როგორ დაადგინა სანადიროდ წასულმა სვანმა ზღაპარში აღწერილი ამბის სიმართლე
ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით, თვითონ იმ კაცმა მიამბო, ვისაც ეს ამბავი გადახდა თავს. სიმართლე გითხრათ, მისი მოსმენისას ქართული ფილმი „რეკორდი“ გამახსენდა – შეგინებით გამწარებული ბიჭი უზარმაზარ ქვას მდინარის გაღმა ნაპირს რომ გადააცილებს და ახალ მსოფლიო რეკორდს დაამყარებს. თუმცა... ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და თავად მთხრობელს მოვუსმინოთ.
ქალაქიდან სვანეთში ორი სტუმარი გვეწვია. მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, სანადიროდ წაგვეყვანა. მოვიმარჯვეთ ყველა საჭირო ნივთი და წავედით ტყეში. გვინდოდა, ჯერ ხმელი ტოტები შეგვეგროვებინა, რომ მერე ნანადირევი ტყეშივე შეგვეწვა. მიწაზე ბევრი ვერაფერი მოვაგროვეთ, ამიტომ, იქვე, ეკალ-ბარდების ორ ზოლად გაჭიმული ბუჩქების გვერდით მდგარ ნახევრად გამხმარ ხეზე ავძვერი, რომ მისი მსხვილი, გამხმარი ტოტები მომეხერხა და შეშად გამოგვეყენებინა. როგორც უკვე გითხარით, ხის ტოტების ქვეშ ეკალ-ბარდის ბუჩქების ორი ზოლი გაჭიმულიყო. პირველი ზოლი, ხის სიახლოვეს, დაბალი იყო – კაცს წელამდე თუ მისწვდებოდა, მეორე ზოლის სიმაღლე კი, ალბათ, ორ მეტრსაც აღწევდა. ერთი სიტყვით, ავძვერი ხეზე და დავიწყე გამხმარი ტოტების ხერხვა. ქვემოდან კი ჩემი ძმა მკარნახობს, რომელი ტოტის მოჭრა ჯობია. საკმაო რაოდენობის შეშა რომ მოგროვდა, ჩემმა ძმამ ამომძახა, შენ რომელზეც დგახარ, საკმაოდ მსხვილი ტოტია და ნუ დატოვებ, ბარემ ეგეც მოხერხეო. მეც დავუჯერე – უფროსი ძმის სიტყვას ხომ არ გადავიდოდი – და მონდომებით გავუსვი და გამოვუსვი ხერხი, მაგრამ უცებ ტოტი მოტყდა და თავით გადავეშვი ბარდებში. მთელი სახე და ხელ-ფეხი რომ დავიღლიტე და დავისისხლიანე, ამას ვინ ჩიოდა, ისე გავიხლართე ეკლებში, ჩემი იქიდან ამოსვლის შანსი არ იყო. მოცვივდნენ ჩვენი ქალაქელი სტუმრები, ერთი – ნაჯახით, მეორე – სეკატორით: ეკლიან ტოტებს ამოვჩეხავთ და ამოგიყვანთო, მაგრამ ჩემმა ძმამ შეაჩერა – თქვენ გვერდზე გადით, მაგის ამოსაყვანი წამალი მე ვიციო. მოვიდა ბუჩქთან, ამოიღო ასანთი, ხმელ ეკლებს რამდენიმე მხრიდან ცეცხლი წაუკიდა და მერე ღიმილით გაემართა ჩვენი სტუმრებისკენ. ისინი გაგიჟდნენ – რას შვრები, კაცო, ძმას ცოცხლად წვავო? და ჩემკენ გამოიქცნენ საშველად, მაგრამ ამან არ მოუშვა – ორი წუთი მოიცადეთ და, თუ ის ყველაფერი მართალია, რაც ბოლოს წაკითულ წიგნში წერია, თვითონ ამოხტებაო.
მე ისევ ეკლებში ვიყავი გახლართული, ვერ ვინძრეოდი და მთელი ხმით გავყვიროდი, მიშველეთ-მეთქი, თან, ვხედავდი, როგორ მიახლოვდებოდა ცეცხლის ალი ყველა მხრიდან და მივხვდი, ახლა თუ არ ვიმარჯვებ, შეიძლება, ნანადირევის მაგივრად ჩემი მწვადი შეიწვას ამ ტყეში-მეთქი. მოვიკრიბე უკანასკნელი ძალ-ღონე, როგორღაც დავდექი ფეხებზე, ერთი კი ჩავბუქნე და ისეთი ძალით ამოვხტი იმ ჭიაკოკონიდან, რომ ეკალ-ბარდების მეორე, მაღალ ზოლს გავუშხუილე და შორიახლოს მოვადინე ზღართანი. ისე ძლიერად დავეცი, რომ ორივე ხელი და ერთი ფეხი მოვიტეხე და ტვინის შერყევაც დამემართა და რა თქმა უნდა, მაშინვე საავადმყოფოში გამაქანეს. ლაპარაკის უნარი რომ დამიბრუნდა, დავუძახე ჩემს ძმას და ვეკითხები: ამისთანა რა წაიკითხე, რა უნდა ყოფილიყო მართალი, ლამის ცოცხლად რომ შემწვი-მეთქი? იმან კი ამაყად გადმომხედა და ღიმილით მიპასუხა:
– თურმე ზღაპრებში ყველაფერი სიმართლე წერია. გახსოვს, დევმა ხუთკუნჭულას რომ ჰკითხა, მაგ სიმაღლეზე როგორ ახვედიო?
– მახსოვს, – ვუპასუხე დაბნეულმა.
– ის თუ გახსოვს, რა უპასუხა ხუთკუნჭულამ?
– არა, – ვუპასუხე ამჯერად გაოცებულმა.
– რა და, შეშა მოაგროვე, ცეცხლი წაუკიდე, მერე ზედ დაახტი და ალი ამოგაგდებსო. მეც ასე მოვიქეცი და, ხომ ხედავთ, მართალი ყოფილა!..