როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
დიდმანიძე-დიდიძე
„ხელვაჩაურის სოფლები: აჭარისაღმართი და მარადიდი – დიდმანიძეების სამშობლო მხარეა, – წერდა ჟურნალისტი, აჭარელთა გვარების ქომაგი, ბატონი იოსებ ბექირიშვილი – აქ, ქუთურეთში, ლომინაკენსა და ძაბლაკეთის უბანში, არის დიდმანიძეთა ადგილი, ნასახლარი, საძოვარი. აქ ბევრნი იყვნენ, ნაწილი დიდიძედაც იწერებოდა. სოფელ ცხემლარაში დიდიძეები ახლაც ცხოვრობენ. სიტყვა „დიდი“ პოპულარული ყოფილა ამ მხარეში“. ასევე, გვაქვს გვარები: დიდმანიძე, დიდებულიძე, დიდიმამისაშვილი, დიდიძე, დიდია, დიდიშვილი, თავდიდიძე. ბერძნებიდან გვაქვს ნასესხები მამაკაცის საკუთარი სახელი დიდია. ის მეოთხე საუკუნიდან მომდინარეობს.
დიდმანიძის გარდა, მანს-შეიცავენ გვარები: სურმანიძე, ცალქალამანიძე, სულმანიძე, სამანიშვილი, ნარიმანაშვილი, ნარმანია, თურმანიძე, იამანიძე, მანჯავიძე და ასე შემდეგ.
ძველირანულად „მანია“ ნიშნავს მნიშვნელოვანს, ავტორიტეტულს. სახელ ნარიმანში „ნარი“ ირანულად „ვაჟია“, ხოლო „მანი“ – „გული“. ეს ფორმა გვიანდელადაა მიჩნეული.
გადმოცემით, დიდიძიდანაა წარმომდგარი მაისურაძეთა ცნობილი გვარი.
საქართველოში 496 დიდიძე ცხოვრობს: თბილისში – 117, სამტრედიაში – 85, ქუთაისში – 76. არიან სხვაგანაც.
425 დიდმანიძე: ბათუმში – 91, ოზურგეთში – 38, თბილისში – 6. არიან სხვაგანაც.
ხაჩიძე
ქართულ სიტყვათა ლექსიკონში, გვარის ფუძე ხაჩი არ ჩანს. ხაჩ-ზე სულხან-საბას „სიტყვის კონაში” არაფერია ნათქვამი. ალექსანდრე ღლონტთან, წიგნში – „სახელები” წერია: „ნასესხებია არქივში, სვანეთში, ლახამულაში, საკუთარი სახელი ხაჩიას.“ (1902 წელი).
საკუთარი სახელი ხაჩი გვხვდება გვაროლოგ იოსებ ბექირიშვილთან, რომელმაც დიდად იზრუნა აჭარული გვარ-სახელების ისტორიის შესასწავლად. წიგნში – „ასი აჭარული გვარ-სახელი” წერია, რომ ხაჩი შეიძლება ნასესხები იყოს ადიღეურიდან – „ხაჩი“ ადიღეურად „სტუმარს“ ნიშნავს.
ასევე, გვხვდება გვარები: ხაჩირაშვილი, ხაჩიძე, ხაჩიური, ხაჩიაშვილი.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ხაჩიძეებს 59-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში სულ 5 684 ხაჩიძე ცხოვრობს: ხაშურში – 2 251, თბილისში – 1 021, ბორჯომში – 624. არიან სხვაგანაც.
კელენჯერიძე
ფუძე კელენჯუხი რაჭულ დიალექტში ნიშნავს ჯიუტს. აქედანაა გაჩენილი გვარი კელენჯერიძე.
გვარი კელენჯერიძე გვხვდება ზესტაფონის რაიონის, სოფელ ტაბაკონში და სხვაგანაც. სახელი-ეპითეტი „კელენჯერი“ – ჯიუტი, „მიუდგომელი ადამიანი“.
1840-იან წლებში კელენჯერიძეები ცხოვრობენ სოფლებში: კიკნაველეთი, ტაბაკონი.
საქართველოში 856 კელენჯერიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 408, თბილისში – 128, ქუთაისში – 109. არიან სხვაგანაც.
მეფუტკრისძე – ფუტკარაძე
გვარის ფუძედ გამოყენებული, მწერის სახელებია – ფუტკარი. ოღონდ იმ შენიშვნით, რომ მაჭახელაში გაჩენილ, შემდგომში ფუტკარაშვილ, ფუტკარაძეთა ადრინდელი გვარი ყოფილა მეფუტკრისძენი.
მოსახსენებელში მოიხსენიებიან მეფუტკრიეთ ივანე და მეფუტკრისძე გუგუნა.
გვარი მეფუტკრიძე მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში, ტბეთის სულთა მატიანეში მოიხსენიება.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, ფუტკარაძეთა გვარს 34-ე ადგილი უჭირავს.
საქართველოში 7 003 ფუტკარაძე ცხოვრობს: შუახევში – 1 824, ხელვაჩაურში – 1 108, ბათუმში – 664, არიან სხვაგანაც.
მამუკელაშვილი – ხუცურაული
გვარის ფუძედ გამოყენებულია სახელი მამა. „მამა არს ღმერთი დამბადებელთა. მამა არს შემქმნელი. მამად ითქმან: მოძღუარი, მღვდელი, აღმზრდელი, ოსტატი, გინა კაცი უხუცესი.” (სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა).
მამა გვხვდება საკუთარ სახელადაც. „მამა კარშაგარას მცხოვრები, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს.” (1537-1558 წლები).
მამიდანაა ნაწარმოები სახელები: მამაგული, მამაგულა, მამაგულაი, მამადა; ამათგან კი გვარები: მამადელაშვილი, მამასბედი, მამაცაშვილი, მამახარაშვილი, მამაჯანაშვილი, მამუკელაშვილი და სხვა.
„შოშიტა მამუკელა იყო ერისთავის ყმა, ჰყავს ძმები: გოგიელა, აღდგომელა და ნიკოლოზა. მას შოშიტა ერისთავმა უწყალობა მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა ტოგონიძის მამულს” (1641-1661 წლები).
ადრე მამუკელაშვილებს ფშავში უცხოვრიათ. მატნელი მამუკელაშვილები წარმოშობით ფშავიდან არიან. მამუკელაშვილების ადრინდელი გვარი ხუცურაული ყოფილა.
საქართველოში 764 მამუკელაშვილი ცხოვრობს: თელავში – 233, ახმეტაში – 167, თბილისში – 117. არიან სხვაგანაც.
685 ხუცურაული: თბილისში – 179, თიანეთში – 119, თელავში – 99.
ზამთარაული – ზამთარაშვილი
მეტსახელი ზამთარა, გვხვდება გვარში ზამთარაული.
„ზამთარაული გიორგი არის თონელი, ჰყავს ძმა ლომიტა, თეიმურაზ მეფემ ის უწყალობა ლუარსაბ მაყაშვილს” (1610 წელი).
„ზამთარეული ბერიკა, თიანეთში მცხოვრები, ჰყავს ძმა – ვეფხია და ძმისწულები. არჩილ მეფემ მისი წყალობა დაუმტკიცა მაყაშვილს, 1675 წელს.”
გვარი ზამთარაშვილი მიღებული უნდა იყოს გვარიდან ზამთარაული.
საქართველოში 40 ზამთარაული ცხოვრობს: გარდაბანში – 24, თბილისში – 7, დედოფლისწყაროში – 2. არიან სხვაგანაც.
54 ზამთარაშვილი: თბილისში – 34, თიანეთში – 11, გარდაბანში – 7. არიან სხვაგანაც.
სარალაშვილი – სარალაძე
– სარალიძე
სარალაშვილი, სარალიძე და სარალაძე ერთსა და იმავე გვარად ჩანან. საერთოდ, გვარის ფუძე უნდა იყოს სახელი სარა, სარია, სარო; ასევე, გვხვდება მოფერებით-კნინობითი სახელი სარალ (სარალა). ძველებრაულად „სარა“ ქალბატონს ნიშნავს.
„სარალაშვილ შალვას ჰყავს ძმა ბასილა, ბიძაშვილები: დაფნა, პაპნია. ადრე ეკუთვნოდა სულხანს, შემდეგ ის თავის ძმებთან და ბიძაშვილებთან ერთად გიორგი ბატონიშვილმა უწყალობა სახლთუხუცეს დავით გადაბაძეს” (1667 წელი).
საქართველოში 82 სარალაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 30, თბილისში – 23, მცხეთაში – 19. არიან სხვაგანაც.
20 სარალიშვილი: თბილისში – 10, გარდაბანში – 2, ზუგდიდში – 1. არიან სხვაგანაც.
2 968 სარალიძე: ჭიათურაში – 665, თბილისში – 581, ზესტაფონში – 523. არიან სხვაგანაც.
გეთიაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი გეთა, გეთი.
ამავე ძირისაა გვარები: გეთაშვილი, გეთასშვილი და გეთია.
მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ცხვილოსში მცხოვრებ გეთიაშვილს, საამილახვრო დავთრის მიხედვით, თოფით ლაშქრობა ევალებოდა.
ცხვილოსში მცხოვრები ბეთელა გეთიაშვილი ავთანდილ ამილახორის ყმა იყო.
კორტანში მცხოვრები გეთიაშვილი თავისი მამულით ერისთავმა მირიან ჭრელისძემ მეთხუთმეტე საუკუნეში უწყალობა გიორგი შერმაზანაშვილს.
საქართველოში 687 გეთიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 443, თბილისში – 186, რუსთავში – 23. არიან სხვაგანაც.
49 გეთაშვილი: კასპში – 35, თბილისში – 11, გურჯაანში – 2. არიან სხვაგანაც.
887 გეთია: ზუგდიდში – 417, წალენჯიხაში – 192, თბილისში – 94. არიან სხვაგანაც.
სადაღაშვილი
სადაღაშვილი ეპონიმური გვარ-სახელია.
ისტორიული წყაროებით, ეს გვარი მეექვსე საუკუნიდან გვხვდება. მისი ფუძე უნდა იყოს სადაღი, (იგივეა, რაც სადაგი). გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი სადაღა.
1651 წელს ჩიტალაში მცხოვრები სადაღა წილად ერგო ყორჩიბაშ ბაადურ ციციშვილს.
მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს, ატენში მცხოვრებმა ბესო სადაღაშვილმა სამი დღის მიწა მიჰყიდა ვინმე თამაზას.
1639 წელს ძეგვში მცხოვრები ბერიკა სადაღაშვილი როსტომ მეფემ დეკანოზ იასე ზუმბულიძეს უწყალობა.
საქართველოში 713 სადაღაშვილი ცხოვრობს: გორში – 425, თბილისში – 236, რუსთავში – 19. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით