როგორ მოხვდა ისრაელის პარლამენტში ნინო აბესაძე და ვის მონატრებას ჩამოჰყავს ის თბილისში
ქართველი ჟურნალისტი ნინო აბესაძე ისრაელის პარლამენტის, ქნესეთის წევრი გახდა. გზას, თბილისიდან ქნესეთამდე ის 16 წლის წინ დაადგა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში წარმატებული სატელევიზიო კარიერა დატოვა და ისრაელში ცხოვრება თავიდან დაიწყო. დღეს ნინო ისრაელში პოპულარული პარტიის „კადიმას” წევრია, რომლის დამფუძნებელიც არიელ შარონი იყო. როგორ დაიმკვიდრა ადგილი ისრაელის პოლიტიკაში ნინო აბესაძემ, ამის შესახებ თავად ნინო გიამბობთ, რომელსაც ჩვენ ისრაელში დავუკავშირდით.
ნინო აბესაძე: თბილისიდან 16 წლის წინ წამოვედი, იმის მიუხედავად, რომ მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო და ჩვენ ყველანი ბევრი არეულობის მომსწრე ვიყავით, დიდი სიყვარულით ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. ჩემი მოსვლა ჟურნალისტიკაში უზარმაზარი იმპერიის, საბჭოთა კავშირის დანგრევას დაემთხვა. ეს პროცესი ხდებოდა არა ჩვენ თვალწინ, უშუალოდ ჩვენი მონაწილეობით, რადგან ჟურნალისტიკა არის პროფესია, რომელსაც მიმდინარე მოვლენები ყველაზე აქტუალურად ეხება. იმ პერიპეტიების ფონზე, ჩემი თაობის ჟურნალისტებმა შევძელით და შევინარჩუნეთ ჩვენი ადამიანური სახე, რაც იოლი ნამდვილად არ იყო. მე ვიყავი საინფორმაციო რედაქციის განუყოფელი ნაწილი, ვმუშაობდი როგორც ქართული, ასევე რუსული საინფორმაციო გადაცემებისთვის. პირველი რეპორტაჟები „ვესტნიკისთვის” მაქვს გაკეთებული. საერთოდაც, სწორედ ამით დაიწყო ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა. არცთუ დიდი ხნის შემდეგ, შემომთავაზეს, რომ წამეყვანა გადაცემა „ნაშუადღევს”, მერე ვიყავი საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს” წამყვანი, პარალელურად, ვენაცვლებოდი ხოლმე მარკ რივკინს და ხანდახან „ვესტნიკიც” მიმყავდა. ასე რომ, ძალიან ბევრი მაკავშირებს სახელმწიფო ტელევიზიასთან, ჩვენი სამუშაო დღე გრძელდებოდა 24 საათზე მეტხანს. ჩვენ გავუძელით უამრავ გაჭირვებას – არ გვქონდა არაფერი, არც შუქი, არც წყალი, მაინც გიჟებივით ვმუშაობდით. ხშირად ვიკრიბებოდით, ვხუმრობდით, ვქეიფობდით იმით, რაც გვქონდა. ეს კი უმეტესად მხოლოდ შემწვარი კარტოფილი იყო ხოლმე, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ძალიან ბედნიერად ვგრძნობდით თავს.
– როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გაუძელით ამ ყველაფერს და ამიტომ, გადახვედით საცხოვრებლად ისრაელში?
– არა, ეს არ ყოფილა მიზეზი. როცა თბილისიდან წამოვედი, მთელი ჩემი ოჯახი – დედა და სამი უმცროსი და უკვე ისრაელში ცხოვრობდნენ. ისინი 1992 წელს გადმოვიდნენ აქ საცხოვრებლად. ჩვენ ვართ განუყოფელი ოჯახი, მეც, დედაც და ჩემი დებიც. საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა დამეღუპა მამა, ცნობილი რეჟისორი ოთარ აბესაძე. თუმცა, ის ჩემთვის სამუდამოდ ცოცხალია და ხანდახან სიზმარშიც ველაპარაკები ხოლმე. დედა ებრაელი მყავს. ჩემი მშობლების დამსახურებით, მე ვარ შედგენილი ორი, ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილისგან – ერთია საქართველო და ქართველობა, მეორე ნაწილი არის ისრაელი, ჩემში ერთნაირად არის შერწყმული ქართული და ებრაული ხასიათი, ცხოვრებაში ყველაფერი ორ ნაწილად მაქვს გაყოფილი (იცინის).
– არ გაგიჭირდათ ისრაელში თავის დამკვიდრება?
– როგორ არ გამიჭირდა, 31 წლის ვიყავი, როცა აქ ჩამოვედი. როცა ცხოვრებას იწყებ ნულიდან და არ ხარ ნული წლის, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია. მე არ ვიცოდი ივრითული ენა. ბუნებით ძალიან კონსერვატორი ვარ, მით უმეტეს, სოციალურ საკითხებში, მიჭირს ახლის შეჩვევა. ამისთვის დრო მჭირდება. სანამ ივრითული კარგად არ ვისწავლე, ხმა არ ამომიღია. მე გამიღიმა ბედმა და პირველი სამსახური, რაც ისრაელში დავიწყე, იყო ისევ ჟურნალისტიკა. ამისი იმედი არ მქონდა, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ივრითული ტელევიზიის არხზე საინფორმაციო გადაცემისთვის დამატებით წამყვანს ეძებდნენ. ისეთი პერიოდი მქონდა, ტელევიზია ღამ-ღამობით მესიზმრებოდა, მაშინვე მივედი კონკურსზე, რომელშიც საკმაოდ ბევრი ხალხი იღებდა მონაწილეობას. კარგად არც კი მესმოდა ყურში რას მეუბნებოდნენ გადაცემის რეჟისორები, მაგრამ თბილისში ისეთ პირობებში მქონდა ნამუშევარი, არ გამიჭირდა მათი „მოხიბვლა.” ისეთი გამოცდილება მქონდა, არათუ დალაგებულ სტუდიაში, ფეხით რომ ჩამოვეკიდე ვინმეს, მაინც შევძლებდი გადაცემის წაყვანას. მაშინდელი პერიოდისთვის ივრითული ტელევიზია ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან შორს იყო წასული, ვიდრე ჩვენი, ქართული ტელევიზია. თუმცა, არც ისრაელი ყოფილა მშვიდი ქვეყანა, რომ სამოთხეში მოვხვედრილიყავი. შესაბამისად, ჟურნალისტად მუშაობა არც ისრაელში იყო იოლი. ტელევიზიაში ერთი წელი ვიმუშავე და მერე დახურეს გადაცემა. მეც მომიხდა წამოსვლა ტელევიზიიდან. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ცხოვრების დრამატული ეტაპი. მომიწია მუშაობა სხვადასხვა გაზეთებში. არ ვმალავდი და თავიდანვე ვეუბნებოდი გაზეთების რედაქტორებს, რომ წერა არ მიყვარდა და ჩემი სტიქია ტელეჟურნალისტიკა იყო. ჯერ ერთი, ფინანსურად მჭირდებოდა უზრუნველყოფა. თანამედროვე სამყაროში, აბსოლუტურად გამორიცხულია არ იმუშაო. ამას გარდა, მენტალურადაც აუცილებელია – როცა იწყებ ახალ ცხოვრებას, ფინანსურად კარგადაც რომ იყო უზრუნველყოფილი, სახლში ჯდომა მაინც წარმოუდგენელია. თავიდან, როცა გაზეთში დავიწყე მუშაობა გიჟს ვგავდი, მაგრამ მერე ამ სამსახურს ისე მივეჩვიე, ერთ-ერთი გაზეთი, სადაც 5 წელი ვიმუშავე ჩემთვის მშობლიურ სახლად იქცა. ამის მიუხედავად, არ გამინელდა ტელევიზიის სიყვარული და თანამშრომლობა დავიწყე ივრითულ ტელევიზიებთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქნესეთში მოხვედრამდე, ვიყავი იშვიათი გამონაკლისი იმ ადამიანთა შორის, ვისაც ისრაელში ცხოვრების მხოლოდ 16 წლის მიუხედავად, შეეძლო მონაწილეობის მიღება სხვადასხვა პოპულარულ გადაცემაში.
– როგორ მოხვდით პოლიტიკაში და როგორ გახდით ქნესეთის წევრი? ემიგრანტისთვის პოლიტიკის კარი იოლად არ უნდა გახსნილიყო.
– პოლიტიკურ სარბიელზე ადგილის დამკვიდრება არც ერთ ქვეყანაში არაა იოლი, მით უმეტეს ემიგრანტისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, დღეს ქნესეთში საკმაოდ ბევრი წარმომადგენელია დიდი ალიადან – ვინც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ისრაელში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამ ადამიანებმა მოახერხეს თავის დამკვიდრება სხვადასხვა პარტიებში, მხოლოდ ჩემს პარტიაში, ჩემი ჩათვლით, დიდი ალიის ოთხი წარმომადგენელი ვართ. მე ქნესეთის წევრი სულ ახლახანს გავხდი, 15 ნოემბერს დავდე ფიცი. ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიტიკური სირთულეების ფასს მოგვიანებით გავიგებ. მე ისრაელის პარლამენტში მოვხვდი პოლიტიკური პარტია „კადიმას” სიით. ამ პარტიის სახელწოდება წინსვლასთან არის დაკავშირებული. „კადიმას” დამაარსებელი არიელ შარონია, ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელსაც დიდ პატივს ვცემდი. ჩემი და მისი ურთიერთობა დაიწყო ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე. მასთან რამდენიმე სერიოზული ინტერვიუ მაქვს გაკეთებული. ბოლო ინტერვიუ მის ავადმყოფობამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. არიელ შარონი იყო სრულიად განუმეორებელი ადამიანი. 2000 წელს, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა პრემიერ-მინისტრის რანგში, მე იმ ადამიანთა შორის ვიყავი, ვინც მას აბსოლუტურად არ უჭერდა მხარს. არიელმა ძალიან ადვილად შეძლო როგორც ჩემი, ასევე ბევრი ოპონენტისა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის „გადაბირება” იმ ნაბიჯების წყალობით, რომელიც ისრაელის წინსვლისთვის გადადგა. მახსოვს, როცა მასთან მივედი, ბოლო ინტერვიუზე, მან საკუთარი ხელით ყავაც კი მომიდუღა. ის იმდენად თბილი ადამიანი იყო, ხანდახან მასთან შესულს, მავიწყდებოდა, რომ ის პრემიერ-მინისტრი იყო. შარონმა იცოდა, რომ მე საქართველოდან ვიყავი, მას ძალიან უყვარდა ჩვენი ქვეყანა, მისი ოჯახის წევრები თავის დროზე საქართველოშიც კი ცხოვრობდნენ.
– თქვენი პოლიტიკური ნათლობა არიელ შარონის დახმარებით შედგა?
– ასე არ ყოფილა. ჩემთან შარონს არასდროს უსაუბრია „კადიმას” შესახებ. მაგრამ, მე მასთან მქონდა დანიშნული შეხვედრა, სანამ ის კომაში ჩავარდებოდა. მე დღეს ზუსტად არ შემიძლია იმის თქმა, რა თემას უნდა შეხებოდა ჩვენი შეხვედრა, თუმცა ვფიქრობ, რომ მას სწორედ ამ თემაზე სურდა ჩემთან საუბარი. იმ პერიოდში არ დაწყებულა ჩემი ურთიერთობა ამ პარტიასთან, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. გავიდა რამდენიმე წელი და მე მოვხვდი ამ პარტიაში, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პარტიის მსოფლმხედველობა. „კადიმა” არის მანდატების რაოდენობით ყველაზე დიდი პარტია ისრაელის პარლამენტში. 28 მანდატი სხვა არც ერთ პარტიას არ აუღია არჩევნებზე. ამის მიუხედავად, ჩვენ ვართ ოპოზიციაში იმის გამო, რომ სახელისუფლებო პარტიამ – „ლიკუდიმ” მოახერხა კოალიციის შექმნა. ამის მიუხედავად, „კადიმა” ძალიან ქმედუნარიანი და აქტიური პოლიტიკური ძალაა ისრაელის პარლამენტში.
– როგორ ცხოვრობთ ისრაელში?
– მე ვცხოვრობ პატარა დაბაში, რომელიც პალესტინიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზეა. მყავს 2 ქალიშვილი. უფროსი – ეკატერინე სტუდენტია, თბილისში დაიბადა, მეორე ქალიშვილი კი – აქ, ისრაელში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დატვირთული ცხოვრება მაქვს, ვარ ეკატერინეს და ანაელის დედა.
– საქართველოს მონატრებას მანდ როგორ იქარვებთ?
– საქართველო ხშირად მენატრება. არ აქვს მნიშვნელობა, მანდ ვარ თუ ისრაელში. მაგრამ, როგორც კი ძალიან მომენატრება, ჩემი გიჟური ტემპის მიუხედავად, მაშინვე მანდ მოვდივარ. ეს საკმარისი არაა ჩემთვის, მაგრამ სხვაგვარად არ გამომდის. მე მანდ ჩამოვყავარ საქართველოს, თბილისის, მეგობრების სიყვარულს, რომელთა გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია. მე ამ მეგობრებთან ერთად გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ადამიანად. როგორც კი მანდ ჩამოვდივარ, მივდივარ ჩემს მეგობრებთან, ვისხამთ ბევრ ყავას და ვიწყებთ ჭორაობას (იცინის). მე ისრაელის ამბებს ვყვები, ისინი თბილისურს მიყვებიან. მანდ რომ ჩამოვდივარ, თბილისური ცხოვრების ყაიდაზე გადავდივარ. ეს ის წესია, რომელიც ჩემთვის დიდი ხანია ძალიან ძვირფასია. მე, ალბათ, ვერასდროს შევხედავ საქართველოს პოლიტიკოსის თვალით, რადგან, ეგ ყველაფერი ჩემთვის იმდენად მშობლიურია, მთელი ცხოვრება მის ერთგულად და გულშემატკივრად დავრჩები.