რაზე ნერვიულობაში არ ეძინა ღამეები გია ჯაჯანიძეს და რა გაუგებრობამ დაანგრია მაკა შალიკაშვილის ოჯახი
მათი გულახდილობა, პირდაპირობა, აღიარების უნარი ყოველთვის არის იმის გარანტია, რომ ინტერვიუ საინტერესო, ცოცხალი გამოვა, ისეთი, რომლის წაკითხვისას გიჩნდება სურვილი, რომ ეს დიალოგი კიდევ დიდხანს არ დასრულდეს. დღეს გია ჯაჯანიძე და მაკა შალიკაშვილი ეკრანზე პარტნიორები არიან, თუმცა, ინტერვიუს პროცესშივე გამოირიცხა მათი ცხოვრებისეული პარტნიორობა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია
მაკა შალიკაშვილი
– პირველ ყოვლისა, რაც მაწუხებს, იმას გკითხავ...
– მთავარია, გულწრფელი იყო. ხომ შევთანხმდით ინტერვიუმდე და რაღაც კითხვები მოვიფიქრეთ, მოდი დავარღვიოთ ეს შეთანხმება და რაც მართლა ძალიან გაინტერესებს, პირდაპირ ის მკითხე.
– გიყვარვარ?
– მიყვარხარ, ოღონდ, ძალიან, მართლა. ჩემი სიყვარული გამოიხატებოდა თუნდაც იმ დროს, როდესაც მკითხეს, ვის მოიაზრებ შენ გვერდით პარტნიორად, რომელსაც დიდი ძუძუები ექნებაო, უცებ ვუპასუხე – მაკა შალიკაშვილი-მეთქი. მაშინ შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ იმდენად მომწონდი სხვა რაღაცეებით, ძუძუებიანი ქალი არც გამხსენებია.
– რა საოცრებას მეუბნები! ამ ყველაფერს მართლა ახლა ვიგებ პირველად.
– არ გვილაპარაკია ამაზე. ზოგჯერ სიყვარული ურთიერთობიდან მოდის, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში სხვანაირად მოხდა. მქონდა ძალიან დიდი სიმპათია, თუმცა სანამ პირველ „პილოტს“ ჩავწერდით, უკვე მართლა მიყვარდი. ერთად უნდა ვყოფილიყავით და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. საერთოდ, ნატურით ძალიან მოსიყვარულე ვარ...
– მინდა, შენზე მიამბო. სხვა რაღაც მინდა გკითხო, გასაგებია, რომ გიყვარვარ...
– ძალიან მიყვარხარ, მაგრამ, ზოგჯერ მძულხარ, ისე მძულხარ, რომ მინდა, ისეთი ხერხით წაგახერხო თავი, რომელიც ცუდად ჭრის (იცინიან). უცბად რომ არ წაგახერხო, ცოტა რომ დაგტანჯო. ოი, ხანდახან როგორი საზიზღარი ხარ, მტრისას!
– მოდი, ერთ რამეს გეტყვი, სანამ გაგიცნობდი, მე, მაკას მომწონდი. ანუ მაკას გულში მოსწონდი. მაგრამ, ისევე, როგორც ბევრ ჩემს მეგობარზე არის ხოლმე საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენა, ისე ხშირად მიწევს შენზეც მტკიცება, რომ კარგი ხარ. შენ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრს არ უყვარხარ.
– მას, ვისაც არ ვუყვარვარ, ჰკითხე, მიცნობს თუ არა და ჰქონია თუ არა ჩემთან რაიმე სახის ურთიერთობა, ელემენტარული კონტაქტი – უმეგობრია, ერთად საქმე გაგვიკეთებია... არ ვუყვარვარ ადამიანებს, რომლებიც არ მიცნობენ.
– არა, „არ უყვარხარ“ – ეს კიდევ რბილი ნათქვამია...
– უფრო მეტს გეტყვი – აგრესია აქვთ ჩემ მიმართ. ვიცი ამის მიზეზი: ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერში ვეტენები, რომელიც ყველგან ვარ და სულ ვამბობ ხოლმე ხუმრობით – ერთი, აბორტი არ მაქვს გაკეთებული, თორემ, დანარჩენი ყველაფერი გაკეთებული მაქვს-მეთქი.
– არის ასეთი მოსაზრება – მღერის ეს მაკა შალიკაშვილი გავიგეთ, ამბობს მოდელი ვარო, დგას პოდიუმზე; მსახიობია, გადაღებულია ფილმებში, თამაშობს სპექტაკლებში; ახლა წამყვანი... შენ კიდევ ჩემზე მეტი მიმართულება გაქვს. ჩვენნაირ ადამიანებზე ამბობენ, რომ ბევრია, მაგრამ საბოლოო ჯამში რა?
– საბოლოო ჯამში, მართლა „ბევრი“ ვარ. დავამთავრე კინოსარეჟისორო, ჟურნალისტიკური, ფილოსოფიური; ვწერ...
– და, ვინ ხარ ბოლოს და ბოლოს?
– პირველ ყოვლისა ადამიანი. ჩემი ასაკიდან გამომდინარე ვამბობ ამას. დღეს აღარ ვცემ პატივს არც პროფესიონალიზმს, არც სილამაზეს, არც ნიჭს, არც ტვინს, თუ ის არ არის კარგი ადამიანი. ყველაფერი დანარჩენი წარმავალია. ერთ პატარა დეტალს გეტყვი: ერთმა ადამიანმა დამირეკა რაღაც გადაცემის შემდეგ და მკითხა, რატომ აღელდი, შენ ხომ ფსიქოლოგი ხარო. ვუპასუხე, რომ ჯერ ადამიანი ვარ და მერეა პროფესია-მეთქი. ჩემთვის ჯერ ადამიანია, თუმცა, ამ ბოლო დროს მივხვდი ამას და ახლა გახდა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი, თორემ, ადრე ყველაფერი ეთქვათ ოღონდ ნუ იტყოდნენ – უნიჭოაო. დღეს უკვე ეს აღარ მაღელვებს. მოდი, ერთ ძალიან ეგოისტურ რაღაცას გეტყვი: იყო პერიოდი, როდესაც არ მეძინა იმაზე ფიქრში, თუ რას იტყოდა ხალხი და იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ არ მაინტერესებდა, რას იტყოდნენ ისინი – ამას შენც გაივლი. ახლა კი რა ეტაპზე ვარ, იცი?! თვითონ მე რას ვიტყვი საკუთარ თავზე. როცა შეცდომას დავუშვებ, არასწორად მოვიქცევი, ვერავინ დამსჯის ისე, როგორც საკუთარ თავს ვსჯი ხოლმე – ვკვდები, ისე მენატრება ადამიანი და არ ვნახულობ, ანუ, მე თვითონ ვიტანჯები – მივედი ამ ეტაპამდე.
– შენი გადმოსახედიდან, არის სიყვარული მარადიული? ქალსა და კაცს შორის სიყვარულს ვგულისხმობ.
– არა, ასე ძალიან ხისტად ნუ მეკითხები. სიყვარული არ არსებობს! არსებობს ნდომა, ლტოლვა, სურვილი და მეტი არაფერი. ამის შემდეგ არსებობს შეჩვევა. ოცდაათი წელია, ვისმენ ქალებისა და კაცების ისტორიებს, ოცდაათი წელია, ამ ყველაფერს ჩემი ცხოვრებაც პასუხობს, რადაც ჩამოვყალიბდი და რაც მიყვარს. ჩემი მაგალითით, სხვისი მაგალითით, წამიკითხავს, მინახავს, გამიგია... მე არ მჯერა, არ არის. მიაღწევ და ნელდება. მუდმივად ასეა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთხელ ვნახე მოხუცი, დაახლოებით 75 წლის ქალბატონი, რომელმაც მითხრა: დღესაც, ჩემი ქმარი კიბეებზე რომ ამოდის, მის ფეხის ხმას ვცნობ და გული ისე მიცემს, როგორც მასთან პირველად შეხვედრაზე წასვლის დროსო. არსებობს ესეც, მაგრამ, რა ვქნა, მე სიყვარულის არ მჯერა.
– მაგრამ, ეს ლტოლვა, ნდომა, სურვილი ხომ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს?
– შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ, არა მარადიულად. ნუ გადავვარდებით ფილოსოფიაში.
– შენ „მარტო ტიპი“ ხარ?
– მიზანმიმართულად მარტო ტიპი ვარ. არ მინდა არავინ. არ მინდა, ვინმემ გული მატკინოს და ვინმეს გული ვატკინო. კომფორტულად ვარ მარტო ყოფნით. მახსოვს, როგორი არაადამიანური სიყვარულით მყვარებია და, სად გაქრა, სად წავიდა?! სასწაული ისაა, ერთი და იგივე ადამიანი ერთი წლის სხვაობით რომ მეუბნება – ეს ის არის, ვისაც ვეძებდიო. კი მაგრამ შარშან რომ იპოვე, ნახე და ბედნიერი იყავი, ის სად წავიდა?! ამიტომ, მირჩევნია, მარტო ვიყო – ასე კარგად ვარ.
– ცხოვრება შენ მიმართ სასტიკი ბევრჯერ ყოფილა?
– ცხოვრება სასტიკია და ადამიანები – დაუნდობელნი. ეს სულ თავში მაქვს. ღრმა ურთიერთობას ეს სულ თან სდევს. მიუხედავად ჩემი გახსნილობისა და გულღიაობისა, ადამიანებთან ურთიერთობაში სულ მაქვს ბარიერი, იმიტომ, რომ თავი მიყვარს და, არ მინდა, რამე მეტკინოს.
– აბსოლუტურად გეთანხმები. „მზესუმზირებზე” მინდა გკითხო: შეიძლება, ბევრს არ უყვარხარ, მაგრამ ამ გადაცემამ უამრავი თაყვანისმცემელი შეგმატა. ბევრია ისეთიც, ვისაც შეუყვარდი, ვისაც სხვა ადამიანი ეგონე და მიხვდა, როგორიც ხარ სინამდვილეში. ამ გადაცემამ შენ რა მოგცა?
– ვაღიარებ, რომ ასეა. ეს შემოთავაზება რომ მივიღე, ვფიქრობდი და პროექტის ავტორებსაც ვუთხარი: უკვე ასაკში ვარ, ჭაღარა, ისე გამართულად ვერ ვსაუბრობ, პირდაპირ ეთერს თავისი ნიუანსები აქვს, რასაც შეჩვევა სჭირდება-მეთქი. პირველი გადაცემა და დღევანდელი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეთერში დავჯექი, კომპლექსი იყო, კომპლექსი იმის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ვუყვარვარ, ვაჩვენო, რომ არ ვარ ისეთი, როგორსაც თავის ფანტაზიებში მხატავენ. როცა ვიცი, ადამიანს არ ვუყვარვარ, ვერიდები მას, რომ არ გავაღიზიანო. ამიტომ, ერთი ისიც ვიფიქრე: დავდგე და თვალში შევეჩხირო ტელევიზორში, შეიძლება, კარგი არ იყოს-მეთქი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მგონი, სწორი ნაბიჯი გადავდგი. ყველა აგრესიული ადამიანი, ყოველგვარი რელიგიის გარეშე ვამბობ, ბოლოს დიდი კრახით ამთავრებს. ამას ვამბობ იმიტომ, რომ შეეშინდეთ – ამას ვწინასწარმეტყველებ.
– ბოლოს მინდა გკითხო, დღევანდელი მდგომარეობა შენს შემდგომ ცხოვრებაში რამე კვალს დატოვებს? ძალიან მნიშვნელოვანია ის?
– მქონია ძალიან მაღალი თანამდებობა, რომელსაც ვერ ვიფერებდი, რადგან კაბინეტში, ერთ ადგილზე ჯდომა, თათბირები და სიმკაცრე არ შემიძლია. ვყოფილვარ სხვადასხვა ჟურნალის მთავარი რედაქტორი, წამიყვანია გადაცემა, გადამიღია დოკუმენტური ფილმები. არ მიმაჩნია, რომ ეს ეტაპი ჩემთვის შემაჯამებელია. ერთი რამე მინდა გითხრა, ჩემო კარგო, არ ვიცი, იცი თუ არა: მე ორმოცდაათი წლის კი არა, გაცილებით პატარა ვარ და მომწონს, რომ ვამბობ, ორმოცდაათის ვარ-მეთქი.
– მართლა? რამდენის ხარ, არ ამბობ?
– არა, არავინ იცის ეს. დაბადების დღის რიცხვი შენც გეცოდინება, მაგრამ, არ გეცოდინება, რამდენის ვხდები. ყველა იპატარავებს ასაკს, მე – ვიდიდებ. იცი, რა არის ჩემი საბოლოო მიზანი?! მექნება ბრძენის სტატუსი, ხალხი შემეკითხება რჩევას და მათ პასუხს გავცემ. და, რატომ? შედევრები შექმნილა შიმშილით, სიღარიბით... იმდენჯერ მომკლეს და გავცოცხლდი, რომ უკვდავი გავხდი. რომ გარდავიცვლები აუცილებლად დავტოვებ რაღაცას, რომელიც ძალიან დიდი სიურპრიზია და ეს ჩემი სიკვდილის შემდეგ გახდება ცნობილი. სიკვდილის არ მეშინია, პროცესი მაინტერებს, რა და როგორ მოხდება.
– რა გინდა, რომ თქვა?
– არაფერი. ამდენი წიგნი დაიწერა, ამდენი ფილმია გადაღებული და, რაღა უნდა ვთქვა?!
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია
გია ჯაჯანიძე
– შენ გაქვს იმიჯი. გიყურებს ხალხი და შენი ეს იმიჯი გამოკვეთილია. არის თუ არა ეს თამაში? დაბნეული, ვითომ რაღაცას ვერ ხვდები, ვერ გაიგე, „ბლადუნა”... – ხელოვნურად ხომ არ აწოდებ ადამიანებს თავს?
– შენ ძალიან კარგად იცი, ასე არის თუ არა. ბევრს ჰგონია, რომ ეს თამაშია და გარკვეულწილად ალბათ ასეც არის. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ადამიანები ყველა რაღაცას ვთამაშობთ, რაღაც დონეზე მაინც, მაგრამ ის, რაც შენ ჩამოთვალე, არ არის თამაში, მართლა ასეთი ვარ.
– ჩემს აზრს გეტყვი: ნაწილობრივ ასეთი ხარ და იმ ნაწილს, რომელიც გაქვს, ძალიან კარგად რთავ. შენ ხარ ძალიან გონიერი, ჭკვიანი ადამიანი. ერთადერთი ხერხია, ასეთი იყო, რომ ადამიანები ბოლომდე გაიცნო. ზოგჯერ ტოვებ მსუბუქი ყოფაქცევის არა, მსუბუქი ხასიათის ადამიანის შთაბეჭდილებას. ეს რადიკალურად სხვადასხვა რამაა. უკვე რამდენი თვეა, გიცნობ და ვერასდროს დაგაცდენინე ის, რაც მაინტერესებს. მშვენივრად იცი, რა უნდა თქვა და რა – არა. მაკა იშტერებს თავს, ის შტერი არ არის!
– ბევრჯერ მომხვდა ამის გამო.
– მაკა, შენ სიყვარული არ გაკლია – ბევრს უყვარხარ, ბევრი პატივს გცემს, უზარმაზარი ენერგეტიკა გაქვს. ერთხელ გკითხე კიდევ, რა ქენი ასეთი, რომ საქართველო მაკა შალიკაშვილს იცნობს-მეთქი?! გითამაშია, ისა, ესა, მაგრამ, არა ისეთი, რომ ყველა გიცნობდეს. ეს შენი ძალიან დადებითი ენერგიიდან და ველიდან მოდის. მოკლედ, სიყვარული არ გაკლია და მუდმივად მაქვს შეგრძნება, რომ ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს ითხოვ ადამიანებისგან.
– კი, ზუსტად ასეა. ახლა სალონიდან მოვდივარ, თმას ვივარცხნიდი. თმის ხელოსანმა თავზე ხელი გადამისვა, მომეფერა თმაზე და მითხრა, რატომღაც, მინდა სულ გეფეროო. დედა გყავსო? უცებ მკითხა. კი-მეთქი. დედის სითბოს მოკლებული ხარო? დიახ-მეთქი. წლებია, მე და დედაჩემი ცალ-ცაკლე ვცხოვრობთ. 17 წლის ვიყავი, რომ ჩამოვედი თბილისში და იმის მერე დღესასწაულებზე და ზაფხულში თუ ვნახულობ. ეტყობა, მაკლია ეს ყველაფერი. მართალი ხარ, მუდმივად ვითხოვ სიყვარულს. იმ დღეს, ერთ ბავშვს, რომელიც ჩემთან არის გაზრდილი, ვეუბნები, მინდა ჩემზე გიჟდებოდე-მეთქი.
– შენ უფრო მეტ ხალხს უყვარხარ, ვიდრე მე, მაგრამ სიყვარულის კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილება გაქვს.
– მე ეს ძალიან მჭირდება.
– ბოლოს იცი სად მოვაწერე ხელი, რომ მიყვარხარ?! თინანოს მოფერებით „ბუმბულიკას“ უძახი და ერთი-ორჯერ მეც ასე დამიძახე. დავპატარავდი, ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა.
– ეგ არ მახსოვს. „ბუმბულიკა“ – ასე ვუწოდებ ჩემს შვილს, „ზამბახას“ – ჩემ მეგობარს, რომელსაც შენ კარგად იცნობ და მის შვილებს. აღმოჩნდა, რომ შენც დაგიძახე.
– დამიძახე და ისე მესიამოვნა, არ იცი, გამითბა ეს გაყინული და ლოდად ქცეული სხეული. ძალიან მეუხერხულება, უცნაური რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ, ვინაიდან სკანდალური იმიჯი მაქვს, უნდა გკითხო და პირდაპირ გამეცი პასუხი, საგრიმიოროში რომ შემოვდივარ, შენს მკლავებზე ან ზურგზე ხელს ვითბობ და ამ დროს მიფიქრია შენზე, როგორც ქალზე.
– მერე?
– უხერხულადაც მიგრძნია ამ დროს თავი – ვმეგობრობთ და რატომ უნდა ვიფიქრო ეს...
– გაქვს ეს მომენტი?! ზოგადად, მაინტერესებს: შენს ცხოვრებაში ყოფილა, რომ მეგობრობ ქალთან და მასთან სხვა ურთიერთობის სურვილიც გაგჩენია?
– პირველი შემთხვევაა. რომ ვმეგობრობ, შეიძლება, ეს ძალიან გოიმურია, მაგრამ, ბოლომდე ვმეგობრობ. შენ მიმართ კი გულგრილი არ ვარ.
– გია, ცოლად უნდა მომიყვანო?! ახლა მომისმინე: თუ ვინმესთან რამე ურთიერთობას დავიწყებ, პირდაპირ უნდა გავთხოვდე.
– ხელი გთხოვო?! (იცინიან) ალალად მითხარი, თუ დაგიშვია, რომ ცოტათი მაინც მოგწონებივარ ან რაღაც მსგავსი.
– რა თქმა უნდა!
– ნეტავი, ჩვენ ერთმანეთი ხომ არ გვიყვარს?
– არ ვიცი, შეიძლება. ამას ცხოვრება გვიჩვენებს. მწამს ქალსა და კაცს შორის მეგობრობა, მაგრამ, ზოგჯერ კონკრეტული სიტუაცია ამას ცვლის, ანუ, საბოლოო ჯამში, მათი მეგობრობა შეუძლებელია. მყავს მეგობრები, მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, სიტუაცია ჩავარდეს. არ იცი, ამას რა მოჰყვება და იმიტომ.
– ხომ მიცნობ კარგად, ჩემნაირი ქმარი მოგეწონებოდა?
– არა.
– არც მე (იცინიან). მიფიქრია ამაზე, ჩემს ოცნებებზე: ერთად ვსაუზმობთ, ერთად მივდივართ გადაცემაზე, ერთად მოვდივართ... და ეს დიდად არ მომწონებია.
– მართალი ხარ მარტო რომ ცხოვრობ. იმდენად გიყვარს საკუთარი თავი, რომ მარტო ცხოვრებით პრობლემებს იშორებ. ამაში ვგავართ ერთმანეთს და, ალბათ, ახლა მეც მარტო ცხოვრების ეტაპი მაქვს.
– დილა-საღამოს გცემდი, ერთად რომ ვცხოვრობდეთ (იცინიან).
– ეს არის ყველაზე მაგარი. ერთად რომ ვცხოვრობდეთ, იქ ყველაფერი დაინგრევა და კატასტროფა მოხდება.
– მიუხედავად შენი გულღიაობისა, მიმაჩნია, რომ შენი ქმარი მაინც არ გიცნობდა. მას რომ ბოლომდე სცოდნოდი, იდეალური ცოლი იქნებოდი. შენ თუ ცუდ ხასიათებს ამჟღავნებდი, იქ სხვა მიდგომა გჭირდებოდა. უნდა მორგებოდნენ შენს სიტუაციას. კი, ხარ რთული, მაგრამ, ხარ უღალატო. გასაღები თუ მოგიძებნა ადამიანმა, შენზე წესიერი, თბილი, ერთგული ქვეყანაზე არავინ მგონია. ერთგულების ძალიან დიდი ნიჭი გაქვს. შენი პრობლემა ისაა, რომ გონიერი ადამიანი უნდა შეგხვდეს. არ ეხმარები ადამიანებს, რომ ბოლომდე გახსნან და დაინახონ რეალური მაკა?
– ალბათ, მართალი ხარ, ასეა. რაც შეეხება მიხვედრას, არა, არავის ვეხმარები ამაში, პირიქით, სულ ცუდს ვაჩვენებ. არ ვიცი, რატომ ხდება ასე. ყველა ქალს ხომ მაინც ის უნდა, რომ ამოიცნონ, შეიცნონ და დაინახონ.
– მაინტერესებს როგორია შენი ოცნების მამაკაცი და, ბოლოს, ერთი რაღაცაც მითხარი – ის, რაც ყველას აინტერესებს: ისევ გიყვარს შენი ქმარი?
– მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება, რადგან ჩემი შვილის მამაა. მან კიდევ არ იცის, რამხელა პატივს ვცემ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიყვარულის მონა და ცალმხრივად შეყვარებული ვიქნები. ის იყო და ის არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ბევრი რაღაც შემეშალა და მასაც შეეშალა. იყო გაუგებრობა, ჩვენ ერთმანეთის ენაზე ვერ ვილაპარაკეთ. რაც შეეხება ოცნების მამაკაცს, ყველაფერი ძალიან მარტივია – მინდა, თავისით დაინახოს ნამდვილი მაკა!