როგორ ნადირობდა „კაგებე“ ფაშისტ სამხედრო დამნაშავეებზე
გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან „შავი ლაქა“. მისი ავტორია „კაგებეს“ ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია, რომელიც 1977 წელს სამხრეთ ამერიკაში გაიქცა. წიგნში ავტორი საბჭოთა უშიშროების საქმიანობას ამხელს.
ოპერაცია „სამეფო პინგვინი“
1970 წლის 9 იანვარს პოლკოვნიკმა იური ზემსკიმ მიხმო და მითხრა:
– მოემზადე გურამ, რიოში მიემგზავრები. ჩვენმა კვალმაძიებლებმა ლენჩუკს მიაგნეს, ის რიოში ცხოვრობს და საქმეში უნდა ჩაერთო.
პოლკოვნიკი ზემსკი ¹13 განყოფილების უფროსი იყო, რომელშიც ადამიანების ლიკვიდაციებზე მუშაობდნენ. შინაურულად მას სალიკვიდატოროს უწოდებდნენ, მის თანამშრომლებს კი – ლიკვიდატორებს. მეც იქ ვირიცხებოდი, ანუ ლიკვიდატორი ვიყავი და რიოში ანტონ ლენჩუკის მოსაკლავად მგზავნიდნენ. ანტონ ლენჩუკი კი სამხედრო დამნაშავე იყო. ის ფაშისტებთან თანამშრომლობდა და მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინაში ათასობით ადამიანი პირადად ჰყავდა დახვრეტილი. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ბრაზილიის მთავრობას ლენჩუკი ჩვენთვის უნდა გადმოეცა, საბჭოეთმა ეს მოთხოვნა არ გაგზავნა და საიდუმლო მოქმედება არჩია. ასე კი იმიტომ მოხდა, რომ ბრაზილიის მთავრობა ლენჩუკის გადაცემას გააჭიანურებდა, ის კი ამასობაში ხელიდან დაგვისხლტებოდა და მისი ხელახლა მოძებნა გაჭირდებოდა. ლენჩუკი მილიონერი იყო, ბრაზილიაში სხვა გვარით ცხოვრობდა და, სანამ მისი პიროვნების იდენტიფიკაცია, საბუთების გაგზავნა, შესწავლა და სხვა ფორმალობები დასრულდებოდა, ის ხელიდან წაგვივიდოდა.
ზემსკისთან საუბრის შემდეგ ოპერატიულ ნაწილში შევიარე, სადაც ლენჩუკის სურათები და მასზე არსებული სხვა ინფორმაციები მომაწოდეს, შემდეგ მექსიკელი კომერსანტის, მაქს ალვარესის სახელზე გამოწერილი პასპორტი და სხვა დოკუმენტები გადმომცეს, 13 იანვარს კი ჯერ ბუენოს-აირესში ჩამიყვანეს არალეგალურად, იქიდან კი ბოინგით რიოში ჩავფრინდი, ოტელ „რიოში“ დავბინავდი და იმავე საღამოს ღია კაფეში ჩემს მოკავშირეს შევხვდი, რომელსაც ლენჩუკზე დამატებითი ცნობები უნდა გადმოეცა ჩემთვის.
ორმაგად სასიამოვნო იყო, რომ ჩემი მოკავშირე ულამაზესი ქალი აღმოჩნდა. მას მერსედესი ერქვა, ჩემს მაგიდას მიუჯდა, პაროლის თქმის შემდეგ კი გამიღიმა და მკითხა:
– ალბათ, კაცს ელოდით, ხომ?
– მოხარული ვარ, რომ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, – მივუგე მერსედესს და ვკითხე: – რას მიირთმევთ?
მერსედესმა ყავა მოითხოვა და საქმეზე გადავიდა:
– ლენჩუკი ახლა სენიორ ჟოზე ამაურია, მილიონერი, რომელიც ეგზოტიკური ცხოველებით ვაჭრობს, დიდძალ ფულს აკეთებს, გადასახადებს იხდის, უამრავი ნაცნობი ჰყავს, ფეშენებელურ და მიუვალ ვილაში ცხოვრობს და, რაც მთავარია, პირადი მცველების დიდი არმია ახვევია გარს. მასთან საგულდაგულო შემოწმების გარეშე არავის უშვებენ და მისი ლიკვიდაცია შორიდანაც კი უდიდეს სირთულეს წარმოადგენს, რადგან ის საკუთარი მამულიდან თითქმის არსად გადის და, თუკი სადმე მიემგზავრება, ძალიან დაცულია.
მერსედესი მართალი აღმოჩნდა და, როდესაც ლენჩუკის ტრადიციული ლიკვიდაციის ყველა საშუალება უარვყავი, ოპერაცია „სამეფო პინგვინი“ მოვიფიქრე, რომელიც ცენტრს გავუზიარე და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ცოცხალი სამეფო პინგვინის გამოგზავნა მოვთხოვე.
მე არც კი ვიცოდი, რა პასუხს გამომიგზავნიდა ცენტრი, მაგრამ ლენჩუკთან კონტაქტი მაინც დავამყარე, თავი კომერსანტად გავაცანი, რომელიც მასავით ეგზოტიკური ცხოველებით ინტერესდებოდა და ვუთხარი, რომ შემეძლო, შეღავათიან ფასებში მისთვის სამეფო პინგვინი მეშოვა, რომელიც წითელ წიგნში იყო შეტანილი და მისი დაჭერა მკაცრად ისჯებოდა. ლენჩუკს გაუხარდა, რომ „დამაგოიმა“ და მითხრა, რომ ერთ კვირაში ორ ცალ პინგვინს – დედალ-მამალს იყიდიდა ჩემგან. ჩვენი მორიგი შეხვედრა 3 თებერვალს უნდა შემდგარიყო, მანამდე კი ცენტრმა თანხმობა მომცა ოპერაციის ჩატარებაზე, 31 იანვარს რიოში ორი – დედალ-მამალი პინგვინი ჩამომივიდა კონტრაბანდულად. მაშინვე ლენჩუკს შევატყობინე, მან კი თავის ვილაზე მიმიწვია და, როდესაც მეც და პინგვინებიც საგულდაგულოდ გაგვჩხრიკეს, მხოლოდ ამის შემდეგ მიგვიშვეს მასთან.
ლენჩუკი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო და როდესაც პინგვინების ცქერით დატკბა, წყვილში 18 ათასი დოლარი გადამიხადა შემდეგ თითო ჭიქა შევსვით და ერთმანეთს დავშორდით.
მე მისი ვილიდან უკვე 800 მეტრის დაშორებული ვიყავი, როდესაც ვილაზე საშინელი აფეთქება მოხდა, რასაც ლენჩუკი და მისი პირადი მცველები შეეწირნენ. საქმე ის იყო, რომ სამეფო პინგვინებს „კაგებეს“ ვეტერინარმა ექიმებმა სხეულში ასაფეთქებელი დაუმონტაჟეს, რომელიც დისტანციურად იმართებოდა და მე ამგვარად მოვახერხე ფაშისტი ჯალათის ლიკვიდაცია...