მამათა შეგონებანი
იოანე სინელი: თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისთვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ, რამეთუ ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ.
პროტოპრესვიტერი შმემანი – მოთმინება ჭეშმარიტად საღვთო სანთოებაა. უფალი მომთმენია არა იმიტომ, რომ ჩვენ მიმართ შემწყნარებლურად იქცევა, არამედ იმიტომ, რომ ის რეალურად ხედავს საგნების სიღრმეს, რომლებსაც ჩვენ სიბრმავის გამო ვერ ვხედავთ და რომლებიც მისთვის აშკარაა. რაც უფრო ვუახლოვდებით ღმერთს, უფრო მომთმენნი ვხდებით, მით უფრო აისახება ჩვენში მხოლოდ ღვთისთვის დამახასიათებელი ფრთხილი დამოკიდებულება, პატივისცემა თითოეული ცალკეული არსებისადმი.
გაბრიელ ეპისკოპოსი: მშვიდობისმყოფელი ისაა, ვინც არა მარტო თვითონ ცხოვრობს მშვიდობით და მყუდროდ, არამედ წაჩხუბებულებსა და ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილოთაც არიგებს. მაცხოვარი მათ დიდსა და გამოუთქმელ ჯილდოს აღუთქვამს – ისინი ძედ ღმრთისად იწოდებიან. ეს იმიტომ, რომ ღმერთს მშვიდობა და მყუდროება უყვარს, საღმრთო წერილში იგი თავის თავს „ღმერთს მშვიდობისას“ და „მამას მოწყალებისას“ უწოდებს.
დიმიტრი როსტოველი: მამაკაცურად დაითმინე ამ დროებით ცხოვრებაში ღვთისგან გამოგზავნილი ყოველგვარი მწუხარება, რათა მარადიულად იხარებდე მომავალ საუკუნეში. ვინაიდან, ვინც არ ითმენს აქ სამწუხაროს, ის ვერ მიიღებს იქ სასიხარულოს.
იოანე ოქროპირი: შესაბამისი ყურადღების გარეშე მუსიკასაც ვერ შეისწავლი, მით უფრო, სულის უმოქმედობით ვერ ჩასწვდები საიდუმლო ხმას.
ტიხონ ზადონელი: უმჯობესია, ყოველგვარი სასჯელის აქ, უფლის ხელიდან დათმენა და მარადიულ მომავალ ცხოვრებაში ნუგეშის მიღება, ვიდრე აქ დაუსჯელად ყოფნა და სიკვდილის შემდეგ ღვთის მარადიული რისხვის დათმენა, რომელსაც ვერაფრით აიცილებენ თავიდან ამქვეყნად დაუსჯელი და გამოუსწორებელი ცოდვილები.
კვიპრიანე კართაგენელი: ოდეს დაბლობზე დგახარ, მწვერვალისკენ ნუ გაგირბის მზერა, ხოლო მწვერვალზე ასული, ქვემოთ ნუ გადმოიხედავ, რომ ფეხი არ დაგისხლტეს და მთაც გვერდზე არ დაგრჩეს და ბარიც.
მარკოზ განშორებული: ნუ იტყვი: „არ ვიცი, რა არის საჭირო და ამიტომ უდანაშაულო ვარ, რომ არ ვაკეთებ ამას,“ რამეთუ, შენ რომ იმ სიკეთეს აკეთებდე, რომელიც იცი, მაშინ სხვა დანარჩენსაც შეიტყობდი თანმიმდევრულად, გაიგებდი რა ერთს მეორის მეშვეობით. შენთვის უსარგებლოა, პირველის შესრულებამდე მომდევნო შეიტყო.
ეფრემ ასური: ცოდვის გზით მოპოვებული სიკეთე მომპოვებელს წყევლად ექცევა.
ბერი პორფირი: იცით, ეს გამოთქმა – „ფული სინდისს აფუჭებს“ – ერთობ სწორი აზრია! ფული ზნეობას უკლავს ადამიანს – სინდისის გაყიდვის საშუალებას აძლევს. ეს სამყაროს შექმნის დროიდან ასეა.
ნეტარი ავგუსტინე: მდიდარია არა ის, ვინც ბევრი მოიხვეჭა ან დაზოგა, არამედ ის, ვინც ბევრი გასცა.
მამა ანტონი: ვისთანაც სრული სიმდაბლეა, მან ცოდვის წყევლა დაამარცხა; ვინც შორსაა სიმდაბლისგან, თავს ნუ მოიტყუებს, თითქოს ცოდვა დასძლია.
არქიმანდრიტი რაფაელი: საკუთარ ცოდვათა ხილვის გარეშე შეუძლებელია სინანული. სინანულის გარეშე შეუძლებელია მადლის მოხვეჭა, მადლის გარეშე კი – მიახლოება ღმერთთან. იმისთვის, რომ ვნებებს, მანკიერებებსა და ცოდვებს ვებრძოლოთ, უნდა გვახსოვდეს, თუ საით მივყავართ მათ.