კაპიტალიზმის გერმანელთა მხოლოდ 46 პროცენტს სჯერა
გერმანიის მოქალაქეთა მხოლოდ 46 პროცენტს სჯერა, რომ კაპიტალისტური სისტემა ნორმალურად ფუნქციონირებს და მისი ამ სახით შენარჩუნებაა საჭირო. ამის შესახებ საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის – „აიფოპის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან გახდა ცნობილი. გამოკითხულ გერმანელთა 42 პროცენტს მიაჩნია, რომ კაპიტალიზმი ცუდად ფუნქციონირებს, თუმცა, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს. გამოკითხულ გერმანელთა 12 პროცენტის აზრით კაპიტალისტური სისტემა გერმანიისთვის უვარგისია და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ ამ გამოკითხვამ ძალიან ბევრი პარადოქსული ტენდენცია გამოავლინა: ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კაპიტალიზმს, როგორც სისტემას, ყველაზე მეტი მომხრე ჩინეთში ჰყავს, რომელიც დღესაც კომუნისტური სახელმწიფოა; კაპიტალიზმის ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები კი ფრანგები აღმოჩნდნენ – გამოკითხულ ფრანგთა 33 პროცენტი კაპიტალიზმის, როგორც სახელმწიფო წყობილების, გაუქმების მომხრეა. აღსანიშნავია ისიც, რომ კაპიტალიზმის უფრო მეტად იმ გერმანელებს სჯერათ, რომლებიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. კაპიტალიზმის მომხრეები დასავლეთ გერმანიაში 48 პროცენტია, აღმოსავლეთ გერმანიაში მხოლოდ 33 პროცენტი. გერმანელთა 21 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია; 30 პროცენტი დარწმუნებულია, რომ გერმანიამ ყველაზე რთული პერიოდი უკვე უკან ჩამოიტოვა.