ვის მიუძღვნა ალექსანდრე ყაზბეგმა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი პორნოლექსები
ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებიდან ბევრი ნაწარმოები დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი, თუმცა საზოგადოებაში ასე თუ ისე, ჭორ-მართლის დონეზე, მრავალი თხზულება თუ ბიოგრაფიული ეპიზოდია ცნობილი. იმასაც ამბობენ, თითქოს ზოგიერთი ნაწარმოები მწერალს მითვისებული ჰქონდაო, მაგრამ, ალბათ, ერთი-ორს, ან არც ამდენს სმენია, რომ ალექსანდრე ყაზბეგი პორნოლექსების ერთი ციკლის ავტორია. ექსკლუზიურად „თბილისელებისთვის” ამ ლექსებისა და ზოგადად, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმდების დეტალებზე დღევანდელ ინტერვიუში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელისაბედ ზარდიაშვილი გვესაუბრება.
– ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებით ბევრი მკვლევარი იყო დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, მისი არქივი კვლავ დამუშავებასა და შესწავლას საჭიროებს. ამ დრომდე, მწერლის მრავალი დაუმთავრებელი, თუ დამთავრებული თხზულება დაბეჭდილი არ არის. განსაკუთრებით, ეს შეიძლება ითქვას, მის პიესებსა და დაუმთავრებელ თხზულებებზე. ბევრი პუბლიცისტური წერილი ყაზბეგის არქივიდან დღესაც დღის სინათლეს ელოდება. ეს წერილები უფრო მეტად შეეხება თეატრსა და სხვა იმდროინდელ საზოგადოებრივ მოვლენებს. ამ წერილებში ავტორი ეკამათება „დროების”, „ივერიის”, „იმედის”, „შრომის” და სხვა პერიოდულ გამოცემათა თეატრალურ რეცენზენტებს. მაგალითად: „ივერიის” რედაქტორისადმი წერილში ყაზბეგი ხსნის, თუ როგორ დაამახინჯეს მისი პიესა „ცხოვრების თანამგზავრი”. თურმე, მწერლის ნებართვის გარეშე დაუდგამთ ეს პიესა სცენაზე და „ცხოვრების თანამგზავრის” ნაცვლად დაურქმევიათ „ცოლი მეუღლე”.
– როგორც ჩანს, საავტორო უფლებების დაუცველობა საუკუნეების პრობლემა ყოფილა.
– მართლაც. რეცენზენტი ალექსანდრე ყაზბეგს უკიჟინებს: რა სათაურია „ცოლი მეუღლეო”?! რაზეც ავტორი პასუხობს: „თავის დღეში ფიქრად არ მომსვლია, მისთვის სახელი გამომეცვალა და მით უფრო ის სახელი, რომელიც ვიღაცა ... მომეტებული რომ არა ვთქვათ თავაწყვეტილს მიუცია. ვიმეორებ, რომ მე არ მიმიცია ჩემგან გადმოკეთებულის პიესისთვის ეს სახელი და არც მესმის, რას ნიშნავს აზრი სიტყვებისა – ცოლი მეუღლე. დღემდის ვერ მივმხვდარვარ, ვისი მასხარაობა იყო ამგვარ მოუპატიჟებელ ნათლიად გამოხტომა და უკვე მონათლულის საზოგადოებისგან ცნობილის პიესის გადანათვლა.”
– ამ დროს ხომ ილია იყო „ივერიის“ რედაქტორი?
– დიახ და სწორედ ამიტომ ექცევა ასეთი პატივისცემით მწერალი მის პიროვნებას. ამ ფაქტს ადასტურებს გამოუქვეყნებელი წერილების რამდენიმე ფრაგმენტი. მაგალითად, ერთგან წერს: „სანამ მექნება ბედნიერება პირისპირ თქვენი ხილვისა ...” და კიდევ „მომიტევეთ, რომ ჩემის აზრის ახსნით კიდევ წუთს დაგაბრკოლებთ...” მწერალი აღიარებდა ილიას და უდიდეს პატივს სცემდა. ამიტომაც საუბრობდა მოკრძალებულად კონკრეტულად მის პიროვნებასთან. არადა, ალექსანდრე ყაზბეგი იყო შემტევი და თავისი სიმართლის ბოლომდე გამტანი. მაგალითად, „დროების” თეატრალურ რეცენზენტს რჩევას აძლევს და პირდაპირ ეუბნება: შენი რეცენზიები არ ვარგა და ენა დაიმოკლე, ან სრულიად გაჩუმდიო. ერთგან ვასო აბაშიძეზე წერს: „ბატონმა აბაშიძემ არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ყოველი თავისი შეცდომილება სხვას გადააბრალა და თავის მოლექნილის ენით დაარწმუნა ამხანაგობა, რომ მისთანა მართველი კაცი არ გაჩნდება.”
როგორც ვხედავთ, ამ წერილებით ალექსანდრე ყაზბეგის მრავალ სახასიათო შტრიხს ესმევა ხაზი და ეს გამოუქვეყნებელი პუბლიცისტური წერილები ანგრევს იმ სტერეოტიპულ წარმოდგენას ალექსანდრე ყაზბეგზე, რომელიც მისი პიროვნების შესახებ არის გაბატონებული.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ბევრს მიაჩნია, ყაზბეგი მხოლოდ თავისი შედევრების შექმნაში იყო ჩაძირული, განდგომილი გახლდათ და იმასაც ამბობენ, თითქოს თვალებით, ბეცი იყო, ანუ მხედველობა არ უვარგოდა და ამის გამო თავის ნაწერებს არ ასწორებდაო. თითქოს მწერალი ფსიქიკაშერყეული ადამიანი გახლდათ და საქმისადმი სერიოზულად მიდგომა არ შეეძლო. ეს გამოუქვეყნებელი წერილები ამ სტერეოტიპს არღვევს და მათი წყალობით, ყაზბეგი წარმოგვიდგება, როგორც დიდი საზოგადო მოღვაწე, თეატრისთვის თავდადებული პიროვნება, ბათუმის სკოლის გაუქმების წინააღმდეგ მებრძოლი და საზოგადოებრივი საქმეებისთვის თავდადებული ადამიანი.
– იმასაც ამბობენ, თითქოს არაერთი მისი შედევრი მოპარულია და მითვისებული ალექსანდრე ყაზბეგის მიერ. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– ამ საკითხის გარშემო კამათობდნენ მიხეილ ზანდუკელი და ვახტანგ კოტეტიშვილიც. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ჭორი. ალექსანდრე ყაზბეგის პირადი ცხოვრებისა და შემოქმედების შეპირისპირებამ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ მისი შედევრები თვით მწერალს ეკუთვნის და მეტიც, ისინი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. მაგალითად, „ხევისბერ გოჩაში”, ზუსტად ის ცხოვრებისეული მომენტებია გამოყენებული, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგს თვითონ გადახდა თავს. პარალელისთვის ერთი-ორი მაგალითიც იკმარებს. მაგალითად: 1870 წელს რუსეთიდან დაბრუნებული მწერალი ცხვარში წავიდა. ეს იყო მისი ნინო ჩერნიშევ კრუგლოვასთან ჩაშლილი სიყვარულის გამო გადადგმული ნაბიჯი. მიუწვდომელ სიყვარულს გაურბის ონისეც ცხვარში წასვლით. ძიძიას გარეგნობაც ზუსტად ემთხვევა ყაზბეგის შეყვარებულის გარეგნობას. გარდა ამისა, ონისეს ჩაცმულობას ისეთივე ვერცხლის ქამარ-ხანჯალი ამშვენებს, რომელსაც ბავშვობაში მამა ატარებინებდა ალექსანდრეს.
მოთხრობა „განკიცხულში” ერთ-ერთი გმირი, – ლევანი ზუსტად იმ სიტყვებს იმეორებს, რომელსაც ალექსანდრე ყაზბეგი თავის ავტობიოგრაფიულ ცნობებში წერს. რაც შეეხება „საქართველოს ბომონდსა” და „ცხოვრების ჩარხს”, – პირდაპირ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებებია ანუ, ეს არის ყაზბეგის ბიოგრაფია მხატვრულად ინტერპრეტირებული. ვის შეიძლებოდა, სცოდნოდა ყაზბეგის სიყვარულის ისტორია, რომელიც დეტალურად არ იყო ცნობილი და მეოცე საუკუნის დასასრულს დადგინდა წერილობითი წყაროებით მისი სინამდვილე. ასეთი მაგალითი უამრავია.
– რადგან ალექსანდრე ყაზბეგის უცნობ მასალებზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია, არ ვისარგებლო შემთხვევით და არ გკითხოთ იმ ლექსების შესახებ, რომლებზედაც სრულიად შემთხვევით შევიტყვე და წესით, არც უნდა გამეგო, რომ არა ჩემი ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა.
– რას გულისხმობთ?
– რას და, ალექსანდრე ყაზბეგის უცნობ, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ პორნოგრაფიულ ლექსებს.
– ასეთი ტიპის ლექსები ბევრ შემოქმედთან გვხვდება. მაგალითად: აკაკის არქივშიც არის უწმაწური ლექსები, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ მის აკადემიურ ოცტომეულში. საერთოდ, მე სასტიკი წინააღმდეი ვარ ამ კატეგორიის ლექსების გამომზეურებისა. ისინი შემოქმედს არაფერს ჰმატებენ, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით, უწმაწური ლექსები შემოქმედის ფსიქოტიპის შესაცნობად კარგი მასალაა.
ალექსანდრე ყაზბეგის არქივშიც მოიპოვება უხვი რაოდენობით პორნოგრაფიული ლექსები. ისინი წიგნად შეუკრავს მწერალს, ლურჯ ყდაში ჩაუსვამს და ძალიან საინტერესო სათაურიც მიუცია „არაყველასათვის საკითხავი”. ლექსების კრებული იხსნება ასეთი წარწერით – განცხადება: ნუ კითხულობ და ასე იწყება:
„ნუ კითხულობთ ამ რვეულსა, როდი არგებს ყველასაო,
უზრდელობად ჩამომართმევთ, ხველას ვარქმევ ხველასაო.”
შემდეგ მოცემულია შესავალი ლექსი და ამას მოსდევს ოცდახუთამდე ქალის დახასიათება სექსის დროს და კონკრეტულად მითითებულია იმ ქალის სახელი, ვისაც ამ ლექსს უძღვნის. მაგალითად: „მალიას”, „ბაბუცას”, „სალომეს”, „მაკოს”, „ნინას”, „ნატოს”, „ტასოს”, „თამარს”, „სოფიოს”, „ციციას” და ასე შემდეგ. თითოეული ეს ლექსი უკიდურესად უწმაწურია.
– მაინც რამდენად?
– იმის იქით აღარ არსებობს.
– მაგალითად?
– „რას გადმეკიდა, რა უნდა გაუმაძღარი ნატოვო,
სადაც კი მნახავს, მომწვდება ... წამოვასხათ მატოვო,
განა იმდენი თ...ი მაქვს, რომ ყოველს ადგილს ვფანტოვო”.
– ამ ლექსების თითოეულ პერსონაჟთან ურთიერთობა ჰქონდა ყაზბეგს?
– თუ ამ ლექსებს დავუჯერებთ, ალბათ, ჰქონდა. ისიც ჩანს, რომ ამ ქალებიდან ავტორს ზოგი მოსწონდა, ზოგიც – არა. გარდა ამ ლექსებისა, ეს წიგნად შეკრული რვეული მთავრდება ზოგადი უწმაწური ლექსებითაც, რომელთაც არ ჰყავს კონკრეტული ობიექტი. მაგალითად, ასეთი ლექსებია: „ქალმა სთქვა”, „შენთან მოვედ” და „ქალს”.
– ზემოთ აღნიშნეთ, რომ ნებისმიერი გამოუქვეყნებელი და შეუსწავლელი მასალა ავტორისა, მისი ფსიქოტიპის დასახასიათებლად გამოდგებაო. თქვენი აზრით, „არაყველასათვის საკითხავი” როგორ ახასიათებს ალექსანდრე ყაზბეგს?
– როგორც ჩანს, ალექსანდრე ყაზბეგისნაირ დიდ და მოუცლელ ადამიანებსაც ხანდახან შემოქმედებითი პროცესიდან დასვენება სჭირდებათ. ეს ლექსები მოცალეობის ჟამის გართობად უნდა ჩაითვალოს. დასასრულ, კიდევ მინდა, აღვნიშნო, რომ ასეთი ლექსების დღის სინათლეზე გამოტანა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ის არც არაფერს ჰმატებს და არც არაფერს აკლებს შემოქმედს.