კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ შეიწირავს ღმერთი ადამიანის მიერ გაღებულ შესაწირს და რა მადლს ატარებენ სასულიერო პირები

მას შემდეგ, რაც ამქვეყნად მაცხოვარი განკაცდა, რაც ისტორიული ფაქტი, მოვლენა იყო, მართლმადიდებელ ეკლესიას მიეცა მადლი და სული ჭეშმარიტებისა. ეკლესია არის ადგილი, სადაც უფლის მიერ დაწესებული საიდუმლოებები აღესრულება, რომელშიც მონაწილეობას სასულიერო პირებთან ერთად საერო პირებიც იღებენ. ეს უკანასკნელნი კი, თავის მხრივ, საქმეებით გაიღებენ შესაწირს უფლის წინაშე. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გურამიშვილი).

– მამაო, როგორ უნდა აქციოს ადამიანმა თავისი სახლი მცირე ეკლესიად?

– იმისთვის, რომ ჩვენი სახლი მცირე ეკლესიად ვაქციოთ, ძალიან მნიშვნელოვანია საღმრთო წიგნების კითხვა, საეკლესიო გალობა. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრები დღეში ერთ საკითხავს მაინც წაიკითხავენ სახარებიდან, ერთს – სამოციქულოდან. ლოცვის ერთად კითხვა ძალიან აახლოებს ოჯახის წევრებს სულიერად, ამცირებს კონფლიქტებს. იმისთვის, რომ ოჯახი ეკლესიის ნაწილად იქცეს, აუცილებელია მისი წევრების ჩართვა ეკლესიური ცხოვრების რიტმში. კარგია, თუ ისინი შაბათ-კვირას ერთად წავლენ წირვა-ლოცვაზე და რაც შეიძლება ხშირად ეზიარებიან იქ უფლის სისხლსა და ხორცს. მოძღვარს შეუკვეთენ პანაშვიდებს, პარაკლისებს, სახლს სასულიერო პირს აკურთხებინებენ. ქრისტიანად ძნელად შეიძლება იწოდებოდეს ადამიანი, რომელიც დილა-საღამოს, საზრდელის მიღებისას, სწავლის, საქმის კეთების წინ ან შემდეგ, არ კითხულობს ლოცვას. ქრისტიანები დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა კითხულობდნენ ფსალმუნს. რაც შეეხება ტაძარს, ეს არის უფლის სახლი, სადაც აღესრულება სხვადასხვა საიდუმლო, ღვთისმსახურება; ეს არის ადგილი, სადაც მორწმუნეები ვიკრიბებით და ვადიდებთ უფალს. თუმცა ეს საიდუმლო, შეიძლება აღსრულდეს ეკლესიის გარეთაც, თუნდაც სახლში. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საიდუმლოს ეკლესიაშიც და მის გარეთაც მღვდელმსახური აღასრულებს, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულობის დროიდან გახდა სულიწმიდის მადლის მქონე. ამ მადლს ატარებს ყველა სასულიერო პირი, რომელიც აღასრულებს სამღვდელო მოვალეობას.

– რა იგულისხმება სამღვდელო მოვალეობაში?

– სამღვდელო მოვალეობა გულისხმობს სასულიერო პირის მიერ აღსრულებულ სხვადასხვა საიდუმლოს. როგორც სახარებაში წერია, „მუშაკი საზღაურის ღირსია“, ასე რომ, როდესაც მოძღვარი აღასრულებს სამღვდელო საიდუმლოს, ჯვრისწერა იქნება ეს, ნათლობა თუ მიცვალებულის სახელზე აღსრულებული პანაშვიდი, ის ნამდვილად იმსახურებს შესაწირს. თუმცა, ჩვენს ეკლესიაში არ არის დადგენილი შესაწირის რაოდენობა ან რომელიმე ღვთისმსახურების ღირებულება. რადგან „მუშაკი საზღაურის ღირსია“, ამიტომ, როდესაც მღვდელმა მოიმუშაკა, აღასრულა ნათლობა, ადამიანებს დასწერა ჯვარი, გადაიხადა მიცვალებულის სულისთვის პარაკლისი და პანაშვიდი, ის იმსახურებს შესაწირს. თუმცა ისინი ამას არ ითხოვენ და საერთოდ, შესაწირის გაღება ნებაყოფლობითია, ყველას შეუძლია, გაიღოს იმდენი, რამდენის შესაძლებლობაც აქვს. მოძღვრები არავის მივუთითებთ, ამდენი ან ამდენი გადაიხადეთო. მოძღვარი ყოველთვის აღასრულებს სხვადასხვა საიდუმლოს და შემდეგ ვისაც როგორ შეუძლია, ისე შეგვეწევა და დაგვეხმარება. იმისთვის, რომ სასულიერო პირმა აღასრულოს მღვდელმსახურება, მას სჭირდება მედავითნე, მგალობლები; ეკლესიაში მუშაობენ მესანთლეები, დამლაგებლები და, რა თქმა უნდა, მათ უნდა მიიღონ საზღაური, იმიტომ, რომ იშრომეს, მოიმუშაკეს. ისინიც ხომ უფლის სამსახურში არიან, თანაც, მათ უკან ხშირად მთელი ოჯახი დგას, ანუ ეს შემოწირულობა ნაწილდება. ხშირად მათ ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ, მაგრამ ამას ისინი უფლის სიყვარულით, რწმენისა და მოშურნეობის გამო აკეთებენ, უფლის სამსახურში იმყოფებიან.

– ხშირად ადამიანები სვამენ კითხვას – რატომ იყიდება სანთელი, სეფისკვერი ეკლესიაშიო.

– სეფისკვერი, რომელიც რჩეული პურია, არის სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა. წირვის შემდეგ სეფისკვერი იყოფა და ურიგდება მორწმუნეებს, ნიშნად მათი ერთიანობისა და ურთიერთთანაზიარებისა ეკლესიის წიაღში. სეფისკვერი უნდა მივიღოთ უზმოზე, ეკლესიაში ან სახლში. ძალიან კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად, საზრდელის მიღებამდე, სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს მივიღებთ. რაც შეეხება სანთელს, ეს ზოგადად გამოხატავს ჩვენი გულის სითბოსა და სიყვარულს ღმერთისადმი. სანთლის ცვილი კეთილი საქმეების სახეა, ხოლო პატრუქი – სულიერ შრომათა სახე. ეკლესიაში სანთლის, ხატის, სეფისკვერის, საეკლესიო ლიტერატურის გაყიდვით არაფერი შავდება. ის მწირი შემოსავალი, რომელსაც ტაძარი სანთლის, ხატების, საეკლესიო ლიტერატურის გაყიდვიდან იღებს, ისევ ეკლესიის დასახმარებლად გამოიყენება: ასაშენებლად, სამრევლო სკოლის შესაქმნელად ან მრევლში გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. სასულიერო პირები ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. როდესაც ჩვენთან მოდიან გაჭირვებული ადამიანები, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მათ. ასე რომ, სანთლის, სეფისკვერის გაყიდვიდან მიღებული შემოწირულობა ხმარდება ეკლესიის მშენებლობას, გალამაზებას, რესტავრაციას, გაჭირვებული ადამიანების დახმარებას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კეთილი საქმისკენ არის მიმართული. სანთლის დანთება უფლის წინაშე გაღებული შემოწირულობაა, მასში გადახდილი თანხა კი – ეკლესიის შესაწირი. როდესაც ეკლესიაში ვყიდულობთ სანთელს, ამით უფალსა და ტაძარს ვუკეთებთ შესაწირს. სანთელი ლოცვით და ღირსეული ადამიანის ხელით უნდა იყოს გაკეთებული.

– ადამიანები სასულიერო პირებს ხშირად იმიტომ განიკითხავენ, რომ ისინი კარგი ავტომობილებით დადიან.

– რა თქმა უნდა, ყველა მოძღვარს არ ჰყავს ავტომობილი, ბევრი ფეხით დადის. ეს ინდივიდუალურია და მრევლზეა დამოკიდებული. ზოგს, შეიძლება, მრევლში ჰყავდეს შეძლებული ადამიანი და მან აჩუქოს სულიერ მოძღვარს ავტომობილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მღვდლობა უმძიმესი ჯვარია. ჩვენ ხშირად გვიწევს ძალიან ბევრ ადამიანთან სახლში, საავადმყოფოში, საპატიმროში მისვლა. შესაბამისად, როდესაც მოძღვრებს ავტომობილი გვყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ფუფუნებისთვის ვიყენებთ. მანქანა ხშირად მრევლის სამსახურისთვის გვჭირდება, თანაც, ხშირად ეს მათივე გაკეთებული საჩუქარია. მოძღვრის ავტომობილი არ უნდა გახდეს ვინმესთვის დამაბრკოლებელი. სასულიერო პირი უფლისა და ადამიანების სამსახურში იმყოფება, ამიტომ მას ყველაფერი უფლისგან და მრევლის შეწევნით აქვს. მოძღვარიც შემოწირულობით ცხოვრობს და, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის უკან მისი ოჯახი დგას, დღეს კი, ყველაზე ბევრი შვილი სწორედ მოძღვრებს ჰყავთ. რასაც ადამიანი ღმერთს გულწრფელად შეწირავს, იმას უფალი აუცილებლად შეიწირავს, ამიტომ, თუ შესაწირს ვაკეთებთ, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რატომ იყიდება ტაძარში სანთელი, სეფისკვერი ან საეკლესიო ლიტერატურა. თუმცა, ადამიანმა არ უნდა მოიპაროს და შემდეგ არ უნდა გაიმართლოს თავი – ეკლესიას შევწირეო. უფალი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის გულებს ხედავს. მას უნდა შევწიროთ ჩვენი შრომით მოპოვებული საგნები, რადგან, თუ ფული მოპარულია, მას უფალი არ შეიწირავს.


скачать dle 11.3