა, მცენარეს მით უფრო ხშირი მორწყვა დასჭირდება.
– რა ტემპერატურაზე მოსწონს ყოფნა ნეოდიფსისს?
– მას ზაფხულის სიცხე არ აწუხებს. როგორი მაღალიც არ უნდა იყოს ტემპერატურა, ეს მცენარეზე ცუდად არ იმოქმედებს, თუმცა, ამ პერიოდშიც ნეოდიფსისს მაღალი ტემპერატურა სჭირდება. მისთვის ზამთარში 28-30 გრადუსია სასურველი ამიტომ, გაითვალისწინეთ და ბინაში ტემპერატურა გამათბობელით აამაღლეთ. ამ მცენარისთვის მნიშვნელოვანია დადგათ ნათელ ადგილას და ამყოფოთ მაღალ ტემპერატურაზე.
– შესაძლებელია თუ არა ნეოდიფსისის გასხვლა და ყვავილობს თუ არა ის?
– მცენარეს გასხვლა არ სჭირდება. შესაძლებელია, მან იყვავილოს და შემდეგ ყვავილი ნაყოფად გადაიქცეს. თუმცა, ნეოდიფსისი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იყვავილებს და არა ადრეულ ასაკში. მის ნაყოფს თავის სამშობლოში ფქვილის სახითაც იყენებენ.
– მავნებლები თუ ემტერება ამ მცენარეს?
– საბედნიეროდ, ამ მცენარეს არანაირი მწერი და მავნებელი არ ეკარება. ასე რომ, შეგიძლიათ, იოლად გაახაროთ ბინაში და დატკბეთ მისი სილამაზით.
– რას გვეტყვით ქოთნის აკაციის შესახებ?
– ქოთნის აკაცია მარადმწვანე ხე-ბუჩქია. ის მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც გამოირჩევა დაგრეხილი ტანითა და ლანცეტისებური ფოთლებით.
– პრეტენზიული მოსავლელია ქოთნის აკაცია?
– ეს მცენარე ძალიან იოლი გასახარებელია, ოთახის პირობებს მშვენივრად ეგუება და არც პრეტენზიულია.
– შესაძლებელია ამ მცენარის აყვავილება?
– თავის სამშობლოში, ავსტრალიაში, ეს მცენარე ძალიან ხშირად ყვავის. მისი ყვავილები ძალიან დიდი ფორმისაა და ულამაზესია. საქართველოს პირობებში, ბინაში, მცენარეს ვერ ააყვავილებთ, თუმცა, აყვავილებულ ქოთნის აკაციას შეიძლება შეხვდეთ ბოტანიკურ ბაღში ან სათბურებში.
– რით მრავლდება ქოთნის აკაცია?
– ქოთნის აკაცია მრავლდება თესლით, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი აღმოცენების ძალიან დაბალი შანსი არსებობს. ამ მცენარეს ისეთი მძაფრი სურნელება არ აქვს, რომ მოხდეს კარგი დამტვერვა. ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ ნერგი და შესაბამისი პირობების გათვალისწინებით გაზარდოთ.
– სად გვირჩევთ ქოთნის აკაციის დადგმას და როგორი ადგილი მოსწონს მას ყველაზე მეტად ბინაში?
– ზაფხულობით სასურველია, ამყოფოთ აივანზე ამ დროს მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი გარე კლიმატია; ზამთრის სეზონზე კი მცენარე დადგით რაც შეიძლება ნათელ ადგილას, სასურველია, იყოს ფანჯარა.
– რა ტემპერატურა შევურჩიოთ ბინაში ქოთნის აკაციას და რა სიხშირით მოვრწყათ ის წლის განმავლობაში?
– სითბოში მორწყეთ მცენარე ინტენსიურად, ზამთარში კი მისთვის საკმარისი იქნება ორ კვირაში ერთხელ წყლის დასხმა. ზაფხულში მცენარე ტემპერატურის მხრივ მომთხოვნი არ არის – ის ნებისმიერ სიცხეს გაუძლებს, თუ აივანზე ამყოფებთ; ახლა კი, ამ სეზონზე, გირჩევთ, ბინაში ამყოფოთ 28 გრადუსი ტემპერატურის პირობებზე.
– რა საფრთხე დაემუქრება მცენარეს, თუ ტემპერატურა 28 გრადუსზე დაბლა ჩამოვა?
– თუ ზამთრის ტემპერატურა 28 გრადუსზე ნაკლები იქნება, მცენარეს ფოთლები დასცვივდება, თუმცა, ეს არ იმოქმედებს აკაციის სიჯანსაღეზე. თუ ბინაში მაღალი ტემპერატურის შექმნის შესაძლებლობა არ გაქვთ, მცენარე ამყოფეთ 18-20 გრადუსზე და ის უფოთლოდაც ძალიან ეფექტური იქნება.
– როგორ ნიადაგში გვირჩევთ ქოთნის აკაციის ჩარგვას და რა ზომის იზრდება ის ოთახის პირობებში?
– ამ მცენარეს ნიადაგში უნდა ჰქონდეს როგორც მინერალები, ასევე, მასში უნდა შედიოდეს: თითო წილი ქვიშა და ნაკელი და ორი წილი ტორფი. ბინაში ის ძალიან მაღალი არ იზრდება – დაახლოებით ერთ მეტრ სიმაღლეს მიაღწევს.
– რამდენ ხანში ერთხელ გადავრგოთ ქოთნის აკაცია და რომელი მავნებელი ემტერება მას?
– მცენარე გადარგეთ მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ. მას არ აქვს ფუნჯა ფესვები, ამიტომ, ნუ შეუშინდებით მცენარის გადარგვას. პარაზიტებიდან აკაციას უჩნდება მხოლოდ ტკიპა და ფქვილისებრი ფარიანა. მათი მოშორება კი შესაძლებელია აქტელიკითა და დურსბანით.