როგორ შეეშალა გია ფერაძეს შავ პილპილში თამარაშვილის ფერფლი
„მარიამო, წმინდა ქალო! საქართველოს ნატვრისთვალო,
ერთი თხოვნა ამისრულე ოცნების დედოფალო!
ჩემს მიწაზე დამაბრუნე, დედა მკერდში ჩამახუტე,
შვილი მომაფერებინე,
რა? შენც ხომ არ გამებუტე?”, – ეს სტრიქონები ერთ ნაღდ თბილისელ კაცს ეკუთვნის, რომელსაც ცხოვრებამ სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მრავალი წლის წინ მსახიობ გია ფერაძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. გიას მიერ სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლილ ტყვიას მისი მშვენიერი მეუღლე, ირინა მიქატაძე შეეწირა. წყვილს პატარა მარიკუნა დარჩა. ციხეში გია ლექსებს წერდა, ჩანახატებს, ჩანაწერებს აკეთებდა თავისი ცხოვრებიდან. „ო, რა ტკბილად მაგონდება – შენ ცოლი და მე კი ქმარი, ნამუსი სულ აღარ არი? მე ცოცხალი და შენ მკვდარი”. მძიმე ჯვარი სიკვდილის ბოლომდე ატარა, ერთი ციხიდან მეორე ციხის კარამდე. ამასობაში ცხოვრებაც მიილია. მსახიობის ცხოვრების დღიური მისმა ათი წლით უფროსმა ძმამ ილიკო ფერაძემ დაწერა.
სანდრო ბაბუა
მამამ, ბიძინა ფერაძემ და დედამ, თინა ჟორჟოლიანმა ოჯახი 1938 წელს შექმნეს. მე და გიას, საერთო ჯამში, თერთმეტი ბებია-ბაბუა გვყავდა. დედაჩემის ბიძა, საქართველოში ყველასთვის საყვარელი კომიკოსი, სანდრო ჟორჟოლიანი გახლდათ. შინაურებში და ცხოვრებაში რბილად რომ ვთქვათ, სანდრო ჟორჟოლიანი საკმაოდ უცხვირპირო კაცი იყო. ქეიფებსა და დროსტარებაზე ფულის ხარჯვა არ უყვარდა, არც მსმელი გახლდათ. ამიტომ, მის მომჭირნეობაზე ვისაც არ ეზარება მითებს იგონებს. დედაჩემმა თავის დროზე პატარა წიგნად „ნიანგის” ბიბლიოთეკაში გამოუშვა მოგონება – „მაქსიმიჩის ანდერძი”, სადაც ბიძის ბავშვობა გაიხსენა, ბებია ბერეჟიანის მონაყოლიდან. დედას დაბადების დღეზე სანდრო ბაბუა შემოირბენდა მოსალოცად და არავითარ შემთხვევაში, არ დაჯდებოდა სუფრასთან ხალხში. სად მცალია მე ახლა სამაიმუნოდ. რეპეტიციაზე მეჩქარებაო – და გარბოდა.
„ყვავილების ქვეყანა”
„ყვავილების ქვეყნის“ ტაქსისტი ავტორი მამაჩემი, ბიძინა ფერაძეა. ეს ლექსი მეოცე საუკუნის საუკეთესო ქალაქური ჟანრის სიმღერად აღიარეს. 1946 წელს ჩვენი ოჯახი დაბა წყნეთში ისვენებდა. მე გავხდი ავად. დედამ მამა თბილისში სტრეპტოციდის და კარაქის საყიდლად გამოაგზავნა. სხვათა შორის, სტრეპტოციდის ფასი მაშინ პედაგოგის ერთი თვის ხელფასს უდრიდა. მამა მასწავლებელი იყო და როგორც დღეს, მაშინაც მასწავლებლებს საკმაოდ უჭირდათ. თბილისში ჩასვლისას, მისი პირველი ამოცანა ფულის სესხება იყო. ჩამოსვლისთანავე, ვერაზე შემოხვდა მეგობარი ჯანო ბაგრატიონი – მაშინ ერთადერთი ორკესტრის „ჯანოს ჯაზის” ხელმძღვანელი. ჯანომ იცოდა, რომ ბიძინა ლექსებს წერდა. გაიგო მისი გასაჭირი და შესთავაზა: გოგი ვასაძემ კარგი მელოდია მოიტანა და წამოდი მოისმინე, ტექსტი არ გვაქვს. თუ ტექსტს დაწერ, ჰონორარსაც გამოგიწერ ავანსადო. ჩავიდნენ პლეხანოვზე „გოფილექტის“ ბაღში, ფილარმონიასთან. მამამ მოისმინა მელოდია და დაწერა ლექსი. ასე რომ, მე რომ ავად არ გავმხდარიყავი, ეს სიმღერაც ალბათ სულ სხვა ტექსტით იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ასეთ პოპულარობას ვერ მოიპოვებდა.
ქორწინება
მე და გიას ოჯახის შექმნისას პირველად არ გაგვიმართლა და ორივე სხვადასხვა დროს დავშორდით ცოლებს. მერე მეორედ დავვოჯახდით. მე მეორე ცდაზე გავჩერდი, გიამ კი გააგრძელა მარათონი. თითოსთან თითო შვილი შეგვეძინა. როცა მომრავლდნენ შვილიშვილები, როგორც რუსის დედა თავის ხუთ შვილს – ხუთივე ვანიას, მამის სახელებით არჩევდა, ისე ვარ მეც. ყველა რომ შეიკრიბება და ოთახებში დარბიან, დავიჭერ რომელიმეს და ვეკითხები, რომელი ხარ შენ? შენს დედას რა ჰქვია? და მერე ვცნობ. ერთხელ, თინას დაურეკა ვიღაც ქალმა. ქალბატონი თინა ბრძანდებით, გია ფერაძის დედა? დიახ, – უპასუხა დედამ. თუ შეიძლება თქვენთან საქმე მაქვს. სახლიდან თუ არ გადიხართ, ცოტა ხანში შემოგივლითო. მობრძანდით, ქალბატონო, უპასუხა დედამ. ათიოდ წუთში ორი გაპრანჭული მანდილოსანი მოვიდა. პირდაპირ საქმეზე გადავალ, – თქვა ერთ-ერთმა. ქალბატონო თინა, ჩემი არასრულწლოვანი ქალიშვილი რამდენიმე დღეა სახლში არ მოსულა. მითხრა, მეგობართან მივდივარ აგარაკზეო და როგორც გავიგე, თურმე თქვენს ვაჟიშვილთან, გიასთან ერთად ყოფილა ეს დღეები და ძალიან გთხოვთ, მიხედეთ თქვენს შვილსო. თინას ჩაეღიმა და უპასუხა: მე რა უნდა მივხედო, ქალბატონო, ჩემს შვილს? ამ მოხუც დედაჩემს ხომ ხედავთ. გია ფერაძეს ქალი რომ მოუნდება, მე და დედაჩემი ლიფტში ვემალებით. ასე რომ, გირჩევნიათ, თქვენ თვითონ მიხედოთ თქვენს ქალიშვილსო.
„კავკასიური ცარცის წრე”
გია, „კავკასიურ ცარცის წრეში” ორ როლს თამაშობდა – ერთი, უფრო ცნობილი, იოსების როლი და კასრში ბანაობის სცენა იზა გიგოშვილთან ერთად. სცენა იწყებოდა ასე: გია წევს ტახტზე და სძინავს ზეწარგადაფარებულს. დედამისი, ზინაიდა კვერენჩხილაძე აღვიძებს მას და მერე იწყება დიალოგი. გადააფარეს ზეწარი მას და მართლაც დაეძინა ისე, რომ ვეღარ აღვიძებენ. გინება და წიხლების ქნევა დაუწყია კვერენჩხილაძისთვის და მიზანსცენა ჩაიშალა. მერე როგორც იქნა, აზრზე მოსულა და როგორღაც ჩაათავა როლი. თეატრის ხელმძღვანელობამ არ აპატია დისციპლინის დარღვევა და გია თეატრიდან დაითხოვეს. ეს იყო ტრაგედია ოჯახში. გია სმას მიეძალა და გულწრფელად განიცდიდა თავის დანაშაულს. მთელი დღეები იკარგებოდა გაურკვეველი მიმართულებით. რამდენიმე კვირის შემდეგ, თინა ურეკავს რობიკო სტურუას, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ოჯახთან. რობიკო, შენი ჭირიმე, იქნებ, რამე მიშველო, სახლში ვერ ვჩერდები, ოფლის სუნით ავყროლდი. რაშია საქმე, დეიდა თინა, მე რაში დაგეხმაროთო, გაუკვირდა რობიკოს. რაც გია თეატრიდან წამოვიდა, ტანი არ დაუბანია და მანდ „ბოჩკაში“ რომ იჯდა, სულ დაბანილი მოდიოდა. ეგ ოხერი დამნაშავეა და განიცდის კიდეც, მაგრამ მე რა დავაშავე, ფაქტობრივად, მე ვისჯებიო. არ ვიცი, იმოქმედა თუ არა ამან, მაგრამ გასტროლებზე წასვლის წინ, გია მართლაც აღადგინეს როლზე.
გია და იოსებ
გრიშაშვილი
გია ექვსი წლის იყო, როდესაც სერგო ბაბუა გადასახლებიდან დაბრუნდა. გიას ხშირად დააყენებდა სკამზე და ლექსებს აკითხავდა. მაშინ ყველა სიტყვას გამართულად ვერ წარმოთქვამდა და ზოგიერთზე ენას უქცევდა. ბაბუას მეგობრის, პოეტ იოსებ გრიშაშვილის საღამო ტარდებოდა. იმ ლექსებს შორის, რომელიც გიამ იცოდა, იყო ასეთი ლექსი „დიდება ბელადს”, რომელსაც განსაკუთრებულად კითხულობდა. ბაბუამ მოჰკიდა ხელი და წაიყვანა საღამოზე, სადაც პოეტს წარუდგინა შვილიშვილი და უთხრა, რომ გიამ მისი ლექსი იცოდა, თანაც გამოთქმით კითხულობდა. მეორე განყოფილებაში წამყვანმა წარადგინა გია და ისიც პირდაპირ გავიდა, დადგა სცენის შუაში და გამოთქმით დაიწყო: დიდება ბელადს! – ლექსი „აქ დამეკიდოს” გრიშაშვილისა! და ატყდა დარბაზში ხარხარი. გია დაიბნა. სიტყვა აკადემიკოსის მაგივრად „აქ დამეკიდოს“ გამოთქვამდა. სცენაზე სავარძელში მჯდომი სოსო წამოდგა, მივიდა გიასთან, თავზე მოუთათუნა ხელი და ღიმილით უთხრა: შვილო, ამ მთავრობას რომ ვკიდივარ ეგ ვიცოდი, მაგრამ შენ რაღა დაგიშავეო.
პილპილი
ლაშა თაბუკაშვილი და გია ვერის უბნელები იყვნენ. გიას ძალიან უყვარდა ლაშას მშობლები – რეზო თაბუკაშვილი და ქალბატონი მედეა ჯაფარიძე. ისინიც სიყვარულით პასუხობდნენ შვილის მხიარულ მეგობარს. ერთხელ თაბუკაშვილებთან სტუმრობისას, გია და ლაშა სუფრას უსხდნენ და ხინკალს შეექცეოდნენ. ლაშა ერთი წუთით გავიდა სამზარეულოში. ხინკალს პილპილი აკლდა. გიამ მიიხედ-მოიხედა და დაიწყო შავი პილპილის ძებნა. იქვე, გიას უკან, ძველებურ, კაკლის ხისგან დამზადებულ კარადაზე რაღაც უცხოური, თავდახურული ქილა იდო, რომელშიც ჩვენში სუნელებს ინახავენ. გია გადასწვდა ქილას, გახსნა და ნახა, რომ შინ რაღაც ფხვნილია. ის-ის იყო ფხვნილის ხინკალზე მოსაყრელად გაემზადა, რომ ლაშა შემოვიდა. ლაშა გაფითრდა და იყვირა: გია, რას შვრები, ახლავე დადე ქილა ადგილზე! ეს იყო ცნობილი ქართველი მეცნიერის თამარაშვილის ფერფლი, რომელიც ბატონმა რეზომ იტალიიდან ჩამოასვენა და, რომელიც მალე ქართული მიწისთვის უნდა მიებარებინათ. როგორც ლაშა იხსენებს, ეს ქილა გიას მართლაც უნახავს მათ ოჯახში და ეს ისტორიაც თავად გამოუგონია, რაზედაც ბატონი რეზო გამწყრალია: მაგ ონავარმა, თამარაშვილის მეტი სახუმარო ვერაფერი მოიგონაო?!
გია – როლი ქუჩაში
ერთხელ გია კაფე „თბილისთან” იდგა მეგობრებთან ერთად და ფულის საშოვნელად გამვლელ ნაცნობებს ელოდა. შუადღე იყო. ამ დროს ინსტიტუტიდან ელისო გუდიაშვილი და ნანული სარაჯიშვილი გამოვიდნენ. გიამ იცოდა, რომ ელისოს ხუთი მანეთი ედო ჩანთაში და სთხოვა, სამი მანეთი მასესხეო. ელისომ უთხრა, რომ ოჯახის დავალებით რაღაც უნდა ეყიდა და ფულს ვერ მისცემდა. გიამ გაიხედ-გამოიხედა. ელისოს ხელი ჩაავლო და ხმამაღლა ხალხს მიმართა: შეხედეთ ბატონებო, შეხედეთ, ეს ბოზი რუსთაველზე დასეირნობს და ბავშვები სახლში ჰყავს დაყრილი. წადი, გოგო სახლში, წაეთრიე და ბავშვებს მიხედე. რა გინდა, მე რომ დამდევ... ხალხი შეგროვდა მათ გარშემო და ელისოს ალმაცერად დაუწყეს ყურება. გია შევიდა როლში და აგრძელებდა ტირადებს ელისოს შესარცხვენად. ელისო მიხვდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. აჰა, შე ოხერო – სწრაფად ამოიღო ჩანთიდან ხუთი მანეთი, მიუგდო გიას და ლოყებაწითლებული, სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. გიაზე დიდი ხნით არავინ ბრაზდებოდა. მწარე ხუმრობის მერე, ისე მიეფერებოდა ადამიანს, შეუძლებელი იყო მასზე გულში რაიმე ხინჯი დაგრჩენოდა.
„არასერიოზული კაცი”
გიას კინოსა და თეატრში ორმოცამდე როლი აქვს შესრულებული, მაგრამ მის ცხოვრებაში საეტაპო სამი ძირითადი როლი იყო – „კავკასიური ცარცის წრე”, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” და „არასერიოზული კაცი”, დიმა ბათიაშვილის „არასერიოზული კაცი” უცხოეთში რამდენიმე ფესტივალზეა დაჯილდოებული. ფილმი მოსკოვმაც აღიარა და მას ქართული კინოს შედევრი უწოდეს. როცა ფილმი ფედერიკო ფელინიმ ნახა, უტირია. ამ ფილმით დიმამ და გიამ დედას ბავშვობის ოცნება აუსრულეს და ხანში შესული მარტოხელა ქალის როლზე მიიწვიეს, რომელსაც გია ორჯერ მიჰყიდის კატას. ეს გულიანი ფილმი მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის, თბილის-ქალაქის და ქალაქური ურთიერთობების ნამდვილი ანთოლოგიაა და ბევრი ქალაქელი ბიჭის სახეს ინახავს, რომლებიც დღეს უკვე ცოცხლები აღარ არიან.
გიას ცხოვრების უცნობი ამბავი
ჯერ კიდევ გიას ზენიტში ყოფნისას, იმ ფატალურ შემთხვევამდე ორი წლით ადრე, გია რუსთაველის თეატრთან ერთად გასტროლებზე რუსეთში იმყოფებოდა, კრასნოიარსკში. იქ ჩვეული ტრიუმფით მიმდინარეობდა როგორც თეატრის ისე გიას პირადი ამბები. გიას იქაც გამოუჩნდა მრავალი თაყვანისმცემელი. მათ შორის იყო ერთი ულამაზესი ქალიშვილი, კრასნოიარსკში ცნობილი გენერლის შვილი, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა გია. მას საქმროც კი ჰყოლია, მაგრამ გიას ნახვის შემდეგ, არავის სახელის გაგონება არ უნდოდა. გიასთვის კი ეს იყო ჩვეულებრივი საგასტროლო რომანი, რომლისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია. აქ ჩამოსვლის შემდეგ გია იღებდა წერილებს, მაგრამ იყო გასტროლები, მსახიობის დატვირთული ცხოვრება და ნელ-ნელა შეწყდა მიწერ-მოწერა. გავიდა ხანი. მოხდა უბედურება. გია აღმოჩნდა ციხეში და, როდესაც ორი წლის მერე გიას სახელზე ისევ მოვიდა წერილი, მე და დედა საგონებელში ჩავვარდით. წერილში იყო პატარა ბავშვის ფოტოები, გია ფერაძის ასლი, რომლის დედასაც ბედის ირონიით ერქვა ირინა და რომელმაც შვილს დაარქვა გია – გვარი კი ფერაძეა. ირინამ მიუხედავად მშობლებისა და ახლობლების დიდი წინააღმდეგობისა, მაინც გააჩინა ბავშვი გიასგან. გიამ, ამის შესახებ არაფერი იცოდა. ირინა მისგან არაფერს ითხოვდა. უბრალოდ, უნდოდა, რომ ორი წლის მერე მაინც გაეგო მამას შვილის შესახებ და გამოეგზავნა ბავშვის ფოტო. დედამ გიას უბედურების ამბავი მისწერა. ირა ძალიან შეწუხდა. მას შემდეგ ყოველთვის კითხულობდა მის მისამართს, რომელიც ხშირად იცვლებოდა. იგი წერილებს წერდა, უგზავნიდა ბავშვის სურათებს. ის დეკაბრისტების ცოლების მსგავსად ზამთარში, ბავშვთან ერთად ჩავიდა იაკუტსკში და ციხეში მოინახულა ჭლექით მძიმედ დაავადებული, საყვარელი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ორიოდ დღით ჰყავდა ნანახი და რომელმაც ასე შეცვალა მთელი მისი ცხოვრება. რა უნდა ვთქვა! ეს არის ჩემი საიდუმლო, რომელზედაც ბევრი ვიფიქრე, გამემხილა თუ არა, მაგრამ ჩვენს დროში ისე იშვიათია ასეთი უანგარო და ძლიერი სიყვარულის გამოვლინება, რომ მინდოდა, ამის შესახებ სხვასაც გაეგო. მას მერე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მათზე. ბოლო ხანებში ინტერნეტის საშუალებით ვცდილობ, მივაგნო გია ფერაძე-რუსის ასავალ-დასავალს, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ. ერთია, როდესაც ჩემი და გიას შვილების ბედნიერებაზე სანთელს ვანთებ, მინდა, მისმა წმიდა შუქმა, რუსეთში გადაკარგულ გია ფერაძესაც გაუნათოს გზა.
გიას ცხოვრების დასასრული
გიას პატიმრობიდან გათავისუფლებას დაემთხვა საქართველოში სამოქალაქო ომი, ომი ოსეთში, აფხაზეთში და ყველა უბედურება. გიას კი, ჭლექი აწუხებდა და სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. მკურნალობის მაგივრად, იგი პირდაპირ საავადმყოფოში აღმოჩნდა, მაგრამ არა ჭლექის სამკურნალოდ. მრავალი წლის მონატრებული იყო კარგად ჩაცმას და ჰალსტუხსა და კოსტიუმში გამოწყობილმა მიაცილა მეგობრები გლდანში. უკანა გზაზე გადააწყდა შეიარაღებულ ჯოგს და მხოლოდ იმიტომ რომ ჰალსტუხი ეკეთა, რას უყურებ, ვერ ხედავ ჰალსტუხი უკეთია, დასცხე მაგ ინტელიგენტსო – მიაძახეს და ისე სცემეს ფეხებითა და ავტომატის კონდახებით, რომ უგონოდ ეგდო მთელი ღამე გზის პირას თოვლში. ახალი წლის წინა დღეებში, მხოლოდ დილით იპოვა ვიღაც ქრისტიანმა გამვლელმა და სასწრაფოს შეატყობინა. მე კი ორი დღე საავადმყოფოებში და მორგებში ვეძებე. ბოლოს ძლივს მივაგენი ერთ-ერთ საავადმყოფოს ყბა-სახის განყოფილებაში. სულ ბინტებში იყო გახვეული. პატიმრობიდან გათავისუფლებული გია სულ სხვა ეპოქაში აღმოჩნდა, სხვა გარემოში, სხვა ურთიერთობებში. მისთვის არავის ეცალა, სამწუხაროდ, მეგობრებიც ყველა თავის ყოველდღიურ პრობლემებს იყო შეჭიდებული. თეატრში დაბრუნება არ უცდია და არც თეატრს გამოუდია თავი მისი მიპატიჟებით. დადიოდა ქალაქში ასე მიუსაფარი, როდესაც სოხუმის თეატრის ხელმძღვანელმა დიმა ჯაიანმა, თითქმის ძალდატანებით, მიიყვანა სოხუმის თეატრში, იმედის ნიშანი გაუჩნდა. მათ ძალიან თბილად მიიღეს გია. მადლობა მათ! როდესაც გაიმართა პრემიერა გორკის პიესისა „ფსკერზე”, სადაც გია გაუპარსავი, ფსკერზე დაშვებული ადამიანის როლს თამაშობდა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე, დარბაზი სავსე იყო გიას სანახავად მისული მაყურებლით. არა იმიტომ, რომ მან კარგად შეასრულა როლი, არამედ იმიტომ, რომ მონატრებული მაყურებელი მის სცენაზე დაბრუნებას ესალმებოდა. გიამ თქვა: იმდენი ვინერვიულე, სულ მაკანკალებდა, თითქოს პირველად ვიდექი სცენაზე. ახლა კი მივხვდი, რომ ჩემში, „კრიტის” რომელიღაც კამერაში მოკვდა მსახიობი გია ფერაძეო და მას შემდეგ, სცენას აღარ გაჰკარებია.
„ალვისგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი, ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან, ცხოვრება კი შევიცან, რაც არის და ვინც არის, მაგრამ რაღა დროსია... კომედია დასრულდა!”