როგორ მოუვიდა სინგაპურის ცნობილი სააგენტოდან მიწვევა ქართველ გოგონას, რომელსაც პოდიუმზე არასდროს გაუვლია და რატომ დაინტერესდნენ მისით უცხოეთის სხვა სააგენტოებიც
მისი სახელი და გვარია – ნატუკა გაგუნაშვილი, ასაკი – 18 წელი, სწავლობს სამედიცინო უნივერსიტეტში. ახლახან ერთმა ფაქტმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მშვენიერი გარეგნობის გოგონას აქამდე არასდროს უფიქრია მოდელობაზე. თუმცა, ერთ დღეს ის მეგობარმა „იმიჯ-ცენტრში“ მიიყვანა და ძალიან მალე სამოდელო სფეროში გამოუცდელ გოგონას სინგაპურის სამოდელო სააგენტოდან მიწვევა მოუვიდა. ამიტომ, ნატუკას უკვე უწევს ახალ გარემოსთან და თავსდატეხილ სასიამოვნო სიურპრიზთან შეგუება. ის სინგაპურში „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას“ გამარჯვებულ სოფო შერგელაშვილთან ერთად გაემგზავრება და სამოდელო კარიერას პირდაპირ სინგაპურში დაიწყებს.
– ნატუკა, მომიყევი შენს შესახებ. რას საქმიანობ?
– ვარ ნატუკა გაგუნაშვილი, 18 წლის, ვსწავლობ სამედიცინო უნივერსიტეტში. ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, რა სპეციალიზაციით წავალ, მეექვსე კურსზე ავირჩევ.
– საკმაოდ რთული პროფესიაა.
– კი. თუმცა, დიდხანს არ მიფიქრია, აბიტურიენტი რომ ვიყავი და გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, თუ სად გავაგრძელებდი სწავლას, სამედიცინო ფაკულტეტი ავირჩიე. დედაჩემი ექიმია და გავყევი მის პროფესიას.
– ნემსის გაკეთებაც იცი?
– კი. ვიცი, ოღონდ თეორიულად, პრაქტიკულად ჯერ არ მიცდია.
– როგორც ვიცი, მოდელი შემთხვევით გახდი.
– ფოტოგრაფი ლაშა ღუღუნიშვილი ჩემი მეგობარია და მან მიმიყვანა სააგენტოში. „იმიჯ-ცენტრში“ მაცაცომ გადამიღო „პოლაროიდები“, გააგზავნეს უცხოეთში და სინგაპურიდან მომივიდა მიწვევა. თავიდან არც მიფიქრია, რომ სადმე წავიდოდი, თან ვსწავლობ, უბრალოდ, გადავიღე ფოტოები. ლაშამაც რომ მირჩია სააგენტოში მისვლა, თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ ლაშამ და ირაკლიმ დამითანხმეს და მიმიყვანეს „იმიჯ-ცენტრში“.
– ანუ, მანამდე საერთოდ, არ გიფიქრია მოდელობაზე?
– არა და არც მეგონა, თუ ამ სფეროში რამე გამომივიდოდა. მაგრამ, სააგენტოში რომ მოვედი, უკვე იცოდნენ ჩემ შესახებ. მათ მხოლოდ უნდა ვენახე, კონტრაქტის დადებაზეც არ იყო საუბარი. ქალბატონმა იამ რომ მნახა, დამელაპარაკა, მითხრა, კონტრაქტის დადება მინდა, როგორც მოდელთანო და გავაფორმეთ. სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიდა მიწვევები, მაგრამ სინგაპური ავირჩიეთ. იქაური პირობები ყველას ჯობდა.
– როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ახალბედა, დამწყები მოდელი უცებ სინგაპურში მიგიწვიეს?
– არ ვიცი, შოკში ვიყავი, გაოცებული დავრჩი. ძალიან გამიხარდა, არც ველოდებოდი. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა გოგონას ოცნებაა. ამის მერე სულ ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებული ვიყო და სინგაპურში რომ ჩავალ, კარგად ვიმუშაო.
– გამოცდილება საერთოდ არ გაქვს?
– არა. პირველად, სააგენტოში რომ მოვედი, არაფრის გამოცდილება არ მქონდა – არც ფოტოგადაღების, პოდიუმზე ხომ საერთოდ არ გამივლია. ბოლო ერთი თვეა, სულ გადაღებები მაქვს. ეს ყველაფერი ჩემთვის სიახლეა, ამიტომ, გარკვეულწილად, რთულია, მაგრამ იმდენად სასიამოვნო და სახალისოა, რომ ამასთან შეგუება ადვილია.
– როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები შენს გამგზავრებას?
– ძალიან ცუდად. არ უნდოდათ გავმგზავრებულიყავი ძალიან აპროტესტებდნენ, მაგრამ ნელ-ნელა ყველა დავითანხმე. რომ ავუხსენი – ვინ მიშვებდა სინგაპურში, იქ ვისთან ვიქნებოდი, რას გავაკეთებდი, მიხვდნენ, ეს ჩემთვის კარგი იყო და დამთანხმდნენ. სოფო შერგელაშვილთან ერთად წავალ, იმას, ამ მხრივ, ცოტა გამოცდილება აქვს. ამიტომ, უფრო გამიადვილდება ცხოვრებაც და მუშაობაც. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ქართველია და უკვე დავმეგობრდით. თან, ამ სფეროში გამოცდილებაც აქვს და ყველანაირად დამეხმარება. ზაფხულში ვგეგმავთ ჰონკონგში გამგზავრებას. ასე რომ, ვაგრძელებ მოდელობას. უნივერსიტეტში ჯერჯერობით ხელს მიწყობენ, აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას. მიხარია, რომ სინგაპურში დიდ გამოცდილებას შევიძენ, როგორც სამოდელო სფეროში, ასევე დამოუკიდებლობის, ადამიანებთან ურთიერთობის მხრივ. შევეგუე ახალ სიტუაციას. მიხარია, რომ ახალი ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში.
– აქამდეც თუ უვლიდი თავს, ცდილობდი ფორმაში ყოფილიყავი?
– ძალიან გამხდარი ვარ, ზედმეტად გამხდარიც კი და ექიმები სულ მეჩხუბებოდნენ, გასუქდი, გასუქდიო. ვვარჯიშობდი, ოღონდ ჯანმრთელობისთვის. პირიქით, გასუქების დიეტაზე „ვზივარ“ ხოლმე. რადგან ვერ ვსუქდები, ამიტომ კვებასთან დაკავშირებით არაფერს ვუკრძალავ თავს.
– მზად ხარ იმ სირთულეების გადასალახად, რაც შეიძლება, იქ დაგხვდეს?
– თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი – არ ვიცოდი, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ძალიან მეშინოდა, მაგრამ მერე სოფომ, სხვა მოდელებმა ყველაფერი ამიხსნეს და ცოტა დავმშვიდდი. უკვე მზად ვარ, თეორიულად ვიცი, როგორ ხდება ყველაფერი. პირველ გადაღებაზე ძალიან დაბნეული ვიყავი, მაგრამ „კიკალას სტუდიაში“ ისე კარგად მუშაობენ, ყველა კომპლექსს გიხსნიან. ახლა მივეჩვიე ყველაფერს, თორემ ისე, ძალიან შებოჭილი ვარ.
– ანუ, როგორი ადამიანი ხარ?
– მორიდებული ვარ, თუმცა კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს. ვცდილობ, ხალისიანი ვიყო, ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ. სერიოზული სირთულეები არ მქონია ცხოვრებაში, თუმცა ყველაფერს მშვიდად ვუყურებ. როცა პრობლემა მხვდება, ვიცი, თუ დავიბნევი, არაფერი გამომივა. ამიტომ, საქმეს მშვიდად ვუდგები და გადაწყვეტილებასაც ფიქრის შემდეგ ვიღებ.
– სინგაპურში შენი გამგზავრება ერთგვარი სიურპრიზი იყო. ხშირად თუ ხდება შენს ცხოვრებაში სიურპრიზები?
– ასეთი გრანდიოზული სიურპრიზი ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა. თან, ასე უცებ და საერთოდ რომ არ ველოდებოდი. ძირითადად, უფრო ყველაფერს ჩემი შრომით ვაღწევ.
– აქამდე როგორი იყო შენი ცხოვრების სტილი – ალბათ, ახლა სულ თავდაყირა დადგებოდა, შეიცვლებოდა.
– კი. შეიცვალა, სულ გადაღებები მაქვს, ვემზადები. ძირითადად, ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი მაქვს, ისეთი, როგორც სხვებს. მეგობრებთან ერთად დავდივარ კაფეებში, კლუბებში, პაბებში, მხიარულ სიტუაციებში.
– როგორი ხარ, ცუდ ხასიათზე?
– პატარა პრობლემები არასდროს მაყენებს ცუდ ხასიათზე. ძირითადად, სწავლასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება, გამიფუჭოს ხასიათი. ამ დროს ჩაფიქრებული ვარ. შეიძლება, ცოტა ხანს ძალიან ცუდად ვიყო, მაგრამ მერე გადამივლის.
– როგორი ბიჭები მოსწონს ნატუკას?
– არ ვიცი, მთავარია, როგორ შემოვა ადამიანი ურთიერთობაში, როგორ გავუგებთ ერთმანეთს.