„დღეს სიკვდილისთვის კარგი დღეა“
ტეხასში პირველად ხალხისთვის მისაწვდომი გახდა დამნაშავეთა სიკვდილით დასჯის წინ ნათქვამი სიტყვები. იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულია 1982 წლიდან სიკვდილით დასჯილთა სრული სია. ჩამონათვალში 441 ადამიანია. მითითებულია მათი სახელები, სიკვდილის დრო და მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. სიკვდილმისჯილთა უმრავლესობა აღიარებს დანაშაულს, ითხოვს შენდობას თავისი მსხვერპლისგან და ემშვიდობება ახლობლებს. ზოგიერთი მათგანი ლექსებსაც კითხულობს და ხუმრობს კიდეც.
მკვლელმა პეტ ნაიტმა, რომელიც სიცოცხლის აღსასრულს 16 წელი ელოდა სიკვდილმისჯილთა საკანში გამოაცხადა კონკურსი სიკვდილისწინა საუკეთესო ხუმრობისთვის. დამნაშავემ 30 ათასი ვარიანტი მიიღო, მაგრამ თავის უკანასკნელ სიტყვაში განაცხადა: „მე ვამბობდი, რომ სიკვდილის წინ ვიხუმრებდი, მაგრამ სიკვდილმა მე გამათავისუფლა და ეს ყველაზე მთავარი ხუმრობაა“.
ტეხასში სიკვდილით სჯიან გაცილებით მეტ ადამიანს, ვიდრე ამერიკის სხვა ნებისმიერ შტატში. განაჩენი სისრულეში მოჰყავთ ქალაქ ხანტსვილის ციხეში. იქ სიკვდილმისჯილებს შხამის ინიექციას უკეთებენ. მიმდინარე წელს შხამის ინიექცია 18 პატიმარს გაუკეთდა. ახლა თავის რიგს 300 სიკვდილმისჯილი ელოდება.
სიაში პირველი განცხადება 49 წლის ჩარლი ბრუჯსმა გააკეთა: „ამ წუთას მე სულაც არ მეშინია იმის, თუ რა დაემართება ჩემს სხეულს. მე მეშინია ალაჰისა, ერთადერთი ღმერთისა, რომელსაც ამ მომენტში შეუძლია, განსაზღვროს, ვიცოცხლო თუ მოვკვდე“.
ბევრი სიკვდილმისჯილი ბოლომდე განაგრძობს მტკიცებას, რომ ისინი უდანაშაულონი არიან.
ბევრი სიკვდილმისჯილი თავის უკანასკნელ წუთებში ღმერთზე ლაპარაკობს და ინანიებს დანაშაულს. ზოგიერთი ლოცვებს კითხულობს, მაგალითად, „მამაო ჩვენოს“, ანდა წარმოთქვამს: „არა არს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა“.
ერთადერთი, რაც სიკვდილის წინ დევიდ მარტინესმა თქვა 2005 წლის აპრილში: „მუდმივი მხოლოდ ცა და მწვანე ბალახია, დღეს კი სიკვდილისთვის კარგი დღეა“.