„ფეისბუქის” დამფუძნებელმა საცხოვრებელი შეიცვალა
სოციალური ქსელის დამფუძნებელმა, 26 წლის მარკ ცუკერბერგმა, კიდევ ერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი. მილიარდერი „ფეისბუქელი” საკუთარი სახლის შეძენას მაინც არ ჩქარობს. ახალ სახლს საკუთარი დაცვა ჰყავს. ცუკერბერგის მიერ დაქირავებული ახალი სახლი, ძველის მსგავსად, ქალაქ პალო ალტოში მდებარეობს, რომელიც ამერიკის „სილიკონის ველის“ ისტორიულ ცენტრად ითვლება და სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსის ნაწილია. „ფეისბუქის” დამფუძნებლის სახლს, ამერიკული მედიის ცნობით, 5 საძინებელი ოთახი და 4 სააბაზანო აქვს. საინტერესოა, რომ ამერიკის ყველაზე მდიდარ 400 ადამიანს შორის, დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ახალგაზრდა დამფუძნებელი 35-ე ადგილზეა და მისი ქონება 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. პრესა გაოცებულია იმის გამო, რომ ის მოხეტიალე ცხოვრებას განაგრძობს და თავისი წინამორბედების – ბილ გეითსისა და სტივ ჯობსისგან განსხვავებით, არ აპირებს მამულის შეძენას. ცუკერბერგის მიერ დაქირავებული წინა ბინა ბაზარზეა გამოტანილია და მისი დაქირავება 7 800 დოლარად არის შესაძლებელი. ცუკერბერგი ამ ბინაში ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.