„ლამაზი დღე მოხუცებულებს“ – „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მორიგი საქველმოქმედო აქცია
31 იანვარს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო მათ, ვინც საზოგადოების ყურადღებასა და შემწეობას ნამდვილად საჭიროებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კომპანიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უჩვენა თანადგომისა და სიკეთის მაგალითი. გარდა იმისა, რომ ჯეკპოტითა და სხვა სიურპრიზებით ხშირად ახარებს სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მას აქტიურად შეაქვს წვლილი ქართული სპორტისა და კულტურის განვითარებაში, ასევე, აწყობს საქველმოქმედო აქციებს უპოვართა და მიუსაფართათვის.
იანვრის ბოლო, სუსხიან დღეს „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ ერთად ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალებების წარმომადგენლები კომპანიის თანამშრომლებთან ერთად მოხუცთა თავშესაფარ „ბეთელს“ ვესტუმრეთ დიდ დიღომში, სადაც 40-მდე მოხუცებული სახლობს. როგორც ყველა სხვა თავშესაფრის მობინადრეებს, მათაც უამრავი პრობლემა აწუხებთ, მაგრამ, ამბობენ, რომ ბედს მაინც არ უჩივიან და უფლის მადლობლები არიან იმისთვის, რაც აქვთ.
მოხუცთა თავშესაფარ „ბეთელს“ აქვს ერთი საინტერესო ტრადიცია: ყოველი თვის ბოლოს ისინი სახლის იმ მობინადრეთა საერთო იუბილეს აღნიშნავენ, ვისაც სწორედ იმ თვეში ჰქონდა დაბადების დღე. ამჯერად იანვრის თვის იუბილარებს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ უდიდესი თანადგომა და მხარდაჭერა აღმოუჩინა. კომპანიის სახელით, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლალი კრიხელმა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, გია ბარკალაიამ, ახლობლების ყურადღებასა და მზრუნველობას მოკლებულ მოხუცებს სარეცხი მანქანა, ხილი, ტკბილეული და სხვა საჩუქრები გადასცეს. კომპანიამ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე აჩუქა „ბეთელის“ მობინადრეებს, რითიც მათი დიდი მადლიერება დაიმსახურა.
სუფრა დიდ, თეთრად შეღებილ დარბაზში იყო გაშლილი, სადაც ბუხარი ენთო. თავშესაფრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ნაამაგარ ადამიანებს ყველაზე მეტად, საკუთარი ახლობლებისგან უყურადღებობა და ინდიფერენტიზმი აწუხებთ. ზოგი მათგანი აქამდეც მარტოხელა იყო, ზოგი კი უსამართლობისა და გულგრილობის გამო მოხვდა თავშესაფარში. მოხუცები ოთახში მორიგეობით შემოდიოდნენ, დაბნეულები და გახარებულები. მობინადრეებმა და „ბეთელის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლიანა ჩოფლიანმა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ წარმომადგენლებს საჩუქრებისა და თანადგომისთვის გულითადი მადლობა გადაუხადეს და ბოლოს მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
ლიანა ჩოფლიანი: ჩვენი თავშესაფარი უკვე 6 წელია, რაც არსებობს. პირადად მე მას მეორე წელიწადია, ვხელმძღვანელობ. ეს არის ქრისტიანული ორგანიზაცია, მე თვითონ „წმიდა ნინოს ორდენის“ ხელმძღვანელიც გახლავართ.
– რამდენი მობინადრე ცხოვრობს სულ თქვენს სათნოების სახლში?
– დაახლოებით ორმოცამდე შეივსო ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად, 2010 წელს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მათ ეროვნებას, რწმენას, არც სხვა რამეს. ჩვენთან არიან სომხები, ებრაელები, რუსები, ქართველები, სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან დევნილები. შარშან გაერომ მეორე ფლიგელი გაგვირემონტა იმ პირობით, რომ იქ ლტოლვილებს ჩავასახლებდით. ჩვენს თავშესაფარში არიან უნარშეზღუდულები, მარტოხელები, ადგილობრივი და რეგიონების მცხოვრებნი.
– ძირითადად რა ასაკის ადამიანები ცხოვრობენ თქვენს თავშესაფარში?
– ძირითადად, 60 წელს გადაცილებულები, გვყავს 70, 80 წლის მოხუცები ზოგიერთი 60 წელს მიტანებულიც არ არის, მაგრამ, ბავშვობიდან ინვალიდია და ამიტომ ჩვენთან ცხოვრობს. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ყველანი ვმეგობრობთ, ერთმანეთის გასაჭირის მოზიარეები ვართ.
– ახლობლები, შვილები, შვილიშვილები თუ აკითხავენ, ცოტათი მაინც თუ აქცევენ ყურადღებას?
– სწორედ ამის თქმა მინდოდა ახლა. ჩვენს თავშესაფარში, მადლობა უფალს, მოხუცებულებს სასმელ-საჭმელი და სხვა აუცილებელი პირობები, ასე თუ ისე, არ აკლიათ. მათი ერთადერთი საწუხარი ახლობლებთან ურთიერთობის დეფიციტია. მოიყვანეს და დატოვეს თავიანთი მშობლები აქ. ზოგს შვილმა ბინა გაუყიდა, ზოგი უცხოეთში ცხოვრობს, ზოგს მშობელზე ზრუნვა საკუთარ მოვალეობად არ მიაჩნია. ერთი ქალბატონი მოიყვანეს ჩვენთან, ოჯახის წევრები სარდაფში აცხოვრებდნენ იძულებით, საშინლად მძიმე მდგომარეობაში იყო… არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი... 15-ში პენსიების დღეა. საბრალოები, აგროვებენ, იკლებენ და ისევ შვილებსა და შვილიშვილებს აძლევენ. ისინიც სწორედ მაშინ მოდიან, როცა იციან, რომ პენსია უნდა აიღონ, დაბადების დღე რომ აქვთ, საერთოდ არ ახსენდებათ. ყველანი მოხუცდებიან და თავადაც გაიგებენ, რა არის სიბერე და მარტოობა.
– დღეს როგორ გრძნობენ ისინი თავს, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მიერ ასეთი არაჩვეულებრივი საჩუქრების მირთმევის შემდეგ?
– მართლაც, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ არაჩვეულებრივ კომპანიას, რომელიც ასეთი საჩუქრებით მოვიდა და ასეთი ზეიმი მოუწყო ჩვენს მოხუცებს. სიტყვები არ მყოფნის სიხარულისა და მადლიერების გამოსახატავად. ეს სარეცხი მანქანა სწორედ რომ, დროული იყო, ორი მანქანა გვაქვს, მაგრამ, ერთი გაფუჭებულია და ძალიან გვიჭირდა ამის გამო. ეს, ალბათ, ღვთის ნება იყო. „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აგრძნობინეს ამ ადამიანებს, რომ ისინი ყველასგან არ არიან დავიწყებულები და თუნდაც ერთი ლამაზი დღე აჩუქეს მათ, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენეს ჩვენს საზოგადოებას სიკეთისა და მხარდაჭერის მაგალითი.
ამ თვის ბოლოს მოხუცთა თავშესაფარში სამი ქალბატონის: მერი ქადაგიშვილის, ოლგა შეიანოვასა და მარია ზასლავსკაიას დაბადების დღე აღნიშნეს. სამივე ქალბატონის ცხოვრება საკმაოდ ბევრი ტკივილითა და დარდით არის სავსე. ქალბატონი ოლგა თავშესაფარში მისივე გაზრდილმა გერებმა მიიყვანეს და დატოვეს, მერი ქადაგიშვილის ერთადერთი ვაჟი აფხაზეთის ომმა იმსხვერპლა. ბედს მაინც არ უჩივის, არც შვილიშვილებს ემდურის და ამბობს, რომ არა ვაჟის სიკვდილი, არაფერზე ვიდარდებდიო...
მერი ქადაგიშვილი: მეექვსე წელიწადია, ამ თავშესაფარში ვცხოვრობ. ერთადერთი ვაჟი მყავდა და ისიც აფხაზეთის ომმა შემიჭამა და წამართვა... საქართველოს დასაცავად იბრძოდა, ძალიან მიმძიმს... ორი შვილიშვილი მყავს, ბიჭები. ორივე დაოჯახდა, პატარები ჰყავთ და ესღა მაცოცხლებს. შვილი რომ არ მყავდეს მკვდარი, არაფერი მიჭირს, აქ ყველას საერთო გასაჭირი გვაქვს. დიდი მადლობა ლატარიის კომპანიას ასეთი მოლოცვისათვის, უღრმესი მადლობა! თქვენც, ყველას მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.
ლალი კრიხელი (საქართველოს ლატარიის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პრიორიტეტია სოციალური პასუხისმგებლობა და ქველმოქმედება. ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ მსგავს აქციებს და ვცდილობთ ჩვენი მხრიდან გავულამაზოთ ცხოვრება იმ ადამინებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ამჯერად ჩვენ სტუმრად მოვედით და საჩუქრები მოვუტანეთ „ბეთელის“ მობინადრეებს. საჩუქრები შევარჩიეთ მათი სურვილებისა და საჭიროების მიხედვით. 31 იანვარი შეგნებულად შევარჩიეთ – გვინდოდა, მათი ტრადიციის თანამონაწილენი გავმხდარიყავით. ჩვენ შევეცადეთ, მათთვის ხალისიანი და დასამახსოვრებელი გაგვეხადა ეს დღე.
გია ბარკალაია („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი): მინდა, ამ თავშესაფრის მობინადრე სამ ქალბატონს მივულოცო იუბილე, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო! ჩვენი კომპანიისა და, ზოგადად, საზოგადოებისათვის ქველმოქმედება ძალზე მნიშვნელოვანია. „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მსგავს აქციებს მომავალშიც განაგრძობს.
ჩვენც, ტრადიციისამებრ, წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას, რომელმაც არაერთხელ შეძლო ადამიანების გახარება, გაბედნიერება, მათთვის იმედის მიცემა. „თბილისელების“ რედაქციის სახელით, ჩვენც ვუერთდებით მილოცვას და ვუსურვებთ მოხუცებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს! არავის მიეტოვებინოს განსაცდელში მშობლები და ახლობლები.