როდის მოქმედებს სიჩქარეთა კოლოფის ზეთი ავტომობილის დაქოქვაზე
რამდენი ავტომობილიც არსებობს, გაუმართაობაც იმდენივე შეიძლება იყოს. ისევე როგორც ადამიანს, პროფესიონალები ავტომობილსაც როგორც ინდივიდს, ისე უყურებენ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც იდენტური პრობლემა შეიძლება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მოდელებს შეექმნას.
მევლუდ მელაძე: რამდენი მოდელიც არის, იმდენივე ძრავის ტიპია. თუმცა, ცალკეულ ავტომობილს შეიძლება, ჰქონდეს ისეთი პრობლემა, რომელიც სხვა, ზუსტად მისნაირ მოდელსაც კი არ აქვს, ან პირიქით, მისგან სრულად განსხვავებულ მოდელში – იჩინოს თავი. თან, ყველაზე ცუდი ის არის, რომ როდესაც დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ის იოლი საპოვნელია და არც იმაზე გვიწევს თავის მტვრევა, როგორ შევაკეთოთ. ყველაზე ცუდი ისაა, როდესაც ავტომობილს რაღაც წვრილმანი გაუმართაობა აქვს და მძღოლმა ძალიან ბევრი დრო უნდა დახარჯოს ამის აღმოსაჩენად, ამ შემთხვევაში, ხელოსანს ძალიან გაუჭირდება მიზეზის დადგენა. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, ისეთი უცნაური პრობლემის მიზეზი, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს, უწყინარია. მაგალითისთვის, ავიღოთ ნებისმიერი მოდელი, რომელიც თვეების განმავლობაში დილით ჩვეულებრივად იქოქება, მაგრამ თუ უკვე გაცხელებულძრავიან ავტომობილს გააჩერებ თხუთმეტი წუთის შემდეგ, დაქოქვა ძალიან უჭირს, სტარტერი რამდენიმე წამი ტყუილად ტრიალებს და შემდეგ იქოქება, არ მიდის იმ მდგომარეობამდე, რომ არ დაიქოქოს. გაჩერებიდან დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, თუ ძრავა ჩვეულებრივად იქოქებოდა, ანუ ავტომობილი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა, თვეების განმავლობაში დიაგნოზი ვერსად დაუსვეს. მიზეზი კი შემდეგი იყო. ამ დროს რაღაც გზით ხდება საწვავის ეგრეთ წოდებულ „პორშინებთან” ჩადინება, ხშირ შემთხვევაში, ეს რომელიმე „ფარსონკის”, ანუ ინჟექტორის ბრალია. ისინი სათანადოდ არ იკეტება და საწვავი იპარება. საწვავის „პორშინებთან” ჩასვლის მიზეზი შეიძლება, იყოს საწვავის მიწოდების დამხმარე „კლაპანი”, მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ ცივ ძრავას უნდა მიეხმაროს დაქოქვაში, ანუ ის არის ეგრეთ წოდებული „პადსოსი”. პირველ ხუთ წუთში ჩადინებული საწვავი გავარვარებულ ძრავაში აორთქლებას მაინც ახერხებს და თან, ჯერ ის რაოდენობა არ არის, რომ ეგრეთ წოდებული „პერელივანიეს” ეფექტი მივიღოთ. ამიტომაც, არ უჭირს მას დაქოქვა. რაც შეეხება დილით დაქოქვას, ჩადინებული საწვავი უკვე აორთქლებულია და ასეც რომ არ იყოს, ცივ ძრავას ისედაც სჭირდება დამატებითი საწვავი, შესაბამისად, ის უპრობლემოდ იქოქება. ინჟექტორების ხელოსანი ძალიან მარტივად, მოხსნილ მდგომარეობაში გაწმენდს ინჟექტორს და ეგრეთ წოდებულ „პადსოსის” სარქველს, ამით კი დაქოქვის პრობლემაც მოგვარებულია. მაგრამ, ასეთ დროს მიზეზის პოვნა ყოველთვის მძღოლის კარგ დაკვირვებულობაზეა. შეიძლება, მიზეზს თავად ვერ მიხვდეს, მაგრამ ის ისე კარგად უნდა იცნობდეს თავის ავტომობილს, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილს და დეტალურად აუხსნას ხელოსანს ყველაფერი. ექიმთან რომ მიხვალთ, მუცელი მტკივაო, ხომ გკითხავთ, რამდენი ხნის წინ აგტკივდათო. თუ ორი დღის წინ აგტკივდათ, მაშინ გკითხავთ, რა ჭამეთ ორი დღის წინო და სხვა. იგივეა ავტომობილის შემთხვევაშიც, ის უსულო, მაგრამ ფიზიკური სხეულია, რომელსაც რაღაცეები ხშირად „სტკივდება”.
– საერთოდ, ცხელ და ცივ ძრავაზე ავტომობილს სრულიად განსხვავებული პრობლემები აქვს.
– კი. სხვათა შორის, ხშირად, იჩენს ისეთი პრობლემა, როდესაც ძრავას გაცხელება და სიჩქარეთა კოლოფის მუშაობა, ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაც წესით, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად მუშაობს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ზეთს რა ინტენსივობით ვცვლიდით, როდის რა საწვავი ჩავასხით და სხვა, რადგან ეს დეტალები ქმნის დიაგნოზს. მაგალითად, მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილს ექმნება ასეთი პრობლემა – მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალურში იყო, ცივზე მაინც იძვრებოდა და მიდიოდა, თან ძალიან უჭირდა სიჩქარეებში გადართვა. როგორღაც დაძვრის და ავტომობილის გახურების შემდეგ კი, კოლოფი ნორმალურად იწყებდა მუშაობას. მიზეზი თურმე ზაფხულიდან მოყოლებული მოჰყვება, როცა სიჩქარეთა კოლოფში ზეთი გამოიცვალა. აღმოჩნდა, რომ ზეთი ამ კონკრეტული მოდელისთვის არასწორად შეირჩა და საკმაოდ სქელი იყო. ზაფხულის სიცხეში ზეთი მაინც თხელდებოდა და ნორმალურად მუშაობდა. როგორც კი აცივდა, ზეთი გასქელდა. ძალიან გასქელებული ზეთი თავისუფლად ვერ მოძრაობს და დილით სანამ ძრავა გათბება და მასაც გაალღობს იმასაც ახერხებს, რომ ავტომობილი ადგილიდან დაძრას. მოდების გათიშვის შემდეგ კი, ის სიჩქარეთა გადამრთველს ერთიდან მეორეში ჩაგდების საშუალებას არ აძლევდა. მთელი პრობლემა არასწორად ჩასხმული ზეთია. ასე რომ, ავტომობილის ისტორიის ცოდნა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.