როგორ გააშვილა რუსთავში სამუშაოდ ჩამოსულმა რუსმა ქალბატონმა თავისი შვილი გაჭირვების გამო და ვინ ეძებს მას საქართველოდან
44 წლის ამბერკი გივის ძე მაზიაშვილი ეძებს 62-64 წლის გალინა ვლადიმირის ასულ კალაჩოვას.
ისტორია: ვეძებ ბიოლოგიურ დედას, გალინა ვლადიმირის ასულ კალაჩოვას, რომელიც დაახლოებით 62-64 წლის უნდა იყოს. მის შესახებ მწირი ინფორმაცია მაქვს. სამწუხაროდ, მხოლოდ გასული წლის სექტემბერში გავიგე ჩემი ნამდვილი ისტორია და ამიტომ აქამდე ბიოლოგიური დედა არ მიძებნია. გალინა საქართველოში, ქალაქ რუსთავში, 1966 წლიდან 1968 წლამდე ცხოვრობდა. ერთადერთი, რისი მოპოვებაც შევძელი, იყო გალინას იმ ქარხანაში მიღებისა და გათავისუფლების ბრძანებები, რომლებიც ყოფილი ქარხნის არქივში მოვიძიე. რუსთავის არქივის მიხედვით, დედაჩემი „ქიმბოჭკოში“ მუშაობდა საგრეხ საამქროში მგრეხავად. გალინა ვლადიმირის ასული კალაჩოვა 1966 წლის 22 ნოემბერს მიიღეს ქარხანაში, 1968 წლის 1 თებერვლიდან კი გათავისუფლდა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, ვისგან და როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ, რა იცით ბიოლოგიური დედის შესახებ?
– 1966 წელს რუსეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს დაახლოებით 17-18 წლის გოგონების ჯგუფი. რუსთავში გაიხსნა 550-ე ქარხანა. თუ არ ვცდები, ის სამხედრო დანიშნულების იყო. თურმე, იმ ქარხანაში დაიწყო მუშაობა ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ. იმავე ქარხანაში მუშაობდა ბიცოლაჩემიც, ანუ ჩემი ამჟამინდელი ბიცოლა, მთავარ ბუღალტრად. ერთხელაც, რომ მისულა ბიცოლაჩემი სამსახურში უნახავს, როგორ გამოვიდა ბუღალტერიიდან ატირებული გოგონა. ბიცოლას უკითხავს, რა გჭირს, რატომ ტირიო. რაზეც იმ გოგომ უპასუხა: რომ ორსულად ვარ, სულ არავინ მყავს და ბავშვს როგორ გავაჩენ, ან როგორ გავზრდი. თავი უნდა მოვიკლაო. იმ ქარხანას საერთო საცხოვრებელი ჰქონია, სადაც რუსეთიდან ჩამოსული გოგონები ცხოვრობდნენ. ბიცოლაჩემი გაეკიდა იმ გოგონას და დაამშვიდა: თავი არ მოიკლა, ერთი კვირა დამელოდე და პასუხს გეტყვი. შეიძლება, შენი შვილი ჩვენ ავიყვანოთ, რამეს მოვიფიქრებო. გოგონაც დაეთანხმა და დამშვიდდა. მართლაც ასე მოიქცა, ბიცოლა ჩავიდა სოფელში, სადაც უშვილო ცოლ-ქმარი ცხოვრობდა და უამბო მათ ეს ამბავი. მათაც გადაწყვიტეს, ბავშვი დაბადებისთანავე შვილად აეყვანათ. ჩამოვიდნენ რუსთავში, შეხვდნენ იმ გოგონას და მოელაპარაკნენ. მას შემდეგ ყურადღებას აქცევდნენ, ინახავდნენ, უფრთხილდებოდნენ. ერთხელ, როცა ჩემი მომავალი აღმზრდელები ჩამოვიდნენ, საერთო საცხოვრებელში ამბავი დახვდათ, რომ გალინა სამშობიაროში წაუყვანიათ და ისინიც მაშინვე იქ წასულან. სამშობიაროდან ბიცოლაჩემმა გამომიყვანა. მე დავიბადე 1967 წლის 25 ივნისს, ან ივლისს, რადგან, დარწმუნებული ვარ, რომ დაბადების მოწმობა გადაკეთებული მაქვს. ჩემი ნამდვილი დაბადების მოწმობა არ მინახავს – ის ჩემმა აღმზრდელებმა გაანადგურეს ყველა სხვა საბუთთან ერთად. ყალბი დაბადების მოწმობა კი ჩემმა აღმზრდელმა მამამ დაამზადებინა თავის გავლენიან მეგობრებს. იმ დროს ის ხევსურეთში, ბარისახოში, ბევრს იცნობდა გავლენიანს და თვითონაც კარგ თანამდებობაზე მუშაობდა. როგორც ვიცი, ჩემი დაბადების მოწმობა „ლევად“ გააკეთეს ბარისახოს საბჭოში. სინამდვილეში, როდესაც დავიბადე, ვალერი კალაჩოვი ვიყავი. ეს ყველაფერი მე ბიცოლაჩემისგან ვიცი.
– ანუ დედას დაბადებისთანავე დაგაშორეს. მშვიდად გადაიტანა ბიოლოგიურმა დედამ ეს ამბავი?
– მას შემდეგ, რაც სამშობიაროდან ბიცოლაჩემმა გამომიყვანა, მეც და დედაჩემიც თავისთან წაგვიყვანა სახლში, სადაც 40 დღის განმავლობაში დედაჩემი ძუძუს მაწოვებდა და ჩემთან იყო. მას, თურმე, ჩემი დათმობა აღარ უნდოდა. მოგეხსენებათ, რა რთულია ქალისთვის, ცხრა თვე მუცლით ატარო შვილი და შემდეგ კი უარი თქვა მასზე, მით უმეტეს, რომ ვიცი, ეს ყველაფერი გამოუვალი მდგომარეობის გამო გააკეთა. მაგრამ ჩემი აღმზრდელი მშობლებიც არ მთმობდნენ – მორიგებულები ვართ და ბავშვს ვერ გაგატანთო. გამოუძახებიათ ტაქსი და გაუშვიათ დედაჩემი, რომელიც თურმე, ბევრს ტიროდა, მე კი სოფელში წამიყვანეს. თავიანთ სახლში. ერთი კვირა რომ გავიდა ჩვენი დაშორებიდან, ჩემი ბიოლოგიური დედა მისულა ბიცოლას სახლში და ვუკითხივარ – ბავშვი მანახეთ, როგორ არისო. ეს ხდებოდა რუსთავში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც ბიცოლა და ბიძაჩემი ცხოვრობდნენ. სხვა მისამართი, ანუ ჩემი ადგილსამყოფელი დედამ არ იცოდა. არ იცოდა არც აღმზრდელების გვარი, რომ მოვეძებნე. იქ უთხრეს, რომ მე ცუდად ვიყავი, ვავადვმყოფობდი. მათ ერჩივნათ, რომ არ ვენახე და ასე გაისტუმრეს. დედაჩემი მეორედაც იყო მისული და ბოლოს იანვარში მისულა. ბიცოლას და ბიძას უთქვამთ, რომ მე გარდავიცვალე. სწორედ იანვრის ბოლოს დაუწერია გალინას განცხადება გათავისუფლების შესახებ და წამოსულა სამსახურიდან იმ ქარხნიდან, რასაც ადასტურებს კიდეც ჩემ მიერ მოძიებული ბრძანებების ასლები.
– რა იცით კიდევ თქვენი ბიოლოგიური დედის შესახებ?
– არ ვიცი, არ მეუბნებიან, ან, მართლა არ იციან. ბიცოლამ მითხრა, რომ მას შემდეგ არც დაურეკავს და აღარც მისულა. თუ არ ვცდები, სოხუმში გათხოვდაო. მაგრამ ეს ინფორმაცია ზუსტი არ არის. მე ვფიქრობ, ის ისევ რუსეთში დაბრუნდებოდა. არქივში მივედი. მინდოდა მისი ფოტოს ან საპასპორტო მონაცემების მოძიება, მაგრამ არქივი დიდი ხნის წინად დამწვარა და ერთადერთი, რაც იქ მოვიძიე, მისი მიღების და გათავისუფლების ბრძანებებია. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.
– ბიოლოგიური მამის შესახებ რა იცით, ვინ იყო ეროვნებით და როგორ გადაწყვიტა ბიცოლათქვენმა თქვენთვის სიმართლის თქმა ასე გვიან?
– ჩემი აღმზრდელი მშობლები ცოცხლები აღარ არიან. ბიცოლა ჩამოსული იყო ჩემი აღმზრდელი დედის დასაფლავებაზე, სადაც ნახა ჩემი შვილი. როგორც კი დაინახა, ფერი ეცვალა – გაჭრილი ვაშლივით ჰგავს შენს ბიოლოგიურ დედასო. შემდეგ კი მითხრა ყველაფერი, რაც იცოდა. ჩემი ქალიშვილი მართლაც ძალიან ჰგავს რუსს – ის თეთრი, ქერა და ცისფერთვალებაა. ზუსტად ასეთი ყოფილა ჩემი ბიოლოგიური დედაც. ჩემს ბიოლოგიურ მამაზე კი არაფერი ვიცი, არც ის ვიცი, ეროვნებით ვინ იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილის დედაჩემთან მსგავსება დამეხმარება მის პოვნაში. ძალიან მინდა, რომ ვიპოვო ბიოლოგიური დედა. ჩემი ამბავი აქამდე რომ მცოდნოდა, თადარიგს დავიჭერდი. თითქმის მთლიანად მაქვს მოვლილი რუსეთი და ყველგან მოვძებნიდი. მე არანაირად არ ვბრაზობ ჩემს ბიოლოგიურ დედაზე და არაფერს ვემდური. პატარა იყო, გამოუცდელი, მარტოხელა და ბუნებრივია, შეეშინდა ბავშვის გაჩენა და გაზრდა. ძალიან განვიცდი, როდესაც ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, ნახევარდა ან ნახევარძმა მყავს, მე კი მათ არ ვიცნობ. დედაჩემი კი არასდროს მომძებნის, რადგან მან იცის, რომ მე მკვდარი ვარ. დამეხმარეთ მის მოძებნაში.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.