რა უნდა იცოდეს ცოლმა, თუ ქმარს ღალატს აპატიებს
რა უფრო მნიშვნელოვანია – ადამიანი, რომელიც გიყვარს და შენი ცხოვრების ნაწილია თუ სიჯიუტე, რომელიც არ გაძლევს წყენის დავიწყების, მშვიდად ცხოვრების საშუალებას? ძალიან ბევრისთვის ღალატი სრული კატასტროფა და მიუტევებელი ცოდვაა მანამ, სანამ ის საუბრის თემად რჩება და მისი ცხოვრების რეალობის ნაწილად არ გადაიქცევა. ამ შემთხვევაში სიტუაცია მთლიანად იცვლება – ფაქტის წინაშე უკვე აღარ ვართ ისეთი კატეგორიულები. როცა სასწორზე აღმოჩნდება ერთი მხრივ შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, ხოლო მეორე მხრივ – გრძნობა, უკვე ძნელია არჩევნის გაკეთება. შეცდომის დაშვება ადვილია, მით უფრო, თუ ამას ემოცია გკარნახობს. მაგრამ თუ ამ შეცდომით კარგავ ადამიანს, რომლის გარეშე ცხოვრება აღარაფრად გიღირს, მაშინ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს. იქნებ, ზოგჯერ მართლა ჯობს, დავძლიოთ ტკივილი და ვაპატიოთ, მაგრამ ვაპატიოთ დიდსულოვნად და დავივიწყოთ...
მაკა (31 წლის): ჩვენი ბედი ყოველთვის ჩვენს ხელშია – ამაში მე საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი ფაქტით დავრწმუნდი. არასდროს არაფერში არ უნდა იყო დარწმუნებული და, მით უმეტეს – თავდაჯერებული. ისეთი რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდე, რომ არც დაგესიზმრებოდა. კიდევ უფრო მძიმეა არჩევნის გაკეთება მაშინ, როცა ამაზე მთლიანად შენი მომავალია დამოკიდებული. ყოველთვის ვფიქრობდი, მე და ჩემი ქმარი იდეალური წყვილი ვართ-მეთქი. აი, ამას რომ დაიჯერებ ქალი, სწორედ მერე დაგეწყება პრობლემები, თანაც – სერიოზული.
– რატომ? მიგაჩნიათ, რომ იდეალური წყვილები არ არსებობენ?
– დავიწყოთ იმით, რომ იდეალური არაფერი არ არის ამქვეყნად და ქალისა და კაცის ურთიერთობა როგორ იქნება?! თუ ცოლ-ქმარი ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს, იცოდეთ, რომ ეს ერთ-ერთი მათგანის ხარჯზე ხდება. უფრო ხშირად – ცოლის.
– ანუ, ცოლები ითმენენ, ითმენენ, ქმრები კი ამას იფერებენ?
– არა. მთლად ასეც არ არის, მაგრამ, ცოლები ითმენენ, თვალს ხუჭავენ, რაღაცას არ ხედავენ, რაღაცაზე უარს ამბობენ, პატარ-პატარა „მსხვერპლუკებს“ სწირავენ და ოჯახს ინარჩუნებენ. ეს მათ უღირთ და, ამაში ცუდი არაფერია. თუ ხვდებით, რომ ეს ადამიანი შენ ისე გიყვარს, რომ მის გარეშე გაუსაძლისად ცუდად იქნები, ზოგჯერ პატარა მსხვერპლის გაღება გერჩივნოს.
– მამაკაცს არ უწევს მსხვერპლის გაღება?
– რა არის, იცით? ალბათ, მასაც უწევს. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ „ვაიმე, რა საშინელ დღეში ვართ ქალები, კაცების ბედნიერებას და კარგად ყოფნას ვეწირებით ყველანი“. ასე ნამდვილად არ არის. მათაც უწევთ რაღაც-რაღაცეებზე უარის თქმა, მაგრამ, ჩვენი „რაღაც-რაღაცეები“ კაცების „რაღაც-რაღაცეებისგან“ ძალიან განსხვავებულია, იმიტომ, რომ ჩვენ ერთნაირები არ ვართ და თავებიც რომ გავიგიჟოთ, ვერც ვერასოდეს ვიქნებით. მთავარი ეს არ არის. მთავარია, მიხვდე: შეუმცდარი და იდეალური არც ისინი არიან, არც ჩვენ. უფრო ღირებულს ნაკლებად ღირებული თუ შეეწირება და ემსხვერპლება, ეს ტრაგედია არ არის. ტრაგედია ის არის, ძალიან ძვირფასს რომ დაანგრევ და გაანადგურებ... ეს მაშინ ხდება, როცა სიყვარულს სიჯიუტე და ამბიცია სჯობნის. „მე რატომ უნდა დავთმო და ვაპატიო!“ – ასეთ პოზიციას თვითგანადგურებამდე მივყავართ.
– ალბათ, გააჩნია, რას აპატიებ?
– უპატიებელი რა არის? თუ გიყვარს, შეიძლება ერთხელ მაინც აპატიო ყველაფერი. ათი წლის განმავლობაში ჩემს ქმარზე არაჩვეულებრივი და კარგი არავინ მეგონა. აქედან რვა წელი ერთ ჭერქვეშ გავატარეთ. ძალიან მიყვარდა. ახლაც მიყვარს, მაგრამ ჩემი შეცდომა ის იყო, რომ გავაიდეალე. ყოველთვის ბოლომდე ვენდობოდი და ვფიქრობდი, არასოდეს მიღალატებს, ის სხვებისგან განსხვავებულია-მეთქი. აზრადაც ვერ დავუშვებდი, რომ შეეძლო, ჩემთვის ეღალატა – არა, სხვა კაცები სხვანაირები არიან და იმიტომ აკეთებენ ამას. ჩემი ქმარი იმ კაცებს არ ჰგავს-მეთქი. ხომ ვიყავი სულელი?! არ ვიტყვი და არ გავიმეორებ ბანალურ სიტყვებს: ყველა კაცი ერთნაირია... მაგრამ, ბოლომდე საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო, არათუ კაცს, მით უფრო – ქმარს, რომელიც გიყვარს. სიყვარული ისედაც ხელს გვიშლის ადამიანებს სიტუაციების ობიექტურად შეფასებაში. „ყველას შეუძლია ღალატი, ჩემი ქმრის გარდა!“ – ალბათ ყველა ცოლი ზუსტად ასე ფიქრობს და ჩემსავით ტყუვდება, თურმე, რას დაფრინავ ზეცაში. ჩამოიხედე დედამიწაზე და ნახე, რა ხდება. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბავშვზე გადაყოლილს, ნაკლები დრო მრჩებოდა მისთვის. ჩვენს ურთიერთობას ნელ-ნელა რაღაც მოაკლდა. ამას მერე მივხვდი, თორემ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ცხოვრება ნორმალურად, კარგად, თავის კალაპოტში მიედინებოდა. ახლა სხვა თვალით ვუყურებთ ამ ყველაფერს და საკუთარ ბრალეულობას ვგრძნობ. მეტისმეტად ბევრი ვიტვირთე საკუთარ თავზე და ჩემს ქმარს საშუალება მივეცი, ბევრი თავისუფალი დრო ჰქონოდა. ჩემი ჭკუით, განსაკუთრებულად კარგი ცოლი მინდოდა ვყოფილიყავი. შედეგად კი, დათვური სამსახური გავუწიე საკუთარ თავს. არ შეიძლება მთელი ოჯახის საზრუნავი შენ მოიკიდო ზურგზე, ის ქმარს უნდა გაუყო. მნიშვნელობა არ აქვს, სამსახურში ბევრს შრომობს თუ ცოტას. ოჯახის ტვირთი ოჯახის ტვირთია და ის ქმრის მხრებსაც უნდა ამძიმებდეს. კაცები ძალიან სწრაფად ეჩვევიან უპასუხისმგებლობას.
– პასუხისმგებლობა ხასიათის თვისება არ არის? შეიძლება, ადამიანი, რომელსაც აქვს ეს გრძნობა, უპასუხისმგებლობას შეეჩვიოს?
– მე ცოტა სხვა რამე ვთქვი. როცა კაცი მშვიდად არის და იცის, რომ ოჯახში მის გარეშეც მშვენივრად გვარდება ყველა დიდი თუ პატარა პრობლემა, ის ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იხსნის – მაინც კეთდება საქმე და!.. ვერ ვხვდები, მე რატომ ავიკიდე მთელი ტვირთი, რატომ არ უნდა მიეღო ჩემს ქმარს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა, რატომ არ უნდა გაეთენებინა ღამე და რატომ არ უნდა ერბინა საყიდლებზე. ამ ყველაფერს ვაკეთებდი მე და, ბუნებრივია, რომ საღამოს არაქათი აღარ მქონდა, ჩემს ქმარს ვეღარც კი ველაპარაკებოდი.
– ამან მიიყვანა ის ღალატამდე?
– გადაჭრით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ, ურთიერთობაში საუბრების, მეტი სიახლოვის დეფიციტი აშკარად გაგვიჩნდა. მე მენატრებოდა ის სიტუაცია, რაც ბავშვის დაბადებამდე იყო: ვსეირნობდით, დავდიოდით კაზინოში, თეატრში, კაფეებში. უბრალოდ, ვისხედით ერთად და ფილმებს ვუყურებდით... ერთმანეთისთვის მეტი დრო გვქონდა. ბავშვის დაბადებამ ამ სიახლოვის ტრადიცია მოშალა. ქვეცნობიერში მენატრებოდა და ზოგერ ვფიქრობდი წარსულზე, მაგრამ ყოველდღიურობა ამ ჩემს ფიქრებს შთანთქავდა. ბავშვი არაჩვეულებრივი რამაა და ჩემს შვილზე ვგიჟდები. რა თქმა უნდა, მას მეტად ვჭირდებოდი. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მამამისიც აქტიურად არ ჩავრთე ოჯახში მიმდინარე პროცესებსა და ბავშვის აღზრდაში. ეს ისევე იყო მისი საქმე, როგორც ჩემი. დეკრეტის შემდეგ სამსახურში გავედი და კიდევ უფრო მეტად დავიტვირთე. ერთი სიტყვით, ყურადღება მოვადუნე. ქალს, ცოლს, ამის უფლება არ აქვს. ძალიან ძნელია, მაგრამ, სულ შემართული და მომზადებული უნდა იყო.
– მომზადებული რისთვის? ღალატისთვის?
– არა, ღალატისთვის არა, ეს არ მიგულისხმია. როგორ გითხრათ, მე ვგულისხმობ ქმართან ურთიერთობას. კაცს ცოლში მაინც ქალის დანახვა უნდა – სრულფასოვანი ქალის, ვნებიანის, მაცდურის, ძალიან მიმზიდველის... ურთულესია, ოჯახის დიასახლისიც იყო და ეს ყველაფერიც შეინარჩუნო, მაგრამ მამაკაცებს ნაკლებად აინტერესებთ, როგორ მოახერხებ ამას. ყველა მამაკაცი საბოლოოდ მაინც ერთნაირად აზროვნებს: ცოლს ეჩვევიან და რაღაც მომენტში მასში ქალი, შესაძლოა, ვეღარ დაინახონ. გათხოვება და ოჯახის შექმნა ხომ ძნელია და ოჯახის შენარჩუნება – კიდევ უფრო რთულია. არავინ იცის, რისი გაკეთება და რა მსხვერპლის გაღება მოგიწევს იმის სანაცვლოდ, რომ ქმარი გვერდით გყავდეს. მე სულ შემთხვევით გავიგე, რომ ქმარმა მიღალატა.
– ჩვეულებრივ, ასეა: ცოლებიც და ქმრებიც შემთხვევით იგებენ მეუღლეების ღალატს.
– მთლად ასეც არ არის. ჩემს რამდენიმე მეგობარს ისეთი ქმრები ჰყავთ, შემთხვევა სულაც არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ ისინი ცოლებს ღალატობენ. რომ შეხედავ, კაცს ეგრევე ეტყობა ღალატისთვის მზადყოფნა. ყველამ თავისი საქმე იცის და იქნებ ისინი სულაც არ არიან მოღალატეები, მაგრამ მათი ცოლები სულ მომართული მშვილდებივით არიან, რომ არაფერი გამოეპაროთ, მე კი სულელივით ბრმად ვენდობოდი.
– ნდობის გარეშე ძალიან ძნელია ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ადამიანთან, თუნდაც ძალიან გიყვარდეს.
– გეთანხმებით, საშინელებაა. სწორედ ეგ არის ის, რაც მე დღეს ყველაზე მეტად მაწუხებს. აღარ მაქვს ჩემი ქმრის ნდობა და ვიტანჯები. ეს ხელახლა უნდა ვისწავლო. არ ვიცი, რანაირად მოვახერხებ, მაგრამ, თუ ამას ვერ შევძლებ, მაშინ ჩვენს ერთად ცხოვრებას აზრი არ ექნება. აღარ მოვყვები, როგორ გავიგე, რომ მიღალატა. მარტო იმას გეტყვით, რომ ნივთმტკიცება ვიპოვე, თანაც, ისეთი ნივთმტკიცება, რომ ჩემმა ქმარმა ვეღარ მოახერხა ფაქტის უარყოფა. ბარემ ძალიანაც უნდოდა მიეჩქმალა თავისი დანაშაული, მაგრამ მიხვდა, რომ კიდევ ტყუილის დამატება, ღალატზე უარესი იქნებოდა. მე ვტიროდი, ვყვიროდი, ნამდვილი ისტერიკა მქონდა, ვერაფრით ვერ შევიკავე თავი, თუმცა ძალიან ემოციური და ფეთქებადი ხასიათი ნამდვილად არ მაქვს. ძალიან დიდი ტკივილია, ფიზიკურ ტკივილთან გაიგივებული. არაფრის მოსმენა არ მინდოდა. რაც ენაზე მომადგა, ყველაფერი ვუთხარი ჩემს ქმარს. საშინელი სიტყვებით გავლანძღე. მეხვეწებოდა, მაპატიეო. ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ ეს ყველაფერი უნებლიეთ მოხდა, რომ ღალატი გამიზნულად არ ჩაუდენია და იმ მომენტში რაღაც დაემართა... რომ მარტო მე ვჭირდები და ვუყვარვარ, ის ქალი კი მისთვის საერთოდ არაფერს წარმოადგენს. მისი ასეთი ლაპარაკი კიდევ უფრო მაგიჟებდა და ბოლოს იქამდე მივედი, რომ სახლიდან გავაგდე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი ვესროლე. საერთოდ არ გამხსენებია, რომ ბავშვიც უყურებდა ამ საშინელებას. მხოლოდ მოგვიანებით, როცა ჩემი ქმარი სახლიდან წავიდა, გამახსენდა ჩემი შვილის გაფართოებული თვალები. როცა ცოლ-ქმარს შორის უკვე ბავშვი დგას, არაფრით არ შეიძლება წინა პლანზე ეგოისტური მოთხოვნები და სურვილები წამოსწიო; აღარ გაქვს უფლება, საკუთარ კარგად ყოფნაზე იფიქრო. ჯერ შვილის ინტერესებია გასათვალისწინებელი და უკვე მერე, შეგიძლია, იმაზეც იფიქრო, როგორ იგრძნო თავი კომფორტულად ამ ურთიერთობაში.
– ანუ, როცა შვილი გყავს, ქმარს ყველაფერი უნდა აპატიო?
– მე ეს არ მითქვამს. მე ვამბობ, რომ შანსი უნდა მისცე, აუცილებლად, ერთხელ მაინც. მით უფრო, რომ ამ შანსს იმავდროულად საკუთარ თავსაც აძლევ. ღალატის დავიწყება ძალიან ძნელია. როგორც გითხარით, ფიზიკური ტკივილია, რომელსაც წამალი არ შველის და ვერ ყუჩდება. ყოველ იმის წარმოდგენაზე, როგორ ეხვეოდა ჩემი ქმარი სხვა ქალს, ბრაზი და აღშფოთება ახალი ძალით იფეთქებდა ხოლმე და დავიწყებული ახლაც არ მაქვს. არც ის ვიცი, საერთოდ თუ შევძლებ დავიწყებას.
– აპატიეთ და მაინც ფიქრობთ მის ღალატზე?
– დიახ, ჩემი პრობლემა ეს არის. ვერ ვჯობნი ჩემს მეხსიერებას და ვერ ვიწყებ ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან. თურმე, არ ხდება ასე. არ ყოფილა ადვილი. ადამიანი ვარ, მანქანა ხომ არა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ერთი თვის განმავლობაში, რაც ჩემი ქმარი წასული იყო, არანორმალურად გამიჭირდა და ბევრ რამეს მივხვდი...
– რას მიხვდით?
– მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს და სხვა მამაკაცი ჩემთვის არც არსებობს; რომ ბავშვისთვის დედისა და მამის ცალ-ცალკე ყოფნა გამანადგურებელი და მტკივნეულია. ვერ შეეგუებოდა იმას, რომ მამამისს მარტო შაბათ-კვირას ენახა. მითხრა კიდეც, მე მინდა, მამა ისევ ყოველ საღამოს ბრუნდებოდეს ჩვენთან და დილით ჩვენთან ერთად იღვიძებდესო. მერე იმაზეც დავფიქრდი, როგორი იქნებოდა ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება, როცა ჩემს ქმარს მოსწყინდებოდა შერიგებაზე ხვეწნა და სხვა ქალს მოძებნიდა მანუგეშებლად. მამაკაცების ამბავი ხომ იცით – დიდხანს არ რჩებიან მარტო. რომ წარმოვიდგინე, შეიძლებოდა, ჩემი სიჯიუტით იმ ქალის კლანჭებში ჩამეგდო, ლამის გავგიჟდი. სასწრაფოდ მივიღე ზომები, რომ ჩემი ქმარი სახლში დაბრუნებულიყო.
– უპირობოდ დააბრუნეთ?
– დიახ, ულტიმატუმი არ წამიყენებია. არ მითქვამს მისთვის: „აი, შენ კი შეგიძლია, დაბრუნდე, მაგრამ, იცოდე, რომ ამის ღირსი არ ხარ“ – ან რაღაც ამისთანები... ვიგრძენი, რომ ღალატსა და მომხდარზე საერთოდ არ უნდა ამომეღო ხმა, აღარ უნდა დამეწყო საქმის გარჩევა და ჩემს ქმარს უნდა ეფიქრა, რომ მე ეს დავივიწყე.
– ეს ხომ ტყუილია? ანუ, გირჩევნიათ, ტყუილში იცხოვროთ?
– არა, არ არის ტყუილი. მან მოინანია და მეც ვაპატიე. რაც შეეხება ტკივილს და შეურაცხყოფის დავიწყებას, რომელიც მისმა ღალატმა განმაცდევინა, მე ძალიან ვცდილობ, რომ დავივიწყო. როგორმე ისევ უნდა ვენდო, თუნდაც ნაწილობრივ. ჩემი მისადმი დამოკიდებულება ისეთი რომ აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო, ამას ვგრძნობ. მაგრამ, იმასაც ვხვდები, რომ ის ჩემთვის ყველაზე ახლობელი და ძვირფასია. მიყვარს... იქნებ, მართალს ამბობს, როცა მეფიცება, რომ ვუყვარვარ. ოღონდ, არ მითხრათ, რომ უყვარდე, არ გიღალატებდაო. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. შეცდომა ვის არ მოსდის. მართალია, ღალატი შეცდომაზე ცოტა მეტია, მაგრამ წაგებულია ის ცოლი, რომელიც ქმარს ერთ შანსს მაინც არ მისცემს. დაზარალებული ისევ მე ვიქნები, თუ გავუშვებ და საშუალებას მივცემ, ახალი სიყვარული და სითბო ეძებოს. ეს კიდევ უფრო მტკივნეული და გაუსაძლისი იქნება ჩემთვის. ამიტომ, ისევ საკუთარ თავს უნდა მოვერიო...