კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: როგორი ფერის ფრჩხილების ლაკია წელს მოდაში?
პასუხი: ფრჩხილების ლაკის ფერის მოდურობა დამოკიდებულია ქალის ასაკზე: თინეიჯერები უპირატესობას ანიჭებენ მუქ ფერებს – შავს, ლურჯს, მწვანეს და მუქ შინდისფერს; 30 წლამდე ქალებს მუქი ვარდისფერი და წითელი ფერის სხვადასხვა ვარიანტი მოსწონთ; 30 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის კი ყველაზე სასურველია ბაცი ვარდისფერი ან თეთრი პერლამუტრი.
კითხვა: რა თანმიმდევრობით უნდა წავისვა სახეზე ლოსიონი, კრემი და ასე შემდეგ?
პასუხი: საერთოდ, სახის მოვლა უნდა დაიწყოთ კანის გაწმენდით. შემდგომი თანმიმდევრობა კი დამოკიდებულია იმაზე, მთელი დღე სახლში აპირებთ დარჩენას, დილით სამსახურში მიდიხართ, თუ საღამოს – წვეულებაზე. მაგრამ, მკვებავი, დამატენიანებელი და დამცავი კრემების წასმა ყოველთვის აუცილებელია.
კითხვა: გამიგია, რომ თმის ძირებისთვის სასარგებლოა სხვადასხვა სახის ზეთის შეზელა. მაინტერესებს, რა ზეთებია ეს, რომელს რა ფუნქცია აკისრია და რომლის გამოყენებას მირჩევთ (მაქვს თხელი თმა)?
პასუხი: მცენარეული ზეთები უამრავ ვიტამინს შეიცავს, რომლებიც, პრაქტიკულად, აგვარებს თმის ყველა პრობლემას. თმის ტიპსა და ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს, სასურველია, თმის ძირებში კვირაში ორჯერ შეიზილოთ ნებისმიერი ზეთი, რომელზეც ხელი მიგიწვდებათ (თითო სახეობა – თითო თვის განმავლობაში).
აბუსალათინის ზეთი ამაგრებს ძირებს და აქრობს ქერტლს;
ბრინჯის ზეთი აჩქარებს თმის ზრდის პროცესს;
ავოკადოს ზეთი ატენიანებს და კვებავს თავის კანს და ასე შემდეგ.
ოღონდ, გახსოვდეთ, ზეთი უნდა წაისვათ უშუალოდ თმაზე (მცირე რაოდენობით), წრიული მოძრაობით დაიმასაჟოთ და მინიმუმ, 2-3 საათით გაიჩეროთ. გარდა ამისა, აუცილებლად ჩამოიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულითა და გვირილის ნახარშით.