კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ძაღლები არიან ზამთრის პერიოდში კიდურების მოყინვის რისკის ქვეშ და რა შედეგამდე შეიძლება, მივიდეს ეს პროცესი უყურადღებობის შემთხვევაში

ზამთრის სუსხი და ყინვები ცხოველებისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ძლიერი ყინვის დროს ძაღლს შესაძლოა, რომელიმე კიდური ან ორგანო მოეყინოს და, თუ ყურადღება დროულად არ მიაქციეთ, არც ამპუტაცია იქნება გამორიცხული. ამიტომ, აუცილებელია, თქვენი ოთხფეხა მეგობრის მიმართ ზამთარში უფრო ყურადღებით იყოთ, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. ამ თემასთან დაკავშირებით კი, უფრო დაწვრილებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

– ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით რომელი ცხოველები არიან საფრთხის ქვეშ და როგორ უნდა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა?

– ზამთარში მოყინვის რისკის ქვეშ ყველა ის ცხოველია, რომელსაც დიდი ხნით უწევს გარეთ სეირნობა, ძირითადად კი ის ძაღლები, რომლებიც ეზოს პირობებში ცხოვრობენ.

– საქართველოში დიდი ყინვები არასდროს არის. მაინც საშიშია ეს პერიოდი?

– მართალია საქართველოში ძალიან დიდი ყინვები არ იცის, მაგრამ ეს პრობლემა მაინც აქტუალურია და, შესაბამისად, არსებობს მოყინვის რისკიც. თუმცა, მოყინვის იოლი ფორმა ფიქსირდება.

– რაიმე მედიკამენტი თუ არსებობს იმისთვის, რომ ცხოველი მოყინვისგან დაცული იყოს?

– მედიკამენტის მიცემას ამ დროს აზრი არ აქვს. ძაღლი ნორმალურ პირობებში უნდა ვამყოფოთ. როგორც ადამიანს ვერ დაიცავს მედიკამენტები მოყინვისგან, ისევეა ცხოველის შემთხვევაშიც.

– მაშინ, გვითხარით, რომელია, ყველაზე სუსტი კიდურები, რომელთა მოყინვისგან ძაღლი დაზღვეული არ არის?

– არის სხეულის რამდენიმე ნაწილი, რომელთა მოყინვის რისკი დიდია. მაგალითად, ძაღლს შეიძლება მოეყინოს კუდის ბოლო, ყურის წვერი, თათები, ტანი; მამრებს შესაძლოა – სათესლე ჯირკვლები და ასე შემდეგ.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლს რომელიმე კიდური ან ორგანო მოეყინა?

– ეს რთული შესამჩნევი არ იქნება, რადგან მოყინული ადგილი ჩვეულებრივთან შედარებით უფრო ცივი და ფერმკრთალია. გახსოვდეთ, რომ მოყინვის დროს პირველი დახმარების გაწევა ძალზე მნიშვნელოვანია: ცხოველი უნდა მოვათავსოთ თბილ ოთახში და დავაფაროთ თბილი ქსოვილი. გაყინული ადგილი თანდათანობით, ნელ-ნელა უნდა შევუხვიოთ. თუ ცხოველს რამდენიმე საათში არ დაუბრუნდა მოყინულ ადგილზე მგრძნობელობა და ტემპერატურა სხვა კიდურების ტემპერატურის თანაბარი არ გახდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, საკმაოდ ღრმა პროცესები წავიდეს და განგრენაში გადაიზარდოს. უყურადღებობის შემთხვევაში, შეიძლება, ცხოველმა გონება დაკარგოს. ამ დროს მისი ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და ის არაფერზე აღარ რეაგირებს.

– ზამთარში, მოყინვებთან ერთად, ალბათ, კიდურების მოტეხილობაც იმატებს.

– დიახ, ასეა. შეიძლება, ძაღლმა ტრავმა მიიღოს, იქნება ეს მოტეხილობა, დაჟეჟილობა, ართრიტები, სახსრის ანთებები ასე შემდეგ. ეს იმიტომ ხდება, რომ ზამთრის პირობებში ტრავმების ალბათობა გაცილებით ხშირია, რადგან ცივი კიდურის დაზიანების ალბათობა მეტია.

– ცხოველის მოყინულ კიდურზე მკურნალობის შემდეგ, რამდენიმე წლის მერე, სიცივის დროს, მაინც იჩენს თუ არა თავს ტკივილი?

– რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. რაც არ უნდა ვუმკურნალოთ ცხოველს, ნებისმიერი პათოლოგიური პროცესი ტოვებს კვალს ორგანიზმში და ასევე, ხდება მოყინვის შემთხვევაშიც. ამიტომ, მკურნალობის შემდეგ, ზამთარში აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და არ უნდა დავუშვათ, რომ კიდევ ერთხელ მოეყინოს მას ესა თუ ის კიდური ან ორგანო.

– ყველაზე მეტად რომელი ჯიშის ძაღლები არიან მოყინვის საფრთხის ქვეშ?

– მოყინვის საშიშროების წინაშე ძირითადად დიდი ჯიშის ძაღლის ლეკვები და პატარა ტანის ძაღლები დგანან.

– რატომ?

– პატარა ძაღლებს უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ გასათბობად ანუ, მეტ ენერგიას ხარჯავენ და მეტ სითბოს გასცემენ.

დაბოლოს, გირჩევთ, დაბალი ტემპერატურის დროს ცხოველის გარეთ დიდხანს სეირნობისგან თავი შეიკავოთ. გახსოვდეთ, რომ ერთი გასეირნებით შეიძლება მას დიდი ზიანი მიაყენოთ და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნათ. თუ მაინც ვერ დაიზღვევთ თავს ამისგან, მაშინ, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც სათანადო მკურნალობას ჩაუტარებს თქვენს ოთხფეხა მეგობარს.


скачать dle 11.3