ინტიმური საუბრები
ძმამ და დეიდამ ქუჩაში დამტოვეს
მე და ჩემს ძმას მშობლები ადრე გარდაგვეცვალა და გაუთხოვარმა დეიდამ გაგვზარდა. ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით უფროსია. ჩვენს ბინაში ვცხოვრობთ სამივე. დეიდას თავისი ოროთახიანი ბინა დაკეტილი ჰქონდა, ხანდახან თუ მივიდოდა ხოლმე, რომ გაენიავებინა და მტვერი გადაეწმინდა.
საერთოდ, თავიდანვე, ოთო ყველას გამორჩეულად უყვარდა ოჯახში და ეს განწყობა დეიდაჩემზეც გადმოვიდა: მისი ამ ცხოვრების აზრი და მიზანი ჩემი ძმა იყო. ვერ ვიტყვი, რომ მე არ ვუყვარდი, მაგრამ მისთვის ჯერ ოთო იყო და მერე – მთელი დანარჩენი მსოფლიო, მათ შორის – მეც. განსაკუთრებით კი ჩვენი მშობლების გარდაცვალების შემდეგ გადაირია დეიდა ოთოზე და მეც მაიძულებდა, რომ კერპად მყოლოდა. როგორც ჩანს, ასეთმა დამოკიდებულებამ ოთო გაათამამა, თან, გამკონტროლებელიც არავინ ჰყავდა, მე და დეიდას კი ყოველ ნაბიჯზე ადვილად გვატყუებდა. ერთი სიტყვით, ხელიდან წავიდა: ჯერ ინსტიტუტს დაანება თავი, მერე ტოტალიზატორს შეეჩვია, ბოლოს კი კაზინოში დაბინავდა, რასაც ნელ-ნელა ჯერ ძვირფასი ნივთების გატანა მოჰყვა სახლიდან, მერე კი იმხელა თანხა წააგო, ბინის გაყიდვა მოგვიწია. მე უკვე სკოლას ვამთავრებდი იმ პერიოდში, მეც მქონდა ჩემი პრეტენზიები ბინის რაღაც ნაწილზე მაინც, მაგრამ დეიდამ გამოაცხადა, ეს ბინა ოთოსია, ჩემს ბინას კი შენზე გადმოვაფორმებო.
ამის შემდეგ დეიდასთან გადავედით საცხოვრებლად. იმის ნაცვლად, რომ ჭკუაზე მოსულიყო, ოთო ისევ ისე განაგრძობდა ცხოვრებას. ერთ დღეს კი ვიღაც გოგო მოიყვანა სახლში და გამომიცხადა, ცოლი მოვიყვანეო. გახარებულმა დეიდამ მაშინვე მოუწყო ყველაზე კარგი და დიდი ოთახი. ჩვენ კი პაწაწინა ლოჯიაში მივიჭუჭკეთ. მერე ისე მოხდა, რომ დეიდაჩემი მძიმედ ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა. რა თქმა უნდა, მე ვუვლიდი. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ოთო და მისი ცოლი არც კი მოიკითხავდნენ ხოლმე დეიდას, საერთოდ არ ეკონტაქტებოდნენ. ერთხელ, სამსახურიდან რომ დავბრუნდი, შევესწარი, რომ ოთო და დეიდაჩემი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ, დამინახეს თუ არა, გაჩუმდნენ და უხერხულად გადახედეს ერთმანეთს. მეც აღარ ჩავძიებივარ, ეჭვიც არ გამჩენია, რომ რამე „ისეთ“ საკითხზე ბჭობდნენ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა საოცრად დათბა, იმ დონეზე, რომ ჩემი რძალი საჭმელსაც კი სთავაზობდა ხოლმე. ცოტა კი მიკვირდა, მაგრამ მაინც მიხაროდა, ვფიქრობდი, ალბათ, მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და მომაკვდავ ქალს სიცოცხლის ბოლო თვეებს ულამაზებენ-მეთქი. მაგრამ, ორი კვირის შემდეგ დეიდამ უცერემონიოდ გამომიცხადა: შენ გოგო ხარ, გათხოვდები და ქმართან იცხოვრებ, ამიტომ ჩემს ბინას და ქონებას ანდერძით ოთოს ვუტოვებო. მაგრამ, ჩემმა რძალმა მარტო ანდერძი არ იკმარა – კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბინა მის სიცოცხლეშივე გადაფორმებულიყო ოთოს სახელზე, რასაც, სხვათა შორის, ძალიან ადვილად მიაღწია. როგორც კი ბინა თავისად დაიგულეს, მეორე დღიდანვე დაიწყეს „ნამიოკები“ – ძალიან ვიწროდ ვართ და, ხომ არ ჯობია, ბინა იქირავო და ცალკე გადახვიდეო. წყენისა და გულისტკენისგან ისეთ დღეში ჩავვარდი, კინაღამ გული გამისკდა. ჩემმა ძმამ „დამამშვიდა“ – ქირას მე გადაგიხდიო. აზრი აღარ ჰქონდა რამის თქმას, ჩემი ნივთები ჩავალაგე და თანამშრომელ გოგოს დავურეკე – რამდენიმე დღით შენთან გადმოვალ, სანამ დასაქირავებლად ბინას ვიშოვი-მეთქი და იმავე საღამოს წამოვედი სახლიდან. დეიდას რომ ვემშვიდობებოდი, მეგონა, რაიმე სინანულისმაგვარს მაინც გამოხატავს-მეთქი, მაგრამ, მითხრა, ახალგაზრდა ხარ, თან, მარტო იქნები, სარჩენი არავინ გეყოლება და არაფერი გაგიჭირდებაო.
ერთი სიტყვით, წავედი სახლიდან მეგობართან. რამდენიმე დღეში პატარა, ერთოთახიანი ბინაც მოვძებნე და იქ გადავედი. რა თქმა უნდა, ჩემს ძმას ერთი თვის ქირაც კი არ გადაუხდია. ის კი არა, ჩემი ჭურჭელი (დედაჩემის დანატოვარი) და ლოგინი რომ მომქონდა, იმაზეც ისეთი ამბავი ამიტეხა ჩემმა რძალმა, მე შემრცხვა.
უკვე რამდენიმე თვეა, ცალკე ვცხოვრობ და არც ჩემს ძმას და არც მის ცოლს ერთხელაც არ დაურეკავთ ჩემთვის, თუნდაც მოკითხვის დონეზე. მხოლოდ დეიდა მირეკავს და ტირილით მეხვეწება, შენთან წამიყვანე, ესენი შიმშილით მკლავენ, თან ძალიან ცუდად მექცევიანო. ჩემი რძალი, თურმე, მის გასაგონად ეუბნება ქმარს, ეს დეიდაშენი, რა ცას გამოეკერა, ყელში ამომივიდა უკვეო. ოთოც ცოლს უკრავს კვერს და გამზრდელ და ნაამაგარ დეიდას პურის ლუკმასაც კი აყვედრის.
ყველაფრის მიუხედავად, დეიდა მაინც ძალიან მეცოდება, ასეა თუ ისე, მაინც მან გამზარდა. მაგრამ ჩემი ხელფასი მეც ძლივს მყოფნის ბინის ქირად და თავის სარჩენად და ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფს როგორ ვამყოფინებ, არ ვიცი. თან, ჩემი ბინა ძალიან პატარაა – ერთოთახიანი „ხრუშჩოვკა“ ლოჯიის გარეშე. ერთი სიტყვით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ.
გამოგიტყდებით და, ჩემში ორი გრძნობა ებრძვის ერთმანეთს: წყენის და ვალდებულების. არ ვიცი, რომელი გაიმარჯვებს. მინდა, რომ წყენა დავივიწყო, მაგრამ, არ ვიცი, შევძლებ თუ არა. ეტყობა, არ ვარ კეთილი ადამიანი, უფრო მეტიც – უმადური და დაუნახავი ვარ. დეიდა რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, რა მომსვლოდა. მაგრამ, რა ვქნა, ჯერჯერობით ვერ გადავაბიჯე საკუთარ თავს და მერე რას ვიზამ, ნამდვილად არ ვიცი.
ნანა, 23 წლის.
ყველა ქალი ცხოვრებაში სხვის ნიღაბს ირგებს
შევირთე ბავშვიანი ქალი. პირველი ქორწინებიდან მეც მყავს ერთი შვილი, რომელიც დედამისთან ცხოვრობს, მაგრამ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და კვირაში ორი-სამი დღე ჩემთან არის ხოლმე. ჩემს მეორე ცოლს უნდოდა, თავისი შვილი მშობლებთან დაეტოვებინა, მაგრამ მე არ მივეცი უფლება და ბავშვი ჩვენთან ცხოვრობს. რაც შემეძლო, თან ვყვებოდი, როგორც საკუთარ შვილს, ისე ვექცეოდი და ძალიან მალე ბავშვმა თავისი სურვილით დამიძახა „მამა“. 8 წლის ბიჭი ამას რომ გადაწყვეტს, ცხადია, მის გულწრფელობაში ეჭვს ვერ შეიტან.
რადგან პირველი ოჯახის დანგრევაში ბევრ რამეში ვადანაშაულებდი საკუთარ თავს, გადავწყვიტე, ახალ ოჯახში სხვანაირად მოვქცეულიყავი, ანუ, უფრო ყურადღებიანი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ვარ. ცოლს პურზეც კი არ ვუშვებ, რომ ზედმეტად არ დაიტვირთოს, თან ვყვები ყველა მისიანს – ნათესავებსაც და მეგობრებსაც. მაგრამ, გული მიგრძნობს, რომ, თუ ასე გაგრძელდა, ეს ოჯახიც დამენგრევა, რადგან ანა მხოლოდ მაშინ მიღიმის და იმ დღეებში მექცევა ნორმალურად, როცა ჩემი შვილი ჩვენთან არ არის. საკმარისია, ბავშვი მოვიყვანო, რომ მისი ღიმილი მაშინვე მრისხანებად იქცევა: ყვირის, ჩხუბობს, ყველაფერზე ნერვები ეშლება. 5 წლის ბავშვს ლამის იატაკზე ფეხის დადგმას უშლის. თუ ნანიკომ რამეს ხელი მოჰკიდა ან, ვთქვათ, ფეხსაცმლით აძვრა ტახტზე, ანას ისტერიკული კივილი ცას სწვდება. ერთი სიტყვით, ჩემი შვილი ნერვებს უშლის. ბოლო ორ მოსვლაზე ისე ცუდად მოექცა, ბავშვი ატირებული წავიყვანე დედამისთან და გზაში ძლივს დავაწყნარე. ამის გამო სერიოზული ჩხუბიც კი მომივიდა – ანას ვუთხარი, ძალიან კარგად იცოდი, რომ შვილი მყავდა და მას ვერაფრის გამო ვერ დავკარგავ. როცა მე მომინდება და როცა თვითონ მოუნდება, მაშინ მოვა ამ სახლში; რამდენ ხანსაც ენდომება, იმდენ ხანს დარჩება და რასაც უნდა, იმას გააკეთებს-მეთქი. ასეთმა კატეგორიულმა სიტყვებმა სულ გააცოფა და გამომიცხადა, ამ ოჯახში მე ვარ დიასახლისი და მხოლოდ ის შემოვა სახლში, ვინც მე მინდაო. ისე გამაგიჟა მისმა სიტყვებმა, კინაღამ ხელით შევეხე. მერე ძლივს დავიოკე თავი და კატეგორიულად გამოვუცხადე: ამ ოჯახში მე ვარ უფროსი, როგორც მე მოვინდომებ, ისე იქნება ყველაფერი და, თუ არ გაწყობს და არ მოგწონს, შეგიძლია, მიბრძანდე-მეთქი. რომ მიხვდა, ნომერი არ გაუვიდა, ტირილი და თავის შეცოდება დაიწყო, მაგრამ მე მეორე ოთახში გავედი და კარი გავიჯახუნე. სამწუხაროდ, ამ სცენას მისი შვილიც შეესწრო და ძალიან განიცადა. მეგონა, დედამისს დაიცავდა, მაგრამ, რომ გავედი, გავიგონე, როგორ დიდი კაცივით საყვედურობდა ანას – მამა მართალია, ნანიკოს ძალიან ცუდად ექცევი. მე რომ ასე ვინმე მომექცეს, გაგიხარდებაო? ამ სიტყვებმა ჩემი ცოლი კი არ გამოაფხიზლა, უფრო გაამწარა და შვილს მიაძახა – მამინაცვალი გირჩევნია ჩემს თავს. ეტყობა, საჩუქრებით მოგქრთამა და იმიტომ იცავო. ამ პატარა ბიჭმა კი ისეთი რამ უპასუხა დედამისს, გაოცებისგან თმა ყალყზე წამივიდა: შენ გიგა (ანუ – მე) კი არა, მეც არ გიყვარვარ. მახსოვს, მამაჩემთანაც ასე მართავდი ისტერიკებს ყველაფერზე და იმიტომ მიგვატოვა. შენ შენი თავის მეტი არავინ გიყვარსო. ამ თითის ტოლა ბავშვისგან ისეთი წარმოუდგენელი იყო ამგვარი სიტყვების მოსმენა, ანაც კი გაჩუმდა წუთით. მაგრამ, მერე აფეთქების ახალი ტალღა გამოუშვა: საშინელი სიტყვებით გალანძღა შვილი, სასწრაფოდ ჩაყარა ჩანთაში თავისი ნივთები და კარი გაიჯახუნა. გასვლის წინ კი მოგვაძახა (მე უკვე გამოსული ვიყავი ოთახში): ხომ ასე ძალიან შეგიყვარდათ ერთმანეთი და არავის აღარაფერში გჭირდებით, ჰოდა, იცხოვრეთ უჩემოდ, ღმერთმა შეგარგოთ ერთმანეთიო.
ანა უკვე ერთი თვეა, თავის მშობლებთან ცხოვრობს, გიორგი კი ჩემთან არის და დედამისთან წასვლა არ უნდა. მეც მიხარია, რომ ბავშვი ჩემთან კარგად გრძნობს თავს და როგორღაც ვუვლით ერთმანეთს. ნანიკოს მოყვანასაც ხშირად მთხოვს ხოლმე და ძალიან კარგად ართობს, როცა მომყავს.
ჩემი სიდედრი ხშირად მოდის ჩვენთან – გიორგის აკითხავს. ხან სარეცხს გაგვირეცხავს და სახლს მიგვილაგებს, ხან ცხელ სადილს გვიმზადებს, თან სულ ბოდიშებს იხდის თავისი შვილის საქციელის გამო და მეხვეწება, რომ ვაპატიო. მე ვუთხარი, როცა უნდა, დაბრუნდეს, მაგრამ როგორც კი ჩემს შვილს ისევ ისე მოექცევა, სამუდამოდ წავა ამ სახლიდან-მეთქი. ახლახან გავიგე, რომ ანა დაბრუნებას აპირებს, რაც გიორგის ძალიან უხარია და, თანაც, ძალიან განიცდის. ერთხელ ისიც კი მითხრა, შენ იმედი გაქვს, რომ დედაჩემი ამ ერთ თვეში შეიცვლებოდაო?!
ყველაზე მეტად კი, იცით, რა მიკვირს? ცოლად შერთვამდე ანას თითქმის ერთი წელი ვიცნობდი, რამდენიმე თავის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს და სათნო, მგრძნობიარე, რომანტიკული და მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთხელაც კი არაფერში გამოუვლენია თავისი ფიცხი თუ ისტერიკული ხასიათი. არადა, გამოდის, რომ თურმე, მთელი ამ ხნის განმავლობაში თამაშობდა. საერთოდ, სულ მიკვირს, როგორ შეუძლიათ ქალებს მთელი ცხოვრება თამაში და სხვისი ნიღბის მორგება (შეიძლება, ჩემი ეს მოსაზრება ყველას არ ეხება, მაგრამ უმრავლესობა ნამდვილად ასეთია).
გიგა, 35 წლის.
ქმრის ძმაკაცი შემიყვარდა
ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ისეთი სიტუაცია შემექმნა, რჩევასაც ვერავის ვკითხავ. ვიცი, რომ თვითონ უნდა გადავწყვიტო ყველაფერი. არადა, შეცდომის დაშვებისაც მეშინია.
საქმე ისაა, რომ მოულოდნელად გარდამეცვალა ქმარი – ტროტუარზე იდგა (ტრანსპორტს ელოდებოდა), ვიღაც მთვრალმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავარდა ბორდიურზე და ზედ გადაუარა ჩემს მეუღლეს. მერე კი გაქცევა სცადა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. თუმცა, ის კი მოახერხა, რომ ყველაფერი ჩემს ქმარს დააბრალა – მანქანის სავალ ნაწილზე იდგაო. ერთი სიტყვით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ადვოკატობა კახას ძმაკაცს – ზურას ვთხოვე. მართლა შეუძლებელი შეძლო, რადგან დამნაშავე მძღოლი ერთი ბობოლა თანამდებობის პირი აღმოჩნდა და მასთან ბრძოლა არც ისე ადვილი იყო. ერთი სიტყვით, ზურამ საქმე კი მიიყვანა ბოლომდე (რასაც წელიწადზე მეტი დასჭირდა), მაგრამ, როგორც პრიმიტიულ მელოდრამებში ხდება ხოლმე, ამასობაში ერთმანეთი შეგვიყვარდა. ზურა უცოლოა, მე – მისი ძმაკაცის ქვრივს, 3 წლის შვილი მყავს. ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით, მაგრამ მისთვის მე რძალი ვიყავი, ის კი ჩემთვის ძმასავით იყო, „სხვანაირად“ არასდროს შეგვიხედავს ერთმანეთისთვის. ახლა კი ისე მოხდა, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე აღარ შეგვიძლია. მართალია, ჩვენ შორის კოცნის მეტი არაფერი ყოფილა, მაგრამ, ვგრძნობ, სულ ასე ვეღარ გაგრძელდება. თუმცა, ორივე ძალიან ვიკავებთ თავს და საშინელ განცდებში ვართ. ამას წინათ ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ ჩვენი სიყვარული კახას ღალატია ორივეს მხრიდან.
ჯერჯერობით ამის შესახებ არავინ იცის. ეს რომ კახას ძმაკაცებმა გაიგონ, ვიცი, არც ერთს არ გვაპატიებენ და შეიძლება, რამე უბედურებაც დატრიალდეს. ცხადია, არც ჩემს მშობლებს მოეწონებათ ეს ამბავი და ზურას მშობლებიც წინააღმდეგ წავლენ. ვაღიარებ, მათ ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ, ეს ყველაფერი თეორიებია. რეალობა კი საშინლად მძიმე და გამოუვალია. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.
ლიკა, 28 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.