რატომ გადაუხადა გაუპატიურებულმა გოგონამ მოძალადეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4000 ლარი
22 წლის თბილისელ ახალგაზრდას, 4 წლით უფროსი გოგონას გაუპატიურებისთვის 6 წლამდე პატიმრობა ელოდა, სასამართლომ ორი წლით პირობითი სასჯელი არგუნა. ასეთ დათმობაზე სასამართლო ვითარებიდან გამომდინარე წავიდა – განსასჯელთან საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა, რადგან სომეხი ეროვნების გოგონა, რომელსაც, ფაქტობრივად, არ იცნობდა, ცოლად მოიყვანა. მოძალადის საქმე ამით არ დასრულებულა – პირობით სასჯელთან ერთად გ.მ-ს სახელმწიფოსთვის 4 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა. ამ მხრივ კი მას ნამდვილად გაუმართლა – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლო ხარჯები ახლადმოყვანილი ცოლის ოჯახმა დაუფარა.
ვიდრე საქმე დაქორწინებამდე მივიდოდა, გია მ-ს საქმე რთულად იყო, ჩადენილისთვის მას ხანგრძლივი პატიმრობა უწევდა, მაგრამ ჭკუა იხმარა, მიუხედავად იმისა, რომ 4 წლით უფროსმა გაუპატიურებულმა უჩივლა, გაპარვა და ცოლად შერთვა შესთავაზა. როგორც ირკვევა, გიას ასეთი საქციელისთვის სხვა მიზეზიც ჰქონდა – წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის იყო გასამართლებული, რისთვისაც ერთი წელი პირობითი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული. პირობითის ვადა მას 6 ივნისს გასდიოდა, მაგრამ 26 მაისს გაუპატიურებისთვის უჩივლეს, რაც მის სასჯელს კიდევ უფრო დაამძიმებდა...
საქმის მასალების მიხედვით, ქალ-ვაჟი უბნელები იყვნენ. უფრო სწორად, ანჟელა პ-ს მეზობლად გია ქირით ცხოვრობდა. გარკვეული პერიოდი მათ ერთმანეთის არსებობა არ იცოდნენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ანჟელას და მის დას მარინას, რომლებიც უცნაურ მუსიკას ხმამაღლა უსმენდნენ, გიამ ყურადღება იმიტომ მიაქცია, რომ მუსიკის ხმა არა მხოლოდ მდგმურს, სხვა მეზობლებსაც აწუხებდა. ერთ დღესაც, ანჟელა ქირით მცხოვრებ მეზობელს მიადგა და ტელეფონში სიმბარათის ჩადება სთხოვა. სწორედ ამ მიზეზით გია დების სახლში აღმოჩნდა, რომლებიც ყავით და ლიქიორით გაუმასპინძლდნენ. როგორც ირკვევა, გიამ შემდეგში ახლო ურთიერთობის დამყარება ანჟელასთან კი არა, 18 წლის მარინასთან სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა – უმცროსი და სხვაზე აღმოჩნდა შეყვარებული... ამიტომ, გართობა უფროსთან გადაწყვიტა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა.
თუმცა, სხვა წერია გამოძიების მასალებში. საბრალდებო დასკვნის თანახმად, გიას მ-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მის მეზობლად მცხოვრებ ანჟელა პ-სთან. 25 მაისს, საღამოს საათებში ის რესტორანში დაპატიჟა, საიდანაც დაახლოებით, 20 საათზე, გოგონამ ბრალდებულს მეგობართან გაყვანა სთხოვა. ვაჟმა სურვილი შეუსრულა და სტუმრად ყოფნისას, მეზობლებმა კიდევ დალიეს. უკან, სახლში რომ ბრუნდებოდნენ, სახლის ნაცვლად, გია მ-მ დაზარალებული თბილისის ზღვის ტერიტორიაზე აიყვანა და „არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მასთან ძალადობრივი სქესობრივი კავშირის დამყარება გადაწყვიტა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ავტომანქანის მარჯვენა სავარძლის საზურგე გადაწია, ერთი ხელი ყელთან მიაბჯინა, მეორეთი კი შარვალი გახადა და თავადაც მის სავარძელზე გადავიდა. მიუხედავად დაზარებულის წინააღმდეგობისა, გია მ-მ, ძალის გამოყენებით, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა”.
ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ანჟელა პ. გაუპატიურებული იყო და სხეულზე ძალადობის კვალიც აღენიშნებოდა.
საქმის მასალებით, გაუპატიურების შემდეგ გია მ-მ ანჟელა სახლთან მიიყვანა, თავად კი წავიდა. ანჟელა პ-მ კი, ოჯახის წევრებს, რომლებიც სადარბაზოსთან ელოდებოდნენ, თავიდან სიმართლე დაუმალა. უთხრა, რომ ქუჩაში უცნობმა მისი დაყაჩაღება გადაწყვიტა და ამიტომ დააგვიანდა. თუმცა, მეზობელი მეორე დღესვე ამხილა და გია მ-ს მიმართ საქმე ოფიციალურად აღიძრა. კურიოზი ის იყო, რომ როგორც დაზარალებული ჩვენებაში წერს, მან დამზარალებლის გვარი არ იცის. ერთადერთი ის ახსოვდა, რომ ქირით მცხოვრებმა მეზობელმა რესტორანში დაპატიჟა და შემდეგ გააუპატიურა...
სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე, გია მ-ზე სისხლის სამართლის საქმე 137-მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა – „გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით” (მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). მართალია, ანჟელა პ. ასაკით უფროსი იყო, მაგრამ გამოძიებამ უმწეობად მისი მსუბუქი სიმთვრალე ჩათვალა...
ანჟელას ჩვენებიდან: „გიას უბნიდან ვიცნობდი. იმ დღეს დამირეკა და მთხოვა, სადმე წავსულიყავით. ვუთხარი, რომ არ მეცალა და მოგვიანებით შევხვდებოდი. დაახლოებით, ერთ საათში, თვითონ დავურეკე, ვუთხარი, რომ შეხვედრას შევძლებდი. სახლთან დამელოდეო, მთხოვა და მასთან ჩავედი. მანქანით იყო. ვთხოვე, შორს არ წავსულიყავით, მაგრამ რესტორანში წამიყვანა. ვენდობოდი და იმიტომ გავყევი. ოფიციანტს საჭმელი შეუკვეთა, დასალევად კი კონიაკი და 2 ბოთლი ლიმონათი მოატანინა. მთხოვა, მეც დამელია, ძალიან დამაძალა, მეც ხათრი ვერ გავუტეხე და ერთი-ორი ჭიქა დავლიე. არ მინდოდა სახლში ეჭვი აეღოთ და გიას ჩემს მეგობართან გაყვანა ვთხოვე, მინდოდა, ოჯახი დამერწმუნებინა, რომ მთელი საღამო მასთან ვიყავი. ამაზე მეგობარს წინასწარ შევუთანხმდი. ცოტა იქაც დავლიეთ და უკან გამოვბრუნდით. გზაში თავის სოფელში წაყვანა შემომთავაზა. რა მინდა-მეთქი, რომ ვკითხე – გიტაცებ, ცოლად უნდა წაგიყვანოო, მიპასუხა. დაქოქა მანქანა და მართლა სადღაც წამიყვანა. მე კი მეგონა, სახლში მიმიყვანდა. მანქანა რომ გააჩერა, მითხრა, ჩემი ნუ შეგეშინდება, მიყვარხარ და ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ვნერვიულობდი, ვეხვეწებოდი, ახლა მაგის დრო არ არის, სახლში წამიყვანე-მეთქი. მან კი ჩემი სავარძელი გადაწია. გაკვირვებულმა ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი. მითხრა, გავჩუმებულიყავი. გამხადა შარვალი და საცვალი... ხელი ყელზე მომაბჯინა და მითხრა – ტყუილად ყვირიხარ, აქ არავინ მოვაო... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, ისარგებლა ჩემი უმწეო მდგომარეობით და ჩემს სავარძელზე გადმოვიდა. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვუწევდი წინააღმდეგობას, მაგრამ ფიზიკურად მომერია... შემდეგ მანქანიდან გადავიდა. მეც ჩავიცვი და წამომიყვანა. ნაცემი ვარ, დახეულია ჩემი ტანსაცმელი. ბოლოს სახლთან მიმატოვა. მისი სატელეფონო ზარები ჩემს მობილურშია დაფიქსირებული. ახლა, როცა ვაცნობიერებ მომხდარს, გთხოვთ, აღძრათ სისხლის სამართლის საქმე”, – აცხადებდა ანჟელა პ, რომელსაც არ დაუმალავს, რომ მეზობელი ფიზიკურად ძალიან მოსწონდა. საქმის ირგვლივ დაზარალებულის დაც დაიკითხა, აღმოჩნდა, რომ მან იცოდა, თუ ვის უნდა შეხვედროდა იმ საღამოს ანჟელა: „მითხრა ვისაც ხვდებოდა – მალე დავბრუნდებიო... რომ დააგვიანდა დავურეკე. მიპასუხა, რომ მალე მოვიდოდა. უკვე მესამედ რომ დავურეკე, მეგობართან ვარ, შეგიძლია, გადმორეკოო. ბოლოს მითხრა, რომ სახლთან იყო, მაგრამ დააგვიანდა და კიდევ დავურეკე. გამომიტყდა, არ ვიცი, სად ვარო და ტელეფონი გათიშა. შევშინდი და დედას ვუთხარი, ჩვენს მეზობლად ქირით მცხოვრებ გიას შეხვდა-მეთქი. ამიტომ მე და დედა ქუჩაში გავედით. ამასობაში ჩემი დაც გამოჩნდა, სახე გაწითლებული ჰქონდა, ტანსაცმელი ამოჩაჩული. თავიდან გვითხრა, რომ ქუჩაში ვიღაც დაყაჩაღებას უპირებდა. თუმცა, ცოტა ხანში სიმართლე თქვა”.
ასეთი ჩვენებების საფუძველზე, გია მ-ს სახლში პოლიცია მივიდა, მაგრამ ვერ იპოვეს. სამი დღის შემდეგ კი, მან ანჟელასთან დაკავშირება მოახერხა და ცოლობა სთხოვა. 29 მაისს კი ერთმანეთს ორთაჭალაში შეხვდნენ და გეზი კახეთისკენ აიღეს. ახალგაზრდებმა ანჟელას მშობლებს იქიდან შეატყობინეს, რომ ცოლ-ქმარი გახდნენ. მაგრამ, მომხდარის გამო, გიას პოლიციისთვის ახსნა-განმარტების მიცემა მაინც დასჭირდა, რადგან მასზე გაუპატიურების მუხლით აღძრულ საქმეს მსვლელობა მიეცა და საქმე სასამართლომდეც მივიდა. თუმცა, ამჯერად გოგონამ სხვა ჩვენება მისცა. ხელმეორედ დაკითხვისას განაცხადა: „გიამ დამირეკა და მითხრა, რაც ჩვენს შორის მოხდა, ამის გამო ჩემთან სახლში აპირებდა მოსვლას და ბოდიშის მოხდას, უნდოდა, რომ ჩემი ხელი ეთხოვა და დანაშაული გამოესწორებინა. მთხოვა შევხვედროდი და ცოლად გავყოლოდი. მეც ვუთხარი, რომ მიყვარდა. ჩავაწყვე ტანსაცმელი და სოფელში მასთან ერთად წავედი. მე ის მიყვარს და ვინაიდან მასაც ვუყვარვარ, ვაპირებთ ერთად ვიცხოვროთ”.
ბრალდებულიც ადასტურებდა, რომ მართალია ანჟელა მისი უბნელი იყო და არ იცნობდა, მაგრამ მოსწონდა და მის ცოლად მოყვანას აპირებდა... თუმცა, მისი ჩვენების თანახმად: „სუფრაზე პირველმა მან მითხრა, რომ 3 თვეა მომწონხარ და მინდა ცოლად გამოგყვეო. ოდნავ შევთვერი, სასმელი მის მეგობართანაც დავუმატე და მერე რაც მოხდა, დეტალები ზუსტად არ მახსოვს”.
მოკლედ, ბრალდებული ინტიმურ ურთიერთობას ადასტურებდა და წარდგენილ ბრალდებაში თავს არა მხოლოდ დამნაშავედ სცნობდა, ინანიებდა კიდეც. სწორედ ეს გარემოება გაითვალისწინა სასამართლომ და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა – გია მ. საპროცესოთი გათავისუფლდა, მაგრამ თუ ამ ხნის განმავლობაში სხვა დანაშაულს ჩაიდენს, მიუხედავად იმისა, რომ ანჟელა ცოლად მოიყვანა, გაუპატიურებისთვის პასუხს ის მაინც აგებს.
ეკა ბარაბაძე