რატომ ჩააგდებს, ვანგას წინასწარმეტყველებით, ფერადკანიანი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ღრმა კრიზისში და რა გველის ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით უახლოეს წლებში
მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგი მისტიკოსი და წინასწარმეტყველი მიშელ ნოსტრადამუსი მეცნიერებსა და ვარსკვლავთმრიცხველებს დღესაც კი საგონებელში აგდებს. მისი დაშიფრული კატრენები და ცენტურიები უამრავ წინასწარმეტყველებას შეიცავს, რომელთა ნაწილი უკვე ახდა. მიშელ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებასა და მოსალოდნელ გარდატეხაზე სამყაროში ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი გვესაუბრება.
– საერთოდ, ნოსტრადამუსის ცენტურიებსა და წინასწარმეტყველებაზე ძალიან ბევრია დაწერილი და კიდევ დაიწერება. საქმე ისაა, რომ მისი ფუნდამენტური ნაშრომის ზუსტი ინტერპრეტაცია დღემდე ჯერ კიდევ მიუღწეველია. არსებობს მოსაზრება, რომ ნოსტრადამუსის ნაშრომს აქვს სპეციალური „გასაღები“. ამ გასაღებზე თავად ავტორი წიგნის წინასიტყვაობაში მიუთითებს. ნაშრომს ორი წინასიტყვაობა აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თავად ნოსტრადამუსმა მკითხველისთვის გზა-კვალის ასარევად შექმნა. ერთი ეძღვნება მის შვილს, ცეზარს, მეორე – მეფე ჰენრიხ მეორეს, მაგრამ, როგორც ჩანს, უშუალოდ, საკუთარი შვილი კი არ ჰყავს ავტორს მხედველობაში, არამედ მისი შთამომავალი, რომელიც ბოლომდე გაშიფრავს მის წინასწარმეტყველებას. მეორე შესავალი კი ეძღვნება „ჰენრიხ განუმეორებელს“, დიდებულ მეფეს, რომელიც მომავალში დაიბადება. თვითონ ავტორმა ისე ოსტატურად აურდაურია ყველაფერი, რომ გასაღების გარეშე, წინასწარმეტყველების ამოცნობა შეუძლებელია. გარდა ამისა, დაწერილია ძალიან რთული ენით და საკმაოდ ბევრი ორთოგრაფიული შეცდომაა. ვარაუდობენ, რომ ეს შეცდომებიც მან განზრახ დაუშვა. მის ნაწარმოებს მკითხველი და მკვლევარი უნდა მიუდგეს მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგის ლოგიკით. ის მინიშნებებს აკეთებს რაღაც მფრინავ დრაკონებზე, რომლებზეც ადამიანები არიან ამხედრებულები. სავარაუდოდ, მან თვითმფრინავის გამოგონება იწინასწარმეტყველა, მაგრამ ვერ წარმოიდგინა, როგორც კონსტრუქცია. მან არ იცოდა, რა არის თვითმფრინავი. წინასიტყვაობაში ვხვდებით ასეთ საინტერესო ფრაზას: „ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ გამოვიდე ბნელი და აქამდე უცნობი მდომარეობიდან“, როგორც ჩანს, ნოსტრადამუსი ელოდება მომენტს, როცა ყველა მისი წინასწარმეტყველება ბოლომდე იქნება ამოხსნილი. ბევრი სკეპტიკოსი კითხულობს, რატომ არ აცხადდა მისი ყველა წინასწარმეტყველება. საქმე ისაა, რომ, მოვლენები ქრონოლოგიურადაა არეული და, თუ აქამდე არ ახდა, აუცილებლად შესრულდება მომავალში.
– ჩვენს ეპოქასა და გასულ ასწლეულზე რას წერს მიშელ ნოსტრადამუსი?
– აი, რას წერს ის მეოცე საუკუნეზე: ცენტურია – 2, კატრენი – X. „მეც მიმძიმს იმის თქმა, რომ მკაცრი დროები კვლავ დაიპყრობენ ბობოქარ დედამიწას და გამეფდება მონური ატმოსფერო, რომელიც შენიღბული იქნება სიყვარულისა და თავისუფლების ნიღბით“. ხედავთ, რამდენი დამთხვევაა? ეს ეხება როგორც მეოცე, ასევე ოცდამეერთე საუკუნეს. ვითომ დემოკრატიისა და თანასწორობის სახელით ვიწრო სახელისუფლებო წრეები საკუთარ ინტერესებს ატარებენ – პოლიტიკურსაც და ეკონომიკურსაც. მეორე ცენტურია, კატრენი 38 – სრულიად გამართლდა. მეორე მსოფლიო ომის დროს: „როდესაც ორი მონარქი მორიგდება, ბევრი ადამიანი განწირული აღმოჩნდება. ერთ-ერთი ამ ორი მონარქიდან იქნება ღირსებაშელახული. ისინი ვერ იქნებიან ერთად და ერთ-ერთი მათგანი წამოიწყებს ომს“. ემთხვევა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რომლის შესახებაც ყველამ კარგად ვიცით. სხვათა შორის, ნოსტრადამუსმა ჰიტლერის მოსვლაც იწინასწარმეტყველა, ოღონდ მას ჰისტერს უწოდებს. ეს გაშიფრა გებელსის ცოლმა, მაგდა გებელსმა და მიეკედლა ჰიტლერს, მაგრამ მან არაფერი უწყოდა ჰიტლერის ფატალური დასასრულის შესახებ. შემდეგ ასეთი გაგრძელება აქვს: „დიდი იმპერია გაღარიბდება და გადატანილი იქნება არდენის ტყეში. ორ ნაძირალას დაამხობს უფროსი, რომელსაც ქორის გამომეტყველება ან ცხვირი აქვს“. აქ უკვე სტალინზეა საუბარი, ხოლო ორ ნაძირალაში შესაძლოა, იგულისხმებოდეს ჩერჩილი და რუზველტი. მისივე თქმით, მესამე ათასწლეული მშვიდობის ათასწლეულია.
– კიდევ რა იწინასწარმეტყველა ნოსტრადამუსმა, რამაც სამყაროს ბედი და პოლიტიკა შეცვალა?
– ნიუ-იორკის 2001 წლის ტერაქტი. აი, როგორ აღწერს ამ უბედურებას: „ზეცას ცეცხლი მოედება 45 გრადუსზე. ეს ცეცხლი მიუახლოვდება დიდებულ ახალ ქალაქს. დიდი, ყოვლისმომცველი ალი ავარდება ზევით“. სადაც ნოსტრადამუსი ახალ ქალაქს, ან დიდებულ ახალ ქვეყანას ახსენებს, ყველგან უნდა ვიგულისხმოთ შეერთებული შტატები, რომლის შექმნაც მან ასევე იწინასწარმეტყველა საკმაოდ ზუსტად. ნიუ-იორკი ნამდვილად მდებარეობს განედის 45 გრადუსზე, ხოლო ნორმანებს იგი უწოდებს ჩრდილო ამერიკის ხალხს. ასე რომ, ვხედავთ, ესეც სრული სიზუსტით ახდა. არის წინასწარჭვრეტა, რომელიც მოსალოდნელია ამერიკაში მოხდეს: „სამყაროს ბაღი, ახალი ქალაქის მახლობლად, მოტიტვლებული მთების გზაზე იქნება შეპყრობილი და ჩაგდებული ქვაბში. მცხოვრებნი იძულებულნი გახდებიან, სვან გოგირდით მოწამლული წყალი“. ზოგი ინტერპრეტატორი ამტკიცებს, რომ ეს უკვე იყო კუნძულ ტრიმაილზე, სადაც მოხდა გაჟონვა ატომური ელექტროსადგურიდან, მაგრამ იქ სერიოზული არაფერი მომხდარა. სავარაუდოა, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოიყენონ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი, რომელიც სასმელი წყლის მოწამვლასაც გულისხმობს.
– მაშინ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დიდი ქვეყნების მაღალჩინოსნები რატომ არ იყენებენ ნოსტრადამუსის ნაშრომს, ან ყურადღებას რატომ არ აქცევენ?
– როგორ არ აქცევენ, დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატებიცა და რუსეთიც მუშაობს მის გაშიფვრაზე. თანაც, საკმაოდ ინტენსიურად, მაგრამ თუ მისი გაშიფვრა მოხდება, დიდწილად მაინც, ამას არავინ გაახმაურებს. ცხადია, ყველა სახელმწიფო მას თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს. სხვათა შორის, ის ბევრს წერს ამერიკაზე. მათ შორის კენედის მკვლელობაც იწინასწარმეტყველა და ისიც, რომ ლი ჰარვი ოსვალდს დაბრალდებოდა ეს საქმე. ხოლო ამის შემდეგ კი მას თავიდან მოიშორებდნენ. „დიდებულს უბედურება დაატყდება სახურავიდან და ამაში უდანაშაულოს დასდებენ ბრალს“, – წერს ნოსტრადამუსი.
– შეგიძლიათ გვითხრათ, ნოსტრადამუსის მიხედვით, რა გველის მესამე ათასწლეულის დასაწყისში?
– 2009-2012 წლებში სახელმწიფო მმართველობის კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინაში. სხვათა შორის, ის რუსეთზე მეტად უკრაინას ახსენებს და მას „ჩრდილოეთის ბარბაროსთა სამეფოდ“ მოიხსენიებს. 2010-2011 წლები – გოგირდწყალბადის კატასტროფა შავ ზღვაზე. 2011-2012 წლები – სამხედრო კონფლიქტის საფრთხე ყირიმის ნახევარკუნძულზე, რის წინაპირობაც უკვე სახეზეა. ეკონომიკური კრიზისის გამწვავება ევროპაში. შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპას შორის ურთიერთობის დაძაბვა. ისლამისტი ფუნდამენტალისტების რევანშის მცდელობა და ტერაქტების საფრთხე ევროპაში. 2011-2014 წლები – ძალიან საყურადღებოა: დაიწყება 4 მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსის კარიერის აღმავლობა. ისინი მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგს შეცვლიან. 2011 წელი – მოსალოდნელია კატასტროფა ჩრდილოეთის ნახევარსფეროში. ყველაზე მეტად დაზარალდება ინგლისი. 2012 წელი – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პიკი. მოსალოდნელია, უცხო ცივილიზაციებიდან დედამიწელებმა სიგნალი მიიღონ, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი იქნება. 2013 წელი – შესაძლოა, მარცვლოვანი კულტურების აქამდე უცნობი დაავადება გაჩნდეს. სავარაუდოა, ლონდონზე ბაქტერიოლოგიური შეტევა. 2014 წელი – ევროპაში შესაძლებელია, გაჩნდეს კანის აქამდე უცნობი სნეულება. 2015 წელი – რევოლუცია ენერგეტიკაში, აღმოჩენილი იქნება მზის ენერგიის გამოყენების ახალი მეთოდები. 2015-2017 წლები – შესაძლოა, დაიწყოს მოლაპარაკებები მოლდოვის ტერიტორიის ნაწილის უკრაინასთან მიერთების თაობაზე. 2015-2025 წლები – ისლამური და ქრისტიანული კულტურების დაპირისპირების გამწვავება. ახალი მსოფლიო ომი თავიდან იქნება აცილებული ჩინეთის სამშვიდობო შუამავლობის წყალობით. 2018-2024 წლები – ჩინეთი იკავებს მსოფლიო ეკონომიკური ლიდერის პოზიციას. ბევრი განვითარებადი ქვეყანა დიდი ქვეყნების ეკონომიკურ შანტაჟისტად იქცევა. 2020 წელი – გაეროს შტაბ-ბინა გადავა ჟენევაში და ამ დროს იწყება ანტიქრისტეს აქტიური მოქმედება მასმედიასა და საინფორმაციო სფეროში. თუმცა, ნოსტრადამუსის თარიღები ანტიქრისტესთან დაკავშირებით, ბიბლიურ თარიღებს არ ემთხვევა, რაც კიდევ ერთი თავსატეხია. მოსალოდნელია, მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების დაახლოება. შესაძლოა, ამას საფუძველი უკრაინაში ჩაეყაროს. ნოსტრადამუსის მიხედვით, მეორედ მოსვლის თარიღად 2035 წელია მიჩნეული. თუმცა, აქაც შეიძლება, იყოს ცდომილება.
– ვიცი, რომ ნოსტრადამუსს ამერიკის 44-ე პრეზიდენტზე ჰქონია რაღაც ნათქვამი, ანუ ობამაზე.
– კი. არის ესეც, მაგრამ, იმდენად აცდენილია ობამასგან, იმდენად არ ესადაგება მას ეს ვარაუდები და პორტრეტი, რომ უბრალოდ, ეს სასურველის რეალობად გასაღების მცდელობას უფრო ჰგავს. ობამაზე უფრო ვანგას აქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ იგი ამერიკას უფრო ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩაითრევს. ობამა ზოდიაქოთი ლომია. მან შეძლო ლაპარაკით დაერწმუნებინა ელექტორატი. „ლომი“ საუბრობს ბევრს, მაგრამ აკეთებს ცოტას. ამერიკის შეერთებული შტატები ლომის ზოდიაქოსთან არაა დაკავშირებული. ამ ქვეყანაში უფრო „კირჩხიბი“ და „მერწყული“ პრეზიდენტები ამართლებენ. მაგალითად, რონალდ რეიგანი. ვანგა პირდაპირ ამბობს, რომ ფერადკანიანი პრეზიდენტი ამერიკას ღრმა კრიზისში ამოაყოფინებს თავს. ობამა სიტუაციას ვერ აკონტროლებს. თუ რამე საოცრება არ მოხდა, მას მეორე ვადით, ალბათ, აღარ აირჩევენ. სხვათა შორის, ამერიკაში ძალებს იკრებს მესამე პარტია. შესაძლოა, სწორედ მან მოგვცეს ახალი ლიდერი.