კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ გაიშიფრა გენიალური ქართველი მხატვარი-ფალსიფიკატორი უბრალო ავარიის შედეგად

„ცაცია გოგის“, იგივე „ლეონარდოს“ საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკაში და, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად არ გაუხმაურებიათ, მასზე სხვადასხვა ისტორიას ყვებოდნენ ხალხში. ჩვენს პუბლიკაციაში პირველად მოგითხრობთ ამ საინტერესო საქმის შესახებ. გასაგები მიზეზების გამო, მისი ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შევცვალეთ, ვინმესთან მათი მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ავარია და უცნაური ჩემოდანი

1971 წლის 19 მაისს, საღამოს 18 საათსა და 45 წუთზე, თბილისის რკინიგზის სადგურთან ავტოავარია მოხდა. გოგოლის ქუჩაზე მიმავალი „გაზ-21“ მარკის ტაქსის კერძო ავტომობილი „გაზ-21“ დაეჯახა, რომელიც ფიროსმანის ქუჩიდან გამოვარდა და მოძრაობის საწინააღმდეგოდ, წესების უხეში დარღვევით მოძრაობდა. ავარიის შედეგად სერიოზულად არავინ დაზიანებულა, თუმცა შავი ფერის ტაქსის საბარგული ისე გარმონივით, იყო დაჭმუჭნილი, რომ მის გაღებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ტაქსის მძღოლი, გევორქ კარაპეტიანი, სახეწამოწითლებული, გამწარებული დარბოდა აქეთ-იქით და თეთრი „ვოლგის“ გალეშილი პატრონისგან ფულად კომპენსაციასა და დამტვრეული მანქანის გაკეთებას მოითხოვდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა მილიციამ თეთრი „ვოლგის“ დამნაშავე პატრონი, კოტე ავალიანი, იქვე, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე გამოსაფხიზლებელში გაამწესეს, გევორქ კარაპეტიანს კი, ახსნა-განმარტება ჩამოართვეს.

– უფროსო-ჯან, – ემოციურად ყვებოდა ტაქსისტი, – პასაჟირი სტაიანკაზე ჩავისვი და წამოვედით, აქ კი ის გიჟი გამომიხტა და, აი, რა დღეში ჩამაგდო.

– მგზავრი სადაა? – ჰკითხა მილიციის კაპიტანმა კარაპეტიანს.

– პასაჟირი? – იკითხა ტაქსისტმა.

– კი, პასაჟირი სადაა?

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა კარაპეტიანმა და აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა, – ავარიის დროს აქ იჯდა, მერე კი არ ვიცი, მე გარეთ გადავხტი და პასაჟირი არც კი გამხსენებია.

მილიციელებმა ტაქსის საბარგული გახსნეს, იქიდან კი გაუჩინარებული მგზავრის საკმაოდ მოზრდილი ჩემოდანი ამოიღეს და იქვე ახადეს თავი.

– რა უცნაური ჩემოდანია, – თქვა მილიციის ულვაშა კაპიტანმა, როდესაც შიგთავსი იხილა, – რაღაც ნახატებია.

„რაღაც ნახატებით“ სავსე ჩემოდანი თბილისის მილიციის სამმართველოში მიიტანეს და იმ ღამით ცეცხლგამძლე სეიფში შეინახეს, დილით კი ხელოვნებათმცოდნე, უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტი გამოიძახეს, რომ აუცნაური ჩემოდნის შიგთავსი მას შეემოწმებინა.

ექსპერტმა ქუთათელაძემ თერთმეტივე სურათს, რომლებიც უფროსის კაბინეტის გრძელ მაგიდაზე იყო დალაგებული, შეავლო თუ არა თვალი, ჯერ გაფითრდა, შემდეგ სახე ჭარხალივით გაუწითლდა და აღგზნებულმა წამოიძახა:

– ეს შეუძლებელია, ამხანაგო უფროსო, შეუძლებელია! ეს სურათები ლენინგრადის ერმიტაჟის ექსპონატებია, თანაც დედნები და აქ როგორ აღმოჩნდნენ?

ექსპერტის სიტყვებიდან გამომდინარე, ერმიტაჟში ან ამ ჩემოდანში ნაპოვნი სურათების დედნები ეკიდა, ან, სულაც, ერმიტაჟი გაძარცული იყო, რაც უეჭველად ეცოდინებოდა მილიციის სამმართველოს უფროსს. ამიტომ, მას გაეღიმა და ქუთათელაძეს უთხრა:

– თქვენ ცდებით, ამხანაგო ექსპერტო, ეს შეუძლებელია.

– არ ვცდები! – თავი გააქნია ქუთათელაძემ, – მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩემ წინ არსებული თერთმეტი სურათი დავინჩის, რაფაელისა და ტიციანის ორიგინალებია და მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 110 მილიონი მანეთია.

მიუხედავად იმისა, რომ მილიციის სამმართველოს უფროსს ეგონა, ქუთათელაძე ცდებოდა, მაინც შეადგინა დაშიფრული ტელეგრამა და მოსკოვსა და ლენინგრადში გაგზავნა, ექსპერტი კი მკაცრად გააფრთხილა, არავისთვის ეთქვა სურათების ამბავი და სახლში გაუშვა.

ორი დღის შემდეგ, ანუ 22 მაისს, ჩემოდანში აღმოჩენილი სურათები ლენინგრადში წაიღეს და საბჭოთა კავშირის ექვსმა საუკეთესო ექსპერტმა ერმიტაჟის კედლებზე დაკიდებულ ანალოგიურ სურათებსაც და ჩატანილ ტილოებსაც საგულდაგულო ექსპერტიზა ჩაუტარეს და დაუჯერებელი დასკვნა გააკეთეს: ყველა სურათი, ანუ მსოფლიო შედევრების თერთმეტივე წყვილი ორიგინალები აღიარეს.

– ეს წარმოუდგენელია! – ხელებს შლიდა ერმიტაჟის დირექტორი, აკადემიკოსი პაიტკოვსკი, – ამ წყვილებში ერთი ორიგინალია, თითო კი – ასლი, მაგრამ, რომელი რომელია – აი, ეს არის გამოცანა...

„ცაცია გოგის“ იატაკქვეშა სახელოსნო

სურათების საქმემ იმდენად მოულოდნელი შეფერილობა მიიღო, რომ „კაგებეს“ გადასცეს და მისი გამოძიება მაიორ კახი ფხაკაძეს დაავალეს, რომელიც დახელოვნებული იყო ჩახლართული საქმეების გახსნაში.

ფხაკაზე „კაგებეს“ შეფმა, ანდროპოვმა დაიბარა და უთხრა:

– კახი გოჩაევიჩ, ასეთი უცნაური საქმე არც არასდროს შემხვედრია და არც ვინმესგან მსმენია. რა გამოდის ახლა? ის, რომ არსებობს ან არსებობენ ისეთი გენიოსი თაღლითები, რომლებიც ნებისმიერი სურათის ისეთ ასლებს აკეთებენ, რომ მათ ექსპერტებიც კი ვერ არჩევენ ორიგინალებისგან?!

– სამწუხაროდ, მასეა, იური ვლადიმიროვიჩ, – დაეთანხმა ანდროპოვს ფხაკაძე.

– ერთი სიტყვით, კახი გოჩაევიჩ, თქვენ და თქვენმა კოლეგებმა რაც შეიძლება მალე უნდა აღმოაჩინოთ ბოროტმოქმედები და ბოლო მოუღოთ ამ უმსგავსობასა და სიყალბეს. მხოლოდ ფალსიფიკატორი იტყვის სიმართლეს, ანუ იმას, თუ რომელია ამ „ტყუპ“ სურათებში ორიგინალი და რომელი – ასლი. იმოქმედეთ და წარმატებებს გისურვებთ! – უთხრა ფხაკაძეს „კაგებეს“ შეფმა, ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გამოაცილა.

კახი ფკახაძე და მისი კოლეგები 29 მაისს თბილისში ჩამოვიდნენ და მაიორმა პირადად დაკითხა ტაქსისტი კარაპეტიანი, რომელმაც მას უთხრა:

– ის სტრანნი მგზავრი, უფროსო, ლევად ჩავისვი. სტაიანკაზე არ შევსულვარ და მაშინ ამხანაგ მილიციელს მოვატყუე, შემეშინდა და იმიტომ მოვატყუე – გამოტყდა ტაქსისტი.

– აბა, სად ჩაისვი? – ჰკითხა კარაპეტიანს ფხაკაძემ.

– სად და, პერეხადნოის კიბეებთან, უფროსო. დიდი ჩემოდანი ჰქონდა და მივხვდი, რომ კარგად გადამიხდიდა. თქვენც კარგად იცით, რომ სტაიანკაზე საათობით უნდა იდგე. ტაქსები ქალაქში კი ცოტაა და ყველა ფულიანი პასაჟირი ასე იქცევა: ჩამოვა თუ არა მატარებლიდან, ასი მეტრით გაცილდება სტაიანკას და ტაქსისაც მალე იშოვის, – აუხსნა კარაპეტიანმა ფხაკაძეს.

მძღოლის ჩვენების მიხედვით, გაუჩინარებული მგზავრი ახალი ჩამოსული უნდა ყოფილიყო თბილისში. ზუსტად დადგინდა, რომ მან მოსკოვი-თბილისი-ერევნის მატარებლით იმგზავრა, რადგან დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ავარია მოხდა, თბილისში სხვა მატარებელი არ შემოდიოდა. ტაქსისტმა გაუჩინარებული მგზავრის გარეგნობა აღწერა და მილიციაში შესაბამისი ფოტორობოტი შედგინეს. შემდეგ ეს ფოტორობოტი მოსკოვი-თბილისი-ერევნის გამცილებელთა ბრიგადებს უჩვენეს და ორმა მათგანმა: ოლგა კოვტუნმა და ვადიმ კესარევმა სურათზე აღბეჭდილი მამაკაცი ამოიცნეს.

– დიახ, დიახ, – დაადასტურეს გამცილებლებმა, – ეს სიმპათიური მამაკაცი მეექვსე კუპეში დაბინავდა, ქვედა ადგილი ეკავა.

– მისი გრძელი ჩემოდანი საწოლის ქვეშ არ მოთავსდა და პირადად დავეხმარე მას ზემო თაროზე შემოდებაში, – დაამატა კოლეგის სიტყვებს მამაკაცმა გამცილებელმა.

გამცილებლების თქმით, მამაკაცი ორი დღის განმავლობაში მგზავრობდა მათი ვაგონით და როდესაც მატარებელი თორმეტი საათით ადლერში გაჩერდა, რომ მისთვის ახალი ვაგონები ჩაებათ და შემოწმება ჩაეტარებინათ, იმ ჩემოდნიანს კუპე არ დაუტოვებია. გამცილებლების თქმით, მგზავრი მამაკაცი ქართველი იყო, თუმცა კარგად ლაპარაკობდა რუსულად. იგივე დაადასტურა ტაქსისტმა კარაპეტიანმა, თან დაამატა, რომ ის გაუჩინარებული მგზავრი რუსთაველის მეტროსთან უნდა მიეყვანა.

– მე გამიკვირდა კიდეც, – უთხრა ტაქსისტმა ფხაკაძეს, – თუ მეტრომდე უნდოდა მისვლა, მაშინ, ხუთი კაპიკი გადაეხადა და მეტროთი წასულიყო, რაღა... ვკითხე კიდეც, დაგელოდოთ თუ არა-მეთქი და, იმან მითხრა, არა, შეხვედრა მაქვს და სახლში მე თვითონ მივალო. მოკლედ, უფროსო, თარსი დღე მქონდა მაშინ და კიდევ კარგი, რომ ახალი ტაქსი მომცეს. ახლა ჭკუა ვისწავლე, მხოლოდ სტაიანკაზე შევდივარ და ყველა მგზავრს კარგად ვაკვირდები, რომ თუ მილიციას დასჭირდა, მათი სიფათები კარგად აღვწერო, – დაასრულა თხრობა კარაპეტიანმა და ფხაკაძის ნებართვით კაბინეტი დატოვა.

საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „კაგებეს“ მილიციაც დაეხმარა. ფოტორობოტები გადაამრავლეს და ტაქსიდან გაუჩინარებულ მგზავრის ძებნას შეუდგნენ. მას სახლმმართველობებში არსებული საპასპორტო მაგიდების მეშვეობითაც ეძებდნენ. ხუთი დღის შემდეგ კი, ანუ, 3 ივნისს, მისი პიროვნება დადგინდა. ერთ-ერთი საპასპორტო მაგიდის უფროსი ფხაკაძესთან მივიდა და უთხრა:

– თქვენ მიერ ძებნილი პიროვნება გოგი თევზაძეა, უწყინარი, პატიოსანი ადამიანი და, სხვათა შორის, ჩემი მეზობელი.

გაირკვა, რომ ძებნილი გოგი თევზაძე ვერაზე, ერთ-ერთ, ეგრეთ წოდებულ იტალიურ ეზოში ცხოვრობდა, მხატვარი იყო და ძირითადად რუსეთში მუშაობდა, თბილისში კი დროგამოშვებით ჩამოდიოდა და მაქსიმუმ ორ კვირაში უკან ბრუნდებოდა. თევზაძის მეზობლის თქმით, გოგი ჯერ კიდევ თბილისში იყო და „კაგებემ“ მასზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დააწესა, პარალელურად კი მასზე ცნობების შეგროვებას შეუდგა ლენინგრადში, სადაც ის მეგობარ ქალთან – ვარვარა კოტოვასთან ერთად ცხოვრობდა ქალის ბინაში. თევზაძე ლენინგრადში ერთ-ერთ სამხატვრო ტექნიკუმში მუშაობდა ოსტატად და საერთო საცხოვრებელში იყო ჩაწერილი, თუმცა იქ არ მიდიოდა ხოლმე.

უშიშროებამ გულდასმით შეისწავლა ყველაფერი, თევზაძეს სურათებიც გადაუღეს ფარულად და მისი პიროვნება მატარებლის გამცილებლებმაც და ტაქსისტმაც დაადასტურეს, რაც ეჭვს აღარ იწვევდა, რომ ტაქსიდან გაუჩინარებული მგზავრი სწორედ ის იყო და შედევრებით სავსე ჩემოდანიც მას ეკუთვნოდა.

– ჯერჯერობით მხოლოდ უნდა ვუთვალთვალოთ, რომ იქნებ სხვებზეც გავიდეთ, – არ ჩქარობდა ეჭვმიტანილის აყვანას ფხაკაძე და თევზაძეს გამგზავრების საშუალება მისცეს. მაგრამ ლენინგრადში ჩასულ თევზაძეს არავისთან ჰქონდა ურთიერთობა და ვარვარა კოტოვას სახლიდან არც კი გამოდიოდა. ამიტომ, „კაგებეს“ ოპერჯგუფი კოტოვას ბინაში შევიდა და სათვალთვალო ობიექტი იატაკქვეშა სახელოსნოში აღმოაჩინა. სახელოსნო უზარმაზარ სარდაფში მდებარეობდა და იქაურობა მსოფლიო დონის ხელოვნების ნიმუშებით იყო სავსე, რომელთა ნაწილი დასრულებული იყო, ნაწილი კი – დასრულების სტადიაში.

„ცაცია გოგი“, იგივე „ლეონარდო“, როგორც გოგი თევზაძეს უწოდებდნენ ახლო მეგობრები, ლენინგრადის „კაგებეში“ მიიყვანეს დაკითხვაზე და თორმეტი საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ, შემდეგ კი ის ერთადგილიან, სპეციალურ კომფორტულ ოთახ-საკანში მოათავსეს და დილამდე დაემშვიდობნენ.

სარფიანი ბიზნესი

გოგი თევზაძე 1971 წლის 23 ივნისს დააპატიმრეს და იმავე დღეს ყველა საბუთი, რაც მის საქმეს ეხებოდა, გაასაიდუმლეს. გამომძიებელ ფხაკაძესა და მის ხელქვეითებს მადლობა გადაუხადეს და გაუთქმელობის ხელწერილები ჩამოართვეს. შეთანხმების მიხედვით, ვინმეს რომ სიტყვაც დაეძრა თევზაძის შესახებ, მკაცრად დასჯიდნენ. გოგი თევზაძე კი მეორე დღეს, 24 ივნისს, მოსკოვში, ლუბიანკას ერთ-ერთ კომფორტულ კონსპირაციულ ბინაში მოათავსეს, სადაც მას სამოქალაქოსამოსიანი პიროვნება ეწვია და თავი წარუდგინა:

– მე პოლკოვნიკი კვაშნინი გახლავართ და თქვენთან წინადადება მაქვს. თუკი თანახმა იქნებით, კარგია, თუ არა – ციხე არ აგცდებათ.

– გისმენთ, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მშვიდად მიუგო პოლკოვნიკს თევზაძემ, – რას მთავაზობთ?

– გთავაზობთ, რომ თქვენ თქვენი საქმიანობა განაგრძოთ, ოღონდ, ჩვენი პატრონაჟით, რისთვისაც იდეალურ პირობებს შეგიქმნით, – მიუგო თევზაძეს კვაშნინმა და დაწვრილებითი სქემა მოუხაზა.

სქემის მიხედვით, თევზაძეს მსოფლიოს ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში უნდა შეექმნა. შემდეგ ამ ნახატებს უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტები შეამოწმებდნენ და, თუ წუნს ვერ მოუძებნიდნენ, ამ „მოპარულ“ შედევრებს კერძო კოლექციონერებს მიჰყიდიდნენ. სპეციალურად საამისოდ „კაგებეს“ ბოროტმოქმედთა სინდიკატი ჰქონდა ჩამოყალიბებული. ამ სინდიკატის წევრები, ვითომდა, ერმიტაჟში შეცვლილ სურათებს ყიდდნენ და დიდი შემოსავალი ჰქონდათ, რომლის 80 პროცენტი „კაგებეს“ საიდუმლო ფონდში ირიცხებოდა, 20 პროცენტი კი სინდიკატის წევრებზე ნაწილდებოდა. მსგავსი სარფიანი ბიზნესი, მართალია, „კაგებეს“ ორგანიზებული იყო, მაგრამ მასზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა და, შესაბამისად დანაშაულსაც ვერ დაუმტკიცებდა, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ სურათები უზადოდ იყო შესრულებული, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ მათ კერძო კოლექციონერები ყიდულობდნენ საიდუმლოდ და მესამეც – თავად სინდიკატის წევრებმა არაფერი იცოდნენ ამ აფერის შესახებ და ეგონათ, რომ მართლა ერმიტაჟში შეცვლილ ორიგინალებს ყიდდნენ.

1971-1976 წლებში გოგი თევზაძემ 60-ზე მეტი შედევრი შექმნა „კაგებეს“ პატრონაჟით და მათი გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ 1 მილიარდ საბჭოთა მანეთს გადააჭარბა.

„ცაცია გოგის“ საქმე 1976 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეულმა პოლკოვნიკმა კვაშნინმა გათქვა, თუმცა ეს ამბავი ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტებმა აბსურდად მიიჩნიეს და გაქცეული პოლკოვნიკის ფანტაზიად მონათლეს. თავად გოგი თევზაძე იმავე 1976 წელს გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ მას პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს და გენიალური ქართველი მხატვარფალსიფიკატორი დღესაც განაგრძობს თავის საქმიანობას ახალი უშიშროების პატრონაჟით ერთ-ერთ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში.


скачать dle 11.3