„არაჩვეულებრივი“ პარტნიორი
ჯერ ის გავარკვიოთ, შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი, იგივე მამაკაცი, არაჩვეულებრივი იყოს?! ცოტა უცნაური განმარტებაა, არა?! ჯერ ერთი, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ლოგიკურად, რადგან ინდივიდუალურია, ის ჩვეულებრივი ვერ იქნება. მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, ჩვენ ყველანი ჩვეულებრივები ვართ იმიტომ, რომ ყველას გვაქვს მოთხოვნილება, გვიყვარდეს და ვუყვარდეთ – ეს ისეთი ჩვეულებრივია, რომ ყველას ესმის და ყველა ერთსულოვნად თანხმდება ამაზე.
თუმცა, როცა პარტნიორს ვარჩევთ, ის ჩვენთვის არაჩვეულებრივი და განსაკუთრებულია, მაგრამ, თავიდანვე უნდა ვეცადოთ, არ მივანიჭოთ თუ მივაწეროთ ისეთი თვისებები, რომლებიც მას მიწიერი არსების იერს დაუკარგავს და განსაკუთრებულობის ელფერს შესძენს. ასეთ ხელოვნურად შექმნილ „განსაკუთრებულთან” ურთიერთობა მომავალში ძალიან გაგიჭირდებათ, მით უფრო, თუკი იგრძნო, რომ აღმატებით ხარისხში აიყვანეთ. ადამიანები ასე ვართ – თავის დაფასება გვიყვარს. როცა საშუალებას გვაძლევენ და გვაქეზებენ კიდეც ამისკენ, ცდუნებას ვერ ვუძლებთ: რატომ არ უნდა წარმოიდგინო თავი არაჩვეულებრივ არსებად, თუკი ამას ერთი ადამიანი მაინც დაგიდასტურებს?! მოკლედ, ასე ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვყავს პარტნიორი იმისკენ, რომ ერთ დღეს საკუთარ თავს ჰკითხოს: „ნუთუ მე, ასეთი კარგი და არაჩვეულებრივი, უკეთესს არ ვიმსახურებ?“ – და მაშინვე დაიწყებს ამ „უკეთესის“ ძებნას და თქვენგან წავა. შეიძლება, მერე მიხვდეს, რა დაკარგა, მაგრამ თქვენ ამით შვებას ვერ იგრძნობთ. ამიტომ, ისევ თავად რომ არ დაზარალდეთ, არასდროს იფიქროთ პარტნიორზე, რომ ის არაჩვეულებრივია. მით უმეტეს, ხმამაღლა არ თქვათ ეს და არც აგრძნობინოთ, თუნდაც მართლაც იყოს არაჩვეულებრივი!