კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰოლივუდში ფილმი სტალინის რეჟისურით დაიდგა

ჯოზეფ დევისი შემთხვევითი პიროვნება არ ყოფილა, მაგრამ, როცა წიგნი „მისია მოსკოვში” გამოსცა, ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთ ფურორს მოახდენდა – ის მანამდე პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ელჩად დანიშნა საბჭოთა კავშირში, მას უნდა შეესწავლა და გაეანალიზებინა ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება. 1941 წლის ბოლოს გამოცემულმა წიგნმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ის დოკუმენტურობით გამოირჩევა, მისი ყოველი სტრიქონი დღიურებსა და პირად წერილებს, ასევე, სამსახურებრივ ჩანაწერებს ეყრდნობა. 40-იანი წლების ბესტსელერის გამოცემამდე, მისი ფრაგმენტები ისეთ ავტორიტეტულ ამერიკულ გამოცემებში იბეჭდებოდა, როგორიცაა – „ნიუ-იორკ თაიმს მეგეზინი,” „თაიმსი” და სხვა. 700 000 ძვირად ღირებული ეგზემპლარი წარმოუდგენელი სისწრაფით გაიყიდა, ორი მილიონი ცალი ჯიბის ფორმატის კოპირებული ეგზემპლარი კი, 25 ცენტად რამდენიმე დღეში აორთქლდა. „მისია მოსკოვში” პრეზიდენტმაც ღირსეულად შეაფასა, მას ახლაც ამშვენებს წარწერა, რომ წიგნი ყველა დროის მოვლენაა. რით მოხიბლა და მიიზიდა ამერიკელი მკითხველი ჯოზეფ დევისის წიგნმა? – საქმე ის არის, რომ 30-40-იან წლებში საბჭოთა კავშირი მათთვის ერთგვარი „ტერაინკოგნიტა” იყო, რადგან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ჰქონდათ. ერთი მხრივ, 1933 წელს ამერიკამ საბჭოთა კავშირი ოფიციალურად – დე-იურედ ცნო და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, რასაც კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების დარეგულირება მოყვა. შტატებში სტალინის პროექტის მიხედვით იგზავნებოდნენ საბჭოთა ინჟინრები, განხორციელდა „სტალინის არწივების” (ჩკალოვი, გრომოვი) ლეგენდარული გაფრენა ამერიკაში. იყო სხვა პოზიტივებიც, ანუ, დაიწყო ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა. მეორე მხრივ, ამერიკის მოსახლეობამდე მიდიოდა ხმები საბჭოთა დამსჯელი ორგანოების სიმხეცეზე, ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვაზე და სხვა. ამიტომ უბრალო, ჩვეულებრივ ამერიკელებს აინტერესებდათ, ვინ იყო და რა როლს თამაშობდა ამ ყველაფერში იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. ინტერესი გაიზარდა გერმანიის თავდასხმის შემდეგ, ხოლო წითელი არმიის კონტრშეტევაზე გადასვლის მერე, პიკს მიაღწია. 1941 წლის 25 ივნისს (ომი სამი დღის დაწყებული იყო) ჯოზეფმა სპეციალური ლექცია წაიკითხა ჰარვარდის უნივერსიტეტში და თქვა, რომ სტალინს სიცოცხლეში ვერავინ დაამარცხებსო (საარქივო მასალები დაცულია). შეკითხვაზე, არის თუ არა საბჭოთა კავშირში ნაცისტური მეხუთე კოლონა, მოკლედ უპასუხა, რომ აღარ არის, რადგან სტალინმა ყველა გაანადგურა. წიგნში ჯოზეფ დევისის ერთ-ერთი წერილიც შედის, რომელიც მან 1938 წელს დაწერა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ტროცკისტული ბლოკის სასამართლო პროცესი, კერძოდ, ნიკოლოზ ბუხარინთან დაკავშირებით: „ბრალი ეჭვგარეშეა, პროცესი გამჭვირვალეა. თითქმის ყველა დამნაშავემ გულწრფელად აღიარა დანაშაული. შეთქმულება, რომელშიც გერმანიის დაზვერვა სერიოზულად იყო ჩართული და ხელისუფლებიდან სტალინის ჩამოშორებას, შემდეგ კი ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად, ჩაიშალა. შეთქმულებს შორის იყვნენ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები, მათ შორის, ყოფილი პრემიერი, მთავრობის კაბინეტის წევრები, ერთ-ერთი საკავშირო რესპუბლიკის ხელმძღვანელი და პოლიტბიუროს წევრიც კი. მათ დახვრეტა მიესაჯათ. გარდა ამისა, სასამართლომ ხანგრძლივი დროით პატიმრობა განუსაზღვრა ინგლისსა და საფრანგეთში საბჭოთა კავშირის ელჩს, ბერლინში საბჭოთა საელჩოს მთავარ მრჩეველს; ასევე, გამოჩენილ ექიმს, რომელიც გულსისხლძარღვთა დაავადებების ცნობილი სპეციალისტი იყო და ამ დარგში უმნიშვნელოვანესი კვლევები ჰქონდა.” გელაპის ინსტიტუტში ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ „მისია მოსკოვში” უტყუარი ინფორმაციაა იმ დროს საბჭოთა კავშირში განვითარებული მოვლენების შესახებ. ავტორი კი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ სტალინი ომამდე ემზადებოდა ომისთვის და მხოლოდ ქვეყნის სამხედრო თავდაცვისუნარიანობაზე არ ფიქრობდა. მან ხელმძღვანელ მუშაკებს შორის „წმენდა” ჩაატარა. დევისის სიტყვებია: „რუსებსაც ჰყავდათ თავისი კვისლინგები, როგორც ნორვეგიელებს, მაგრამ სტალინმა ისინი გაანადგურა.”

ბესტსელერის ეკრანიზაცია

რუზველტმა სტალინის გულის მოსაგებად ბესტსელერის ეკრანიზაცია გადაწყვიტა. ამ საქმეს ჰოლივუდის მამებმა მოჰკიდეს ხელი – პროდიუსერმა ბაკნერმა და რეჟისორმა კერტიცამ. ისინი ანტიკომუნისტები იყვნენ, რის გამოც წიგნის ავტორთან მუდმივი „საომარი” მდგომარეობა ჰქონდათ. კამათი, თითქმის, ყოველი სიუჟეტის ირგვლივ მიმდინარეობდა. მაგალითად, ჯოზეფ დევისი ამტკიცებდა, რომ 1939 წელს საბჭოთა კავშირს არ დაუწყია საომარი მოქმედებები ფინეთის მიმართ და ეს, პირიქით, საპასუხო ქმედება იყო. განსაკუთრებული დავა გამოიწვია 1937-1938 წლების პროცესებმა. პროდიუსერი ამბობდა, რომ ამ მოვლენების დადებითად შეფასება „გრანდიოზული ისტორიული შეცდომა” იქნებოდა, ფილმის ბედი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ საქმეში, მისი უდიდებულესობა, ფული ჩაერთო და ყოფილმა ელჩმა ჯიბიდან საბანკო წიგნაკი ამოიღო ძმები უორნერებისთვის (მსოფლიოში ცნობილი კინოკომპანიის დამფუძნებლები მაშინ ადგილს იმკვიდრებდნენ ჰოლივუდში და მათთვის ფინანსური ინიექცია მისწრება იყო). მილიონი დოლარი – იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა გამოწერა, რათა მზა ფილმი შეეძინა. ყოფილი ელჩი მილიონერი გახლდათ და შეეძლო თავისთვის ამის უფლება მიეცა. თუმცა, კრიტიკოსები დღესაც ირწმუნებიან, რომ ჰოლივუდის ეს პროექტი, როგორც რეჟისურის, ისე ფინანსური თვალსაზრისითაც, სტალინის სცენარის მიხედვით განხორციელდა. მოგვიანებით, სპეციალური კომისიის („მაკარტის კომისია”) დასკვნის საფუძველზე, არათუ „მისია მოსკოვში,” არამედ ისეთი ფილმებიც აიკრძალა, როგორიც იყო: ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის „დიადი დიქტატორი,” ბორძეჟის „სასიკვდილო ქარიშხალი,” დმიტრეკის „ჰიტლერის შვილები,” ლანგის „ჯალათებიც იხოცებიან.” ასევე, ყველა ის ფილმი, რომელიც ფაშისტურ გერმანიასთან საბჭოთა ხალხის წარმოჩენილ ჰეროიზმს ეხებოდა. ამის მიზეზი მარტივი იყო, ამერიკამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა, თორემ ჰოლივუდში ჩატარებული წმენდის მოტივი, რომ იქ კომუნისტებმა შეაღწიეს, რთული დასაჯერებელია. სხვათა შორის, ფილმის პირველი ჩვენება 1943 წლის 21 აპრილს ვაშინგტონში, თეთრ სახლში მოეწყო სპეციალურად პრეზიდენტისა და მისი გარემოცვისთვის. 22 აპრილს ძმებმა უორნერებმა ჩვენება ჰოლივუდში, ფართო აუდიტორიისთვის განახორციელეს. წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღნიშნულით ბერლინშიც კი დაინტერესდნენ. ჩვენებას ჰიტლერი, გებელსი და მთელი გენერალიტეტი დაესწრო. მათში განსაკუთრებული აღშფოთება სტალინგრადის ბრძოლასთან დაკავშირებულმა ეპიზოდებმა გამოიწვია. ჯოზეფ დევისს მათ „სტალინის სალონის ბოლშევიკი” და „საშიში ტიპი” შეარქვეს. ჯოზეფს ეს ნაკლებად აღელვებდა, რადგან სტალინთან, კრემლში, მის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე ხელდამშვენებული ჩავიდა. თავისი ფილმის ასლი და რუზველტის წერილი ჩაიტანა (საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოში დაცული არქივი, დოკუმენტი ნომერი 83, 5 მაისი, 1943 წელი) და ხუმრობით თქვა, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ბელადს პროამერიკული განწყობა დაეუფლა. მართლაც ასე მოხდა, სტალინმა პროექტზე მომუშავე ადამიანებს, მადლობა გადაუხადა. დევისის პირით კი, გარი უორნერსაც შეუთვალა მოკითხვა და მას პატივისცემა დაუდასტურა. რაც შეეხება თავად ჯოზეფ დევისს, კრემლში მოწყობილ წვეულებაზე მარშალი სტალინი ფეხზე წამოდგა და მას საბჭოთა კავშირის მეგობარი უწოდა. ვიაჩესლავ მიხეილის ძე მოლოტოვმა კი ბელადის გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო: ჯოზეფ დევისი ამერიკა-საბჭოთა კავშირის მეგობრობის ეროვნული საბჭოს საპატიო წევრად დაინიშნა, ამ ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცებისთვის გაწეული დიდი წვლილისთვის. ჰოლივუდში განხორციელებული პროექტი „მისია მოსკოვში” კი, ლენინის ორდენით დაჯილდოვდა. არავის გაჰკვირვებია, როცა ამერიკელი მილიონერი კაპიტალისტი ფეხზე წამოდგა და იოსებ სტალინის თამადობით წითელი არმიისა და საბჭოთა ხალხის სადღეგრძელო შესვა.

P.S. ჯოზეფ დევისს არა მხოლოდ საკუთარი საფინანსო კონსულტანტები, ძმები უორნერებიც ეწინააღმდეგებოდნენ, განსაკუთრებით უფროსი ძმა, გარი უორნერი. კინოსტუდიის დამფუძნებლები ფიქრობდნენ, რომ ეს პროექტი ეკონომიკურად წამგებიანი იქნებოდა, რადგან ამერიკელი მაყურებლის გემოვნებაში ვერ ჩაჯდებოდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ პროექტის მომგებიანობის გათვლა წინასწარ შეუძლებელია, მაგრამ არა ჯოზეფის შემთხვევაში – მან იცოდა, რომ თუ „მისია მოსკოვში” სტალინს მოეწონებოდა, მას მრავალშვილიან საბჭოთა კავშირში ყველა ნახავდა. სწორედ ამიტომ გადიოდნენ, ყოფილი ელჩის დავალებით კონსულტაციებს ბელადთან. სტალინის მოწონების შემთხვევაში, პროექტის ჩავარდნა გამორიცხული იყო. თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ფილმმა ამერიკელი მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, აქ ფილმი ყველამ ნახა – შრომითი კოლექტივებიდან დაწყებული, სამეცნიერო და კულტურული წრეების ჩათვლით. ჯოზეფ დევისს ჩადებული მილიონი ასმაგად დაუბრუნდა. ბელადის პატივსაცემად კი, ძმებმა უორნერებმა, თავისი კინოსტუდიის ჰოლში, სადაც გამოჩენილი ადამიანების პორტრეტებია, სტალინის ბიუსტიც დადგეს, რომელიც იქ თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში იყო, თუმცა, საუკუნის მიწურულს, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა რეიგანმა, რომელიც პროფესიით მსახიობი იყო და ხშირად მართავდა შეხვედრებს სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან, ზემოხსენებულ კინოსტუდიაში სტუმრობისას, ბიუსტი შენიშნა და იხუმრა, რომ ცივ ომში გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას აქედან აპირებს – ვიზიტის მეორე დღეს ბიუსტი ისტორიის მუზეუმში გადაიტანეს.


скачать dle 11.3