როგორ აღმოჩნდა ნინო წიკლაური სამოთხეში და რატომ შეეცვალა მას წარმოდგენა ოთარ კუშანაშვილზე მისი გაცნობის შემდეგ
მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი და არაერთი სიმღერის ავტორი, გიგა კვენეტაძე, მეუღლესთან, ნინო წიკლაურთან ერთად, მოსკოვში იმყოფება და ერთიანი ძალებით ისინი რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწეობენ. გიგა, როგორც ყოველთვის, სტუდიაში მუშაობდა ერთ-ერთი მომღერლის სიმღერაზე და ჩვენც ნინოს გავესაუბრეთ. მართალია, ნინო სულ რამდენიმე თვეა, რაც მეუღლესთან ჩავიდა, მაგრამ ამ მოკლე დროში, ჩვეული ენერგიითა და ენთუზიაზმით, საკუთარი თავის რეალიზება მოახერხა და რუსულ შოუ-ბიზნესში აქტიურად ჩაერთო. თუ რას საქმიანობს და როგორ იყენებს თავის ძვირფას დროს, ამას უკვე მისგან, ინტერვიუში შეიტყობთ.
ნინო წიკლაური: მოსკოვში, თავდაპირველად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო წამოვედი. დრო საკმაოდ გამიგრძელდა, ოპერაცია გადამედო. რადგან გიგა აქ იყო და საბოლოოდ, მაინც მომიწევდა ჩამოსვლა, დარჩენა გადავწყვიტე. მოვინახულე ყველა ქართველი, ვინც კი აქ მოღვაწეობს ჟურნალისტიკაში თუ შოუ-ბიზნესში. ვისაც შორიდან ვიცნობდი, ისინიც გავიცანი. შეიძლება, ადრე რომელიმე მათგანი არ მომწონდა, მაგრამ დღეს მათთანაც კავშირი მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ გაცნობის შემდეგ, ყველა მათგანით მოვიხიბლე-მეთქი, მაგრამ მათ ვნახულობ და საქმიანი ურთიერთობა მაქვს.
– ვინ არ მოგწონდა, რომელზეც გაცნობის შემდეგ წარმოდგენა შეგეცვალა?
– მაგალითად, ოთარ კუშანაშვილი, რომელიც ერთ-ერთი „აკულაა” შოუ-ბიზნესში. როცა ახლოს გავიცანი და თან, მისივე დაბადების დღეს მასზე წარმოდგენა რადიკალურად შემეცვალა.
– მის დაბადების დღეზე როგორ აღმოჩნდი?
– ჩემი ერთ-ერთი მეგობარი იყო მიწვეული, რომლის საშუალებითაც მეც და გიგაც დაგვპატიჟეს. დაბადების დღე ერთ-ერთ ფეშენებელურ ვიპ-კლუბში გადაიხადა. კარი რომ შევაღე, ცოტა მეუხერხულა, რადგან იქ დამხვდნენ მომღერლებიც და „გოსდუმის“ ხალხიც. დაბადების დღეს თან ახლდა კარაოკე, სადაც თითქმის ყველა სტუმარმა იმღერა. გიგამ სიმღერა „საყვარელო საქართველო” იმღერა, უკან კი საქართველოს დროშების ფრიალი წავიდა. სხვათა შორის, არ მოველოდი, მაგრამ რუსი ხალხისგან ძალიან დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ოთარი სიამაყით ამბობდა, ხედავთ, რა ვართ ქართველებიო? მერე მე გადამეკიდა, ძლივს გნახეთ ქართველები და იქნებ, შენც მიმღეროო. რადგან კარაოკეში ქართული არაფერი იყო, უსპენსკაიას „ნება” შევარჩიე და ვიმღერე. სიმღერის დროს მიტროფანოვი ჩემკენ წამოვიდა და დიდი აპლოდისმენტები მიძღვნა. მერე მასთან ერთად ფოტოს გადაღება შემომთავაზა. უარი არ მითქვამს და ფოტო გადავიღე. გულში ძალიან მეცინებოდა. ბოლოს, რა თქმა უნდა, პოლიტიკაზეც დამიწყო ლაპარაკი. ვუთხარი, მე ძალიან მიყვარს საქართველო, მისი წარმომადგენელი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტიც-მეთქი. მოკლედ, ქება-დიდებაში ვიყავი, ის კი ჩუმად მისმენდა. ქართველები, რომლებსაც ვახლდით, იცინოდნენ, წიკლაურს გახედეთ, რას „გრუზავს” მიტროფანოვსო. მერე ერთმა მითხრა, მიტროფანოვმა მკითხა შენზე, ის რა, საქართველოს პრეზიდენტის ნათესავიაო? რომ უთქვამს, არაო, გაკვირვებია, მე ჯერ საკუთარ პრეზიდენტზე ასეთი შეყვარებული არავინ მინახავსო. გამეცინა და ჩემს ნაცნობს ვუთხარი, მიტროფანოვს თუ ძალიან უნდა, უფრო კარგად რომ დამიმახსოვროს, საქართველოსდროშიან მაისურს ვაჩუქებ-მეთქი.
– კიდევ ვისთან მეგობრობ?
– დიანა ღურწკაიასთან ვმეგობრობ, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია. ძალიან თბილი დედა, ყოველთვის საკუთარ შვილზე რომ საუბრობს. უშუალო, გულწრფელი მოსაუბრე, რომელიც გიჟდება ქართველებსა და საქართველოზე. მოსწონს გიგას სიმღერები და გულშემატკივრობს მას. სხვათა შორის, როგორც თავად აღნიშნა, ადრე თურმე გიგას სიმღერა ჰქონია ზუმერად დაყენებული „როგორ მინდა მოგეფერო.” მაშინ არც იცოდა, ვინ მღეროდა ამ სიმღერას.
– გავიგე, რომ ერთ-ერთი კონცერტის წამყვანიც იყავი მოსკოვში და მართალია?
– კი. ადრეც მთხოვეს კონცერტის წაყვანა, მაგრამ სიტუაცია არ მომეწონა და თვითონვე ვთქვი უარი. ცოტა ხანში კი, დიდი სიამოვნებით წავიყვანე სხვა კონცერტი. ჩემს მეგობარ მომღერალ გოგონას, დაბადების დღე ჰქონდა და ერთ-ერთ სერიოზულ კლუბში – „რაი,” ანუ სამოთხეში გადაიხადა. მართალია, კლუბს თავის წამყვანი ჰყავს და არ არის მიღებული, კონცერტი სხვამ წაიყვანოს, მაგრამ ყველა ღონე იხმარა და მისი დაბადების დღე მე წამაყვანინა. კლუბის ადმინისტრაციამ რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, ცოტა დაპანიკდნენ, არ იცოდნენ როგორ წავიყვანდი, ეგონათ, აქცენტი მექნებოდა საუბრისას და ასე შემდეგ. ჩემმა მეგობარმა დაამშვიდა ისინი, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინიათო. მას ძალიან ბევრი კონცერტი აქვს წაყვანილი საქართველოშიო. რა იცოდნენ, რომ რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული და ქართულად მოგვიანებით ავმეტყველდი. მოკლედ, კლუბის უფროსობაც და სტუმრებიც კმაყოფილნი დარჩნენ და თაიგულებიც კი მაჩუქეს. ამის შემდეგ, შემომთავაზეს კარგი ანაზღაურებით შაბათ-კვირას მათთან თანამშრომლობა და სხვადასხვა საღამოს წაყვანა. ახლა მოლაპარაკების პროცესში ვართ და მალე კონტრაქტსაც გავაფორმებთ. მერე ჩვენი სანაცნობო წრიდან გავიცანი აქაური „მუზტევეს” და „მიუზიკ ბოქსის” მფლობელები. გიგას გავუწიე მათთან რეკომენდაცია და საკმაოდ კარგი ბონუსები მივიღეთ. ეს კი ძალიან კარგია. გიგა კლიპს რომ გადაიღებს, ბონუსებით ვისარგებლებთ. გავიცანი ასევე, კონცერტების ორგანიზატორები. გავიცანი მარინა ახმედოვა, რომელიც ბაბკინას პროდიუსერი იყო თავის დროზე, ახლა კი ძალიან ბევრი კონცერტის ორგანიზატორია. წინ მივდივართ ნელ-ნელა და ვართ ასე. მოსკოვი დიდი ქალაქია და არ არის ადვილი აქ ცხოვრება. ძირითადად, შაბათ-კვირას ვიკრიბებით ქართველები, ვინც კი აქ მოღვაწეობს. აქ ჩვენ ერთი პატარა საქართველო გვაქვს და ყველანი ერთმანეთს ვეხმარებით. მადლობა უფალს, მგონი, ნელ-ნელა ვხვდებით, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ქართველი ქართველს უნდა დაეხმაროს.
ერთ რამეზე მწყდება გული. ხშირად დაურეკავთ ან მოუწერიათ, ნინო, გაგვიგე, რამდენად ჩამოვა საქართველოში ესა თუ ის რუსეთში მოღვაწე მომღერალიო. სამწუხაროდ, არავის შემოუთავაზებია ქართველი მომღერლების ჩამოყვანა საქართველოში. არ გეგონოთ, რომ ქართველ მომღერლებს აქ სამუშაო აკლიათ, ქვეყანა დიდია და შესაბამისად, ბევრი კონცერტიც იმართება. იმდენ კონცერტზე უწევთ სიმღერა, რომ ნახევარ დროს თვითმფრინავში ატარებენ, ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადაადგილდნენ. უბრალოდ, კარგი იქნება, სამშობლოში მიიწვიონ და მათაც თავიანთი მსმენელისთვის იმღერონ. მინდა, როგორც საქართველო ვითარდება, ისე განვითარდეს ქართული შოუ-ბიზნესიც. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასე არ არის. „ფეისბუქში” თითქმის ყველა ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი მყავს. მათთან საუბრის დროს რომ ვიკითხავ, რა ხდება-მეთქი, ყველას პასუხი ერთია – არაფერი!
– საქართველოში დაბრუნებას როდის გეგმავ?
– საქართველო არის ჩემი დილა და ღამე, ვიძინებ საქართველოთი და ვიღვიძებ საქართველოთი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბავშვობიდან ჩემთვის უცხო ქვეყანა არ არის. აქ დავამთავრე სკოლა, მაქვს რუსული განათლება, რაზეც მამაჩემი ყოველთვის ნერვიულობდა. არ უნდოდა, რუსული მენტალიტეტი გადმომეღო და გავრუსებულიყავი. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის საქართველო შეუცვლელია და სულით და გულით ყოველთვის მანდ ვარ. სამწუხაროდ, როცა წამოსვლას დავგეგმავ, ყოველთვის ხელი მეშლება. მაგალითად, ერთ შაბათს თბილისში მოვდიოდი და ზუსტად იმ დღეს საავადმყოფოში მოვხვდი. ამიტომ, მას მერე, აღარაფერს ვგეგმავ. მართალია, აქ ბევრი მეგობარი მყავს და ბევრი ახალიც შევიძინე, მაგრამ ძალიან მინდა, ჩემი დაბადების დღე საქართველოში აღვნიშნო. მინდა, იმ ხალხთან ერთად ვიყო, რომლებიც თვალებით მიგებენ და ლაპარაკიც კი არ არის საჭირო. მივესალმები იმ ფაქტსაც, რომ ქეთა თოფურიასაც მანდ გადაუხდია დაბადების დღე. ამჟამად რეგულარულად დავდივარ კლინიკაში, ვიკეთებ გამოკვლევებს და არ მაქვს იმის საშუალება, რომ თბილისში ჩამოვფრინდე. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ 13 მარტს თბილისში ვიქნები და მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ დაბადების დღეს.