კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იწვევს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება კანის ნაადრევ დაბერებას და რა იწვევს კანზე სტაფილოკოკურ ინფექციას გოგონებსა და ვაჟებში

საქართველოში ცხიმიანი კანის და ზოგადად კანის პრობლემები ბევრს აწუხებს. ცხელ ქვეყნებში ქალბატონებს საკმაოდ ჭარბცხიმიანი კანი აქვთ. აქ გასათვალისწინებელია ასაკობრივი ფაქტორი, კვების რაციონი და სხვა. როგორ მოვუაროთ კანს ინდივიდუალურად, კანის ტიპის მიხედვით, ამის შესახებ ექიმი-კოსმეტოლოგი ნანა ბაკაშვილი გვესაუბრება.

– ქალბატონო ნანა, ძირითადად რა ჩივილებით გაკითხავენ პაციენტები და კანის რომელი ტიპი უფრო ხშირად გხვდებათ?

– საქართველოში ცხიმიანი ტიპის კანი უფრო ჭარბობს. ამას ძირითადად ქვეყნის კლიმატური პირობები და კვების რეჟიმი განაპირობებს, თუმცა, ასევე დიდ გავლენას ახდენს კანზე შინაგანი ორგანოების მდგომარეობა. ჩვენი სამზარეულო ცხარე და ცხიმიანი კერძებით არის გადატვირთული, რაც შინაგანი ორგანოების მხრივ ბევრ პრობლემას იწვევს, ეს კი, გარკვეულწილად, სახის კანზეც აისახება. გაცხიმოვნების პრობლემა ხშირად პუბერტატულ, ანუ გარდატეხის ასაკში იწყება და გამოიხატება იმით, რომ კანზე ჩნდება კომედონები (ფერისმჭამელები), ჩირქოვანი გამონაყარი, გამოხატული სიწითლე და ფორებიც ფართოვდება. 30 წელს ზემოთ ქალბატონებში, ასევე კლიმაქტერულ პერიოდში, ჭარბობს პიგმენტაციის პრობლემები, ანუ პიგმენტური ლაქები. ჩემს პრაქტიკაში მშრალი ტიპის კანის პაციენტები შედარებით იშვიათია. ცხიმიან კანზე პრობლემების გამოჩენისთანავე საჭიროა, დროული და სწორი მოვლა. ამით თავიდან აიცილებთ შემდგომ გართულებებს, – კანის დეფექტებს, ნაწიბურებსა და პიგმენტურ ლაქებს.

– ასეთ დროს რა მეთოდებით ხდება კანის გაწმენდა და ფორების შევიწროება?

– ყველაზე ეფექტური მკურნალობის საშუალება ფართოდ გავრცელებული ქიმიური პილინგებია. ამ პროცედურებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი შემოდგომა და ზამთარია. ზემოაღნიშნული პრობლემის დროს, ვიყენებთ პილინგების აკნეს ხაზს, რა დროსაც ხდება კანის ზედა შრის ხელოვნური მოწვა და კანის აქერცვლა. ეს კი იწვევს ფორების შევიწროებას და ცხიმიანობის შემცირებას. პილინგის ინტენსივობა და სიღრმე დაავადების სირთულეზეა დამოკიდებული. ზოგისთვის თუ ერთი ან ორი პილინგია საკმარისი, ზოგს რვა და ათიც – სჭირდება. გარდატეხის ასაკში ცხიმოვანი ჯირკვლები აქტიურ მუშაობას იწყებს. მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები, კანზე ჩნდება ერთეული ანთებითი ელემენტები. სამწუხაროდ, მოზარდები სრულფასოვან ჰიგიენას ვერ იცავენ, – დაუბანელი ხელით ხშირად ცდილობენ, თავად მოიცალონ გამონაყარი. თვითმკურნალობა ანთებითი პროცესების გაუარესებას იწვევს და ხშირად სტაფილოკოკურ ინფექციამდეც მივდივართ. სასურველია, მოზარდებმა, დროულად მიაკითხონ ექიმ კოსმეტოლოგს და დაიწყონ სწორი მკურნალობა. ამით თავიდან იქნება აცილებული ისეთი გართულებები, როგორიც არის: კაპილარები, ნაწიბურები, ღრმულები და ასე შემდეგ. აკნეს მკურნალობის დროს, სასურველია პაციენტმა შინაგანი ორგანოებიც გამოიკვლიოს, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. პათოლოგიის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს კომბინირებული მკურნალობა. ჩვენთან ძირითადად ისეთი პაციენტები მოდიან, რომელთაც უკვე აქვთ გამოხატული პრობლემა. კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად კი, სამწუხაროდ, იშვიათად მოგვმართავენ.

– როგორ უნდა მოვუაროთ ალერგიულ და მგრძნობიარე კანს?

– ალერგიული და მგრძნობიარე კანის დროს მეტი ყურადღებაა საჭირო. უპირველესად უნდა დადგინდეს რა ტიპის ალერგიასთან გვაქვს საქმე. ალერგია შეიძლება გამოწვეული იყოს საკვებით, კოსმეტიკური საშუალებებით, მედიკამენტებით და სხვა. ასეთ დროს პაციენტს ვუნიშნავთ პროფესიონალურ კოსმეტიკას სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის.

– პიგმენტური ლაქების შემთხვევაში რას გვირჩევდით?

– პიგმენტური ლაქების მკურნალობას ვიწყებთ ქიმიური პილინგების მათეთრებელი ხაზით. პაციენტი სახლში ასევე ხმარობს დღისა და ღამის მათეთრებელ კრემებს და გამწმენდ საშუალებებს. ჩვენთან ზამთარიც მზიანია. მზის სხივები კი უარყოფითად მოქმედებს კანის პიგმენტაციაზე, ამიტომ, ასეთმა პაციენტმა ზამთარშიც და ზაფხულშიც უნდა გამოიყენოს დღის დამცავი კრემი. ზამთარში შედარებით დაბალი SPF-ით, ხოლო ზაფხულში უფრო მაღალით. ზოგადად, გარუჯვა სახის კანისთვის არცთუ სასარგებლოა. ახალგაზრდა ასაკში ნამზეურის მიღება იმდენ რისკს არ შეიცავს, მაგრამ 30 წელს გადაცილებული ქალები მზის პირდაპირ სხივებს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. მზის ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს კანის დაბერებას. ხშირად ჰგონიათ, რომ რუჯი კანის დეფექტს და პრობლემებს დაფარავს, მაგრამ ეს დროებითია. რუჯის გადასვლის შემდეგ პრობლემები უფრო მეტად გამოჩნდება.

– მშრალი კანის შემთხვევაში რა ჩივილებით გაკითხავენ?

– მშრალი კანის შემთხვევაში, ძირითადად, აწუხებთ კანის დაჭიმულობა, სიმშრალე და ნაოჭები. რა თქმა უნდა, მშრალი კანი ადრე დაბერებისკენ უფრო მეტადაა მიდრეკილი, ვიდრე ცხიმიანი ან ნორმალური. შეიძლება 30-32 წლის ქალბატონი, რომელსაც მშრალი კანი აქვს, საკმაოდ ასაკოვნად გამოიყურებოდეს ნაადრევი ნაოჭების გამო. ასეთი ტიპის კანი ხშირად იქერცლება, თუმცა, აქერცვლის პრობლემა შესაძლოა ცხიმიან კანსაც ჰქონდეს. არსებობს კომბინირებული კანიც, როდესაც პაციენტს აქვს ცხიმიანი, პრობლემური T ზონა – ცხვირი, შუბლი, ნიკაპი და მშრალი ლოყები. ასეთი ტიპის კანს იმის მიხედვით ვმკურნალობთ, რომელი უბანიც პაციენტს დისკომფორტს უქმნის.

– რამდენად ხშირად შეიძლება გამწმენდი რძისა და ტონიკის ხმარება?

– კანის მოვლა ყოველთვის იწყება გასუფთავებით, ამიტომ ტონიკისა და რძის გამოყენება ყველა შემთხვევაში აუცილებელია. ეს არის კანის მოვლის პირველი ეტაპი. სახლის პირობებში აუცილებელია, ყოველ საღამოს კანი გავიწმინდოთ კოსმეტიკური რძით და შემდეგ მოვახდინოთ კანის ტონიზაცია ლოსიონით. გამწმენდი საშუალებებიც უნდა შეირჩეს კანის ტიპის მიხედვით. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, საჭიროა, ალკოჰოლის შემცველი საშუალებების გამოყენება, რადგან ალკოჰოლი ხელს შეუწყობს ცხიმის მოშრობას. მშრალი კანის შემთხვევაში კი პირიქით, – უალკოჰოლო ტონიკი, ლოსიონი ან დამარბილებელი რძე იხმარება. გასუფთავების შემდეგ კანზე უნდა დაიდოთ ღამის კრემი, რომელიც ასევე შერჩეული იქნება კანის ტიპის მიხედვით. ცხიმიანი კანის დროს უმჯობესია, გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები. არ შეიძლება მკვებავის ხმარება, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს კაპილარების გამოკვეთა. ზამთარში არ არის სასურველი დღის დამატენიანებელი კრემების ხმარება. ტენი სიცივეში ყინულად გარდაიქმნება, ამიტომ, ზამთრის სეზონზე საჭიროა კანი სახლიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე გაიწმინდოთ. შემდეგ კი სახეზე გადაისვათ მკვებავი კრემის თხელი ფენა.

– როგორ მოვუაროთ ტუჩებსა და თვალების ირგვლივ კანს?

– თვალის ირგვლივ კანის მოვლის საშუალებების შერჩევა ხდება არა კანის ტიპის, არამედ ასაკის გათვალისწინებით. 30 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა აუცილებლად უნდა იხმარონ თვალის ირგვლივ კანის მოვლისთვის განკუთვნილი კრემები და შრატები. თვალებთან შავი წრეების არსებობის შემთხვევაში, კარგია ოხრახუშის ნიღაბი. ოხრახუში უნდა დაჭრათ წვრილად, ან გაატაროთ საკეპში და მიღებული მასა დაიდოთ თვალის ირგვლივ, ზევიდან კი დააფაროთ ბამბის ტამპონი. გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ამ დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მწოლიარე მდგომარეობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და დაიდეთ თვალის ირგვლივ შრატი ან კრემი. ამ პრობლემისთვის კარგია ასევე უმი კარტოფილის ნიღაბი.

ზამთრის პირობებში განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს ტუჩებიც. ტუჩის კანი იფიტება, სკდება და კარგავს ფერს. ამ პრობლემისთვის კარგია თაფლი, კიტრი, ასევე ხაჭოსა და სტაფილოს წვენის ნიღაბი. ერთი ჩაის კოვზ ხაჭოში შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი სტაფილოს წვენი და ტუჩებზე 10-15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით სპეციალური ტუჩის კრემი ან შრატი. ზამთარში სასურველია, იხმაროთ ცხიმიანი ტუჩსაცხი, რომელიც დაიცავს ტუჩებს გამოშრობისა და ნახეთქებისგან. ძილის წინ ტუჩები უნდა გაისუფთაოთ და წაისვათ უფერული, ჰიგიენური პომადა.


скачать dle 11.3