პოლიტიკური კალეიდოსკოპი
პუტინმა ნაომი ქემპბელს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა
ინგლისურენოვან ჟურნალ GQ-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელიც სუპერმოდელმა ნაომი ქემპბელმა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან – ვლადიმირ პუტინთან ჩაწერა. ნაომის კითხვები ძირითადად ექსტრემალური სპორტით პუტინის გატაცებას და სკანდალურად ცნობილ კალენდარს ეხებოდა, რომელიც რუსეთის მთავრობის მეთაურმა საჩუქრად „ემგეუს” ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გოგონებისგან მიიღო. ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ პუტინი გატაცებულია: ცურვით – ძირითადად, „ბატერფლაის“ სტილში, რაფტინგით, ჯირითით, მოტორბოლით, ნადირობითა და თხილამურებზე სრიალით, ხოლო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს პუტინმა სითამამე მოუწონა და გამოთქვა სურვილი, რომ 2012 წელსაც ზუსტად ასეთი კალენდარი აჩუქონ.
მუბარაქის ძეგლს ემუქრებიან
საკმარისი იყო, აზერბაიჯანულ ოპოზიციას მოეთხოვა ეგვიპტის პრეზიდენტის – ჰოსნი მუბარაქის ძეგლის აღება აზერბაიჯანულ ქალაქ ჰირდალიდან, რომელიც ბაქოს ახლო მდებარეობს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ სპეციალური დაცვა დაუნიშნა ძეგლს, რომელიც ქანდაკებასთან არსებულ მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს. მუბარაქის ძეგლი 2007 წელს, აზერბაიჯანელი და ეგვიპტელი ხალხის მეგობრობის პატივსაცემად დაიდგა, თუმცა, ბოლო დროის მოვლენებმა ძეგლის მიმართ აზერბაიჯანელი ხალხის დიდი ნაწილი უარყოფითად განაწყო.
პრინცი პრეზერვატივებზე გაუშვეს
მრავალი სახეობის სასუვენირო პროდუქციასთან ერთად, რომელიც დიდ ბრიტანეთში იყიდება პრინცი უილიამის ქორწინებასთან დაკავშირებით, მაღაზიებში გასაყიდად სასუვენირო პრეზერვატივებიც გამოჩნდა. ბრიტანულმა ფირმამ „ქროულ ჯიუელს ქონდომმა” პრეზერვატივების სპეციალური ნაკრები გამოუშვა: კოლოფში სამი ფერის დამცავი საშუალებაა, რომლებსაც ბროშურა ახლავს, სადაც წერია, რომ სამეფო ქორწილის ღამით ყველა ბრიტანელს იღბლიან ღამეს უსურვებენ. სასუვენირო პრეზერვატივებს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებმაც მწარმოებელი კომპანია უღმერთობაში დაადანაშაულეს.
იტალიელი ქალები – ბერლუსკონის წინააღმდეგ
იტალიელი ქალებისგან შემდგარი ჯგუფი გეგმავს, საკუთარი ქვედა საცვლები ესროლოს პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის რეზიდენციას და ამით გამოხატოს საკუთარი პროტესტი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც პრემიერის გახშირებულ სექსუალურ სკანდალებს უკავშირდება. გარდა ამისა, იტალიაში ინტერნეტ-კამპანიაც დაიწყო, რომელიც პრემიერის წინააღმდეგ არის მიმართული. კამპანიას სათავეში მემარცხენე ცენტრისტული გაზეთი „ლა რეპუბლიკა” უდგას. მათი მთავარი მოთხოვნაა, დასრულდეს ბერლუსკონისა და მისი საყვარლების დრო იტალიაში. სულ ახლახან ფლორენციაში ამ თემასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩატარდა, რომლის მონაწილეებსაც ხელში ეჭირათ ბანერი, წარწერით: „იტალია არ არის ბორდელი”!
იემენის პრეზიდენტი თავს იზღვევს
იემენის პრეზიდენტმა, ალი აბდალა სალეჰმა, რომელიც 1978 წლიდან უდგას სათავეში ამ არაბულ სახელმწიფოს, განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას და ამით დაასრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას პრეზიდენტის რანგში. დასავლელი ექსპერტების აზრით, აბდალა სალეჰზე გავლენა იქონია ბოლო პერიოდში რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა: ტუნისის და ეგვიპტის შემდეგ, იემენშიც გაიმართა რამდენიმე მიტინგი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და, როგორც ჩანს, სალეჰმა მშვიდობიანი გზა აირჩია, რათა დაასრულოს თავისი დიქტატორული მმართველობა. შეგახსენებთ, რომ იემენი, სუდანთან და მავრიტანიასთან ერთად, არაბული რეგიონის უღარიბესი სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის 35 პროცენტი უსამსახუროდ არის, ხოლო დანარჩენი მოქალაქეები დღეში მხოლოდ 2 დოლარით ირჩენენ თავს.
ლუკაშენკოს გაქცევას უწინასწარმეტყველებენ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, გამოთქვა ვარაუდი, რომ ახლო მომავალში ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, იძულებული იქნება, თავს გაქცევით უშველოს და ამით ის ტუნისის პრეზიდენტის ბედს გაიმეორებს. სიკორსკის თქმით, მოვლენათა მსგავსება, რომლებიც ბოლო დროს ტუნისსა და ეგვიპტეში დატრიალდა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხალხი აღარ შეურიგდება დიქტატორულ რეჟიმებს და თვითონ გადაწყვეტს, თუ ვინ უნდა ედგას სათავეში ამა თუ იმ სახელმწიფოს.
ობამას პირადობის მოწმობას გასაყიდად გაიტანენ
ბარაკ ობამას პირადობის მოწმობის ასლს, სავარაუდოდ, გასაყიდად გაიტანენ, – ამ ინიციატივით ჰავაის შტატის საკანონმდებლო ორგანო გამოვიდა. კანონმდებლების აზრით, ამით ისინი შეეცდებიან ობამას არაამერიკელობის მითის დამსხვრევას და იმის დამტკიცებას, რომ იგი ჭეშმარიტად არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ობამას ამერიკის მოქალაქეობაში ეჭვი მის ოპონენტებს ეპარებათ. ოფიციალური ვერსიით ბარაკ ჰუსეინ ობამა დაიბადა ჰონოლულუში 1961 წელს – ორი წლის შემდეგ, რაც ჰავაი ოფიციალურად გახდა ამერიკის ერთ-ერთი შტატი. მოგვიანებით ობამამ საკუთარი ხელით გაავრცელა პირადობის მოწმობის დასკანირებული ვერსია და საჯარო გახადა ინფორმაცია საკუთარ თავზე.