ჩინელებმა გამანადგურებელი-უჩინმაჩინი ამერიკული ჩამოგდებული თვითმფრინავის საშუალებით შექმნეს
ჩინური გამანადგურებელი-უჩინმაჩინი „J-20“ იმ ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა, რომელიც გადმოღებული იქნა ამერიკელებისგან, – ამტკიცებენ ბალკანეთის ქვეყნების სამხედრო სპეციალისტები. ჩინელმა ინჟინრებმა ამერიკის ნოუ-ჰაუ – „F-117“, რომელიც იუგოსლავიის ომის დროს ჩამოაგდეს, ხელში ჩაიგდეს 1999 წლის მარტში. ეს იყო თვითმფრინავ-უჩინმაჩინის განადგურების პირველი შემთხვევა. „მისი ნამსხვრევები დიდ ტერიტორიაზე გაიფანტა. ჩინელი აგენტები ამ რაიონში დადიოდნენ და ეძებდნენ მის ნაწილებს ან ადგილობრივი მოსახლეობისგან ყიდულობდნენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩინელებმა ეს მასალები საიდუმლო ტექნოლოგიის გამოსარკვევად გამოიყენეს და მისი ასლები გააკეთეს“, – ამბობს ადმირალი დავორ დომოზეტ-ლოსო, რომელიც იმ დროს ხორვატიის არმიის გენშტაბის უფროსი იყო.
სამხედრო კონსულტანტმა, ზორან კუსოვიჩმა, რომელიც ამჟამად რომში მუშაობს, განაცხადა, რომ „პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის დროს იუგოსლავიის ხელმძღვანელობა რეგულარულად უყოფდა თავის ჩინელ და რუს მოკავშირეებს ხელში ჩაგდებულ ამერიკულ და დასავლეთის ქვეყნების სამხედრო მოწყობილობებს. „F-117“ იყო ყველაზე სასურველი ნადავლი როგორც რუსებისთვის, ასევე ჩინელებისთვის“.